კონსტანტინე დიდის მეფობისას, დაახლოებით 330 წელს, ტვიროსელმა ფილოსოფოსმა მეროპიოსმა ეთიოპიაში გამგზავრება განიზრახა.
იგი ისწრაფოდა ინდოელთა ქვეყნის გაცნობას, ეჯიბრებოდა ფილოსოფოს მეტროდორეს, რომელმაც მასზე ადრე იმოგზაურა ინდოელთა მხარეში. მეროპიოსმა თან იახლა ორი ქრისტიანი ყმაწვილი, მისი ნათესავები, ბერძნული ენის მცოდნე ფრუმენტი და ედესიოსი. ხომალდით გაცურა ინდოეთისაკენ. იმოგზაურა, რამდენიც სურდა. ფილოსოფოსი ყმაწვილებთან ერთად უკან ბრუნდებოდა, მაგრამ როცა წყლის ასაღებად რომელიღაც ნავსაყუდელს მიადგა ხომალდით, თავს დაესხნენ ბარბაროსები. მათ ყველა დახოცეს ორი ყმაწვილის, ფრუმენტისა და ედესიოსის გარდა. ბარბაროსებმა ყმაწვილები ინდოელთა მეფეს მიჰგვარეს. მეფეს ყმაწვილები მოეწონა, ედესიოსი ტაბლის მწდედ დაადგინა, ფრუმენტს კი სამეფო ხელნაწერთსაცავზე ზრუნვა დაავალა. არცთუ დიდი ხნის შემდეგ სიკვდილის წინ მეფემ ისინი გაათავისუფლა და ძალაუფლება გადასცა სრულიად ჩვილ ვაჟიშვილს და მეუღლეს. ქვრივმა დედოფალმა ფრუმენტისა და ედესიოსს თავისი ვაჟების აღზრდა და სახელმწიფო საქმეთა მართვა ანდო.
ფრუმენტი და ედესიოსი დაუახლოვდნენ იქაურ ქრისტიანებს, აგრეთვე, კეთილგანწყობით იღებდნენ სავაჭროდ ჩამოსულ ყველა ქრისტიანს, უწყობდნენ ხელს წმინდა სწავლების გავრცელებას, აგებდნენ ტაძრებს, შედეგად სარწმუნოება სულ უფრო მკვიდრდებოდა აბისინიაში. როდესაც უფლისწული სრულწლოვანი შეიქნა, ფრუმენტიმ და ედესიოსმა ყველა საქმე მას, როგორც მეფეს გადააბარეს და სამშობლოში დაბრუნება ითხოვეს.
ედესიოსმა ტვიროსს მიაშურა, ფრუმენტიმ - ალექსანდრიას, სადაც ეპისკოპოს ათანასეს აუწყა, თუ რა წარმატებით ამკვიდრებდნენ რწმენას ეთიოპიაში და იქ ეპისკოპოსის დანიშვნა სთხოვა. იმ დროს ალექსანდრიაში კრება მიმდინარეობდა, სადაც ფრუმენტიც გამოვიდა. მისი მოსმენის შემდეგ ათანასემ დანარჩენ ეპისკოპოსებს ფარაონის სიტყვებით მიმართა: "ვინა ვპოოთ ჩუენ სხუაჲ კაცი ესევითარი, რომლისა თანა არს სული ღმრთისაჲ" (შესაქ. 41,38). შემდგომ თავად დაასხა ხელი ფრუმენტის აბისინიის ეპისკოპოსად, რომელმაც თავისი კათედრა ქალაქ აქსუმში დააფუძნა და დაუღალავი შრომის წყალობით მალე მოჰფინა ქვეყანას სახარებისეული სწავლების ნათელი. ფრუმენტი მრავალი წლის მანძილზე ბრძნულად განაგებდა მისადმი მინდობილ სამწყსოს, ბოლოს კი, ღრმად მოხუცებულმა, დაახლოებით 380 წელს, მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მას ეკლესია განადიდებს, როგორც ეთიოპიის მოციქულს - ხსენების დღედ კი ახალი სტილით 30 ნოემბერი ითვლება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი