ღირსი ლუკა მესვეტე (+დაახლ. 970-980) - 11 (24) დეკემბერი
ღირსი ლუკა მესვეტე (+დაახლ. 970-980) - 11 (24) დეკემბერი
ღირსი ლუკა 879 წელს დაიბადა მცირე აზიაში შეძლებულ ოჯახში. ბერძენი მეფის რომანოს I-ის დროს ცხოვრობდა (მეფობის წლები: 919-944).
საპატრიარქოს კათედრაზე მეფის ვაჟი თეოფილაქტე იჯდა. იმ ხანებში ბერძენთა იმპერიას ბულგარელები დაესხნენ თავს და კინაღამ დაიპყრეს. მეფის ბრძანებით, თვრამეტი წლის ლუკა სხვებთან ერთად ომში წაიყვანეს და ბიზანტიის ჯარის შემადგენლობაში სამშობლოს იცავდა მტრისგან. მის თანამებრძოლთა შორის იყო ორი ახალგაზრდა, რომლებიც ვინმე ღირსი მესვეტე მამის სულიერი შვილები იყვნენ. მათ დიდი გავლენა მოახდინეს ლუკას სულიერ მდგომარეობაზე. ანდრიანოპოლისთან დამარცხებისას უამრავი მეომარი დაიღუპა, უფლის ნებით, ლუკა გადარჩა. ამის შემდეგ მან დაუტევა მიწიერი მეუფის ლაშქარი და ზეციური მეუფის ჯარს შეუერთდა - ბერად აღიკვეცა და ზემოთ ხსენებულ მესვეტეს დაემოწაფა. მან გადამწყვეტი ბრძოლა გაუმართა საკუთარ სხეულს, ტანზე რკინის მძიმე ჯაჭვები შემოიხვია და სვეტზე ავიდა. მკაცრი წესებით ცხოვრობდა, კვირაში ექვსი დღე არაფერს ჭამდა, მეშვიდე დღეს კი სეფისკვერს და ცოტაოდენ ბოსტნეულს იღებდა. ექვსწლიანი სულიერი ღვაწლის შემდეგ წმინდა ლუკა პრესვიტერად აკურთხეს. ერთხანს წმინდა ლუკა სამხედრო მღვდლად მსახურობდა, თუმცა თავისი ასკეტური ღვაწლი არ დაუტევებია. შემდეგ, უფლის ნებით, ბითინიაში, ოლიმპოს მთაზე წმინდა ზაქარიას მონასტერში წავიდა, სადაც სამი წელი კელარის (მონასტრის მნე) მოვალეობას ასრულებდა. ამ პერიოდში მდუმარების აღთქმა აიღო და, რომ არ დაერღვია, პირში ქვა ჩაიდო. როცა მისი ღვაწლის შესახებ ხალხმა შეიტყო, ამაო დიდებას გაექცა, სამშობლოში დაბრუნდა და მთაზე, პატარა ბნელ მღვიმეში დასახლდა, სადაც დიდ სულიერ ღვაწლში იყო. შემდეგ წმინდა ლუკა სვეტზე ავიდა და მრავალ სასწაულს აღავლენდა ორმოცდახუთი წლის მანძილზე. გარდაიცვალა დაახლოებით 979 წელს, 11 დეკემბერს, ას წელს გადაცილებული. წმინდა ლუკა წმინდა ბასიანის სახელობის მონასტერში დაკრძალეს, რომელიც ერთ დროს მან თავის მეგობარ პატრიარქ თეოფილაქტესთან ერთად აღადგინა.
...................

ასევე ნახეთ:

ღირსი ლუკა მესვეტე-ხსენება 24 დეკემბერს (ახალი სტილით)
..................

ხატის წყარო



ბეჭდვა
1კ1