ღირსი ტიმოთე VIII– ე საუკუნეში ქრისტიანთა ოჯახში დაიბადა. მისი მშობლიური სოფელი, კახუშტა ანტიოქიის აღმოსავლეთით მდებარეობდა.
მშობლები ადრეულ ბავშვობაშივე დაკარგა, ამიტომ და - ძმა ზრდიდა.
შვიდი წლისა უფროსმა ძმამ ისე სცემა, სახლიდან გაიქცა და ანტიოქიიდან ალეპოსკენ მიმავალ გზაზე მდებარე სოფელ კეფრ ზუმს შეეხიზნა.
ტიმოთე იქაურებმა შეიფარეს და ღვიძლი შვილივით შეიტკბეს.
ბავშვი კეთილ გარემოში, წმინდა მამათა ცხოვრებათა კითხვაში აღიზარდა და მთელი არსებით მოუნდა, მათი ღვაწლისთვის მიებაძა.
სრულწლოვანების ასაკს მიღწეულმა წუთისოფლის დატევება და ანგელოზებრივი ცხოვრების მოსურნეთა ხვედრი ირჩია, რამოდენიმე მეგობარი შემოიკრიბა და წმინდა მიწას მათთან ერთად მიაშურა.
იქაურ სიწმინდეთა მოლოცვის შემდგომ ტიმოთემ იერუსალიმის შემოგარენის მკვიდრი განდეგილნი ინახულა. იქვე შეხვდა ერთ ხუცესს, რომელმაც ბერად აღკვეცა.
განვლო რამდენიმე წელიწადმა და ტიმოთე კაფრ ზუმს დაუბრუნდა, დედობილ - მამობილმა სიხარულით მიიღეს და ქოხიც აუშენეს, სადაც დაეყუდა.
ორმოცი წლისა ანტიოქიას გაემგზავრა, გზად კი მშობლიურ სოფელ კახუხში შეიარა და ღვიძლი ძმები ინახულა, რომლებმაც ტიმოთე მანამ ვერ იცნეს, სანამ თავად არ უამბო ყოველი. აღფრთოვანებულმა ძმებმა დაარწმუნეს, იქვე დარჩენილიყო და ძველებურად ეღვაწა.
მისმა სიწმინდემ მალე მრავალი მიიზიდა და ტიმოთეს მიმდევარნი გაუჩნდნენ, ლოცვით კი მალე იმდენი სასწაული და კურნება აღასრულდა, მის მოკრძალებულ სამყოფელს უამრავი ადამიანი მიაწყდა.
ერთ დღეს ტიმოთეს თვით ანტიოქიის პატრიარქი, თეოდორიტი (787 - 799 წლები) დიდებული ამალითა და ბრწყინვალედ შემოსილი ესტუმრა.
ტიმოთემ დაუფარავად უსაყვედურა და ტაძართა, მონასტერთა, უპოვართა და ქვრივთა შეწევნისკენ მოუწოდა, თუმცა, ამაოდ.
მაშინ ტიმოთემ მისწერა:
- თუ ამგვარ ცხოვრებას არ დააგდებ, დიდ ოთხშაბათს წმინდა მირონის მოხარშვას ვერ შეძლებო! და ასეც მოხდა: - როდესაც პატრიარქი მირონის მოსახარშად განემზადა, ხალიფა ხარუნ - ალ რაშიდის (786 - 809 წლები) ელჩები მიადგნენ, დააპატიმრეს და ბორკილდადებული მმართველს ცრუ ბრალდებებათა საფუძველზე მიჰგვარეს.
პატრიარქმა გზად მცველთ სთხოვა, ნეტარი ტიმოთეს სამყოფელთან შეჩერებულიყვნენ... ტიმოთემ უწინასწარმეტყველა, რომ, ღვთის წყალობით, ამ განსაცდელს თავს დააღწევდა, მხოლოდ, მმართველის მდიდრულ შემოთავაზებებზე უარი უნდა ეთქვა.
ის იყო, პატრიარქი ხალიფას წინაშე წარსდგა, ამ უკანასკნელმა მისი დასჯა ბრძანა, მაგრა უეცრად მსჯავრდებულის სიახლოვეს ზეციური არსება იხილეს, რომელმაც ჯალათს შიშის ზარი დასცა და ადგილს მიაჯაჭვა, მეორე ჯალათს - ხელი წაერთვა, ხალიფამ კი ერთ – ერთი ფავორიტის რჩევით, პატრიარქის დასჯა გადაიფიქრა და შეიწყალა, თუმცა, თავისთან სამსახური უბრძანა.
პატრიარქი იძულებული შეიქმნა, ეს დამცირება იქამდე დაეთმინა, სანამ ერთ დღეს ხალიფას ვაჟი შეუძლოდ არ შეიქმნა... როდესაც დარწმუნდა, რომ ვერც ერთმა დახელოვნებულმა მკურნალმა ვერა გააწყო, ხალიფამ თეოდორიტეს მიმართა, რომელმაც სნეულს წმინად ტიმოთეს ნაკურთხი ზეთი სცხო და მყის განკურნა.
გახარებულმა ხალიფამ პატრიარქს დიდძალი ოქრო შესთავაზა, მაგრამ რამდენადაც თეოდორიტეს კარგად ახსოვდა ტიმოთეს სიტყვა, იუარა და მხოლოდ ის სთხოვა, ქრისტიანთადმი მეტად მწყალობელი ყოფილიყო და ტაძართა აღდგენის ნება დაერთო.
ხალიფას ვაჟის განმრთელების შემდგომ თეოდორიტემ ჯალათი განამრთელა და თავის საქმიანობაზე უარის თქმა ურჩია, შემდეგ კი შინ დაბრუნდა, წმინდა ტიმოთეს ეწვია და, მისი სიტყვისაებრ, როგორც ეგებოდა, მოციქულებრივ ღვაწლს შეუდგა.
მრავალი სასწაულისა და კურნების აღმსრულებელი წმინდა ტიმოთე, დარწმუნდა რა, რომ დევნული ქრისტიანნი ღვთის მადლმა არ დაუტევა, 85 წლის ასაკში მიიცვალა, მისი პატიოსანი ნაწილები კი შემდგომ ანტიოქიას გადააბრძანეს.
...................
წმინდა ტიმოთეს ხატის წყარო.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი