ღირსი დამიანე, დემეტრე-ყოფილი, "შენ ხარ ვენახის" მთქმელი (+1157) - 23 მაისი (5 ივნისი)
ღირსი დამიანე, დემეტრე-ყოფილი, "შენ ხარ ვენახის" მთქმელი (+1157) - 23 მაისი (5 ივნისი)
ღირს დამიანე - დემეტრეყოფილს წმინდა ეკლესია იხსენიებს 23 მაისს (5 ივნისს). დემეტრე, დავით აღმაშენებლის რჩეული ვაჟი იყო. იგი დაახლოებით 1095 წელს დაიბადა. დემეტრეს აღზრდაზე ერთნაირად ზრუნავდნენ როგორც სასულიერო, ისე საერო და სამხედრო მეცნიერების საუკეთესო წარმომადგენლები. წმინდა კეთილმსახურ მეფეს (დავითს) მიაჩნდა, რომ დემეტრე მას აღემატებოდა სიბრძნით, სიწმინდითა და ახოვანებით. ამიტომაც მამამ, სიცოცხლეშივე თავისი ხელით დაადგა სამეფო გვირგვინი. ეს მოხდა 1125 წელს.

ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის მეფობისას მოიხვეჭა დემეტრემ სახელი და დიდება: 1117 წელს დავითმა იგი შირვანს გაგზავნა სალაშქროდ. ახალგაზრდა სარდალმა "ქმნნა ომნი და ბრძოლანი, რომელ ყოველნი მხედველნი მისნი განაკჳრვნა", აიღო ქალაძორის ციხე და ურიცხვი ტყვითა და ალაფით დაბრუნდა, ძლევამოსილი. წმინდა დემეტრე მხნედ შეუდგა მამის მემკვიდრეობისა და საქართველოს საზღვრების დაცვას. დემეტრეს მეფობის დროს აღორძინდა ჰერეთი, სომხითი, ტაშირი, ჯავახეთი, არტაანი და ტაო, რომელნიც მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებელმა თბილისი აიღო და ჰერეთ-კახეთი შემოიერთა, თითქმის უკაცრიელი იყო.

მეფე დემეტრემ დაასახლა და ააყვავა ქვეყანა, შემდეგ კი, საკუთარი ძის დავითის შეთქმულებამ სამეფო ტახტი დაათმობინა. მან თავი აარიდა შიდა ომებს და მონასტერში აღიკვეცა ბერად. დემეტრე გარეჯის უდაბნოში დაეყუდა დამიანეს სახელით, აქ დაუწერია მას ღვთისმშობლის სადიდებელი, რომელიც უკვე თითქმის ათასი წელია იგალობება ქართველთა მიერ.

მეფე დემეტრე ყოფილა "მშვენიერი რიტორი, პიიტიკოსი და სწავლათა გამომთქმელი, შემთხზველი შაირთა".

შემდეგ უფალმა, დემეტრეს, კვლავ დაუბრუნა სამეფო ტახტი და მისცა ნება ეკურთხებინა დავით აღმაშენებლის მიერ აგებული გელათის დიდებული ტაძარი, სადაც დაკრძალეს კიდეც 1157 წელს.

მისი ფრესკა შემოინახა ლატალში მაცხოვრის ეკლესიის კედლის მხატვრობამ.
................
აქვე წაიკითხეთ:

ივანე ჯავახიშვილი - მეფე დემეტრე I (1097-1156).

აქ შექმნა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი უკვდავი საგალობელი "შენ ხარ ვენახი".

"შენ ხარ ვენახი, ახლად აყვავებული".

გაიოზ მამალაძე - წმინდა დემეტრე-დამიანეს პოეზია



ბეჭდვა
1კ1