მას იხილავენ მორწმუნენი ბოლო ჟამს, როცა იგი წმინდა ენუქთან ერთად მოევლინება ცოდვილ ქვეყანას
მას იხილავენ მორწმუნენი ბოლო ჟამს, როცა იგი წმინდა ენუქთან ერთად მოევლინება ცოდვილ ქვეყანას
სოლომონ მეფის გარდაცვალების შემდეგ, ქრისტეს წინარე 980 წელს, სამეფო ტახტზე მისი ძე რობოამი ავიდა. მძიმე გადასახადებით წელში გამწყდარმა ხალხმა სთხოვა ახალ მეფეს უღლის შემსუბუქება, მაგრამ რობოამმა უარი განაცხადა. მაშინ აღშფოთებულმა ერმა, ისრაელის ათმა ტომმა, მეფედ იერობოამი აირჩია, ხოლო რობოამს მხოლოდ ორი ტომიღა დაემორჩილა: იუდასი და ბენიამინისა. ასე გაიყო სამეფო. რობოამის სამფლობელოს იუდეის სამეფო დაერქვა და მისი დედაქალაქი იერუსალიმი იყო, ხოლო მეორე ისრაელის დედაქალაქი ჯერ სიქემი, მერე კი სამარია გახდა.

სამეფო კი გაიყო ორად, მაგრამ ხალხი ისევ ერთ ტაძარში - იერუსალიმში - შესწირავდა მსხვერპლს უფალს. იერობოამმა იფიქრა, ეს ხალხი ისევ იერუსალიმში დადის, ისევ რობოამს მიუდგებიან და მე მომკლავენო და სარწმუნოებრივი დამოუკიდებლობაც გადაწყვიტა. ჩამოასხმევინა ოქროს ორი კერპი, ხბოს სახისა, და დადგა ერთი ჩრდილოეთით - დანში, მეორე სამხრეთით - ბეთილში. ააშენებინა კერპებისთვის მშვენიერი ტაძრები, ამოირჩია ხალხიდან მღვდელნი კერპმსახურნი და მიმართა ერს: არ არის საჭირო იერუსალიმში სიარული. აჰა, ღმერთნი თქვენნი, რომელთაც ეგვიპტიდან გამოგიყვანესო. კერპთაყვანისმცემლობისკენ ადვილად მიდრეკილმა, მერყევმა ისრაელმა უზორა კერპებს. უფალი საბაოთის მსახურება პირად ღვაწლს, ცოდვათაგან თავშეკავებას მოითხოვდა, ხბოს კერპი კი ყველაფრის ნებას რთავდა.

სულ მალე კერპებისკენ იუდეის მეფეც მიდრკა, რომოაბმმა და მისმა ხალხმა ყოველ გორაკზე და ყოველი ხის ძირას კერპები დადგეს და მსხვერპლს სწირავდნენ მათ. ამიტომაც მოევლინათ ღვთის რისხვად ეგვიპტის მეფე სუსაკიმი, რომელმაც გაძარცვა რობოამის სასახლე და თვით იერუსალიმის ტაძარიც. ორივე მეფე მთელი სიცოცხლე ერთმანეთს ეომებოდა, მათ შემდგომ კი მათი უღმერთო შვილები გამეფდნენ. იერობოამის გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ ისრაელში გამეფდა აქაბი - ყველა მეფეზე უღმრთო - და ცოლად შეირთო სიდონის მეფის ასული იეზაბიელი. ქანაანში უამრავი ღმერთი და ქალღმერთი ჰყავდათ და დედოფალმა ქმრის ოჯახშიც შეიტანა თავისი საყვარელი კერპები: ბაალისა - ქუხილის, წვიმის ღმერთისა და მისი ცოლის - ომის, სიყვარულის ქალღმერთ ასტარტესი, იმავე აშერასი.

ბაალის სიმბოლო ხარი იყო, ასტარტესი კი ძუ ლომი. აქაბმა სამარიაში, თავის სატახტო ქალაქში, დიდი ბომონიც კი აუშენა ბაალს, რომელსაც 450 ქურუმი ემსახურებოდა, ხოლო ასტარტეს კერპს, რომლის ბომონიც იზრეყელში იყო, 400 ცრუწინასწარმეტყველი უზორავდა. თითქოს სულიერი სიბნელე დააწვა ისრაელს, ჭეშმარიტი ღმერთი ბაალის კერპს გაუტოლა ხალხმა და ამითაც განარისხა უფალი. ჟამითი-ჟამად მიუვლენდა ხოლმე წინასწარმეტყველთ, რომელთა შეძახილი თითო-ოროლას მცირეხანს თუ დააფიქრებდა, მაგრამ მთლიანად ერი სინანულს არ გრძნობდა. შეიძლება ეზეიმათ კიდეც ეგვიპტის მონობიდან გამოსვლა იმ დროს, როცა სულიერად ისევ ეგვიპტეში რონინებდნენ, ცოდვისა და უსჯულოების სამყაროში...

ღმერთი მაინც არ ივიწყებდა ისრაელს და ახლაც მოუვლინა თავისი ერთგული მონა - ელია წინასწარმეტყველი. წმინდა ელია წარმოშობით არაბეთის მოსაზღვრე გალაადის მხრიდან ყოფილა, ქალაქ თესბედან. იგი აარონის შტოდან გახლდათ. მისი დაბადებისას მამამისმა იხილა: სპეტაკსამოსლიანი მამაკაცები ყრმა ელიას ნაკვერჩხლებით აწრთობდნენ და ნაკვერჩხლებითვე კვებავდნენ. შეშინებულმა იერუსალიმში მღვდლებს უამბო ხილვა. მათ დაამშვიდეს: - ნუ გეშინია, რამეთუ ყრმა ეგე შეიქმნება ღვთის მადლის ჭურჭლად. სიტყვა მისი ცეცხლივით ძლიერი და შემწველი იქნება, საღმრთო შურით აღივსება და სათნო ეყოფა უფალს, და განსჯის ისრაელს ცეცხლით და მახვილითო.

წმინდა ელია სულიერად და ფიზიკურად იზრდებოდა უფალი საბაოთის მღვდელთა შორის. მთელი გულით შეიყვარა შემოქმედი, მისი შესამოსელიც ამ სიყვარულს განასახიერებდა და ნიშანი იყო უფლისთვის მსახურებად მზადყოფნისა. შეიყვარა ელიამ ღმერთი და ღმერთმაც შეიყვარა იგი და ისმენდა მისას. ელიას თავისი ერის უსჯულოება ანაღვლებდა. შეაგონებდა ისრაელს და არ უსმენდნენ, ამხილებდა და არად მიიჩნევდნენ. ისევ ისე ანათებდა მზე, ისევ ისე მოუვლენდა უფალი წვიმას, თითქოს მართალნი ყოფილიყვნენ და ისინი კი მადლობას არა უფალ საბაოთს, არამედ ქუხილის და წვიმის ღმერთს ბაალს სწირავდნენ. ღმერთი მათგან სინანულს, ცოდვებისგან მოქცევას ელოდა. ისინი თუ არ დაისაჯნენ მცირედ მაინც, თუ განსაცდელმა არ განსწავლა, გონს არ მოდიანო, - იფიქრა ელიამ და უსჯულოების მოთავე აქაბს განუცხადა: - ცხოველ არს უფალი ღმერთი, ღმერთი ისრაელისა. ამ წელს ჩემი სიტყვის გარეშე არ იქნება არც წვიმა, არც ცეცხლიო. აქაბმა არად ჩააგდო ტყავით შემოსილი კაცის ნათქვამი - მას ხომ ბაალი და მისი ქურუმნი ეიმედებოდა. გადიოდა დღეები, თვეები. ცამ თითქოს პირი შეკრაო, ცვარიც არ გადმოუგდია. ყველგან ეძება აქაბმა ელია. თუ ფიცის გახსნაზე ვერ დავიყოლიებ, მოვკლავ მაინცო, - ფიქრობდა.

უფალს არ უნდოდა ისრაელი დაესაჯა, მაგრამ არც ელიას გამტყუნება სურდა და აღასრულა მისი სახელით ნათქვამი ფიცი. მაგრამ ხალხთან ერთად წინასწარმეტყველიც დასაჯა - იქნებ მიხვდეს თავისი ფიცის სიმძიმესო.

საშინელი დღეები დაუდგა ისრაელს. მზის მცხუნვარება უკვე აუტანელი იყო. ხალხი ღამეს ნატრობდა. იხოცებოდა დიდ-პატარა, მხცოვანი და უასაკო, პირუტყვი და ფრინველი, მიწა ბალახს არ აღმოაცენებდა. "რას აკეთებ, ელია, ჭაბუკთ თუ შეგცოდეს, ყრმათა რა დაგიშავეს? დაგეცადა, განსწავლულიყვნენ. კაცთა თუ შეგცოდეს, პირუტყვნი რატომღა მოსწყდებიან? ასეთი უწყალოება რად შეგიმოსავს? ხენი განხმებიან, ნერგნი, წყარონი და მდინარენი და ყოველი სოფელი წარწყმდება. არ გეცოდება ეს სამყარო? თქვი: "ცხოველ არს უფალი, იყოს წვიმა". უფალს ხომ ეს სამყარო წარღვნის შემდეგ ასე არ დაუსჯია. თქვი, რომ იყოს წვიმა!" - შეჰღაღადებდნენ ელიას ყოველი მხრიდან "და არარაი სჭირდა ელიას რომლისაივე, რამეთუ შურითა დამთვრალ იყო".

როგორ გადაარჩინოს უფალმა თავისი მონა შიმშილისგან, აქაბის ხელთაგან, როგორ მოულბოს გული?! უფალმა ელიას უთხრა: წადი, დაიმალე ქორათის ხევში, იორდანიის პირისპირ რომ არის, სვი ამ ხევის წყალი და ვუბრძანებ ყორანთა და გამოგკვებონო. დაიმალა წინასწარმეტყველი ქორათის ხევში. ყორანნი მოართმევდნენ დილით პურს და საღამოს ხორცს. ყორანს ერთი ზნე სჭირს: ბარტყებს დასჩეკს და მცირე ხანში მიატოვებს. უფალი ზრდის მის მართვეთ. თან, მოსეს სჯულის მიხედვით, ყორანს ერთი ზნე სჭირს: არაწმინდა ფრინველია. თითქოს უფალი ამით ეუბნებოდა ელიას: "შეაჩერე შენი რისხვა, ჩემო ერთგულო, ხედავ, შვილთმოძულე ყორნებმაც ზნე იცვალეს და შვილების მაგიერ შენ გკვებავენ, შენ კი არ გეცოდება იუდეველთა ყრმები. ყორნები შუამავლობენ, რომ შეიწყალო ისრაელი.

უფლისთვის ყოველივე წმინდაა, მაგრამ შენ ხომ სჯულის ქვეშა ხარ, რომელიც გასწავლის, ვინც არაწმინდას შეეხება, არაწმინდააო საღამომდე, შენ კი ყორანთაგან მოტანილ საზრდელს იღებ დილა-საღამოს. შეაჩერე შენი რისხვა, ელია, მიეცი წვიმა ისრაელს". არა "ფხიზლდებოდა" საღმრთო შურით "დამთვრალი" წინასწარმეტყველი. სიცხემ ამოაშრო ქორათის ხევი. ვერ გაიმეტა ელია უფალმა და წარმართთა სოფელში წარმართ ქვრივ ქალთან გაგზავნა: - სარეფთას ერთი ქვრივი ქალისთვის მიბრძანებია შენი გამოზრდაო. ებრაელებს სჯულით აკრძალული ჰქონდათ წარმართებთან ურთიერთობა.

ელია უყოყმანოდ წავიდა სარეფთას, შეხვდა იმ დედაკაცს. ქალი ქალაქის გალავანს გარეთ ფიჩხს კრეფდა. წინასწარმეტყველმა ჯერ წყალი სთხოვა, შემდეგ პურიც. დედაკაცმა უთხრა: - "ცხოველ არს უფალი ღმერთი შენი. მართალია, მაქვს ზეთი და ფქვილი, მაგრამ იმდენად ცოტა, რომ ამ შეშით გამომცხვარ პურს შევჭამთ მე და ჩემი შვილები და მერე ალბათ შიმშილით დავიხოცებითო". რა ძალამ ათქმევინა დედაკაცს, - ცხოველ არს უფალი ღმერთი შენიო? ეტყობა, უფალმა წინასწარ დაანახა მას წმინდა ელია, - ბრძანებს წმინდა იოანე ოქროპირი. ვერც ყორანთაგან მოტანილმა საზრდელმა მოულბო გული ღვთის კაცს, ვერც გაჭირვებულ სოფელში ქვრივი დედაკაცის სიტყვებმა შეაწყალებინა ღვთის ქმნილებანი და დედაკაცს მიმართა: "წადი, გამოაცხვე პური. ჯერ მე მომართვი და მერე აჭამე შენს შვილებს, რამეთუ ესრეთ იტყვის უფალი ღმერთი ისრაელისა: შენს საფქვილეში ფქვილი არ გამოილევა და საზეთეში - ზეთი, ვინემ უფლის მიერ არ ეწვიმება ქვეყანას".

სანამ მოშივდებოდა ელიას, მკაცრად ამბობდა, რომ არ ეწვიმებოდა ისრაელს მისი სიტყვის გარეშე. ახლა მშიერი თითქოს წვიმის მოსვლის დროსაც მიუთითებს. მხოლოდ მიუთითებს და არა სთხოვს უფალს გაწვიმებას. მართლაც, მისი სიტყვისაებრ, დედაკაცის საფქვილეში არ ილეოდა ფქვილი და საზეთეში - ზეთი. დიდი აღმოჩნდა კაცთმოყვარება ქალისა. სტუმრის პატივისცემისთვის შვილებიც კი გაიმეტა შიმშილით სასიკვდილოდ. "და იქმნა მარჯვენა ქვრივისა საწნეხელ და მარცხენა - კალო და მჭედლეული მშვენიერი ნაყოფთაი". ქორათის ხევიდან სარეფთამდე შორი იყო. ამ გზაზე ბევრი უბედურება იხილა ელიამ. ალბათ იმიტომ წამოიყვანა უფალმა, რომ კაცთა შეჭირვება ეხილა და შებრალებოდა ისინი - არ გაჭრა ამან.

მაშინ უფალმა მოკლა ქვრივის შვილი - იქნებ ახლა მაინც დაფიქრდეს ელია, შეეცოდოს მის მუხლებზე მოთამაშე პატარა, რომელსაც უკვე შესჩვევია, პატარა, რომელსაც მამა მონატრებოდა და ელიას მკლავებში ჰპოვებდა კაცის სითბოს... საწყალმა დედაკაცმა ტირილით მიმართა წმინდანს: "რა გინდა ჩემგან, კაცო ღვთისაო, რომ მოსულხარ ცოდვათა ჩემთა სამხილებლად და ჩემი ძის მოსაკლავად?" ქვრივის სიტყვებმა შეძრა წმინდა ელია. შეჰღაღადა უფალს: "ჰოი, უფალო, მოწამეო ამის ქვრივისაო, რომელსა თანა მე დავმკვიდრებულ ვარ, შენ ჰგვემე ძე მაგისი სიკვდილით?" დაჰბერა სამგზის ყრმას და შესძახა უფალს: უფალო, ღმერთო ჩემო, მოიქცეს სამშვინველი ყრმისა ამის ამასვე.

შეისმინა უფალმა, გაცოცხლდა პატარა. ქვრივის სიხარულმა უფრო შეაძრწუნა ელია. მიაპყრო გულისყური უფალს, მიხვდა, რასაც მიანიშნებდა მთელი სამი წელიწადი: "არ მნებავს სიკვდილი ცოდვილისა, ელია, არამედ მოქცევა და სინანული. ყოველ ცოდვილს აქვს ხელთ წერილი ჩემი კაცთმოყვარებისა, ნუ მაიძულებ, ცრუდ გამოვჩნდე მათ წინაშე". შეებრალა კაცნი ელიას. ღმერთმა უთხრა, - წადი აქაბთან. მივცემ წვიმას ქვეყანასო. განშორდა წინასწარმეტყველი ქვრივსა და მის ძეს, იონას. წმინდა გადმოცემით, იგი სწორედ ის იონა წინასწარმეტყველი იყო, რომელიც ვეშაპმა გადაყლაპა და მესამე დღეს ამოაგდო, რაც უფლის მესამე დღეს მკვდრეთით აღდგომის წინასახეს წარმოადგენდა.

ამ დროს მეფე ეზოსმოძღვარ აბდიასთან ერთად მდინარეების სათავეებთან ბალახს ეძებდა - იქნებ ცხენ-ჯორი გამოვკვებოთო. აბდია ერთი გზით გაუშვა, თვითონ მეორეს დაადგა. აბდია ღვთისმოშიში იყო, ასი წინასწარმეტყველი ჰყავდა გადამალულ-გადარჩენილი, რადგან იეზებელ დედოფალი ყველგან სდევნიდა ღვთის ხალხს. აბდიამ იხილა ელია, დაემხო მის წინაშე. უთხრა წინასწარმეტყველმა: წადი, უთხარი აქაბს, რომ აქ ვარ. აბდიამ სთხოვა, თან გაჰყოლოდა. ელია დაჰპირდა, რომ იმ დღესვე ეჩვენებოდა აქაბს. მეფემ - ელია გამოჩნდაო. გაიქცა და მიეგება. მაინც ვერ დაფარა ბოღმა, მაგრამ რა ექნა, ძალიან სწყუროდა და ესღა ამოთქვა: "შენ ხარა დამქცევი ისრაელისა?" "არა მე, - მიუგო წმინდანმა, - არამედ მამაშენის სახლი, რამეთუ დაუტევეთ თქვენი ღმერთი და თაყვანი ეცით ბაალს.

წადი, მოკრიფე მთელი ისრაელი კარმელის მთაზე, მოიყვანე ბაალის და ასტარტეს ყველა ქურუმი, რომლებიც იეზებელის ტაბლიდან იკვებებიან". შეიყარა მთელი ისრაელი კარმელის მთაზე, მოვიდნენ ქურუმებიც. მიმართა წმინდა ელიამ ისრაელს: "როდემდის უნდა კოჭლობდეთ ორივე ფეხით? თუ არის უფალი ღმერთი ჭეშმარიტი - მისდევდით მას, თუ ბაალია ღმერთი - მას გაჰყევით". წინასწარმეტყველისა და თვისი სინდისისგან მხილებული ერი დუმდა. ელიამ განაგრძო: "მე მარტო ვარ დარჩენილი უფლის წინასწარმეტყველთაგან, აგერ არიან ბაალის და ასტარტეს ქურუმნი - 850 კაცი. მოგვეცით ორი ზვარაკი, პირველად მაგათ გამოირჩიონ, დაკლან, დადვან შეშაზე და ცეცხლს ნუ შეახებენ. ასევე მოვიქცევი მეც. შესთხოვონ მაგათ თავიანთ ღმერთებს, ხოლო მე შევევედრები ისრაელის ღმერთს. რომელიც ისმენს და გარდამოავლენს ცეცხლს შესაწირავზე, ის იყოს ღმერთიო". დასტური მისცა ერმა.

მართლაც, პირველი ზვარაკი ბაალს დაუკლეს ქურუმებმა, დადეს შეშაზე და ცისკრიდან სამხრამდე ევედრებოდნენ ცეცხლის გადმოსვლას ბაალს. დასცინოდა მათ წმინდა ელია: - ხმამაღლა, ხმამაღლა დაუძახეთ, იქნებ სძინავს, იქნებ ისვენებსო. კიდევ ერთი ჟამი აცალა და მერე უთხრა: - "გაიწიეთ, ახლა მე მაცალეთ მსხვერპლის შეწირვაო". თავის ხალხს მოუწოდა, ახლოს მისულიყვნენ. გამოართვა მათ 12 ქვა, ნიშნად ისრაელის თორმეტი ტომისა და აღაშენა საკურთხეველი. დადო მასზე ასო-ასო აქნილი ზვარაკი, დააწყო შეშა, საკურთხევლის გარშემო თხრილი გაათხრევინა და უბრძანა ხალხს, ზვარაკზე და შეშაზე წყალი დაესხათ. ოთხჯერ დაასხეს წყალი, იმდენი, რომ თხრილიც კი გაივსო. აღაპყრო ხელნი და ღაღად-ყო უფლის მიმართ. ლოცვაც არ ჰქონდა დამთავრებული, რომ გარდამოხდა ზეციდან ცეცხლი, რომელმაც ერთიანად შეჭამა მსხვერპლიც, შეშაც, თხრილში მდგარი წყალი და მიწაც კი. შეშინებული ხალხი მიწაზე დაემხო და ერთხმად ადიდა ჭეშმარიტი ღმერთი.

აქვე საგულისხმოა ერთი რამაც: სჯულის მიხედვით, ებრაელებს მსხვერპლი უფლისადმი მხოლოდ იერუსალიმის ტაძარში უნდა შეეწირათ. რადგანაც სამეფო ორად იყო გაყოფილი და იერუსალიმი იუდეის სამეფოს ეკუთვნოდა, ამიტომაც გადაწყვიტა წმინდა ელიამ კარმელის მთაზე მსხვერპლის შეწირვა. თანაც ამით აჩვენა, რომ მართალზე სჯული არა ძევს და ისრაელის ღმერთი ყველგან არის, სიონის მთაზეც და კარმელისაზეც.

ელიას ბრძანებით, ხალხმა ცრუწინასწარმეტყველნი შეიპყრო. წინასწარმეტყველმა ისინი ყველა კიშონის ხევში თავისი ხელით დახოცა, რადგან სჯული მოითხოვდა ასე. ამის შემდეგ უთხრა აქაბს, - გიხაროდეს, უფალი მალე მოავლენს წვიმასო. თვითონ კარმელის მთაზე ავიდა და მუხლმოდრეკით დაიწყო ლოცვა. შემდეგ ყრმა გაგზავნა ზღვის მხარეს - ღრუბელი თუ ჩანსო. არაო, მოუტანა ამბავი ყრმამ. შვიდგზის წადი და შეამოწმეო, - უბრძანა და ლოცვა განაგრძო. მეშვიდედ ყრმამ დაინახა ღრუბლის ფთილა, "ვითარცა ნები კაცისა", რომელსაც ზღვიდან წყალი მოჰქონდა. ელიამ აქაბი სასწრაფოდ გაგზავნა შინ - წვიმა არ დაგეწიოსო. სულ მალე ცა ღრუბლებმა დააბნელა, ატყდა ქარი და წამოვიდა ძლიერი წვიმა. წყალმა აავსო გვალვით დახეთქილი მიწა. თითქოს წვიმამ ერთიანად წალეკა ისრაელის უსჯულოება და შეარიგა თავის წინასწარმეტყველთან. სიხარულით ატირდა აქაბი. შინ მისულმა ყველაფერი ცოლს უამბო.

განრისხდა იეზებელი წმინდა ელიაზე - როგორ დამიხოცა ჩემი ღმერთების მსახურნიო და მოციქული გაუგზავნა მას, თან დაემუქრა, - ხვალ შენს თავს დავდებ აქ, ვითარცა ერთი მათგანისასო. მოხდა უცნაური რამ: წმინდა ელია შეაშინა ამ უბირი დედაკაცის ნათქვამმა და ბერსაბეში, იუდეის სამეფოში, გადავიდა. განა მისი სიტყვით არ იყო ამდენი ხანი ცა პირშეკრული, განა მისი სიტყვით არ გარდამოხდა ყოვლის მომწველი ცეცხლი? მაგრამ ისიც ხომ კაცი იყო; თან ეს შიში ღვთის განგებულებით დაეცა მას, რათა ამით საკუთარი სისუსტე ეგრძნო. ერთი დღის სავალზე შევიდა უდაბნოში, დაჯდა და ღვთისგან სიკვდილი ითხოვა: "საკმარისია უკვე, უფალო, მიიღე სული ჩემი, რადგან არა ვარ უმჯობესი მამათა ჩემთაო". უჯობდა მომკვდარიყო, ვიდრე ეცქირა კაცთა უსჯულოებისთვის, რომელნიც უარყოფდნენ თავის ღმერთს.

ლოცვითა და გზით დაღლილს მიეძინა. უცებ ხმამ გააღვიძა: - ადექი და სჭამე! წინ მცირე პური და ფიალით წყალი ედგა. იხმია და ისევ მიიძინა. კვლავ გამოეცხადა უფლის ანგელოზი - საზრდელი ჭამე, რადგან წინ გრძელი გზა გიდევსო. უფალმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ძალმოსილება და მცირე საჭმლით დანაყრებულმა ელიამ ორმოცი დღე და ღამე იარა, ვიდრე ქორების მთას არ მიადგა. ერთ გამოქვაბულში გაჩერდა. უფალმა ჰკითხა: აქ რად ხარო. შესჩივლა წინასწარმეტყველმა: "შემშურდა შური უფლისა ღმრთისა, რამეთუ ისრაელის ძეთ დაგიტევეს, შენი საკურთხეველი დაამხეს და წინასწარმეტყველნი შენნი მოსრეს მახვილით. მარტო მე დავრჩი და მეც მეძებენ მოსაკლავადო". უფალმა უთხრა: - გამოდი ხვალ ამ მთაზე უფლის წინაშე. ამოვარდება ქარი, რომელიც მთებსა და კლდეებს დაანგრევს და ამ ქარში არ იქნება უფალი, არც ქარის შემდგომ მიწისძვრაში, უფალს ვერ ჰპოვებ მის შემდგომ ცეცხლში. მერე მოჰბერავს ნიავწვლილი და მასში იქნება უფალიო. მეორე დღეს, უფლის სიტყვისაებრ, დადგა მთაზე წმინდა ელია, დაიფარა პირი ხალენით (მოსასხამით) და დაელოდა ნიავწვლილის მობერვას. გამოეცხადა უფალი და ამცნო - მარტო შენ კი არა, ისრაელში დარჩენილია 7 000 მამაკაცი, რომლებსაც ბაალისთვის მუხლი არ მოუდრეკიათო.

კიდევ ერთხელ განსწავლა იგი, აჩვენა, რომ მისთვის არ არის ძნელი, ცოდვილთა თავზე ცეცხლის, ქარის, მიწისძვრის მოვლინება, პირისაგან მიწისა აღხოცვა, მაგრამ მისი კაცთმოყვარეობა ამ ნიავწვლილივითაა, რომელიც განაგრილებს კაცთა ცოდვით გახურებულ გულებს. შემდეგ უკვე უბრძანებს, რომ წავიდეს და აკურთხოს იუდეის მეფედ ეუ, ძე ამესი, და თავის ნაცვლად წინასწარმეტყველად ელისე გამოარჩიოს. ჰყო წმინდა ელიამ ნება უფლისა. მალე აუცხადდა აქაბს და მის ცოლს უფლის ნათქვამი, მოსწყდნენ და აქაბის მაგიერ გამეფდა მისი ძე, მასავით ურჯულო ოქოზია. ერთხელ ის ფანჯრიდან გადმოვარდა და სასიკვდილოდ დაშავდა. საშველი ისევ ბაალის კერპში ნახა და მოციქულნი წარავლინა სენის საშველის საკითხავად. გზაში მათ წმინდა ელია დახვდა და უკანვე გააბრუნა ისინი: "უთხარით თქვენს მეფეს: ისრაელს ღმერთი არა ჰყავს, მაგ ბუზების ღმერთს რომ ეკითხები რჩევასო (ზოგან ბაალს ბუზების ღმერთს ეძახდნენ)?" განრისხებულმა ოქოზიამ ორჯერ ორმოცდაათ-ორმოცდაათი კაცი გაგზავნა მის შესაპყრობად, მაგრამ წმინდანის ლოცვით გარდამოვლენილმა ცეცხლმა მოსწვა ისინი. მესამედ გაგზავნილი ხალხის პირით შეუთვალა ელიამ ოქოზიას, - მალე მოკვდებიო. ასეც აღსრულდა.

დადგა ჟამი და უფალს წმინდა ელია ცოცხლად უნდა აღეტაცებინა ზეცად. ის და ელისე ბეთელისკენ მიდიოდნენ. თან ახლდათ ძენი წინასწარმეტყველთანი და სჯულის მეცნიერთა მოწაფეები. ელისეს არ ეთმობოდა მოძღვარი, რადგან იცოდა, მალე უნდა განშორებოდა მას. შევიდა ორივე იორდანეში, მოიხსნა წმინდა ელიამ ხალენი, დაკეცა და დასცა მდინარეს. იორდანე გაიპო. გავიდნენ გაღმა და უთხრა მოწაფეს: ითხოვე რაიმე, ვიდრე ავმაღლებულვარო. გთხოვ მომცე ორმაგი სული წინასწარმეტყველებისა, ვიდრე შენ გაქვსო. "ფიცხლად ითხოვ, - უპასუხა მოძღვარმა, - თუ მიხილავ ზეცად ამაღლებულს, იქნება შენი სურვილისამებრო". "ფიცხლად ითხოვო..." ელიას ნათქვამმა სიტყვამ სამწელიწად-ნახევარი აშიმშილა ისრაელი... და ახლა - ორმაგი სული წინასწარმეტყველისა. იცოდა, რომ ამას ორმაგი სასჯელი მოჰყვებოდა (შემდგომში ასეც მოხდა). განაგრძეს გზა. გამოჩნდნენ ცეცხლოვან ეტლში შებმული ცეცხლოვანი რაშები და აღიტაცა ამ ეტლით წმინდა ელია ზეცად უფალმა და უთხრა (წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვით): "შენ პატიოსნების მკაცრი მსაჯული ხარ, კაცთა მოდგმა კი განუწყვეტლივ ცოდავს. ესღა დამრჩენია, განგაშოროთ ერთმანეთს. თუ კიდევ დარჩები მათთან, შენგან მოწეული სასჯელით კაცთა მოდგმა ამოწყდება... მე შენ დაგასახლებ ზეცაში უცოდველთა თანა, ანგელოზთა თანა. ცოდვილებთან მე დავსახლდები, მე შემიძლია ვიტვირთო მხართა ზედა ჩემი დაკარგული ცხოვარი და ყოველი ცოდვილი..." ელისემ იხილა და ღაღადებდა: "მამაო, მამაო, ეტლო ისრაელისაო და მხედარო მისო..." და მწუხარებისგან სამოსელი შემოიხია. ამ დროს ზეციდან ჩამოვარდა ელიას ხალენი და დაეცა ელისეს, ნიშნად იმისა, რომ გადავიდა მასზე ორჯერ მეტი სული წინასწარმეტყველებისა.

ასე აიტაცა უფალმა ელია და დღესაც ხორციელად ცოცხალია. იგი იხილეს თაბორის მთაზე მოციქულებმა წმინდა მოსესთან ერთად, უფლის ფერისცვალებისას. და მას იხილავენ მორწმუნენი ბოლო ჟამს, როცა იგი წმინდა ენუქთან ერთად მოევლინება ცოდვილ ქვეყანას. ამხელენ გამეფებულ ანტიქრისტეს, მისი ხელით შესვამენ სიკვდილის ფიალას. მესამე დღეს აღადგენს მათ უფალი მკვდრეთით და სულ ცოტა ხანში თავად მოვა დიდებით და განიკითხავს ყოველ დაბადებულს.

კიდევ რაღა ვთქვათ ჩვენდა ნუგეშად? ალბათ ის, რომ წმინდა ელიას ხალენი დაკრძალულია მცხეთას, სვეტიცხოვლის საკურთხეველში, უფლის კვართის ახლოს. უფლის კვართი ჩვენი ეკლესიის ერთიანობას იცავს, ხოლო ელიას ხალენის ფლობა გვავალებს რწმენის დამარხვას, ქადაგებას, უსჯულოების მხილებას. ალბათ ეს ორი სიწმინდე აღაფრთოვანებდა "ქებაი და დიდებაის" ავტორს.

ჩვენს წინაპრებს დიდი სასოება ჰქონდათ წმინდა ელიას მიმართ, მის სახელზე აგებდნენ ტაძრებს, მას ევედრებოდნენ ცის პირის გახსნას თუ უწვიმრობას... წმინდა ელიას არა მარტო სახელი, არამედ სულიც გადმოვიდა წმინდა ილია მართალზე, თითქოს ელიას ხალენი წამოიცვაო, ისე სულთა განმკვეთელი იყო მისი მხილება... ალბათ არც ის არის შემთხვევითი, რომ ქართველთა ყველაზე დიდი ტაძარი, ყოვლადწმინდა სამების სახელობისა, წმინდა ელიას მთაზე აშენდა.

და კიდევ ერთი: გვყავს ჩვენ, ქართველებს, ჩვენი ილია, ჩვენი პატრიარქი, ეტლი და მხედარი ახალი ისრაელისა - საქართველოსი, ელიას სულით, ოღონდ ღვთისგან განსწავლული ელიას სულით, ყოვლის მიმტევებელი, მდაბალი, მშვიდი, ვითარცა ნიავწვლილი უფლისა. ღმერთო, შეიწყალე და აკურთხე საქართველო, შენი მონების, შენს ელიათა ლოცვით...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat