ღირსი სვიმეონი, დავითგარეჯის ლავრის წინამძღვარი, წინასწარმეტყველი და საკვირველთმოქმედი (+1773 წელი) - 4 (ახალი სტილით - 17) სექტემბერი
ღირსი სვიმეონი, დავითგარეჯის ლავრის წინამძღვარი, წინასწარმეტყველი და საკვირველთმოქმედი (+1773 წელი) - 4 (ახალი სტილით - 17) სექტემბერი
XVII-XVIII საუკუნეებში დასავლეთ საქართველოდან ქართლ-კახეთში უამრავი გადასახლდა. ზოგი მჭედელი იყო, ზოგი - კირითხურო, ზოგი კი - მგალობელი. ისინი აღმოსავლეთ საქართველოში მყუდრო ნავსაყუდელს ეძებდნენ, ვინ - სულისთვის, ვინ - ხორცისთვის.

ქართლ-კახეთში იმხანად ოცამდე მოქმედი მონასტერი იყო, მაგრამ იმერეთიდან სულის ხსნისთვის გადმოსულებს ყველაზე მეტად გარეჯის უდაბნო, მისი მკაცრი პირობები, სიგლახაკე და უპოვრება იზიდავდა.

ამაში, ალბათ, შაჰ-აბასისგან იმერეთში ლტოლვილ ქართლელთა და კახელთა მონათხრობსაც მიუძღოდა წვლილი.

როცა აგარიანთა რაზმებმა ააოხრეს კახეთის მონასტრები, სოფლები და ქალაქები და მოსახლეობა ტყვედ წაასხეს, მეფე თეიმურაზი ლიხთიმერს გადავიდა და 26 წელი იქ დაყო.

უკან დაბრუნებულმა მეფემ პირველად გარეჯის სავანის აღდგენა ბრძანა. იცოდა: მონასტრებში მოღვაწე წმინდა მამათა ლოცვა იყო მისი სამეფოს მტკიცე გოდოლი და აუღებელი გალავანი.

მონასტრის წინამძღვრად მეფეს მამა მარკოზი, წმინდა და ღმერთშემოსილი ბერი, დაუნიშნავს.
ღირს მამათა ლოცვითა და დაუცხრომელი ღვაწლით დავითის სავანე ფეხზე წამოდგა და თავის ფრთეთა ქვეშე მრავალი ქართველი თუ არაქართველი შეიფარა.

* * *

მაშინ იოანე ნათლისმცემლის მონასტრის მოძღვარი მამა სვიმეონი გახლდათ, ისიც მოხუცებული, ასაკისა და დიდი მოღვაწებისგან დაღლილი. მისი ხსენება საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ძველი სტილით - 4 სექტემბერს დააწესა.

ღირსი სვიმეონ გარეჯელი, დაახლოებით, 1700 წელს, კახეთში დაიბადა. ცნობილია, რომ იგი სიყრმიდან გარეჯის მონასტერში მოღვაწეობდა. ყოვლადპატიოსანი ღვთისკაცი მოხუცებულობამდე უბრალო მონაზონი იყო, შემდეგ კი - მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს.

სათნოებით და სიმდაბლით გამორჩეულ წმინდა მამას ღვთისგან სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონდა მიმადლებული. ამბობენ, ერთხელ ღვთისმშობლის ხატიც კი გამოელაპარაკაო.

ერთხელ წმინდა მამა დასნეულდა, მცირე ხანს იავადა და ანაზდად მიიცვალა, მაგრამ ერთი ჟამის შემდეგ, ღვთის განგებით, ისევ გონს მოეგო, მოატანინა, რაც კი ფული ჰქონდა და თავისივე ხელით გაუყო წმინდა დავითისა და წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრებს საწირავად და სულის საოხად.

როცა ეს ამბავი მამა სერაპიონმა შეიტყო, ძმების დახმარებით მივიდა, იხილა ღვთივსულიერი წინამძღვარი და "ცრემლითა ლმობიერითა" უთხრა:

- ჰოი, სასურველო მამაო, მომეცინ ხელნი ეგე წმინდანი, რათა ამბორს-ვუყო! მსუროდა, რაითამცა წმინდათა ამათ ხელთა მიერ მიცემულ ვიყავ მიწას და აწ შენ წარხვალ უწინარეს ჩემსა საუკუნოდ ცხოვრებად? არც მე დავრჩები აქ უშენოდ, არამედ მოსწრაფედ შეგიდგეს და მოგდევდეს სული ჩემი! - და სანატრელი მამები უკანასკნელად ეამბორნენ ერთმანეთს.

წმინდა სვიმეონმა განაგო თავისი და მონასტრის საქმენი და კვირის თავზე, - 1773 წლის 4 (17) სექტემბერს მიიცვალა.

ერთი კვირის შემდეგ აღესრულა წმინდა სერაპიონიც.

......................

აქვე წაიკითხეთ:

ღირსი სვიმეონი, გარეჯის წინამძღვარი, წინასწარმხედველი და საკვირველმოქმედი

ბეჭდვა
1კ1