თედო ჟორდანია თავის ცნობილ "ქრონიკებში" (II ტ., გვ. 17) ყანჩაეთის ეტრატის სახარების აღწერისას, რომელიც, მისი აზრით, 1290-1300 წლებში უნდა გადაეწერათ, იხსენიებს კაბენის მონასტერსა და ღირსი ბასილის უხრწნელ სხეულს.
"გეთსიმანიის ტაძარი არის, - წერს იგი, - აწ თითქმის დარღვეული, დიდის ხელოვნებით ნაგები, კაბენის ეკლესია, ქსნის ხეობაში, რატიშვილთა სასაფლაო. ეკვდერში ასვენია წმიდა გვამი ბასილისი. ეს ბასილი ყოფილა რატიშვილი. გიორგი რატიშვილმა და ადგილობრივმა მღვდლებმა მიჩვენეს ეს ეკვდერი და შიგ შემიყვანეს სანთლებით. ერთ სასაფლაოში ესვენა ჭილოფში შეხვეული გვამი. როდესაც ჭილოფი ავხადეთ, აღმოჩნდა, რომ სადაც ჭილოფი ეფარა, ის ნაწილები გვამისა სრულიად შეუშლელი იყო, თითქმის ფერიც არ ჰქონდა შეცვლილი ხორცს, ხოლო რომელიც ჭილოფით დაფარებული არ იყო, ის ნაწილები სხეულისა (თავი და ერთი მხარე ხელისა) განხრწნილა, მაგრამ თავის ქალას შესანიშნავი სითეთრე ჰქონდა. იქვე ახლო, კუთხეში, იდგა ბერის ქუდი, გარედან შავმაუდგადაკრული და შიგნით - აბრეშუმის თეთრსარჩულიანი. შიგნიდან საკვირველი ხელოვნებით იყო ნაკერი სარჩული, რომელზედაც ძაფებით დიდის გულდადებით გამოყვანილია სხვადასხვა გეომეტრიული სახეები, ფრიად მწვრილად. როგორც ამიხსნეს დამსწრეთა, ეკვდერი წინად დაკეტილი ყოფილა და როდესაც პირველად აუხსნიათ, უნახავთ სრულიად შეუშლელი გვამი ჭილოფში გახვეული ბერისა და მის გულზე დადებული ერთი ფურცელი ეტრატისა, რომელზედაც დაწერილი ყოფილა "შენდობის წიგნი". გიორგი რატიშვილმა, რომელიც დასწრებია პირველად ახდას ეკვდერისას, მიამბო, რომ შენდობის წიგნი იწყებოდა ამ ფრაზით: "შვილო ბასილ", - ხოლო ბოლოს ხელმოწერილი იყო "წილკნელის იოსების" მიერ. თუმცა ეკვდერი ისევ დაუხურავთ, მაგრამ ხალხი ხშირად დადიოდა თურმე წმინდანის სანახავად და ეკვდერს ღიას აგდებდნენ. უნდა ვიფიქროთ, რომ გახრწნილი ნაწილი გვამისა ტურა-მელათაგან იქნება დაზიანებული. მწყემსები თურმე ბურთაობდნენ ზემოხსენებული ბერული ქუდით. ესრეთია ჩვენი დრო გონებრივ-ზნეობრივი განადგურებისა, გადაგვარებისა და გაველურებისა... ცხინვალს ახლო, მთაში, არის ქალების მონასტერი წმიდა საბასი, კლდეში გამოკვეთილი. ზემო სართულში გამოკვეთილია პატარა ეკლესია, სადაც დაცულია ყუთში ჩადებული სრულიად შეუშლელი ნაწილი - ფეხი წმინდანისა. მონასტერი და ეკლესია ღიად დაგდებულია, უთვალყუროდ. მე ჩემის თვალით ვნახე 1883 წლის ზაფხულს, რომ წმინდანის ფეხიდან დანით ამოუჭრიათ ნაწილები და წაუღიათ, ზოგს კი ხელით უგლეჯია. ესეც ნიშანი ჩვენი სულიერი გახრწნისა და დაცემისა! ღრმა და მრავალფეროვანია მიზეზი ჩვენის ზნეობრივი გაქარწყლებისა, მაგრამ ის კი ყველასთვის ცხადია, რომ ჩვენმა ზნეობრივმა გვამმაც თავიდან იწყო ლპობა და გახრწნა...
სულ ბოლოს, სახარებას აქვს შემდეგი მხედრული წარწერა XVIII საუკუნის ლამაზი ხელით: "ქ ოთხთავი: ესე წმიდაი განმანათლებელი: ადამისტომთ მე ბასილი: ა მს მან შევმოსე და მოვჭედე: ლოცვა ყავთ ჩემთვის ღმრთისათვინ". ქარაგმის ნიშნები "ა მს მან", ჩვენის აზრით, აღნიშნავს: "აფხაზეთის მთავარეპისკოპოსმან"... ბასილი აფხაზეთის მთავარეპისკოპოსი ისტორიამ არ იცის, მაგრამ პალეოგრაფიული ხასიათი წერისა და თვით ტექსტიც უეჭველად ეკუთვნის XVIII საუკუნეს და არა შემდეგ დროებას".
ჩვენ ვცადეთ მოგვეძია სხვა რამ წყარო წმინდა ბასილი რატიშვილზე, მაგრამ ვერაფერი ვიპოვეთ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდარში 1946 წლის ჩათვლით ღირსი ბასილის ხსენება არ იყო დაწესებული. ამ წმინდანის სახელი უწმინდეს კალისტრატეს მასში 1950 წლიდან შეუტანია (სამწუხაროდ, ვერსად მოვიძიე 1948 წლის საეკლესიო კალენდარი), ხოლო 1959 წელს უწმინდესისა და უნეტარესის მელქისედეკის რედაქტორობით გამოცემულ კალენდარში, ისევე როგორც 1950 წლისაში, ღირს ბასილის მიიჩნევენ XIII საუკუნის მამად, "რომელსაც მონღოლებთან ბრძოლის დროს ქართველი ერისა და ქრისტიანობის დაცვაში დიდი ღვაწლი მიუძღვის".
მამა ბასილი რატიშვილს ხშირად აიგივებენ ბასილი ათონელთან, რომელიც ღვთისმშობელმა წმინდა დემეტრე მეფის სამხილებლად გამოგზავნა. ეს ძალზე სადავოა - ჟამთააღმწერელი არსად ახსენებს ბასილი ათონელის გვარს, ესეც არ იყოს, რატიშვილები მხოლოდ რამდენიმე საუკუნით გვიანდელ საბუთებში იხსენიებიან... კარგი იქნებოდა მოგვეძებნა (თუ კიდევ შემორჩა) ღირსი ბასილის უხრწნელი სხეული, მერე კი იქნებ მისი "ცხოვრებაც" გამოჩენილიყო... ჩვენდა სანუგეშოდ ვიტყვი: სანამ 1902 წელს "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" არ აღმოაჩინეს და მისი მოღვაწეობის წლები არ გაირკვა, მანამდე კალენდრის შემდგენლებს წმინდა გრიგოლი სხვა საუკუნეებში მცხოვრები მამა ეგონათ...
როგორც უკვე მოგითხრეთ წმინდა ბასილი რატიშვილის უხრწნელ სხეული, 1883 წელს უპატრონოდ მიგდებული უნახავს ბატონ თედო ჟორდანიას და ეს ამბავი საზოგადოებისთვის უმცნია 1897 წელს გამოცემულ ქრონიკების II ტომში. გავიდა 3 წელი და ჟურნალი "მწყემსი" ბეჭდავს მორჩილ რაჟდენ ბარამიძის წერილს, სადაც ავტორი მოგვითხრობს კაბენის მონასტერზე და იქ კვლავ უპატიოდ მიტოვებულ წმინდა ბასილის უხრწნელ სხეულზე. გთავაზობთ ამ წერილს. სტილი დაცულია.
"კასპიდგამ მარჯვნით 30 ვერსის მანძილზე სძევს სოფელი ყანჩავეთი. ამ სოფლიდამ სამხრეთით 1,5 ვერსის მანძილზე, ერთს პატარა, ტყით დაფარულ გორაკზე, აგებულია ერთი ფრიად შესანიშნავი ძველი დროის მონასტერი, რომელსაც კაბენის ღვთისმშობლის მონასტერს უწოდებენ. ამ მონასტერში იმექონება ტყავზე ხუცურად ნაწერი სახარება, რომელშიაც მოხსენიებულია რატიშვილების მიერ ამ მონასტრისთვის ადგილის შეწირვა და აქვე ნათქვამია: "კაბენის გეთსამანიის მღვთისმშობელის მონასტერი". მონასტრის ეკლესია აგებულია მოყვითალო ნათალი ქვით, აღმოსავლეთის კედელი, სანათურები და ჯვარი, რომელიც ჩაყოლებულია კედელში, საუცხოო ჩუქურთმებით არის გამოქანდაკებული; ასეთივე ჩუქურთმა არის დასავლეთის კედელზე გუმბათამდე.
მონასტრის ეს დიდი და ვრცელი ეკლესია სულ დახატული ყოფილა, მაგრამ დღეს, დროთა ვითარებისა გამო, მხოლოდ რამოდენიმე ნახატი მოსჩანს; საკურთხეველში დახატულია სამი მღვდელმთავარი: ვასილი, იოანე ოქროპირი და გრიგოლ ღვთისმეტყველი - და მთავარანგელოზი შუბის ხელში მპყრობელი, რომელსაც ექვსი ფრთა აქვს. ტრაპეზი თავის ადგილას დგას, ქვიტკირის კანკელი სრულიად უვნებელია და მაზედაც მრავალი ჩუქურთმებია. მხატვრობები მოჩანს, მაგრამ წარწერისა და სახის გარჩევა გასაჭირია. მხოლოდ მოჩანს წმინდა მოწამე გიორგი. ტაძრის გუმბათში დახატულნი არიან მახარობლები და სხვა მოციქულები. აქვე დახატულია მირქმა მაცხოვრისა, მაცხოვარი სარეცელზე მჯდომარე და წმინდა მოწამე აბო, მოციქულთასწორი კონსტანტინე და ელენე და მაცხოვრის სხვადასხვა დროის სახე, მაგალითად, ქრისტე ტანჯვის დროს ეკლის გვირგვინით. სხვა მხატვრობები თუმცა მოჩანს, მაგრამ სახე არ განირჩევა. თვით ეკლესიაში მრავალი ძველი დროის ჩუქურთმიანი ქვები და ძველი დროის კრამიტები დ აგურები მოიპოვება დიდი ფორმისა. ამ დიდს ეკლესიას მიშენებული აქვს სამწირველოები, რომლებიც რიყის ქვით არის ნაშენი. დასავლეთ-სამხრეთის თაღი თითქმის სულ ჩაქცეულია. როცა ეკლესიაში დგახარ, ჩრდილოეთ-დასავლეთით შენიშნავ სამ აკლდამას, რომლებსაც თავი ახდილი აქვს. პირველში აწყვია ძვლები ბერებისა, მეორეშიც იგივე ძვლებია, მხოლოდ ნახევარი ტანი არის კაცისა, რომელსაც ხორცი შემხმარი აქვს ძვლებზე. მხოლოდ სულ უკანასკნელში ასვენია ერთი თავმოგლეჯილი ტანი ადამიანისა, რომელსაც ხელები და ფეხები თითქმის თავის თითებით და ფრჩხილებითა აქვს, მხოლოდ ცალი ხელი მოგლეჯილი აქვს, ასე რომ, თითქმის სულ ხორციელად არის თვინიერ თავისა, მაგრამ თავიც იქვე ახლოს ძევს. საფიქრებელია, რომ ეს თავიც ამავე ტანისა უნდა იყოს, რომელიც ხორცეულად არის დაცული. მხოლოდ არ ვიცით, თუ ვინ არის ეს პატიოსანი გვამი. ბატონ თედო ჟორდანიას ქრონიკების მეორე ტომში (გვ. 171) მოხსენიებულია ზემოხსენებულნი ხორციელი (ანუ უხრწნელი - კ.კ.) მამები. ბატონი ჟორდანია ამბობს, რომ როდესაც თვით მას უმოგზაურნია და უნახავს ეს ადგილი, მას თან ხლებია ადგილობრივი მღვდელი და აზნაური გიორგი რატიშვილი. ამ უკანასკნელს უთქვამს, რომ როცა პირველად გაუღიათ აკლდამა, შიგ უნახავთ ჭილოფში გახვეული გვამი. როცა გაუხსნიათ, მარტო ის მხარე ყოფილა გახრწნილი, სადაც ჭილოფი არ ფარებია, სხეულს მარტო ხელი ჰქონებია მოგლეჯილი, გარდა ამისა, თითქმის ფერი არ ჰქონებია შეცვლილი ხორცს და მთელი გვამი ასე უვნებლად ყოფილა, თუმცა თავიც მოშორებული ქონებია, მაგრამ იქვე დებულა. ეს გვამი, როგორც მე მიამბეს, სამღვდელო შესამოსელით შემოსილი ყოფილა და ამ 29 წლის წინად თავიც ტანზე ბმია. ამავე აკალდამის ერთ კუთხეში გდებულა ბერული ქუდი (კუნკულა), გარედან შავ მაუდ გადაკერებული, მასზე დიდის გულმოდგინებით მოქარგულია სხვადასხვა სახეები (ეს კუნკულა ეხლაც ძევს იქვე, მხოლოდ გაფუჭებულია დროთა ვითარების გამო და არც ეხლანდელს კუნკულას ჰგავს). ამ გვამის შესახებ ბატონ თედო ჟორდანიას გიორგი რატიშვილისგან სმენია, რომ ეს გვამი წმინდა ბასილის არის და გვარად რატიშვილი ყოფილა. ამის დასამტიცებლად მოჰყავს იმავე გვამზე დადებული შენდობის ფურცელი, რადგანაც მღვდელმთავრისგან შეჩვენებული ჰგონებია ალბათ, რადგანაც ხორციელად ყოფილა და ისევ მღვდელმთავარს მიუცია შენდობა, სადაც წერებულა, "შვილო ბასილ". ამ შენდობის მიმცემი, როგორც ბოლოში წერებულა, ყოფილა წილკნელი იოსები (ამათ შესახებ მეც გამოვიკითხე, მაგრამ ვერა გავიგე რა, მხოლოდ ხალხს დიდი რწმენა აქვს). ბატონი ჟორდანია ამბობს, რომ ეს მღვდელმთავარი არ შემხვედრია არავითარ გუჯრებშიო. მაგრამ შეიძლება ვიფიქროთ, რომ შენდობას აძლევდეს პირველის წილკნელის იოსებ ასურელის მამის სახელითო.
დღეს ასე ფრიად შესანიშნავი სიწმინდე, რომელიც შიშს და სარწმუნოებას ჰბადებს გონიერი კაცის გულსა და სულში, ფრიად შეუფერებელ მდგომარეობაშია. წმინდა ნაწილების აკლდამები სავსე არიან ნაგვითა, რაიცა დიდ უჯეროებას შეადგენს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის. ამ მონასტრის განახლება მოინდომა აწ განსვენებულმა მიხეილ პავლეს ძე საბინინმა, რომ ხელი არ შეეშალა მისთვის სხვა-და-სხვა გარემოებას. ეს მონასტერი 1896 წელს უფრო კარგ მდგომარეობაში იყო, ვიდრე დღეს არის. მონასტრის კედლები დაზიანებულია, ისე რომ, იმის განახლება მოუხერხებელია. ეკლესია სიგრძით 7 საჟენია, განითაც 5 საჟენი და 2 არშინი, სიმაღლეც ზომიერია. ეს თვით ეკლესიის ტანი არის და სამხრეთის მხრის სამწირველო და ჩრდილოეთისა კიდევ სხვა. ამ სამწირველოების თაღი თითქმის სრულიად ჩაქცეულია. ძველად მონასტერი დახურული ყოფილა ქვით, ხოლო შემდეგ განახლებისა დაუხურავთ უწინდელი დროის კრამიტით, რომელიც ძალიან განირჩევა ეხლანდელი კრამიტისგან სიდიდით და სიმაგრით. ამავე ეკლესიაში ჩრდილოეთით საკურთხეველზე მიდგმულია პატარა სამწირველოს მსგავსი ოთახი, რომელშიაც მარჯვნივ არის ერთი კაცის ჩასაძრომი აკლდამა, სადაც მრავალი ძვლებია ადამიანთა მოგროვილი. თვით ეკლესიას, საუბედუროდ, არავითარი წარწერა არა აქვს, მხოლოდ გარედგან, როდესაც აღმოსავლეთით დადგება კაცი გუმბათისაკენ, მაყურებელი ზედ გუმბათის თავზე შენიშნავს ერთს ცისფრად შეღებილს მომცრო ქვას, რომელზედაც წარწერა მოსჩანს, მხოლოდ გარჩევა მოუხერხებელია სიშორის გამო. ეკლესიის გარეშე მოჩანს სენაკების ნანგრევები და სხვადასხვა შენობათა. ამ ეკლესიას წყარო აქვს ჩრდილოეთით მეოთხედი ვერსის მანძილზე. ვახუშტი ბატონიშვილი იხსენებს, რომ უწინ მონასტერი ყოფილა, ხოლო აწ ხუცის ამარა არისო. ის არა ჩანს ისტორიის საშუალებით, თუ რამდენი დრო განაგებდა ამ ეკლესიას მღვდელი. ვ. ბატონიშვილი იყო ძე ვახტანგ მეექვსისა, რომელიც დაიბადა XVI საუკუნის დასასრულს და გარდაიცვალა 1672 წელსა. აქედგან სჩანს, რომ ეს მონასტერი დიდი ხნიდან ყოფილა გაუქმებული. ამ მონასტრის ამშენებელი ჩვენმა ისტორიამ არ უწყის. მხოლოდ საფიქრებელია, რომ VIII საუკუნეს ან ცოტა შემდეგს უნდა ეკუთვნოდეს. შიგ შუა ალაგას არის ერთი საფლავი, რომელსაც მარმარილოს ქვა აძევს ზედ წარწერით. ჩვენ მხოლოდ მარტო სახელებს აღვნიშნავთ. ფაზია რატიშვილი (ქკს უმდ). ეს ქორონიკონი უდრის 1756 წელსა. აქედგან ის გამოდის, რომ რატიშვილის სასაფლაო ეკკლესიათაც ყოფილა, თუმცა მეტი საფლავი არ არის ამ ეკკლესიაში.
ბოლოს, სასურველია, რომ რადგანაც ეს ეკლესია ფრიად დაზიანებულია, შეიძლება დაიქცეს და ეს წმინდა ბასილის ნაწილები შიგ მოჰყვეს, ამიტომ უკეთესია, უმჯობეს ალაგას იქმნას გადატანილი, რათა მლოცავთ შეეძლოთ თაყვანისცემა მათი. ამ ეკლესიის გარემოს დღეს მიცვალებულთ ასაფლავებენ. ამ მონასტრის ძველი ხატები და ნივთები ყველა დაკარგული არის. მხოლოდ ადგილობრივი შტატის ეკლესიაში ასვენია ვერცხლის ხატი ღვთისმშობლისა, რატიშვილების შეწირული 1800წ. და ძველები ყოველი დაკარგული არის. ყოფილა მრავალი ხუცური ხელნაწერები ტყავებზე, მაგრამ ვის რომელი მოუტაცია, არ ჩანს. იმ ზემოხსენებულ სახარებაში მახარობლები არის დახატული და ოთხ-თავია. კიდევ ყოფილა გულვანი, მაგრამ ის მამა მარკოზ ტყემალაძეს წამოუღია მათ ბლაღოჩინობის დროს და ჯერაც სახლში აქვს. ეს გულვანი, როგორც მიამბეს, საუცხოვო სურათებით ყოფილა შემკული".
ჩვენდა წილად დავუმატებთ, დროთა განმავლობაში კაბენის ეკლესია ჩამოიქცა და წმინდა ბასილის უხრწნელი სხეულიც ალბათ ქვეშ მოიყოლა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი