XII საუკუნეში, ნიკონის წინამძღვრობის დროს კიევ-პეჩორის მღვიმეთა მონასტერში ერთი ახალგაზრდა მივიდა და ბერობა ითხოვა.
წინამძღვარმა ბერად აღკვეცა ახალგაზრდა და ნიკიტა დაარქვა. ბერმა მალე დაყუდებული ცხოვრების სურვილიც გამოთქვა. იღუმენი აფრთხილებდა, ახალგაზრდა ბერისთვის ასეთი ღვაწლი ნაადრევიაო, მაგრამ ნიკიტა ყურად არ იღებდა რჩევას.
წინამძღვარი ეუბნებოდა:
- შვილო ჩემო! რა სიკეთეს მოგიტანს უქმად დაყუდება? ჯერ ახალგაზრდა ხარ, სჯობს ძმებთან დარჩე. მათი სამსახურით არ დაკარგავ შენს ჯილდოს. ეშმაკი გაცდუნებს, ჯერ გამოუცდელი ხარ.
ნიკიტა პასუხობდა:
- ვერასოდეს მაცდუნებს ბოროტი, უფალს ვთხოვ სასწაულმოქმედების ძალა მომცეს.
ამაზე ნიკონმა უთხრა ახალგაზრდა ბერს:
- მაგის თხოვნა შენს ძალებს აღემატება, გაფრთხილდი, ხიბლში ხარ და მიწას არ დაენარცხო. ჩვენი მორჩილება გავალებს მონასტრის საძმოს ემსახურო. ამის გამო ღმერთისგან მორჩილების გვირგვინს მიიღებ.
წინამძღვრის შეგონება უშედეგო აღმოჩნდა, ნიკიტა მაინც დაეყუდა მღვიმეში. ერთხელ ბერი გალობდა, უეცრად გამოუთქმელი კეთილსურნელება იგრძნო და გაიგონა, რომ მასთან ერთად სხვაც გალობდა. ნიკიტამ იფიქრა, ანგელოზიაო, ასე რომ არ იყოს, ჩემთან ერთად არ ილოცებდა და აქაურობას სულიწმიდის კეთილსურნელება არ მოიცავდაო.
გახარებულმა ბერმა უფრო ბეჯითად დაიწყო ლოცვა, გულში ამბობდა: "უფალო, გამომეცხადე, მსურს გიხილო".
უეცრად მოესმა ხმა:
- არ გამოგეცხადები, ჯერ ახალგაზრდა ხარ, ასე ამპარტავნობით დაეცემი.
ცრემლმორეულმა ნიკიტამ უპასუხა:
- არა, არ შევცდები, უფალო! წინამძღვარმა მასწავლა, ყური არ ვუგდო ეშმაკის ცდუნებას. რასაც მიბრძანებ, ყველაფერს შევასრულებ.
იმ წუთიდან გაბატონდა ნიკიტაზე ბოროტი, ისევ მოესმა დაყუდებულ ბერს ხმა:
- მოკვდავს არ შეუძლია ჩემი ხილვა, მაგრამ ჩემს ანგელოზს გიგზავნი, მუდამ შენთან იქნება, მას დაემორჩილე.
ეშმაკმა ანგელოზის სახე მიიღო და ბერს გამოეცხადა. ანგელოზის სახით გამოცხადებულ ეშმაკს თაყვანი სცა. ამის შემდეგ ბოროტმა მას, მისი თქმით, უკვე სრულყოფილებამდე ამაღლებულს, შეაგონა:
- არ გინდა ლოცვა, მხოლოდ იკითხე და სხვებს ასწავლე, შენ მაგივრად კი მე ვილოცებ!
ეს თქვა და დაყუდებულის მახლობლად დადგა, თან თავი ისე მოაჩვენა, თითქოს ლოცულობდა. მოხიბლული ბერი ნიკიტა მალე ყველას აღემატა ძველი აღთქმის წიგნების ცოდნაში, ახალ აღთქმაზე კი არა თუ საუბარი, სიტყვის გაგონებაც კი არ სურდა. ამის გამო ყველა მიხვდა, რომ ნიკიტა ეშმაკმა აცდუნა.
კიევ-პეჩორელი ძმები მივიდნენ ცდუნებულთან და ლოცვებით განაშორეს მას ბოროტი. ამის შემდეგ ნიკიტამ კურთხევით დატოვა დაყუდების ადგილი და მკაცრ მარხვასა და ლოცვას მიეცა, ყველაზე მეტად კი მორჩილებისა და თავმდაბლობის მოგებას ესწრაფოდა. ყოვლადსახიერმა უფალმა ნეტარი ბერების ლოცვით იგი დაცემის სიღრმიდან სრულყოფილების მწვერვალზე აღამაღლა. შემდგომში წმინდანი ნოვგოროდის ეპისკოპოსი გახდა და სასწაულქმედების ნიჭიც მიემადლა. ღირსმა ნიკიტამ მშვიდობით მიისვენა 1109 წელს.
.......................................
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი