წმინდა იულიანე იმპერატორ იულიანე განდგომილის დროს ცხოვრობდა IV საუკუნეში. მან დაუტევა სოფელი და მდინარე ევფრატის სიახლოვეს ერთ მღვიმეში დასახლდა.
აი, რას მოგვითხრობს მასზე ნეტარი თეოდორიტე კვირელი, თავის "ღვთისმოყვარეთა ამბებში":
1. იულიანემ, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებნი პატივისცემით "საბას" ეძახდნენ, რაც ბერძნული სიტყვაა და მოძღვარს (მამას) ნიშნავს, თავისი სამოსაგრეო კელია ააშენა პართიაში, რომელსაც ახლა ოსროენას ეძახიან. ეს ქვეყანა დასავლეთით მდინარე ევფრატზე იშლება, აღმოსავლეთით კი რომის სამფლობელოს ესაზღვრება და ასურეთში გადადის, სპარსეთის სამეფოს დასავლეთ ნაწილში, რომელსაც მოგვიანებით ადიაბენი უწოდეს. ამ ქვეყანაში ბევრი დიდი და ხალხმრავალი ქალაქი იყო, ბევრი იყო იქ მიწა, როგორც დასახლებული, ისე დაუსახლებელი და უდაბნო ადგილები.
2. უდაბნოში განმარტოებულმა იულიანემ აქ ბუნებრივი მღვიმე იპოვა, თუმცა ლამაზად და კარგად არ გამოიყურებოდა, მაგრამ მყუდრო თავშესაფარი შეეძლო მიეცა განმარტოების მოსურნეთათვის. ეს ღვთაებრივი კაცი სიხარულით დასახლდა ამ ადგილას და ერჩივნა იგი ოქრო-ვერცხლით გაბრწყინვებულ დიდებულ პალატებს. აქ გაატარა თავისი ცხოვრება, კვირაში ერთხელ იღებდა საჭმელს. სამაგიეროდ კი ჰქონდა ქერის პური (ისიც ქატოსი), საკაზმად მარილი, ყველაზე სასიამოვნო სასმელად - წყაროს წყალი. ყველაფერ ამას იღებდა არა ნაყროვანებით, არამედ მუდამ ერთხელ მიღებული საზომით. ნამდვილ საკვებად, ძვირფასეულობად და ნეტარებად კი ჰქონდა ფსალმუნთ¬გალობა დავითისა და განუწყვეტელი საუბარი ღმერთთან. ხარბად ტკბებოდა ამით, ვერასოდეს განძღებოდა, არამედ ყოველთვის ამით ნაყრდებოდა, მუდმივად გალობდა: "რაბამად ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყუანი შენნი, უფროის თაფლისა პირსა ჩემსა" (ფს. 118, 103). ისმენდა იგი დავითის სხვა სიტყვებსაც: "განკითხვანი უფლისანი ჭეშმარიტებით არიან და განმართლებულ" მის თანა. გულისათქმელ არიან უფროს ოქროთა და ანთრაკთა პატიოსანთა ფრიად და უტკბილეს უფროს თაფლისა და გოლეულისა" (ფს. 18, 10-11). ესმოდა ასევე სხვა სიტყვებიც: "იშვებდ უფლისა მიმართ და მან მოგცეს შენ თხოვად გულისა შენისა" (ფს. 36,4), "იხარებდეს გული ჩემი შიშითა სახელის, შენისათა (ფს. 85, 4 და 11) "განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი" (ფს. 33,9) და "მოგდევდა სული ჩემი შედგომად შენსა" (ფს. 62,9). სჭვრეტდა ამ ნათქვამს. მან სულში მიიღო სიყვარული ამის გამომთქმელისა. დიდებული დავითიც, როცა გალობდა ამ საგალობლებს, ამბობდა, რომ ისურვებდა შეეძინა ბევრი თანამოაზრე და თანაშემწე ღვთის სიყვარულში. და აი, არ გაუცრუვდა მას იმედი, არამედ მიიზიდა საღვთო სიყვარულში, ეს ღვთისმოსავი კაცი და მრავალი სხვაც. იულიანე აენთო ღვთის ისეთი სიყვარულით, რომ თითქოს მისით იყო მთვრალი მიწიერს არაფერს ამჩნევდა, დღე და ღამ მხოლოდ სასურველზე (უფალზე) ოცნებობდა და ფიქრობდა.
3. მას სახელი ყველგან გაუვარდა და მრავალნი სწავლობდნენ მისგან ამაღლებულ სიბრძნისმეტყველებას. მრავალი მიდიოდა მასთან და ევედრებოდა მიეღო თავის მოსაგრეთა სკოლაში, სთხოვდნენ, ნება მიეცა, ეცხოვრათ მასთან, ვითარცა მოძღვართან და ხელმძღვანელთან. ამგვარად, არა მარტო ფრინველნი მიიზიდავენ თავიანთი ჯიშის ფრინველთ, გალობით შეიტყუებენ ბადეში, ადამიანებიც თავიანთ მსგავსთ მიიზიდავენ: ერთნი დასაღუპად, სხვანი ცხონებისთვის. მალე იულიანეს გარშემო ათამდე კაცი შეიკრიბა, ბოლოს ასს მიაღწია.
4. თუმცა საკმაოდ ბევრნი იყვნენ, მღვიმე ყველას იტევდა, რამეთუ მათ თავიანთი მოძღვრისგან ისწავლეს, რომ სხეულზე არ ეზრუნათ. მოძღვრის მსგავსად მარილით შეზავებული ქერის პურს ჭამდნენ, მოგვიანებით პანტას აგროვებდნენ და ამწნილებდნენ. ეს იყო მათი მარაგი, რომელიც ავადმყოფობის ჟამს გამოადგებოდათ.
ბოსტნეულის მარაგის შენახვა ასეთ მღვიმეში საზიანოა, მას სინესტისგან ობი ედება და ლპება. როცა ბოსტნეულსაც ასე დაემართა (მღვიმის ყველა კუთხეში სინესტე იყო), ძმებმა მოძღვარს სთხოვეს, რაიმე პატარა ქოხის აშენების ნება მიეცა მარაგის შესანახავად. მან თავიდან ყური არ უგდო მათ თხოვნას, მაგრამ მერე წმინდა პავლესგან დამოძღვრილმა, რომ არ უნდა ეძიებდე თავისას (I კორ. 13,5). დაუთმო უმცროსებს, განუსაზღვრა პატარა და ვიწრო ქოხის ზომები, თვითონ კი მღვიმიდან მოშორებით განმარტოვდა, რათა აღესრულებინა ჩვეული ლოცვა ღვთისადმი. მას ჩვევად ჰქონდა ხშირად უდაბნოში განმარტოება, 50 ან 100 სტადიაზე (1 სტადია = 185 მ), კაცთაგან განშორებული, ჩაღრმავებულიყო საკუთარ თავს, განმარტოებით ესაუბრა ღმერთთან და ვითარცა სარკეში ეჭვრიტა, საღვთო და გამოუთქმელი მშვენიერება. ისარგებლეს იულიანეს არყოფნით და ზოგიერთმა მის მორჩილებაში მყოფმა, საჭიროების შესაფერისი ქოხი ააშენა, მაგრამ მოძღვრისაგან ნაბრძანებზე დიდი. ათი დღის მერე გამოუთქმელი ჭვრეტიდან მობრუნებულმა იულიანემ, ვითარცა სინას მთიდან ჩამოსულმა მოსემ, ნახა, რომ ქოხი უფრო დიდი გამოსულიყო და უთხრა: "მეშინია, ძმებო, რომ მიწიერი ცხოვრების გაფართოებით არ შევიმციროთ ზეციური სახლნი, რამეთუ მიწიერი დროებითია და მხოლოდ მცირე ხნით გამოგვადგება, მაშინ როცა ზეციური სიკეთეები საუკუნოა და დასასრული არა აქვსო. თქვა ეს და დამოძღვრა თავისი მონაზონთა ქორო, დანაშაული კი აპატია, მოციქულის სიტყვისამებრ: "რამეთუ არა ვეძიებ თავისა ჩემისა უმჯობესსა, არამედ მრავალთასა, რაჲთა ცხონდნენ" (1 კორ. 10,33).
5. მან ასწავლა ძმებს მღვიმეში საგალობლებით ერთად ედიდებინათ ღმერთი, თენებისას კი ორ-ორნი განმარტოე¬ბულიყვნენ უდაბნოში და იქ ერთ მათგანს, მუხლმოდრეკილს, სათანადო თაყვანისცემა მიეძღვნა მეუფისადმი, მეორეს კი, ფეხზე მდგარს დავითის თხუთმეტი ფსალმუნი ეგალობა. შემდეგ კი პირველს ფეხზე მდგარს ელოცა, მეორეს - მიწაზე დამხობილს, ამას ისინი განუწყვეტლივ ასრულებდნენ დილიდან შებინდებამდე. მზის ჩასვლის წინ დაისვენებდნენ ცოტა ხნით, მერე კი გაემართებოდნენ მღვიმისკენ და ერთად აღუვლენდნენ მეუფეს მწუხრის საგალობელს.
6. მოძღვარს ასევე ჩვევად ჰქონდა, ძმათაგან ვინმე უკეთესი, ღვთისადმი თავის მსახურებაზე თანამონაწილედ დაეშვა. ყველაზე ხშირად მოძღვარს თან ახლდა კაცი ერთი, ეროვნებით სპარსი, დიდებული და საკვირველი შესახედაობისა და მასზე უფრო საოცარი სულის პატრონი, მას იაკობი ერქვა. ის მოძღვრის შემდეგაც ბრწყინავდა ყველანაირი სათნოებით და სახელგანთქმული და პატივცემული იყო, არა მარტო ახლობელთა შორის, არამედ ასურეთის სიბრძნის¬მოყვარეთა სასწავლებლებში, სადაც მოკვდა კიდევაც 104 წლისა. როცა დიდი მამა ღირსჰყოფდა მას, თანამონაწილე ყოფილიყო მისი - უდაბნოში გალობისას, იაკობი მოძღვარს შორიახლო მისდევდა, ვინაიდან ის გვერდით გაყოლის ნებას არ აძლევდა, რათა მათ შორის საუბარი არ გაბმულიყო და ამ საუბარს გონება არ მოეწყვიტა ღვთის ჭვრეტისგან. ერთხელ იაკობმა გზაზე გაწოლილი უზარმაზარი დრაკონი დაინახა. წინ წასვლა ვეღარ გაბედა, შიშით შეძრწუნებულმა უკან გამობრუნება გადაწყვიტა, თუმცა ყოყმანობდა. მერე დაიხარა და გველს ქვა ესროლა. ის არ განძრეულა. როცა დარწმუნდა, რომ დრაკონი მკვდარი იყო, გაიფიქრა, ეს ნამდვილად ჩემმა მოძღვარმა ქმნაო. მგზავრობისა და საგალობელთა აღვლენის მერე მოძღვარი დაჯდა და იაკობსაც უბრძანა, მოესვენებინა სხეული. მოძღვარი თავიდან ჩუმად იყო, მერე როცა საუბარი წამოიწყო, მაშინ იაკობმა მდაბალი ღიმილით სთხოვა, აეხსნა მისთვის უცნაური მოვლენა. მოძღვრის კითხვაზე, რის გაგება გინდაო, იაკობმა უპასუხა, უზარმაზარ დრაკონს გადავეყარე. თავიდან შევშინდი, ვიფიქრე, ცოცხალია-მეთქი, მაგრამ როცა მივხვდი, მკვდარი იყო, გზა განვაგრძე. მითხარი, მამაო, ის ვინ მოკლა? შენ გარდა არავის გაუვლია ამ გზაზე". "თავი ანებე ცნობისმოყვარეობას, რაც არანაირ სიკეთეს არ მოგიტანსო", - უთხრა მოძღვარმა. მაგრამ საკვირველ იაკობს დაჟინებით სურდა ჭეშმარიტების გამოკვლევა. ბოლოს, მოძღვარმა, რომელმაც ამის დაფარვა სცადა, ვეღარ შეძლო თავისი საყვარელი სულიერი შვილი გაეწვალებინა და უთხრა:
- გიპასუხებ, თუკი ასე გსურს, მაგრამ გაკურთხებ, რომ ჩემს სიცოცხლეში არავის მოუყვები, რამეთუ ჯერ არს დაიფაროს ყოველივე, რაც აღძრავს სიამაყესა და დიდებისმოყვარეობას. როცა გავალ ამ წუთისოფლიდან და გავთავისუფლდები ამგვარი ვნებებისგან, მაშინ შეგიძლია მოჰყვე ღვთის მადლის ძალაზე, - განაგრძო დიდმა იულიანემ, - მხეცი იგი თავს დამესხა და გადაყლაპვა მომინდომა. თითით ჯვარი გადავსახე და ღვთის სახელის მოწოდებით განვაგდე ჩემგან ყოველგვარი შიში და დავინახე, რომ მხეცი მაშინვე უსულოდ დაეცა. ვადიდე მაცხოვარი ყოველთა და გზა გავაგრძელე.
თხრობის დამთავრებისთანავე მოძღვარი ადგა და მღვიმეში დაბრუნდა.
7. ერთმა ყმაწვილმა, კეთილშობილური წარმოშობისა და ფუფუნებაში გაზრდილმა, რომელსაც ჰქონდა თავის ძალებზე აღმატებული ღვთის მოშიშების მოშურნეობა, მოძღვარს სთხოვა, გაეყოლებინა თანამგზავრად უდაბნოში ხანგრძლივი მგზავრობისას, რომელიც ზოგჯერ შვიდი და ზოგჯერ ათი დღეც კი გრძელდებოდა. ეს ყმაწვილი გახლდათ სახელგანთქმული ასტერი. ღვთისმოსავმა მოძღვარმა უარი უთხრა ყმაწვილს, უდაბნოში წყალი არ არისო, მაგრამ ასტერი ევედრებოდა, ასეთი წყალობის ღირსი გამხადეო. დაარწმუნა კიდეც მოძღვარი, რომელიც ბოლოს დათანხმდა მის თხოვნას. მოშურნეობით ყმაწვილი გაჰყვა. თუმცა სამი დღის მერე მზის სხივებით მოწყლული (ზაფხული იდგა) დაუძლურდა, წყურვილით გატანჯულს თავიდან შერცხვა ეთქვა თავის სატანჯველზე, ახსენდებოდა, რაც უწინასწარმეტყველა მოძღვარმა, მაგრამ ძლიერ დასუსტდა, თავბრუ ეხვეოდა და მოძღვარს შეწყალება სთხოვა. ბერმა გაახსენა თავისი გაფრთხილება და უბრძანა, უკან დაბრუნდიო, მაშინ ახალგაზრდამ უთხრა, მღვიმისკენ მიმავალი გზა არ ვიცი, რომც ვიცოდე, მაინც არ შემიძლია წასვლა, რადგან წყურვილმა დამაუძლურაო. შეეწყალა გატანჯული ახალგაზრდა და შემწყნარებლურად მიხედა მის სხეულში უძლურებას, მოიდრიკა მუხლნი, იწყო უფლისადმი ლოცვა, მხურვალე ცრემლებით მორწყა მიწა და ყმაწვილის გადარჩენა ითხოვა. უფალმა, რომელიც აღასრულებს თავის მოშიშთა თხოვნას და ყურად იღებს მათ ლოცვებს, ქვიშაზე ბერის მიერ დაღვრილი ცრემლი წყაროსთვალად გადააქცია. ყმაწვილმა წყურვილი მოიკლა, ბერმა მას უკან დაბრუნება უბრძანა.
8. ეს წყარო დღემდე მოედინება, როგორც მოწმობა ღვთაებრივი კაცის, იულიანეს მოსეს მსგავსი ლოცვისა. რამეთუ, როგორც ერთ დროს მოსემ კვერთხი დაარტყა უნაყოფო კლდეს და იქიდან წყლის ნაკადი გამოადინა, რათა დაერწყულებინა სიცხით გათანგული მრავალი ათასი ადამიანი (გამოსვლათა 17,1-7), ასევე ამ ღვთისკაცმა ცრემლით მორწყო ყველაზე მშრალი ქვიშა, იქიდან წყაროს წყალი გამოადინა, რათა მრავალი ათასის კი არა, არამედ ერთი ყმაწვილის წყურვილი დაეცხრო.
9. ღვთის მადლით გაბრწყინებული, ის ცხადად ხედავ¬და ამ ყმაწვილის მომავალ სრულყოფილებას. და მართლაც, დიდი ხნის მერე, იმავე სათნოებებში, ღვთის მადლით დამრიგებლად მოწოდებულმა ასტერმა, გინდარის მხარეში (ანტიოქიის ახლოს) მოსაგრეთა სკოლა დააარსა. მან მრავალი სიბრძნისმოყვარე მოსაგრე მიიზიდა, მათ შორის იყო აკაკი, კაცი დიდებული და შეიძლება ითქვას, რომ სახელგანთქმული. ის თავისი ამაღლებული მონაზვნური ცხოვრებით გამოირჩეოდა, ბრწყინავდა სათნოებათა ნათელი სხივებით. ღირსი შეიქნა ეპისკოპოსის ხარისხისა და სამართავად ვერიის სამწყსო მიიღო. მიბარებულ ქრისტეს ფარას 58 წელი მწყემსავდა. უარს არ ამბობდა მოსაგრე ცხოვრების სახეზე და შეეძლო, შეეთავსებინა განდეგილური ცხოვრება საზოგადოებრივთან, სამოღვაწეო წესთა ზუსტი დაცვით და აღმშენებლობითი შემწყნარებლობით საზოგადოებრივ საქმეებში, მან ეს ორი უკიდურესობა ერთ მთლიანობად აქცია.
10. ამგვარი კაცთა მებადური და დამრიგებელი იყო ასტერი, რომელსაც ისე მხურვალედ უყვარდა დიდი მამა იულიანე, რომ წელიწადში ორ-სამჯერ მასთან ერთად შეუდგებოდა ხოლმე მოგზაურობას. მოძღვართან წასვლისას ასტერი ძმებისთვის მოაგროვებდა ხოლმე ლეღვს, აჰკიდებ¬და სამ ან ოთხ ჯორს, ორ მედიმნა (საწყაოა) ლეღვს და მიჰქონდა, ვითარცა ჯორს მთელი შვიდდღიანი მოგზაურობისას. ერთხელ, როცა იულიანემ დაინახა, რომ მის მოწაფეს ტომარა მხრებით მოჰქონდა, შეწუხდა და უთხრა, - ამ ლეღვს არ შევჭამ, რადგან უსამართლობაა, ასტერმა ასეთი შრომა გასწიოს და თვითონ კი ამით ინეტაროსო. ასტერმა დაიფიცა, რომ ტვირთს არ მოიხსნიდა, ვიდრე მოძღვარი არ დათანხმდებოდა, მიეღო მოტანილი ძღვენი. ბერმა უთხრა:
- ჰქენი ის, რაც გინდა, ოღონდ ეგ ტვირთი სასწრაფოდ ჩამოიღეო.
11. ბერმა მიჰბაძა მოციქულთაგან პირველს (წმინდა პეტრეს) რომელიც, როცა უფალმა ფეხის დაბანა დაუპირა, ჯერ უარი უთხრა, მაგრამ როცა გაიგო, წილი არ ექნებოდა უფალთან, ფეხის დაბანის უფლებას თუ არ მისცემდა, მაშინ სთხოვა, რომ ფეხებთან ერთად ხელები და თავიც დაებანა. მსგავსადვე დიდებულმა იოანე ნათლისმცემელმა, როცა მას უფალმა მონათვლა მოსთხოვა, მან ჯერ თავისი მონობა აღიარა, მონათვლის მაძიებელში - უფალი და მერე აღასრულა უფლის ბრძანება (მათე, 3,13-16), არა კადნიერებით, არამედ მაცხოვრისადმი მორჩილებით. ამგვარადვე, ამ წმინდა კაცს უჭირდა სხვისი შრომით მოწეულის ჭამა, მაგრამ როცა დაინახა, თუ რა მხურვალედ სურდა მის სულში შვილს მისთვის სამსახური გაეწია, მაშინ ეს მსახურება არჩია საკუთარ ნებას.
12. ზოგიერთმა ეჭვიანმა, რომელთაც მხოლოდ სხვისი სიკეთის გაკიცხვა შეუძლია, შეიძლება თქვას, რომ ეს ამბავი სახსენებლად არა ღირსო. მე კი სხვა სასწაულებს ესეც მივუმატე იმ მიზეზით, რომ მეჩვენებინა სახელგანთქმულ კაცთა მხრიდან იულიანესადმი პატივისცემა. ასევე უშუალობა და სირბილე მისი ზნისა, რომელთა გამოჩენაც სასარგებლოა (ყველასთვის). ის იმდენად დიდ სათნოებებს ფლობდა, რომ იგი თავის თავს მცირეოდენი პატივის ღირსადაც კი არ თვლიდა და არ იღებდა მათ, ვითარცა დაუმსახურებელ პატივისცემას. მაგრამ ზოგჯერ უწევდა ამ პატივისცემის მიღება, რათა ეს სხვებისთვის სასიკეთო გამხდარიყო.
13. სწორედ ამ პატივისცემას გაქცეული (რამეთუ ის ყველასთვის ცნობილი გახდა, და მისმა სახელმა მრავალი მოშურნე მოსაგრე მიიზიდა, იულიანე თავის რამდენიმე უახლოეს მოწაფესთან ერთად სინას მთაზე გაემართა, მაგრამ არა ქალაქებისა და სოფლების გავლით, არამედ გაუვალი უდაბნოს გზით.
მამებს ზურგით მიჰქონდათ აუცილებელი საგზალი, ანუ პური და მარილი, ასევე ხის თასი და თოკზე შებმული ღრუბელი - ღრმა ჭებიდან წყლის ამოსაღებად. ჩაუშვებდნენ წყალში, ამოიღებდნენ, თასში ჩაწურავდნენ და სვამდნენ. ასე იარეს მრავალი დღე. მიადგნენ სასურველ მთას. ილოცეს უფლისა მიმართ. იქ დიდხანს დარჩნენ, რამეთუ უდიდეს სიტკბოებად და სულისთვის სიმშვიდის მომნიჭებლად თვლიდნენ ამ უდაბნო ადგილს. ამ მთაზე, სადაც მოსე, წინასწარმეტყველთა თავი, ღირსი შეიქნა უფლის ხილვისა (რამდენადაც ეს მისთვის შესაძლებელი იყო), იულიანემ ააშენა ტაძარი წმინდა საკურთხევლით და გაბრუნდა თავის მონასტერში.
14. იულიანემ შეიტყო, რომ თავისი სეხნია, უწმინდური მეფე, იულიანე (განდგომილი) სპარსელებზე ლაშქრობის წინ დამუქრებია ქრისტიანებს, - მაგათ სრულიად მოვწყვეტო. მისი თანამოაზრენი მოუთმენლად ელოდნენ მეფის დაბრუნებას, რათა მუქარა აღსრულებულიყო. იულიანემ ღმერთს აღთქმა მისცა, რომ ათი დღე და ღამე ილოცებდა. ლოცვისას მოესმა ხმა, - ის უწმინდური და საზიზღარი გოჭი (იულიანე განდგომილი, - კ.კ.) მოკვდაო. ჯერ აღთქმული ვადა არ იყო დასრულებული, მაშინ მან ვედრება შეწყვიტა და შეცვალა ის ფსალმუნთგალობით, სამადლობელ საგალობელს აღუვლენდა მაცხოვარს თავის ხალხისა, ხოლო უცხოთა მიმართ - დამთმენსა და ყოვლადძლიერ მოწინააღმდეგეს. რამეთუ უფალმა ძალზე დიდი მოთმინება გამოიჩინა უწმინდურის (იულიანე განდგომილის - კ.კ.) მიმართ. როცა ამ დიდმოთმინებამ ბოროტმოქმედი უკიდურეს უგუნურობამდე მიიყვანა, მაშინ უფალმა კეთილდროულად დასაჯა იგი. იულიანემ დაასრულა ლოცვა და ძმებთან დაბრუნდა მხიარული და მშვიდი. როცა ძმებმა ასეთი უეცარი ცვლილება იხილეს (ბოლო დღებში მუდამ მწუხარე, ახლა უეცრად გამხიარულდა), მიზეზი ჰკითხეს. "ძმანო ჩემნო, ახლა ჟამი არს სიხარულისა, სიტყვისებრ ესაიასი: "დაცხრომილ არს თავხედობა" (ეს. 27,8) და კადნიერთ მიიღეს საკადრისი სასჯელი. უფლის, შემოქმედისა და მაცხოვრის წინააღმდგომი განიგმირა მორჩილი მარჯვენით. ამიტომ მიხარია, რომ მათ მიერ ბრძოლანანახი ეკლესიები დღესასწაულობენ, ხოლო განდგომილმა ვერანაირი შეწევნა ვერ მიიღო დემონთაგან, რომელთაც პატივს მიაგებდა" - ამგვარი გამოცხადება ჰქონდა იულიანეს უწმინდურის დაღუპვაზე.
15. როცა იულიანეს შემდეგ იმპერატორი ვალენტი რომის იმპერიის ტახტზე ავიდა, იგი განუდგა სახარებისეული დოგმატების ჭეშმარიტებას და არიოზის საცთურმა გაიტაცა. უდიდესი დევნა ატყდა ეკლესიის წინააღმდეგ. ეკლესიის მესაჭენი განდევნეს და მათ ადგილას ქვაბავაზაკნი და ბოროტმოქმედნი დანიშნეს. გავიხსენებ ერთ ამბავს, რომელმაც ნათლად აჩვენა მამა იულიანეზე განსვენებული მადლი ღვთის სულისა. ანტიოქიის ეკლესიიდან განაძევეს დიდებული მელეტი ყოველთა მეუფისგან, თავის ცხოვართა სამწყემსავად დადგენილი, ღვთის ტაძრებიდან განაძევეს ყველა ღვთისმსახური, თანამოაზრე ხალხთან ერთად, რომლებიც ღვთაებრივი სამების ერთარსებას აღიარებდნენ. განდევნილნი - ერთნი მთის ნაპრალებში შეიყუჟნენ და იქ მართავდნენ წმინდა შეკრებას, სხვებმა კი სალოცავად მდინარის ციცაბო ნაპირი აირჩიეს, რომელზეც ზოგჯერ სამხედრო წვრთნებიც მიმდინარეობდა და ქალაქის ჩრდილოეთ კარებთან მდებარეობდა, ვინაიდან მტრები ღვთისმოშიშ ხალხს ერთად შეკრების ნებას არ აძლევდნენ.
16. ბოროტების ნაშიერთ მოიგონეს და ქალაქში გაავრცელეს ხმა, თითქოს იულიანე მათი დოგმატების მიმდევარი იყო. მართლმადიდებლებს განსაკუთრებით აშფოთებდათ ის, რომ ხმებს არ მოეტყუებინათ ყველაზე გამოუცდელი და უბრალო ხალხი და ისინი ერეტიკოსთა ხელში არ ჩავარდნილიყვნენ. მაგრამ ღვთისმოშიშმა და ნეტარმა ფლავინემ და დიოდორამოსმა, რომლებიც ხელდასხმისა და მართლ¬მადიდებელი ერის მართვის ღირსნი შეიქნენ, ასევე აფრაატმა, დაარწმუნეს აკაკი, რომელზეც უკვე მოგითხრეთ, წაეყვანა თან სახელგანთქმული ასტერი - თავისი მასწავლებელი და მოწაფე წმინდა მამისა, მისულიყვნენ ეკლესიის ლამპართან და სახარებისეული სწავლების სვეტთან, რათა ეთხოვათ მისთვის დაეტოვებინა თავისი სამოღვაწეო სკოლა, წამოსულიყო ათასობით მართლმადიდებელთა დასახმარებლად, რომლებიც საცთურისაგან იღუპებოდნენ და თავისი მისვლის ნამით ჩაექრო არიოზელთა ცეცხლი. ღვთაებრივი აკაკი გზას გაუდგა. თან გაიყოლა დიდებული ასტერი. როცა ეკლესიის მნათობთან მივიდნენ, აკაკი მიესალმა და ჰკითხა: მამაო, ასეთი კმაყოფილებით რატომ იღებ ამგვარ ტვირთს?
მან უპასუხა:
- ღვთის მსახურება ჩემთვის უფრო ფასეულია, ვიდრე სხეული, სული, ცხოვრება და ცხოვრებისთვის ყოველივე აუცილებელი. ამიტომაც ვცდილობ, შეძლებისამებრ, წმინდა გულით ვემსახურო უფალს და მოუკლებლად სათნო ვეყო მას ყველაფერში.
აკაკიმ უთხრა:
- მე შენ გიჩვენებ გზას, უფალს ახლანდელზე უკეთ როგორ ემსახურო, არა მარტო საკუთარი განსჯით იხელმძღვა¬ნელო, არამედ თვით ღვთის სიტყვითაც დამოძღვრო. რამეთუ უფალმა ჰკითხა ოდესღაც პეტრეს, თუ უყვარდა იგი სხვებზე მეტად და შეიტყო ის, რაც პეტრეს პასუხამდეც იცოდა: "ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყვარ შენ" და მიუთითა, თუ რომელი ღვაწლით სათნოეყოფოდა მას უფრო მეტად, "თუ გიყვარვარ", აძოვენ კრავნი ჩემნი" (იოანე 21,15-17). შენც ასე უნდა მოიქცე, მამაო. ცხვრის ფარას სიკვდილის საფრთხე ემუქრება მგლებისგან. თორემ დიდი საფრთხე და ზღვევა ემუქრება შენს მრავალ და უდიდეს მოღვაწეობას, თუკი გულგრილად შეხედავ, თუ როგორ უხეშად ითელება ჭეშმარიტება, მისი მომხრენი კი ცდუნდებიან. მათი ცდუნებისთვის სატყუარად ქცეულა შენი სახელი, რამეთუ არიოზის ღვთისმგმობელობის წარმომადგენლები უსინდისოდ ავრცელებენ ხმას, თითქოს მათი უწმინდური მოძღვრების მიმდევარი იყო.
17. ეს რომ ბერმა მოისმინა, დროებით დაემშვიდობა მყუდროებას, არ შედრკა, თავისთვის უჩვეულო ქალაქური შფოთის წინაშე და ანტიოქიაში გაემგზავრა.
უდაბნოში ორი დღის მოგზაურობის მერე რომელიღაც სოფელს მიაღწიეს. ერთმა მდიდარმა ქალმა შეიტყო წმინდა ქოროს (წმინდა იულიანეს თან აკაკი და ასტერი მოჰყვებო¬და, ამიტომაც თეოდორიტე მათ "ქოროს" უწოდებს, - კ.კ.) მოსვლის ამბავი, მოძღვართან კურთხევისთვის მოვიდა.
დაემხო მის ფერხთით და დასასვენებლად შინ მიიპატიჟა. ბერი დათანხმდა, თუმცა უკვე ორმოც წელზე მეტია, ამგვარი სახილავი აღარ ეხილა. იმ დროს, როცა ეს დედაკაცი სტუმართმოყვარეობით სარას ემსგავსებოდა და ემსახურებოდა წმინდა მამებს, მისი შვიდი წლის ვაჟი, საღამოს სიბნელის გამო, ჭაში ჩავარდა. რა თქმა უნდა, განგაში ატყდა, მაგრამ დედამ სთხოვა ყველას, მშვიდად ყოფილიყვნენ, ჭას სახურავი დააფარა და წმინდა კაცების მსახურება გააგრძელა. როცა მათთვის სუფრა უკვე გაშალეს, ღვთაებრივმა კაცმა უბრძანა ქალს, შენი ვაჟი მოიყვანე, უნდა ვაკურთხოო. საკვირველმა ქალმა უთხრა, ცუდად არისო, მაგრამ ბერმა მკაცრად მოსთხოვა შვილის მოყვანა. დედა იძულებული გახდა, გაემხილა, რა უბედურებაც დაატყდა თავს. მამა იულიანემ მაშინვე მიატოვა ტრაპეზი, ჭისკენ ისწრაფა, სახურავის ახდა და ჩირაღდნის მოტანა ბრძანა; გაანათა და დაინახა, რომ ბავშვი წყლის ზედაპირზე იჯდა და ბალღურად ხელს ატყლაშუნებდა: სათამაშოდ და გასართობად გაეხადა ის (წყალი), რაც სხვებმა მის დამღუპველად ჩათვალეს! მსახური თოკით ჭაში ჩაუშვეს და ბავშვი ამოიყვანეს. ბიჭი მაშინვე დაემხო მამა იულიანეს ფერხთით და გაიძახოდა: - მას ვეჭირე წყლის ზემოთ და დახრჩობის ნებას არ მაძლევდაო.
აი, ასეთი ჯილდო მიიღო თავისი სტუმართმოყვარეობის¬თვის საკვირველმა ქალმა ნეტარი მამისგან!
18. როცა მგზავრები ანტიოქიაში შევიდნენ, უამრავი ხალხი მიაწყდა მათ - ყველა სნეულებისგან განკურნებას ელოდა. ისინი დაბინავდნენ იმ მღვიმეში, სადაც, გადმოცემით, ცხოვრობდა და იმალებოდა წმინდა მოციქული პავლე. რათა ყველას სცოდნოდა, რომ ისიც კაცია, იულიანეს ცხელება შეეყარა. დიდებულმა აკაკიმ, როცა უამრავი ადამიანი იხილა მოსული, შეწუხდა მოძღვრის ავადმყოფობის გამო. იფიქრა, ხალხი არ დააბრკოლოს წმინდა კაცის სნეულებამო. მაგრამ მოძღვარმა დაამშვიდა: - ნუ ჯავრობ, თუ ჩემი ჯანმრთელობა აუცილებელია, ღმერთი მაშინვე მიბოძებსო და შეუდგა ლოცვას, ჩვეულებრისამებრ მოიდრიკა მუხლნი, თავით მიწაზე დაემხო და უფალს შესთხოვა, მისთვის ჯანმრთელობა დაებრუნებინა, თუკი ეს იქ შეკრებილ ხალხს სიკეთეს მოუტანდა. ლოცვა ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, რომ უეცრად მოდენილმა ოფლმა ცხელების ალი ჩააქრო.
19. აქ მრავალნი განკურნა სხვადასხვა სნეულებისგან და მერე მართლმადიდებელთა შეკრებაზე წავიდა. სამეუფო პალატთა კარებთან ჩავლისას ერთი გლახაკი, რომელიც წელსქვევით მოწყვეტილი იყო და მიწაზე დახოხავდა, შეეხო მის ლაბადას და რწმენით გათავისუფლდა სნეულებისგან - წამოხტა და გაიქცა ჯანმრთელი, ისე როგორც მოციქულ პეტრესა და იოანეს მიერ განკურნებული ხეიბარი (საქმე მოციქულთა 3,1-16) ამის მერე ქალაქის მთელი მოსახლეობა სამხედროთა წვრთნის ადგილას (მელეტის მართლმადიდებელ მომხრეებს ტაძრები ჩამოართვეს და ისინი აქ იკრიბებოდნენ) მიაწყდა. ცილისმწამებელნი და ბოროტების გამომგონებელნი სირცხვილეულ იქმნენ, ხოლო შვილნი ღვთის¬მოშიშებისანი კი გახარებულნი და დამშვიდებულნი.
20. მათ, ვისაც სულიერი კურნება სჭირდებოდათ, აქედან შინ ღვთისმოშიშების ნათელი წაიღეს. ერთმა დიდმოხელემ მოძღვარს მსახური გაუგზავნა - ეგებ მობრძანდეთ და სნეულებისგან განმკურნოთო. იულიანე მაშინვე მივიდა მასთან, შეევედრა ყოველთა მეუფეს, სიტყვით გაათავისუფლა ავადმყოფი სატანჯველისგან და უბრძანა, მადლობა შეეწირა უფლისათვის.
21. აქ მრავალი სასწაულის აღსრულების შემდეგ იულიანემ გადაწყვიტა, თავის სამონასტრო კელიაში დაბრუნებულიყო. გაიარა ანტიოქიიდან ორი დღის სავალზე ქალაქი კვიროსი, მოინახულა ძლევამოსილი მოწამის, დიონისეს საფლავი. ღვთისმოსაობის უხუცესი წარმომადგენლები, შეიკრიბნენ მასთან და დახმარება სთხოვეს, - ვიღუპებითო. მათი თქმით, ეს მომდინარეობდა სოფლის ამაოდმბრძნობთა მიერ აღზრდილი ვინმე ასტერისგან, რომელიც მერე გადაბარგდა ერეტიკულ ეკლესიაში, დაჯდა იქ ეპისკოპოსის საყდარზე და ახლა იცავდა სიცრუეს და თავის უწმინდურ ხელოვნებას ჭეშმარიტების წინააღმდეგ იყენებდა.
- გვეშინია, რადგან ის სიცრუეს ენაწყლიანობით ფარავს, მრავალი უბრალო ადამიანი აცთუნა. სწორედ ამისთვის დაადგინეს ეპისკოპოსად ეკლესიის მოწინააღმდეგეებმა, - ამბობდნენ ისინი.
ბერმა მათ უპასუხა:
- გამაგრდით და ჩემთან ერთად ღმერთს ევედრეთ, შეუერთეთ ლოცვას მარხვა და ღვაწლი.
ისინი დაჰყაბულდნენ. ერთი დიდი დღესასწაულის წინ, სიცრუის დამცველმა და ჭეშმარიტების მტერმა განიზრახა მორწმუნე ერის წინაშე სიტყვა ეთქვა და ზეითგან გაიგმირა - ერთ დღეში დასნეულდა და ამოიწერა ცოცხალთა სიიდან, რადგან მოესმა ხმა: "უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი" (ლუკა, 12,20), ხოლო შენ მიერ დაგებული ბოროტი ბადენი, წარსაწყმედად შენდა იქნება და არა სხვათა.
22. ამგვარი რამ შეემთხვა ბალაამს, რომელიც წინ აღუდგა ღვთის ხალხს. ბალაამმა ერთგვარი უწმინდურობის ქმნა მოიფიქრა ამ ხალხის წინააღმდეგ, რისთვისაც დაისაჯა და განიგმირა ისრაილელთაგან (რიცხვ. 318.16). იულიანეს ლოცვის წყალობით ასე გადარჩა ქალაქი კვიროსი!
მე კი ეს ყველაფერი რაც მოგიყევით, გადმომცა ვერიის ეკლესიის ღვთაებრივმა წარმომადგენელმა დიდებულმა აკაკიმ, რომელმაც ყველაფერი იცოდა იულიანეზე. ამგვარად, დაუტევა მან კირი, შეუერთდა თავის თანამოძმეებს. საკმაო ხნის შემდეგ სიხარულით გადავიდა უბერებელ და უზრუნველ ცხოვრებაში, შეიძინა უვნებელობა მოკვდავი (ხრწნადი) სხეულისა, მოიპოვა სასოება სხეულის უხრწნელობისა.
ღირსი იულიანე IV საუკუნის ბოლოს გარდაიცვალა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი