ერთადერთი იყო, რომელსაც ერჩივნა, შეურაცხყოფილი თვითონ ყოფილიყო, ვიდრე ვინმესთვის გული ეტკინა
ერთადერთი იყო, რომელსაც ერჩივნა, შეურაცხყოფილი თვითონ ყოფილიყო, ვიდრე ვინმესთვის გული ეტკინა
მისი სიწმინდისა და სათნოების გამო მართლაც ღირს, ყველაფერი გავწირო
გვსურს შემოგთავაზოთ შემცირებული ვერსია "მამა პაისი მთაწმინდელის ცხოვრებისა", რომელიც შეადგინა მამა ისააკ ათალახმა. მამა ისააკი ლიბანში, ბეირუთის ახლოს, სოფელ ნაბაიში დაიბადა 1937 წელს განათლება საბერძნეთში მიიღო. იქ გაიცნო მამა პაისი, რომლის გავლენითაც მთაწმინდაზე დარჩა. მანვე აღკვეცა ის დიდ სქემაში. მამა ისააკმა ბერძნულიდან არაბულ ენაზე გადათარგმნა ასკეტ მამათა ნაწერები. იგი გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მამა ათონურ ბერ-მონაზვნობაში. მამა ისააკი 1998 წელს გარდაიცვალა.

სამშობლო. მამა პაისის სამშობლო გახლდათ დასახლება ფარასი, რომელიც მდებარეობს კაპადოკიის კესარიის სამხრეთით, 200 კმ-ის მოშორებით. ფარასი ერთ-ერთი მცირე ქრისტიანული კუნძული იყო მუსლიმანურ ოკეანეში. აქაურები განთქმულნი იყვნენ გმირობით. თურქული შეიარაღებული რაზმები - ჩეთლერები მათ სოფელში შესვლას ვერ ბედავდნენ. სოფელში 50 ეკლესია-ნამონასტრალი იყო. ამ მხარეში მრავალი სასწაულმოქმედი წყარო მოედინებოდა. ფარასიოტები იყვნენ გამგრძელებელნი ძველ კაპადოკიელ მამათა ასკეტური სულისა. თუნდაც ის რად ღირს, რომ უმეტესობა მარხვისას პურს და წყალს მხოლოდ ერთხელ იღებდა. ერთხელ აქაური ქალები თურქებმა სოფლის გარეთ მოიხელთეს და მათი შეპყრობა მოისურვეს, მაგრამ ისინი მდინარეში უყოყმანოდ გადაეშვნენ, რწმენისა და პატიოსნების შერყვნას თავის მოკვლა არჩიეს.

ოჯახი. მამა პაისის წინაპრები კეთლმოკრძალებულნი იყვნენ. ბებიამისს, ჰაჯი-ქრისტინეს ეკუთვნოდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის მცირე ტაძარი, სადაც დროდადრო განმარტოვდებოდა და მარხვასა და ლოცვას იყო მიცემული. ერთ ზამთარს თოვლმა საყდარი დაფარა და ჰაჯი-ქრისტინეც შიგ მოიყოლა. სანამ გამოთხრიდნენ, ყოველ დილით ქალს ფანჯრის რაფაზე ცხელ-ცხელი პური ხვდებოდა. ისიც ლოცულობდა და კრძალვით მიირთმევდა ამ პურს.

ბერი პაისის მამა პროდრომოსი რამდენიმე ათეული წელი მამასახლისობდა ფარასს. ახალგაზდრობაში მას ლომი დაუჭრია და დაუხრჩვია. ძალიან უყვარდა სამშობლო, კარგი მსროლელიც იყო, ბევრჯერ გადაარჩინა თავისი სოფელი ჩეთლერებისგან. ერთხელ მდიდარ თურქ ქალად გადაიცვა, მივიდა ავაზაკების ბუნაგში, მოძებნა მათი მეთაური, თოფი წაართვა და ფარასელ თანატოლებთან ერთად გაყარა ყაჩაღები. მრავალჯერ ჩავარდნილა ხიფათში. ერთხელ თურქებმა დაატყვევეს, მაგრამ მამა არსენის ლოცვამ დაიხსნა. თურქების დევნისგან თავი რომ დაეღწია, გვარი გადაიკეთა ეზნეპიდისად (რაც უცხოელს ნიშნავს).

პაისის დედა ევლამპია (ნათლისღებით ევლოგია) წმინდა არსენ კაპადოკიელს ენათესავებოდა. იყო შრომისმოყვარე და კეთილგონიერი ქალი.

ამ კურთხეულ ცოლ-ქმარს ათი შვილი ეყოლა. პირველი ორი ბავშვი მალევე გარდაეცვალათ. როცა მესამე შვილს ნათლობისას "ზოია" ანუ "სიცოცხლე" დაარქვეს, გადარჩა. შემდგომში უკვე არსენიც (მომავალი მამა პაისი) დაიბადა. ეს მოხდა 1924 წლის 25 ივლისს, წმინდა ანას მიძინების დღეს.

ნათლისღება და გადასახლება. ნათლისღებისას მშობლებს მისთვის პაპის სახელის დარქმევა უნდოდათ, მაგრამ მათ წმინდა არსენიმ უთხრა, - კარგია, რომ ამქვეყნად პაპის მემკვიდრის დატოვება გინდათ. განა მე კი არ მინდა დავტოვო ბერი, რომელიც ჩემს გზას გამოუყვებაო და მიუბრუნდა ნათლიას: "თქვი: არსენი" (ბერძნული ტრადიციით, მოსანათლის სახელს მისი მიმრქმელი ამბობს). მამა არსენის წინასწარმეტყველება აცხადდა.

იმ წელს, როცა მამა პაისი დაიბადა, მოსახლეობის გაცვლა მოხდა - მცირე აზიის ბერძნული მოსახლეობა საბერძნეთში გადაასახლეს. გაემგზავრნენ ფარასიოტებიც. ხომალდი ხალხით გაივსო. ამ სივიწროვესა და ჯგლეთაში გემბანზე დაწვენილ ჩვილს ფეხი დაადგეს, მაგრამ ღმერთმა დაიფარა მისი სიცოცხლე. შემდგომში მამა პაისი თავმდაბლობით ამბობდა: "მე რომ მაშინ ახალმონათლული მოვკვდარიყავი, ალბათ ზღვაში გადამაგდებდნენ და თევზები შემჭამდნენ. რომელიღაც თევზი ამის გამო მადლობას მეტყოდა, სული კი სამოთხეში წავიდოდაო". საბერძნეთში ჩასვლიდან ორმოცი დღის შემდეგ გარდაიცვალა წმინდა არსენ კაპადოკიელი. მამა პაისის ოჯახი საბოლოოდ ეპირში, ქალაქ კონიცაში დასახლდა.

დედა. დედის რძესთან ერთად პატარა არსენი ღვთის შიშსა და კრძალვას სწავლობდა. ზღაპრებისა და საბავშვო ამბების ნაცვლად მას მამა არსენის სასწაულებზე მოუთხრობდნენ. საოცარი სიყვარული გაუჩნდა მამა არსენის მიმართ, მისი მიბაძვით, სულ ერთი ციცქნა ამბობდა, ბერი უნდა გამოვიდეო.

მამა არსენის მერე მასზე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენდა დედამისი. მისგან სწავლობდა უმთავრეს სათნოებას - სიმდაბლეს. დედა ურჩევდა, რომ თამაშის დროს თანატოლებისთვის არ ეჯობნა, მერე ამით რომ არ ეამაყა, ასწავლიდა, მწკრივში პირველი ნუ დადგები, რადგან პირველი იქნები თუ უკანასკნელი, განსხვავება არ არისო. პატარა არსენს დედა თავშეკავებასაც შთააგონებდა, ეუბნებოდა, ყურადღებიანი იყავი სხვების მიმართო. ასევე ასწავლიდა, არასოდეს წარმოეთქვა ეშმაკის სახელი. მთელი ოჯახი დღეში ორჯერ წმინდა ხატების წინ ლოცულობდა. დღისით დედა საქმიანობდა და თან იესოს ლოცვას წარმოთქვამდა. მამა პაისის მშობლები ისეთი მოკრძალებით გამოირჩეოდნენ, რომ პურის მკისასაც კი თან სეფისკვერი მიჰქონდათ, ანუ მარხვის დღეებში საღამომდე ისე მუშაობდნენ, არაფერს ჭამდნენ, სამუშაოს ბოლოს კი სეფისკვერს იღებდნენ. ასეთ ოჯახში აღზრდილი ბიჭი, ბუნებრივია, თვითონაც დიდად მოღვაწე გამოვიდოდა.

ბავშვური მოსაგრეობა. კითხვა კარგად რომ ისწავლა, ყოველდღე წმინდა სახარებას კითხულობდა. საიდანღაც შოულობდა წმინდანთა ცხოვრებას. სკოლიდან დაბრუნდებოდა თუ არა, ჭამაც კი არ უნდოდა, პირველად რომელიმე წმინდანის ცხოვრებას წაიკითხავდა. ეს კითხვა მის ცხოვრებაზე აისახა. არსენს დიდი სიყვარული ჰქონდა ღვთისა და ლოცვა იყო მისი ამ სიყვარულის გამომსახველი. დიდი დღესასწაულის წინ დასაძინებლად არ წვებოდა, აანთებდა კანდელს და ლოცულობდა. მთელ ღამეს ფეხზე იდგა. უფროსი ძმა ძალით აწვენდა ლოგინში, რომ ფსალმუნები არ წაეკითხა, მაგრამ ვერაფერს გახდა და ბოლოს თავი ანება. არსენი ყრმობიდანვე დარწმუნებული იყო, რომ ბერი გამოვიდოდა. წმინდანთა ცხოვრებაში წაკითხულს საკუთარ ცხოვრებაში ატარებდა. ხშირად მაცხოვარს ბაძავდა და სოფლიდან მოშორებით, მთებზე ადიოდა სალოცავად. პატარას სასაფლაოსი ეშინოდა. შიშის დასაძლევად შუაღამისას წავიდა სასაფლაოზე, ჩაჯდა ცარიელ სამარეში და ასე დათრგუნა შიში, რათა ღვთის გარდა არავისი შინებოდა.

სკოლაში კარგად სწავლობდა, დაწყებითი სკოლა რვა ბალზე დაამთავრა, მაგრამ რადგან გიმნაზია კონიცაში არ იყო, სხვაგან სწავლის გაგრძელება აღარ ისურვა. ჩვენი უფლის ხელობა - დურგლობა შეისწავლა. ხელიდან ყველაფერი გამოსდიოდა, კუბოებიც კი, თუმცა მათ გაკეთებაში ფული არასოდეს აუღია.

ერთხელ არსენის და-ძმები მინდორში მუშაობდნენ. დედამ საჭმელი მოამზადა, მაგრამ მისი წამღები არავინ იყო. მე წავიღებო, - უთხრა არსენმა. გზას ვინ გასწავლის? - ჰკითხა დედამ. ვინმეს შევეკითხებიო, - მიუგო. გამოვიდა შინიდან, ხელთ პატიოსანი ჯვარი ეპყრა. მიდიოდა, ლოცულობდა და ვერც გაიგო, ისე გავიდა ველზე. საჭმელი დატოვა და უკან გამოიქცა.

ღვთის ხილვა. უფროსი ძმა არსენის საღვთო მოშურნეობას ვერაფერს უხერხებდა. ბიჭი ტყეში მიდიოდა და იქ კითხულობდა წმინდანთა ცხოვრებას. ძმას მისი მეგობარი კოსტასი დაჰპირდა, არსენს ისე "გამოვასწორებ", რომ საეკლესიო წიგნებსა და მარხვას თავს დაანებებსო. მოვიდა მათთან სახლში და დარვინის თეორიაზე მოუთხრო. არსენს რწმენა შეერყა. "წავალ და ვილოცებ, თუ ქრისტე ღმერთია, ის მე გამომეცხადება, რათა რწმენაშერყეული არ ვიყო, ამისთვის კი რაიმე ნიშანს მომცემს - ან ჩრდილით, ან ხმით და სხვა ამგვარითო". განმარტოვდა, იწყო მუხლის დრეკა და ლოცვა. რამდენიმე საათი ისე გავიდა, არაფერი გაუგონია. ბოლოს, არაქათგამოცლილს გაახსენდა კოსტასის ნათქვამიდან ერთი ფრაზა: "მე ვაღიარებ, რომ ქრისტე არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, მართალი, სათნო და თანამემამულეებს მისი სათნოებებისა შეშურდათ და დასაჯეს". მაშინ არსენმა გადაწყვიტა: "რახან ქრისტე ასეთი იყო, ღირსია, რომ შეიყვარო, დაემორჩილო, მისი გულისთვის მსხვერპლად შეეწირო. მე არც სამოთხე მინდა და არც სხვა რამე. მისი სიწმინდისა და სათნოების გამო მართლაც ღირს, ყველაფერი გავწირო". ღმერთი ელოდა, როგორ გადაიტანდა ის ამ განსაცდელს, და როცა მან კეთილი გულისთქმებით დაძლია იგი, მაშინ თვითონ ქრისტე გამოეცხადა, უსაზღვრო ნათლით მოცული. მან არსენს შეხედა და დიდი სიყვარულით უთხრა: "მე ვარ აღდგომაი და ცხოვრებაი, რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღათუ-კუდეს, ცხოვნდესვე" (იოანე 11,25), იგივე სიტყვები ეწერა გაშლილ სახარებაზე, რომელიც მაცხოვარს მარცხენა ხელში ეპყრა. ამ მოვლენამ გაფანტა 15 წლის არსენის ეჭვის გულისთქმები და შეძრა მისი ბავშვური სული. ღვთის მადლით შეიცნო ქრისტე, როგორც ჭეშმარიტი ღმერთი და მაცხოვარი სოფლისა. ახლა უკვე რწმენაში განმტკიცებულმა არსენმა წამოიძახა: აბა, კოსტას, ახლა მზადა ვარ ქრისტეზე გესაუბროო.

მზადება მონასტრული ცხოვრებისთვის. ამ ამბის შემდეგ არსენმა მეტი მოშურნეობით დაიწყო მოღვაწეობა. იმას ფიქრობდა, თავი ღვთისთვის როგორ მიეძღვნა. ეპარქიის პროტოსინგელმა (მთავარმა მღვდელმა) უთხრა: "ჯერ ძალზე ადრეა, მაგაზე მოგვიანებით ვისაუბროთო". არსენი თავისუფალ დროს ხშირად წმინდა ბარბარეს ეკლესიაში ატარებდა სხვა განკრძალულ ყმაწვილებთან ერთად, რომლებიც მომავალში დიდი მამები შეიქნენ. დიდი ლავრის იღუმენი მამა ათანასე, მამა პავლე (ზისაკისი) და მამა კირილე (მანტოსი), ათონზე წმინდა ნიკოლოზის კელიის მომავალი მოძღვარი, დღისითაც ხომ ბევრს ლოცულობდნენ ერთად, საღამოს, მწუხრის და ღვთისმშობლის დაუჯდომლის ლოცვის შემდეგ წმინდა წერილსა და წმინდანთა ცხოვრებას კითხულობდნენ.

არსენი ცდილობდა, მონაზვნურ ცხოვრებას მისჩვეოდა. უგემურ საჭმელს, თითქმის უმარილოს ჭამდა, რომ მერე ბევრი წყალი არ ესვა. ტანსაცმელს თვითონ რეცხავდა, დედასა და დებს ამის ნებას არ აძლევდა. სიყრმიდანვე მკაცრ მარხვას მიჩვეული, ძვალი და ტყავი გახდა. როცა მინდორში და-ძმებთან ერთად მუშაობდა, უკან რჩებოდა. დაინტერესდნენ, რატომ იქცევა ასეო და რომ ნახეს, განცვიფრდნენ. არსენი ფეხსაცმელს იხდიდა და ფეხით დადიოდა ნამკალში. ფეხები უსისხლიანდებოდა, მაგრამ ბიჭი სიხარულით ითმენდა ტკივილს და ფიქრობდა, ამით წმინდა მოწამეებს მიმსგავსებოდა, მათი ტანჯვის თანაზიარი ყოფილიყო.

მშობლებს უხაროდათ არსენის საქციელი, უფროსმა ძმამ კი კვლავ ხელის შეშლა ბრძანა. მაგრამ აქამდე ჩუმმა არსენმა "აღიმაღლა ხმა" და ძმას შეეწინააღმდეგა. შემდგომში, როცა ათონზე ბერი გახდა, ძმამ მოინახულა და მისგან შენდობა აიღო. ამ გარეგნულ ღვაწლთან ერთად, ყოველ ღამეს განიხილავდა თავს და ცოდვებში ამხელდა. თავისი ცხოვრების მაგალითით და რჩევებით მრავალ პატარას ექცა იგი მასწავლებლად. შემოკრებილ ბავშვებს წმინდანთა ცხოვრებას უკითხავდა. არსენს სული სტკიოდა, სურდა, ადამიანებს შეეცნოთ ღმერთი. კონიცელ მუსლიმან ბაირამს დედა ავად გაუხდა. ნორჩი არსენი ღამღამობით მიდიოდა მათთან და ოჯახის მოვლაში ეხმარებოდა. ბაირამი ამის მერე გაქრისტიანდა. როგორც დურგლის თანაშემწე, ხელფასსაც იღებდა, მაგრამ მათ მოწყალებად ურიგებდა ქვრივ-ობლებს. ბავშვებმა უცნაური რამ შეამჩნიეს, ბავშვური დავა-კამათისას, არსენი ერთადერთი იყო, რომელსაც ერჩივნა, შეურაცხყოფილი თვითონ ყოფილიყო, ვიდრე ვინმესთვის გული ეტკინა. საოცარი დამოკიდებულება ჰქონდა თანატოლ-მსმენელების მიმართ: მზად იყო, ედარაჯა მათი ცხენებისთვის, მიეტანა წყალი და ბალახი, ოღონდ მათ ყურადღებით მოესმინათ წმინდა წერილი, არსენი რომ უკითხავდა. როცა ჯვარცმაზე კითხულობდა, ისეთი მგრძნობიარობით წარმოთქვამდა თითოეულ სიტყვას, რომ ყველაზე ანცსაც კი სმენად აქცევდა...

გაგრძელება იქნება →
ბეჭდვა
1კ1