კეთილმსახური მთავარი დანიელ მოსკოველი (+1303) - 4 (17) მარტი
კეთილმსახური მთავარი დანიელ მოსკოველი (+1303) - 4 (17) მარტი
ეს წმინდა კაცი უძველეს რუსულ ქალაქ ვლადიმირში 1261 წელს დაიბადა. იგია მეოთხე ძე წმინდა ალექსანდრე ნეველისა (ხსენება 30 აგვისტოს და 23 ნოემბერს).

1272 წელს მთავარმა დანიელმა მემკვიდრეობით მიიღო ქალაქი მოსკოვი, მიმდებარე მიწებიანად. კეთილმსახურმა მთავარმა მდინარე მოსკოვის ნაპირას, თავისი ზეციური მფარველის, ღირსი დანიელ მესვეტის (ხსენება 11 დეკემბერს) პატივად ტაძარი ააგო. მოსკოვის სამთავრო მაშინ საკმაოდ პატარა და ღატაკი იყო.

1300 წელს ღირსი დანიელის წინამძღოლობით მოსკოველებმა თათართა ლაშქარს სძლიეს. ეს იყო პირველი გამარჯვება ძლევამოსილ და, ერთი შეხედვით, დაუმარცხებელ მტერზე. მთავარს გამარჯვებით არ უსარგებლია, არც დამარცხებული სამთავრო და მისი მიწები გაუძარცვავს, დაურბევია და მიუტაცნია და სამთავროს გასაფართოვებლად ხელთ მახვილიც არ აუღია, რის საზღაურად და ჯილდოდაც უფლისგან დიდი წყალობა მიიღო - ძმისწულმა, პერეიასლავლ-პალესკის მთავარმა, იოანე დიმიტრის ძემ, 1302 წელს თავისი სამთავრო დანიელს გადასცა. ამ შემოერთებამ მოსკოვი სხვა სამთავროთა შორის დააწინაურა და სწორედ აქედან დაიწყო რუსეთის მიწათა გაერთიანება.

1303 წელს წმინდა დანიელი მძიმედ დაავადდა, სქემა შეიმოსა და ანდერძად დაიბარა, წმინდა დანიელის სახელობის მონასტერში დაემარხათ. იგი 4 მარტს გავიდა ამქვეყნიდან.

დიდი მთავრის, იოანე III-ის (1462-1505 წწ.) ჟამს ღირსმა დანიელმა გულმავიწყ შთამომავლობას თავი შეახსენა, - ერთ ყმაწვილს გამოეცხადა და აუწყა: "ნუ გეშინია, მე ქრისტიანი ვარ და ამ მხარის ბატონი. ჩემი სახელი დანიელია, მთავარი მოსკოვისა. ღვთის ნებით, აქა ვარ დაფლული. დიდ მთავარს, იოანეს უთხარი: - შენ დამივიწყე, მაგრამ უფალი არ მივიწყებს-თქო!"

ისმინა რა ეს ამბავი, იოანემ, წინაპართა სულის საოხად ტაძრებში პანაშვიდთა აღვლენა დააწესა.

სწორედ იოანე მრისხანეს მეფობის ჟამს მიიღო კურნება ღირსი დანიელის საფლავთან კოლომნელი ვაჭრის მომაკვდავმა ვაჟმა. ამ სასწაულით შეძრულმა მეფემ ძველი დანილოვის მონასტრის აღდგენა ბრძანა.

ღირსი მამის წმინდა და უხრწნელი ნაწილნი 1652 წელს აღმოიყვანეს.

შეგვეწიოს მისი წმინდა ლოცვა!

აქვე წაიკითხეთ:


კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის (+1303) წმინდა ნაწილთა აღმოყვანება 1652 წელს - 30 აგვისტო (12 სექტემბერი)


* * *

ამავე დღეს არის ხსენება კეთილმსახურისა მთავრისა ბასილი როსტოველისა (+1238 წელი)

ბეჭდვა
1კ1