წმინდა ეფრემ მცირის - XI საუკუნის უდიდესი საეკლესიო მოღვაწის, მწერლის, მთარგმნელის და ფილოსოფოსის ცხოვრება, სამწუხაროდ, უცნობია,
მაგრამ მისი "მოსახსენებელი" და სხვა წყაროები საშუალებას გვაძლევს, შევიტყოთ ღირსი მამის ცხოვრებისა და მოღვაწეობის უმთავრესი ეტაპები.
1027 წელს, საქართველოს მეფის, ბაგრატ IV-ის ტახტზე ასვლისას, საბერძნეთში საცხოვრებლად წავიდნენ ტაოელი აზნაურები. მათი სამშობლოდან აყრის მიზეზი იყო საქართველოსა და ბიზანტიას შორის ჩამოვარდნილი შუღლი "ზემო ქვეყანათა", ანუ ტაო-კლარჯეთის მიწების გამო და ის შინააშლილობა, რაც ამ პოლიტიკურ დაძაბულობას მოჰყვა.
აზნაურთა შორის იყვნენ "ვაჩე კარიჭის ძე და ბანელი ეპისკოპოზი იოანე". მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ეფრემ მცირე იყო ძე ვაჩეს შვილი.
ეფრემმა კონსტანტინოპოლში მიიღო განათლება და ზედმიწევნით შეისწავლა ბერძნული ენა, შემდეგ კი ანტიოქიის მახლობლად მდებარე შავ მთას მიაშურა სამოღვაწეოდ. იმ დროს იქ სამოცდაათამდე ქართველი ბერი ცხოვრობდა და დიდი ლიტერატურული მოღვაწეობა იყო გაჩაღებული.
შავ მთაზე ეფრემი თავდაპირველად იქაურ ქართველ მოღვაწეებს დაემოწაფა. თავის "მოსახსენებელში" ღირსი ეფრემი ამბობს, რომ შავთელმა საბა თუხარელმა "ქრისტეს მიმსგავსებულითა სახიერებითა მიტჳრთა ჟამსა სიუცბისა და სიჭაბუკისა ჩემისასა და სხუათავე ქველისმოქმედებათა თანა ესეცა აჩუენა ჩემზედა, რომელ ბერძნულისაცა წიგნთა კითხვისა სწავლაჲ იღუაწა ჩემთჳს ადგილსა შინა ჯეროვნად მომზავებულსა, რომელ არს მონასტერი წმინდისა სჳმეონ საკჳრველთმოქმედისაჲ". როგორც ჩანს, ეფრემმა საბა თუხარელისაგან შეისწავლა საეკლესიო წიგნების კითხვის წესი. დავალებულად მიიჩნევს თავს ეფრემი იოანე ფარაკნელისაგანაც. ერთ ანდერძში ნეტარი გვაუწყებს: "ვიდრეღა იგი ჯერეთ ჩუენ თანა იყო ნეტარი იგი და ყოვლად რჩეული მოღუაწეთა შორის ბერი იოვანე ფარაკნელი, მან... განკვეთილობის ნიშნების გამოყენება მასწავლა". გაბრიელ მღვდელი არჩევდა წიგნებს ეფრემის სათარგმნელად.
ეფრემის ანდერძ-მინაწერები მადლიერებით იხსენიებს შავ მთაზე მოღვაწე მამებს: საბა თუხარელს, ანტონ ტბელს, ეფრემ ოშკელს, არსენ იყალთოელს, სტეფანე ჭულეველს, იოანე ფარაკნელს, მღვდელ გაბრიელს და სხვებს. განუზომელია ეფრემის ღვაწლი ქართული სასულიერო და ფილოსოფიური მწერლობის წინაშე. მისი შრომების რიცხვი ასამდე აღწევს და ეხება საეკლესიო მწერლობის თითქმის ყველა დარგს.
წმინდა ეფრემმა შექმნა საკუთარი თეორია მთარგმნელობისა, რომელიც საფუძვლად დაედო შემდეგი დროის ქართულ მწერლობას. ამ თეორიას სამი არსებითი ნიშანი ახასიათებს:
1. თხზულება უნდა ითარგმნებოდეს აუცილებლად თავდაპირველი დედნიდან, იმ ენიდან, რომელზედაც იგი შეიქმნა;
2. შესრულებული თარგმანი ზედმიწევნით ზუსტი უნდა იყოს, მაგრამ სიზუსტემ არ უნდა შელახოს იმ ენის ბუნება, რომელზედაც ძეგლი ითარგმნება;
3. თარგმანზე დართული უნდა იყოს სპეციალური კომენტარები, რომლებშიც განხილული იქნება თხზულებასთან დაკავშირებული ისტორიულ-გრამატიკულ-ტექსტოლოგიური საკითხები.
დედანის აზრის უკეთ გასაგებად და გასაადვილებლად ეფრემ მცირემ შეიმუშავა პუნქტუაციის ხმარების საკუთარი წესიც. როგორც თავად წერს, იგი წერტილს იყენებდა "მცირედ სასუენად, ორწერტილს განსაკუეთელად სიტყვისა და სამწერტილს დიდად სასუენად და ექუს წერტილს სრულიად დასაბოლოებლად და ახლად დასაწყებლად სიტყვისა".
ეფრემს უთარგმნია დიონისე არეოპაგელის სახელით ცნობილი ხუთი თხზულება, ბასილი დიდის და ეფრემ ასურის "ასკეტიკონი", ეპისტოლეთა და ფსალმუნთა კომენტარები, იოანე დამასკელის "წყარო ცოდნისა" და უამრავი სხვა.
ეფრემ მცირის ორიგინალურ ნაშრომთაგან გამოირჩევა "უწყებაჲ მიზეზსა ქართველთა მოქცევისასა, თუ რომელთა წიგნთა შინა მოიხსენების".
XI საუკუნის II ნახევარში ანტიოქიისა და შავი მთის ბერძენი ბერები საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობას არ სცნობდნენ. სხვა მიზეზთა შორის ასახელებდნენ იმას, რომ თითქოს საქართველოში ქრისტიანობა არც ერთ მოციქულს არ უქადაგია. საჭირო გახდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის უფლების დაცვა-დადასტურება. იქაურ ქართველ მოღვაწეებს ეფრემისათვის დაუვალებიათ ამ საქმის მოგვარება. ეფრემმა საგანგებოდ შეისწავლა ბერძნული წყაროები, "მცირედი სიტყუანი, ვითარცა თესლთა მკრებელმან, მიმოგანთესულნი წმინდათა წერილთაგან" ერთად შეკრიბა და მეცნიერული არგუმენტებით დაასაბუთა ქართული ეკლესიის ავტოკეფალურობა.
ბერძნული წყაროებით ასაბუთებს ეფრემი ქართველთა შორის წმინდა ნინოს ქადაგების ფაქტს, კათოლიკოსთა ხელდასხმისა და მირონის კურთხევის ნებართვის მოპოვების თარიღს.
ღირს ეფრემ მცირეს არასოდეს დაუტოვებია შავი მთა. 1091 წლის ახლო ხანებში ის კასტანას მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს.
ღირსი ეფრემი გარდაიცვალა 1101 წლის ახლო ხანებში. რუის-ურბნისის კრების (1103 წ.) აქტები მას მიცვალებულთა შორის იხსენიებს.
ეკლესიისა და ერის წინაშე დიდი დამსახურებისთვის, ღვთივსათნო ცხოვრებისა და მოღვაწეობისთვის საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ეფრემი წმინდანად შერაცხა.
"ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი", თბილისი, 2004 წ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი