წმინდა წინასწარმეტყველი იონა (VIII ს. ქრისტეს შობამდე) - 22 სექტემბერი (5 ოქტომბერი)
წმინდა წინასწარმეტყველი იონა (VIII ს. ქრისტეს შობამდე)  - 22 სექტემბერი (5 ოქტომბერი)
22 სექტემბერს (ახალი სტილით 5 ოქტომბერს) მართლმადიდებელი ეკლესია ახსენებს წმინდა იონა წინასწარმეტყველს. სახელი იონა, ნეტარი იერონიმეს განმარტებით, მტრედს ნიშნავს (ბერძნ. პერისტერა). როცა ისრაელში გამეფდა უწმინდური კაცი აქაბი, რომელსაც ცოლად კერპთაყვანისმცემელი იეზაბელი ჰყავდა, ჭეშმარიტი რწმენის მოწინააღმდეგე, სწორედ იმ დროს მოუვლინა უფალმა წინასწარმეტყველად ისრაელს ელია თეზბიტელი...

იგი უფლის ნებით არა ერთ სასწაულს ახდენდა და ხალხს მოუწოდებდა ჭეშმარიტი ღმერთის რწმენისაკენ. მაგრამ ბევრი გადაუდგა უფალს. მაშინ ღმერთმა დასაჯა ისრაელიანები-სამწლინახევრის მანძილზე ისრაელში არ მოვიდა წვიმა და გვალვებმა ყველაფერი გაანადგურა. უფალმა ელიას უბრძანა, აქაბს უდაბურ მხარეში დამალვოდა. ყორანი უზიდავდა ელიას ხორცსა და პურს. წყალს კი ნაკადულიდან სვამდა.

შემდეგ ღვთის სახელით წინასწარმეტყველმა ელიამ არა ერთი სასწაული მოახდინა... მკვდრეთით აღადგინა თავისი მასპინძლის, ქვრივი დედაკაცის შვილი. ამ მართალი ქვრივი ქალის ოჯახში პურს ყოველდღე აცხობდნენ, მაგრამ ფქვილი და ზეთი არ თავდებოდა.

ის ბავშვი, რომელიც ელია თეზბიტელმა აღადგინა მკვდრეთით, იყო წინასწარმეტყველი იონა. ღვთაებრივი იონა გეთხოფერიდან. მის მამას ამითაი ერქვა. იონა წინასწარმეტყველი წინასწარმეტყველ ამოსისა (ძვ.წ. VIII ს.) და ისრაელის მეფის-იერობოამ II-ის თანამედროვე გახლდათ. მან უწინასწარმეტყველა მეფეს ისრაელის საზღვრების აღდგენა. იონა უფალმა გაგზავნა ნინევიაში, რომ მისი ცოდვილი მოსახლეობისათვის ექადაგა სინანული, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ განადგურებით ემუქრებოდა. ნინევია, უდიდესი და სახელგანთქმული ქალაქი, მდებარეობდა ტიგროსის აღმოსავლეთ სანაპიროზე, დღევანდელი ერაყის ქალაქ მოსულის ადგილას. იონამ დაარღვია წინასწარმეტყველთა უფლისადმი სრული მორჩილების, მისი ბრძანების უსიტყვო შესრულების ტრადიცია და გაემგზავრა საპირისპირო მიმართულებით. ქალაქ იაფოს ჩავიდა, საიდანაც ხომალდით შორს გამგზავრებას აპირებდა, თითქოს ღმერთს გაურბოდა და ემალებოდა. იონამ უფლის ბრძანება არ შეასრულა, რადგან იცოდა ღვთის მოწყალების ამბავი და მონანიების შემთხვევაში ნინევიელებს ცოდვებს მიუტევებდა. იონას კი ნინევიელები საკუთარი ხალხის-ისრაელის მტრებად მიაჩნდა და არ იყო წინააღმდეგი, თუ უფალი მათ ამოწყვეტდა. იონა ხომალდით თარშიშისაკენ გაემგზავრა და თავისი გულუბრყვილობით ეგონა, რომ უფლის თვალს გაერიდა. უფლის ნებით ზღვაზე ქარიშხალი ამოვარდა და გემი ნაფოტივით აათამაშა. სხვადასხვა ეროვნების ადამიანები თავიანთ ღმერთებს სთხოვდნენ შველას, იონას კი გემბანქვეშ ღრმად ეძინა. იგი ხომალდის მეთაურის ხმამ გააღვიძა-ადექი და შესთხოვე შენს ღმერთს ჩვენი გადარჩენაო. იონა რა პირით გაბედავდა ლოცვის აღვლენას! ქარიშხალი არ ცხრებოდა და გემს ჩაძირვა ემუქრებოდა. მეზღვაურებმა და მგზავრებმა წილი ყარეს, რომ გაეგოთ, ვისი ცოდვების გამო იღუპებოდნენ. უფლის განგებით წილი იონას ხვდა. იონამ თავისი ბრალი აღიარა და დიდსულოვნად ურჩია მეზღვაურებს, რომ გადაეგდოთ ზღვაში და ქარიშხალიც ჩადგებოდა. ასეც მოხდა, ხოლო უფლის ნებით იონა ვეშაპმა ჩაყლაპა. ვეშაპის სტომაქში მომწყვდეულმა წინასწარმეტყველმა კი ლოცვით მიმართა ღმერთს. სამი დღე-ღამის განმავლობაში იონა ინანიებდა თავის ურჩობას და ღმერთმაც შეიწყალა იგი და იმ ადგილას დააბრუნებინა ვეშაპს, საიდანაც ის ხომალდით გაიქცა.

ბიბლიური თხრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანები წიგნში გადმოცემულ ამბავს, იონას ვეშაპის მუცელში სამდღიანი ყოფნის შესახებ, მითად, ალეგორიად მიიჩნევენ, თუმცა წმინდა წერილში თავად მაცხოვარი ამოწმებს ამ მოვლენის ჭეშმარიტებას, რაც ეჭვგარეშეა, მაგრამ ამით კიდევ ერთი რამ ცნაურდება: იუდეველებს, რომელთაც უფალი მიმართავდა, ღრმად სწამდათ იონასთან დაკავშირებული მოვლენების უტყუარობა.

წმინდა იონას სამი დღე ვეშაპის მუცელში ყოფნა და ხსნა, სიმბოლურად წინასახე იყო ქრისტეს სამი დღის მერე საფლავიდან მკვდრეთით აღდგომისა. იესო ახსენებდა კიდეც წმინდა წინასწარმეტყველს და გადატანითი მნიშვნელობით მიუთითებდა "ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იგი იონა წინაწარმეტყუელისაჲ"(მათე, 16,4).

ისევ მოუწოდა უფალმა იონას, წასულიყო და ექადაგა ნინევიაში. იონაც დამორჩილდა. იონას ქადაგებამ და წინასწარმეტყველებამ, რომ ნინევია 40 დღეში დაიქცეოდა, თუკი ისინი არ მოინანიებდნენ, ნაყოფი სწრაფად გამოიღო და ნინევიელებმა იწამეს ღმერთი და ღრმა სინანულს მისცეს თავი, იმ ზომამდე, რომ პირუტყვიც კი ამარხულეს. არ ესიამოვნა იონას ნინევიელთა გადარჩენა, ისე გამწარდა, რომ სიკვდილი ინატრა. იონა იმედს არ კარგავდა, რომ უფალი ნინევიას დააქცევდა. იგი გასცილდა ქალაქს, აღმოსავლეთით გაჩერდა, მზისგან დასაცავად ჩარდახი მოიწყო, მის ჩრდილში დაჯდა და ელოდებოდა ქალაქის დაქცევას. ამასობაში ღმერთმა იონას აყირო აღმოუცენა, რომელმაც იონას ჩარდახი ჩრდილში მოაქცია. გაიხარა იონამ, მაგრამ მეორე დილას უფლის ნებით იონამ აყირო გამხმარი ნახა, ხოლო შუადღით საშინელმა პაპანაქებამ ისე გაამწარა, რომ სიკვდილი ინატრა. მაშინ ღმერთმა უთხრა: "მაგრად გამწარდი აყიროს გამო? შენ ერთი აყირო დაგენანა, რომელიც შენ არ დაგირგავს და გაგიზრდია, ერთი ღამის შვილი იყო და ერთ ღამეში გახმა. აბა, მე როგორ არ დამენანოს, სადაც ასოცი ათასზე მეტი კაცი ცხოვრობს, რომელთაც ერთმანეთისაგან ვერ განურჩევიათ მარჯვენა და მარცხენა და სადაც უამრავი პირუტყვია".

დეკან. იოანე სოლოვიოვი:-განმმარტებელთა ნაწილმა იონას ნინევში ქადაგება მითად გამოაცხადა, რადგან, მათი მტკიცებით, აურაცხელი რაოდენობის ასურულ ისტორიულ წყაროებში მსგავსი არაფერი თქმულა, რაც მოვლენის მასშტაბურობიდან გამომდინარე, უეჭველად უნდა დაფიქსირებულიყო სადმე. წარმოდგენილი აზრის საპირისპიროდ რამდენიმე მაგალითს მოვიხმობთ: როდესაც დადგა ჟამი ებრაელთა ეგვიპტური მონობიდან გამოხსნისა, ამ მისიის შესასრულებლად უფალმა მოსე წინასწარმეტყველი მოიხმო. იუდეველები საღვთო სასწაულქმედებათა შემდეგ აღთქმული ქვეყნისკენ გაემართნენ, მაგრამ ფარაონმა მათი დამორჩილება განიზრახა და უზარმაზარი ეგვიპტური ჯარით დაედევნა, თუმცა რჩეული ერის დამონების მოსურნე ეგვიპტელები მეწამულ ზღვაში დაინთქნენ. მიუხედავად უმდიდრესი ისტორიოგრაფიული მემკვიდრეობისა, არც ერთ ეგვიპტურ წყაროში არ დაფიქსირებულა მსგავსი ამბავი და ამის თაობაზე მხოლოდ წმინდა წერილიდან ვიგებთ.

სენნახირიმის ერთ-ერთი წარწერა იუდეველი მეფე ეზეკიას წინააღმდეგ ასურელთა ლაშქრობის შესახებ დეტალურ ცნობებს გვაწვდის, მაგრამ ბიბლიური უწყებისგან განსხვავებით, სადაც ასურელთა კრახზეა საუბარი (ერთ ღამეში სენნახირიმს 185 000 ჯარისკაცი ეღუპება), იმავე ისტორიულ წყაროებში სრულიად განსხვავებულ ცნობებს ვხვდებით: ასურელებმა ბრწყინვალედ გაიმარჯვეს, დაიმორჩილეს მეფე ეზეკია და სამშობლოში ძლევამოსილნი დაბრუნდნენ. ამჯერად წარმოდგენილ ცნობებს ვიკმარებთ და შევნიშნავთ, რომ განა ზემოთქმულის შემდეგ გვაქვს უფლება, ისტორიულ წყაროებს იონას ქადაგების უეჭველი მტკიცებულებანი მოვთხოვოთ?! ზოგიერთი იმასაც კითხულობს, თუ რატომ არაფერი თქმულა საკუთრივ მეფეთა წიგნებში გეთხოფერელი წინასწამრეტყველის ასურეთის დედაქალაქში ქადაგების შესახებ? უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ რაჟამს მეფეთა მეოთხე წიგნის ავტორი იერობოამ II-ის მეფობას წმინდა მატიანეში ასახავდა, იონას წიგნი, როგორც დამოუკიდებელი წყარო, უკვე არსებობდა. შესაბამისად, აღწერილი მოვლენის ხელახალი გამეორების აუცილებლობაც არ არსებობდა. ამასთანავე, როდესაც მსგავს საკითხებზე ვმსჯელობთ, მთავარია გვახსოვდეს, რომ იუდეველთა ისტორიული წმინდა წიგნები თავიანთი შემადგენლობითა და მიზანდასახულობით, როგორც თავად სათაურებიც გვიჩვენებს ("მეფეთა წიგნები"), სახელმწიფო მატიანეს წარმოადგენდა, რომლებშიც იუდეველი ერის, მეფეების დამოკიდებულება აისახებოდა იაჰვეს, ისრაელის მეუფისა, და მისი აღთქმებისადმი, განიხილებოდა იუდეველთა სახელმწიფოსა და ხალხში თეოკრატიის განვითრების პრინციპები. ამიტომაც, თუკი ხსენებულ წიგნებში ვინმე წინასწარმეტყველის შესახებ თქმულა რამ, მხოლოდ იმ კონტექსტში, თუ რამდენად ახდენდნენ გავლენას ეს ადამიანები ერის ცხოვრებაში მიმდინარე თეოკრატიულ პროცესებზე. სწორედ ამ განზრახულობითაა მოთხრობილი მესამე და მეოთხე მეფეთა წიგნებში ელიასა და ელისეს შესახებ. ამავე მიზეზით იქვე იონა წინასწამეტყველიც იხსენიება, რომელიც წინდაწინ იუწყებოდა იერობოამ II-ის მიერ ისრაელის სამეფო საზღვრების განვრცობის თაობაზე, ხოლო თავად იონასგან აღწერილ წიგნში მოთხრობილი მოვლენები წარმართულ სამყაროსთან იყო კავშირში და, როგორც ასეთი, არ შედიოდა მეფეთა წიგნების განსახილავ თემაში.

წმინდა იონას ხატის წყარო: https://drevo-info.ru; @19333@
......................................
აქვე წაიკითხეთ:

თვით ქრისტემ დაასვა ბეჭედი ამ სადავო საკითხს
ბეჭდვა
1კ1