ღირსი სერაპიონ სინდონიტი (V) - 14 (27) მაისი
ღირსი სერაპიონ სინდონიტი (V) - 14 (27) მაისი
ეგვიპტეში ცხოვრობდა ერთი ბერი, რომელსაც სინდონიტს ეძახდნენ, რადგან მხოლოდ ერთი სინდონი - უხეში სელის ტანსაცმელი ეცვა. ახალგაზრდობიდანვე ბერივით ცხოვრობდა: არ ჰქონდა არანაირი სამყოფელი, კელიაც კი არ გააჩნდა და როგორც ჩიტი ცაში, ისე ცხოვრობდა, არასოდეს არ შედიოდა სახლში დასასვენებლად ან დასაწოლად. ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდა და სადაც დაუღამდებოდა, იქ უთენდებოდა. გამოღვიძებული იმავე ადგილას არ რჩებოდა და მოგზაურობას აგრძელებდა. ხშირად უნახავთ გზაზე ჩამომჯდარი, როგორ ტიროდა.

- რა გატირებს, ბერო? - ეკითხებოდნენ მას.

ის პასუხობდა:

- ჩემმა ბატონმა თავისი სიმდიდრე ჩამაბარა, მე კი დავკარგე. ამისთვის ჩემი დასჯა სურს.

ბატონს ღმერთს უწოდებდა, სიმდიდრეში თავის სულს გულისხმობდა.

ვინც კი ისმენდა მის სიტყვებს, ვერ იგებდნენ ნათქვამს. ეგონათ, რომ ბერი ოქროზე ლაპარაკობდა. ამიტომ, ვისაც რა შეეძლო, იმას აძლევდა: ზოგი - პურს, ზოგი - ბოსტნეუ¬ლს, თან ეუბნებოდნენ:

- აიღე, ძმაო. დაკარგულ სიმდიდრეზე კი ნუ დარდობ. შეიძლება ღმერთმა დაგიბრუნოს.

ბერი პასუხობდა:

- ამინ! ამინ!

სერაპიონი ალექსანდრიაში რომ ჩავიდა, ვიღაც გლახაკს შეხედა, რომელიც სიცივისგან კანკალებდა. ბერმა გაიფიქრა:

- როგორ შეიძლება, რომ მე, რომელიც ქრისტეს მცნებებს ერთგულად ვასრულებ და ვმარხულობ, ტანსაცმელი მაქვს, ამ გლახაკს, კი რომლის სახითაც თავად ქრისტეა, სიცივისგან იტანჯება. თუ მის სიშიშვლეს არ დავფარავ და დავუშვებ, რომ სიცივისგან დაიღუპოს, მაშინ სამსჯავროს წინაშე როგორც მკვლელს, ისე გამასამართლებენ.

ლაბადა გაიხადა და უპოვარს მისცა, თავად კი მის ახლოს ჩამოჯდა. გულში სახარება ჰქონდა ჩახუტებული, რომელსაც არასოდეს იშორებდა.

ამასობაში მისმა ნაცნობმა ჩამოიარა. სერაპიონი რომ დაინახა, ჰკითხა:

- მამა სერაპიონ! ვინ გაგძარცვა სამოსლისგან?

სერაპიონმა წმინდა სახარება დაანახვა და უპასუხა:

- აი, ამან გამოაჩინა ჩემი სიშიშვლე.

შემდეგ ნეტარი ვიღაც კაცს შეხვდა, რომელიც ვალის გამო საპყრობილეში ჩააგდეს, მეტად შეეცოდა, მაგრამ რადგან არაფერი გააჩნდა, რომ დახმარებოდა, სახარება გაყიდა, აღებული ფულით კი იმ კაცის ვალი გაისტუმრა. შემდეგ ქოხში მივიდა, რომელსაც ხანდახან სტუმრობდა. მისმა მოწაფემ შიშველი რომ იხილა, ჰკითხა:

- სად არის შენი ლაბადა, მამაო?

ბერმა უპასუხა:

- იქ გავგზავნე, სადაც ათასჯერ უკეთესს მივიღებ.

- შენი სახარება სადღა არის?

ბერმა თქვა:

- შვილო ჩემო, სახარება ყოველდღე მეუბნებოდა: "შენი ქონება გაყიდე და მიეცი ღარიბებს" (მათ. 19:21). მეც ისე მოვიქეცი, როგორც მასწავლიდა. გავყიდე და აღებული ფული გაჭირვებულს მივეცი, რათა ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს თვალში მადლი მომეპოვებინა.

ცოტა ხნის შემდეგ ღირს მამას ერთმა ნაცნობმა ძველი ლაბადა მისცა სიშიშვლის დასაფარად.

ბერი ერთხელ საბერძნეთში ჩავიდა და ათენში სამი დღე გაატარა. ძალიან შიოდა, მაგრამ პურის ნატეხიც კი არავინ გაიმეტა მისთვის. საყიდელი ფული კი არ ჰქონდა, რადგან ქრისტეს სიტყვების თანახმად, არასოდეს დაჰქონდა ფული და ტანსაცმელი. მეოთხე დღეს ქალაქის შემაღლებულ ადგილას დადგა და ტირილით ამბობდა:

- ათენელებო, დამეხმარეთ!

მასთან ფილოსოფოსები და ქალაქის მთავრები მივიდნენ და ჰკითხეს:

- საიდან ჩამოხვედი, მოხუცო, და რა შეგემთხვა?

მან უპასუხა:

- წარმოშობით ეგვიპტელი ვარ. სამშობლოში სამი მევალე დავტოვე. ორმა თავი დამანება, მესამე კი არ მეშვება, სანამ თავის ვალს არ დაიბრუნებს.

ფილოსოფოსებმა ჰკითხეს:

- ვინ არიან ისინი და ვინ არ განებებს თავს? გვითხარი და ჩვენ დაგეხმარებით.

მაშინ სერაპიონმა უთხრა მათ:

- ჭაბუკობიდან მოსვენებას არ მაძლევდა ავხორცობა, ვერცხლმოყვარეობა და შიმშილის გრძნობა. ორისგან თავი დავიძვრინე, მაგრამ შიმშილს ვერ გავუმკლავდები. მეოთხე დღეა, პირში ლუკმა არ ჩამსვლია. ამიტომაც შიმშილი თავს არ მანებებს და თავისი ვალის დაბრუნებას ითხოვს.

ზოგიერთმა ფილოსოფოსმა იფიქრა, რომ იტყუებოდა და ოქროს მონეტა მისცეს, თან თვალყურს ადევნებდნენ, რას იზამდა.

სერაპიონმა მონეტა აიღო, პურის მოვაჭრეებისკენ გაემართა, ფული გაუწოდა, ერთი პური აიღო და იმ ქალაქში აღარ გამოჩენილა. მაშინ ფილოსოფოსები დარწმუნდნენ, რომ მართლა ღირსეული ადამიანი იყო. პურის გამყიდველებთან მივიდნენ, მოხუცის მიერ ნაყიდი პურის საფასური გადაიხადეს, ოქროს მონეტა კი უკან დაიბრუნეს.

ნეტარი სერაპიონი ლაკედემონიაში ჩავიდა და შეიტყო, რომ იქაური ქალაქისთავი ერეტიკოსი იყო, თუმცა, მაღალზნეობრივი ცხოვრებით ცხოვრობდა. მასთან მივიდა და მონად მიეყიდა. ორი წლის შემდეგ, უფლის შეწევნით, დაარწმუნა, მართლმადიდებლურ ეკლესიას შეერთებოდა და დიდ პატივს სცემდნენ. გახარებულები იყვნენ, რომ ერეტიკოსობას თავი დაანებეს და უფალს ადიდებდნენ. ღირსმა სერაპიონმა იქ იმდენ ხანს იცხოვრა, რამდენიც სჭირდებოდა იმ ადამიანების სულის გადასარჩენად, შემდეგ მათგან მიღებული ფული უკან დაუბრუნა და ჩვეულებისამებრ გზას გაუდგა.

ნეტარ სერაპიონზე ამბობენ, რომ ჭაბუკობაში ერთ ბერძენ ტაკიმასხარას მიეყიდა ოც ვერცხლად. მასთან მანამდე ცხოვრობდა, სანამ ოჯახთან ერთად ქრისტეს სჯულზე არ მოაქცია. ტაკიმასხარა ხედავდა, რომ მისი მონა ყოველდღე მარხულობდა, ღამით ლოგინიდან დგებოდა და მხურვალედ ლოცულობდა. მანაც იწამა ქრისტე, შემდეგ კი მისმა მთელმა ოჯახმა. ბერძენმა უთხრა:

- წადი, ძმაო, გვინდა, მონობისგან გაგათავისუფლოთ, ისევე, როგორც შენ გვიხსენი ეშმაკის მონობისგან.

სერაპიონმა უპასუხა:

- რადგან ღმერთმა ხსნა მოგივლინათ, საიდუმლოს გაგიმხელთ: მე მონა არ ვარ, თავისუფალი ეგვიპტელი ვარ. როდესაც დავინახე, როგორ იღუპავდით სულს, მონად მოგეყიდეთ, რათა უფლის შეწევნით ჭეშმარიტების გზაზე დამეყენებინეთ. ახლა კი დაიბრუნეთ თქვენი ვერცხლი, მე კი წავალ სხვა ადამიანების გადასარჩენად.

დიდხანს ევედრებოდნენ:

- მზად ვართ, გემსახუროთ, როგორც მამას და როგორც ბატონს! შენი მონები ვიქნებით, ოღონდ არ წახვიდე ჩვენგან!

მისი დაკავება მაინც ვერ შეძლეს და უთხრეს:

- პატიოსანო ადამიანო, ეს ვერცხლი მაინც დაიტოვე და გლახაკებს დაურიგე. ჩვენ ისიც გვეყოფა, რომ სწორ გზაზე დაგვაყენე.

ღვთის კაცმა უპასუხა:

- თქვენ თავადვე შეგიძლიათ ამ ფულის დარიგება. სხვის ვერცხლს მე ვერ ჩამოვარიგებ.

მაშინ სთხოვეს, რომ ერთი წლის შემდეგ მაინც სტუმრებოდა მათ. იმის შემდეგ ნეტარი მამა სხვა ქვეყანაში გაემგზავრა.

ერთხელ სერაპიონი ალექსანდრიაში ხომალდზე ავიდა და რომისკენ გაემართა. გემის მფლობელებმა შეამჩნიეს, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ლუკმა არ ჩაედო პირში. ჯერ ეგონათ, რომ მარხვას იცავდა, შემდეგ იფიქრეს, რომ გაცივდა და ავად იყო. მეხუთე დღესაც რომ არაფერი შეჭამა, ჰკითხეს:

- რატომ არაფერს ჭამ?

მან უპასუხა:

- იმიტომ არ ვჭამ, რომ საჭმელი არ მაქვს.

გემის მეპატრონეები გაბრაზდნენ და უთხრეს:

- საჭმლის ფული თუ არ გაქვს, მგზავრობის საფასურს როგორ გადაიხდი?

სერაპიონმა უპასუხა:

- ამ ძონძების მეტი არაფერი გამაჩნია. თუ ჩემი წაყვანა არ გინდათ, მაშინ იქ დამაბრუნეთ, საიდანაც წამომიყვანეთ.

გემის მეპატრონეებმა უპასუხეს:

- ასი ოქროც რომ გადაგვიხადო, უკან დამბრუნებლები არ ვართ. თანაც ზურგის ქარი ქრის.

უფლება მისცეს, ხომალდზე დარჩენილიყო და უფლის სახელით საკვებსაც აძლევდნენ.

ღირსი მამა რომში იმ ოჯახებში დადიოდა, რომელთა შესახებაც იგებდა, რომ მაღალზნეობრივად ცხოვრობდნენ. მათ ესაუბრებოდა და სულიერ საზრდოს იღებდა. სწორედ იმისთვის მოგზაურობდა, რომ სულიერი სიმდიდრე დაეგროვებინა, რომლითაც ზეცაში მარადიულ სასუფეველს დაიმკვიდრებდა. წმინდა სერაპიონი V საუკუნეში აღესრულა. 

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სერაპიონს მოიხსენიებს: 07 (20) აპრილს, 14 (27) მაისს და 21 (03.04) მარტს.

ხატის წყარო
...........
აქვე წაიკითხეთ:

წმინდა სერაპიონ სინდონიტი (IV-V) - 07 (20) აპრილი

ღირსი სერაპიონ სინდონიტი (+542) - 21 მარტი (3 აპრილი)
ბეჭდვა
1კ1