დიდი ნოვგოროდის სამხრეთით, თხუთმეტ ვერსში, მდინარე ვარიაჟის ნაპირას მდებარეობს კლოპის მონასტერი, რომლის მთავარი ტაძარიც წმინდა სამების სახელობისაა.
ადრეულ წლებში მონასტრის შესახებ ცოტამ თუ იცოდა, შემდგომში ის წმინდა მიქაელის სასწაულების წყალობით გახდა ცნობილი. წმინდა მიქაელი თავადი გახლდათ და დიდ მთავარ დიმიტრი დონელს ნათესავად ერგებოდა. მან ქრისტესთვის სალოსობის ღვაწლი იტვირთა, მოსკოვი დატოვა და კლოპის მონასტერში მივიდა. ეს ამბავი სავანეში ღვთივსულიერი მამის თეოდოსის იღუმენობისას მოხდა, 1408 წლის 23 ივლისს. ძმები ცისკრის ლოცვაზე იყვნენ შეკრებილნი; მღვდელ-მონაზონმა მაკარმა, რომელიც ღვთისმსახურებას ატარებდა, მეცხრე კანონის გალობისას, ეკლესიაში აკმია და ტაძრის მახლობლად მდებარე თავისი სენაკის საკმევლად წავიდა. მანამდე დაკეტილი კელია ღია დახვდა; შევიდა შიგნით და რას ხედავს - მაგიდასთან ბერის სამოსით მოსილი კაცი იჯდა, წინ სანთელი ენთო და "სამოციქულოს" გადაწერდა.
მღვდელ-მონაზონს შეეშინდა, ტაძარში დაბრუნდა და ნანახის შესახებ იღუმენსა და ძმებს მოუყვა. ღვთისმსახურების შემდეგ ყველანი ერთად მივიდნენ კელიასთან. დაკეტილი დახვდათ. იღუმენმა წართქვა სამჯერ ლოცვა და შიგნიდან სამჯერ უპასუხეს. დააკაკუნეს. კარი არავინ გააღო. მაშინ, წინამძღვრის კურთხევით, სახურავი ახადეს და შიგნით ჩავიდნენ, მაგრამ შიდა კარიც ჩაკეტილი იყო. იღუმენის ბრძანებით, კარი შეტეხეს, იქ კი უცნობი მამა დახვდათ, რომელიც იჯდა და წერდა. წინამძღვარმა ჰკითხა: "მითხარი, კაცი ხარ, თუ სული (მოჩვენება)?" ბერმა მისი ნათქვამი გაიმეორა. იღუმენმა ლოცვა წართქვა, ბერმა იგივე ლოცვა წარმოთქვა, რაც იღუმენმა. მაშინ წინამძღვარმა უცნობს ჯვარი გამოსახა და საცეცხლურით კმევა დაუპირა, მაგრამ უცნობმა კმევას თავი აარიდა და ჯვარი გამოისახა. სულელივით იქცეოდა. იღუმენმა ჰკითხა, ვინ ხარ, საიდანო? მაგრამ უცნობს სიტყვა ვერ დაადენინეს. მაშინ თეოდოსიმ ბერებს მიმართა: ნუ გეშინიათ, მამებო, ეს მამაღმერთმა გამოგვიგზავნაო.
წმინდა მიქაელი ძმებთან ერთად ლიტურგიაზე შევიდა, რომლის დროსაც მონასტრის მგალობლებთან ერთად იგალობა კლიროსზე. იღუმენმა მას სამოციქულოს წაკითხვა ანდო და ყველა დატკბა მისი ტკბილი და სულის შემძვრელი წიგნის კითხვით. შემდეგ იტრაპეზეს. ტრაპეზის დროს წმინდანთა ცხოვრება ისევ წმინდა მიქაელმა წაიკითხა. ტრაპეზის მერე იღუმენმა ის მისთვის განკუთვნილ კელიაში წაიყვანა. ასე დასახლდა წმინდა მიქაელი კლოპის მონასტერში, სადაც მას მედავითნისა და ტრაპეზზე წიგნის მკითხველის მორჩილება ჰქონდა. მსმენელებს დიდად შეემუსრებოდათ გული, როცა წიგნს წმინდა მიქაელი კითხულობდა.
მცირე ხნის მერე მიქაელი მივიდა იღუმენთან და უთხრა, სტუმრები გვეყოლებაო. "ვინ სტუმრები, შვილო?" - ჰკითხა იღუმენმა. მაგრამ, არაფერი უპასუხა. წირვის შემდეგ ეკლესიიდან რომ გამოვიდნენ, მონასტრის ალაყაფთან სამი კაცი დაინახეს. იღუმენმა მათ სეფისკვერი გაუწოდა, ორმა გამოართვა, ერთმა არა. წმინდა მიქაელის რჩევით, წინამძღვარმა უცნობები ტრაპეზზე მიიწვია, აღმოჩნდა, რომ მათთან ერთად სხვებიც იყვნენ. ისინიც მოიყვანეთო მონასტერში ოცდაათამდე შეიარაღებული ადამიანი შემოვიდა. დასხდნენ სატრაპეზოდ. ორის გარდა ყველა შეუდგა პურის ჭამას.
წმინდა მიქაელმა მათ უთხრა: "დაე, არ ასრულდეს თქვენი განზრახვა, რითიც აქ მოხვედით!" მაშინვე ის ორი ცუდად გახდა. ავაზაკებმა იტრაპეზეს, წამოდგნენ, მამებს მადლობა გადაუხადეს. ერთმა მათგანმა 100 ვერცხლიც კი გაიღო ტრაპეზისთვის, ბერებს თავიანთ მეგობრებზე ზრუნვა სთხოვა და მშვიდობით წავიდნენ. ის ორნი კი ხუთი დღე ავად იყვნენ, ერთი მათგანი ისე დაუძლურდა, რომ ბერობა მოინდომა და ეფრემის სახელით მონაზვნად აღკვეცეს. მეორეს კი, როცა გამოჯანმრთელდა, წმინდა მიქაელმა უთხრა: წადი და შენს ამხანაგებს უთხარი, ავაზაკობას და ცოდვის ქმნას თავი დაანებონო.
1419 წელს მონასტერი დიმიტრი დონელის უმცროსმა ვაჟმა, თავადმა კონსტანტინემ მოინახულა, რომელსაც ძმებმა კუთვნილი მამული ჩამოართვეს და მოსკოვიდან ლტოლვილმა - ნოვგოროდს შეაფარა თავი. როცა ტრაპეზზე წიგნის კითხვისას წმინდა მიქაელის ხმა მოესმა, მასთან ახლოს მივიდა, იცნო, ვინც იყო და თქვა:
- ეს მიქაელია, მაქსიმოვების ვაჟი (წმინდანი აზნაურის გვარისა იყო და ნათესავი თავად კონსტანტინესი), რაზეც წმინდანმა თქვა:
- მხოლოდ ჩემმა შემოქმედმა იცის, ვინ ვარ.
- შვილო, სახელს რატომ არ ამხელ? - ჰკითხა იღუმენმა.
მაშინ წმინდანმა დაუდასტურა, რომ მიქაელი ერქვა.
კლოპის სავანეში ცხოვრებისას წმინდა მიქაელი მხოლოდ პურსა და წყალს იღებდა, ამასაც კვირაში ერთხელ და მცირედ. როცა უდიდესი ლოცვითი ღვაწლის მერე წმინდანი იღლებოდა, იქვე, შიშველ მიწაზე იძინებდა; კელიაში არაფერი ჰქონდა, სამოსიც კი, იმის გარდა, რაც სხეულის სიშიშვლეს უფარავდა. შეუძლებელია იმ დიდი ღვაწლის აღწერა, რაც წმინდა მამამ ქრისტეს სიყვარულისთვის გასწია; მოსაგრეობისა და მარხვის გამო მისგან ლანდიღა დარჩა.
მოხდა ისე, რომ დიდ ნოვგოროდსა და მის გარშემო სამი წლის მანძილზე საშინელი გვალვა იყო: ამოშრა არა მარტო ღელეები, მდინარეებიც კი. ერთხელ ეკლესიისთვის წყალზე მიმავალმა მნათემ დაინახა, რომ სალოსი მიქაელი მდინარის პირას ქვიშაზე რაღაცას წერდა, მიუახლოვდა და ნახა, რომ ნეტარ მიქაელს ქვიშაზე დაეწერა: "წყარო ცხოვრებისა მივიღო, და სახელსა უფლისასა ვხადო. აქ იქნება წყარო დაუწყვეტელი". მნათემ ამის შესახებ იღუმენს მოახსენა. იღუმენი მაშინვე მივიდა მდინარის პირას, ნახა წმინდანის დაწერილი. მერე იღუმენმა და ღირსმა მიქაელმა ლოცვა აღავლინეს. იმ ადგილას ცოტათი ამოთხარეს მიწა და წყაროსთვალმა ამოხეთქა და დაარწყულა როგორც მონასტრის მკვიდრნი, ისე ერისკაცნი. კლოპის მონასტერში ახლაც გიჩვენებენ ჭას, რომელიც წმინდა მიქაელის ლოცვით ამოხეთქილ წყაროზე ააშენეს.
23 ივნისს, წმინდა მიქაელის მონასტერში მისვლის დღეს, ამ წმინდა წყაროსთან ლიტანიობით მიდიან ხოლმე სავანის მკვიდრნი. გვალვის გამო საშინელი შიმშილობა ჩამოვარდა და ლუკმა პურისთვის უამრავი გლახაკი აკითხავდა მონასტერს. იღუმენს საკვების მარაგის გამოლევის შეეშინდა. წმინდა მიქაელმა შეახსენა, რომ უფალმა პურის ნატეხებით ორმოცი ათასი კაცი გამოკვებაო, და იღუმენი დაითანხმა მშივრები გამოეკვება. როცა ძმებმა ამის გამო დრტვინვა დაიწყეს, წმინდა მიქაელმა ისინი მონასტრის საბძელთან მიიყვანა და აღმოჩნდა, რომ ის წმინდანის ლოცვით სავსე იყო ხორბლით.
ერთხელ წმინდა მიქაელი ვიაჟიცის მონასტერში იყო, უეცრად სამრეკლოზე აიჭრა და ზარების რეკვა დაიწყო. როცა ხალხმა ჰკითხა, რა ხდებაო, სალოსმა უპასუხა: ახლა მოსკოვში დიდი სიხარულია, დიდ თავადს დაებადა ვაჟი ივანე, რომელიც რისხვა იქნება მეზობლებისთვის, დაიპყრობს ნოვგოროდს, შეცვლის კანონებს, მათ ოქროს წაართმევს და საერთოდ დაიმორჩილებსო. მართლაც 1440 წელს დაიბადა თავადი ივანე ვასილის ძე, შემდგომში მრისხანედ წოდებული, რომელმაც 1471 წელს დაიპყრო ნოვგოროდი და საბოლოოდ შეუერთა მოსკოვის სახელმწიფოს.
ორი წლის მერე თავადმა კონსტანტინემ მოსკოვში დაბრუნება მოინდომა და მონასტერში მამებთან კურთხევისთვის მივიდა, თუმცა წმინდა მიქაელმა უთხრა: "ძმები პატივით მიგიღებენ, ოღონდ მანამდე წმინდა სამების სახელზე ქვის ტაძარი ააშენე შენთვის და შენი მშობლების მოსახსენებლად, რათა უფალმა იქ ცათა შინა გაგიმზადოს უხილავი ტაძარიო". 1423 წელს ჩაეყარა საძირკველი ქვის ტაძარს. მშენებლობა თავიდან კარგად მიდიოდა, მაგრამ მერე ისეთი საშინელი ქარიშხალი ამოვარდა, რომ გარეთ გაჩერება შეუძლებელი გახდა, მაგრამ წმინდა მიქაელის ლოცვით ქარიშხალი ჩადგა და ექვს თვეში ტაძარი აკურთხეს კიდეც. სწორედ ამ დროს თავად კონსტანტინეს მოსკოვიდან მოუვიდა წერილი - ძმები დაბრუნებასა სთხოვდნენ და კუთვნილი მამულის მიცემას ჰპირდებოდნენ.
იღუმენ თეოდოსისაც აუცხადდა წმინდა მიქაელის წი-ნასწარმეტყველება, ეპისკოპოსად გაკურთხებენო. ორი წელი მღვდელმთავრობდა ნოვგოროდის ეპარქიას და ბოლოს კლოპის მონასტერში აღესრულა. კიდევ ბევრი რამ იწინასწარმეტყველა წმინდა მიქაელმა, და ყველაფერი აცხადდა.
წმინდა მიქაელმა კლოპის მონასტერში 44 წელი იცხოვრა და 1452 წელს მშვიდად აღესრულა. მის დაკრძალვაზე ნოვგოროდის მღვდელმთავარი ჩამოვიდა, მაგრამ მიწა ისე იყო გაყინული, საფლავი ვერსად გათხარეს. მერე გაახსენდათ, რომ მეუფე თეოდოსის საფლავის გვერდით უყვარდა ხოლმე წმინდანს დგომა, ნახეს და იქ მიწა ისეთივე რბილი აღმოჩნდა, როგორც ზაფხულში. გათხარეს საფლავი და წმინდანის მრავალნაღვაწი სხეული მიწაში ჩაუშვეს. მალე უფალმა უამრავი სასწაულით განადიდა თავისი სათნომყოფელი. ერთ-ერთ მათგანზე მოგითხრობთ:
ერთი ნოვგოროდელი ვაჭარი ხანგრძლივი ვაჭრობის მერე დატვირთული გემით ბრუნდებოდა შინ. უეცრად ზღვაზე ქარიშხალი ამოვარდა და ექვსი დღე დანთქმით ემუქრებოდა მეზღვაურებს. ვაჭარს წმინდა მიქაელი გაახსენდა და შეწევნა სთხოვა. და რას ხედავს: საჭესთან დგას წმინდა მიქაელი ისეთი, როგორსაც იცნობდა სიცოცხლეში, და მას ხელს უქნევს. ხილვით გაოცებული ვაჭარი პირქვე დაემხო და როცა თავი ასწია, ქარი უკვე დამცხრალიყო. ნოვგოროდში დაბრუნებული ვაჭარი მაშინვე წმინდა სამების მონასტერში მივიდა, მადლობა შესწირა წმინდანს და შემდგომში მისი საფლავი ძვირფასი ქვებით განამშვენა.
* * *
ამავე დღეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს მღვდელმოწამეებს: ნიკოლოზს, თეოდორეს და ვლადიმერ ხუცესებს (1919); წმინდა ვლადიმერ აღმსარებელს (1932)
* * *
კრება წმინდათა ანგელოზთა დომნინოში (VI)
* * *
ამავე დღეს არის ხსენება: მოწამისა ნიკიფორე კრეტელისა (1832) ; ღირსისა ვიტალისა (609-620) ; წმინდისა მაირისა (III-IV);
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი