წმინდა მოწამენი: ვიტე, მოდესტოსი და კრისკენტია (+303) - 16 (29) მაისი
წმინდა მოწამენი: ვიტე, მოდესტოსი და კრისკენტია (+303) - 16 (29) მაისი
წმინდა მოწამენი: ვიტე, მოდესტოსი და კრისკენტია (+303) ქრისტესთვის აღესრულნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ჟამს. წმინდა მოწამე ვიტე ვაჟი იყო ცნობილი სიცილიელი დიდებულის, წარმართი გილასისა. ჯერ კიდევ ყრმას გულით შეუყვარდა ღმერთი. უფალმა მას სასწაულქმედების მადლი უბოძა. სნეულებს კურნავდა და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ვალერიანემ მოუხმო გილასს და უბრძანა, შვილი ქრისტესგან განეყენებინა. სწორედ ამ დროს იმპერატორმა გამოსცა ბრძანება ქრისტიანთა დევნის შესახებ. და არა მარტო ყრმა ვიტეს, გილასის მთელ ოჯახს განსაცდელი ელოდა. მამამ შვილი ვერაფრით დაარწმუნა და სასტიკად სცემა. ვალერიანემ ამის შესახებ შეიტყო და წმინდა ვიტე სამსჯავროზე გამოიძახა. მსაჯულის წინაშე ყრმამ მტკიცედ აღიარა თავისი რწმენა და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი თქვა. უმოწყალოდ ცემეს. ვალერიანე ვიტეს უფრო სასტიკად წამების ბრძანებას რომ გასცემდა, მოულოდნელად ხელი გაუშეშდა. წმინდანის ლოცვით მმართველმა კურნება მიიღო, სასამართლო შეწყვიტა, შვილი გილასს გააყოლა სახლში და უბრძანა, რადაც უნდა დასჯდომოდა, იგი ქრისტიანობისაგან განეყენებინა.

ხორციელი ცოდვით რომ დაცემულიყო, გილასმა შვილი ფუფუნებაში ჩასვა და ლამაზი გოგონები მოუყვანა. საუკეთესო საჭმელები მოჰქონდათ, ნადიმებს მართავდნენ. მაგრამ ვერანაირმა ხერხმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. წმინდა ვიტე მოუკლებლად ლოცულობდა და განსაცდელის ჟამს უფალს შეწევნას სთხოვდა. ანგელოზები გამოეცხადნენ და მასთან ერთად ლოცულობდნენ. ერთხელ შვილთან შესულმა გილასმა ანგელოზები იხილა და იმწამსვე დაბრმავდა.

გილასმა აღთქმა დადო, რომ უარყოფდა კერპებს და წმინდა ვიტეს ლოცვით თვალები აეხილა, მაგრამ განკურნების შემდეგ შეიძულა შვილი და მისი მოკვლა განიზრახა. ყრმის გადასარჩენად მისმა აღმზრდელმა, წმინდა მოდესტოსმა და ძიძამ, წმინდა კრისკენტიამ, ფარულმა ქრისტიანებმა, წმინდა ვიტე მალულად გაიყვანეს მშობლების სახლიდან, მდინარესთან ნავი ნახეს, უფლის ანგელოზები შევიდნენ ნავში და ლტოლვილნი იტალიის ერთ-ერთ მხარეში, ლუკანიაში მიიყვანა. სადაც ისინი, უფლის ანგელოზის მფარველობით, განმარტოვდნენ და დიდხანს ფარულად ცხოვრობდნენ. წმინდა ვიტე კვლავ კურნავდა სნეულებს, წარმართებს აქრისტიანებდა. მისი სასწაულების ამბავი მთელ ქვეყანაში გახმაურდა - წმინდა ვიტე და მისი მასწავლებელი. წმინდა მოდესტოსი იმპერატორის წინაშე დაასმინეს. ყრმის სილამაზით გაოცებულმა დიოკლეტიანემ ვიტეს ურჩია, კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირა. ვიტემ ამხილა კერპთაყვანისმცემლობის უგუნურება და განკურნა ბოროტი სულისაგან შეპყრობილი იმპერატორის ვაჟი. დიოკლეტიანე ვიტეს სარწმუნოების უარყოფის საფასურად სთავაზობდა პატივს, დიდებას, სიმდიდრეს, მაგრამ მან უარი განაცხადა. წმინდა მოდესტოსთან ერთად იგი დილეგში ჩააგდეს. საპყრობილეში ტუსაღებს იესო ქრისტე გამოეცხადა, გაამხნევა და გააძლიერა. უფლის გამოცხადების დროს წმინდანები საკვრელთაგან გათავისუფლდნენ. დიოკლეტიანემ ეს სასწაული ჯადოქრობად მიიჩნია და ბრძანა, მდუღარე ზეთით სავსე ქვაბში ჩაეგდოთ ვიტე. ყრმა მასში, როგორც ცივ წყალში, იდგა და არაფერი ევნო. შემდეგ უზარმაზარი ლომი მიუშვეს. მან ჯვარი გადასახა, მხეცი მორჩილად დაუწვა ფეხებთან და ლოკვა დაუწყო. მოწამეები ბოძზე ჩამოკიდეს და რკინის კაუჭებით დასერეს. ამ საშინელების მხილველი წმინდა კრისკენტია გამოეყო ხალხს, ქრისტიანად გამოაცხადა თავი და იმპერატორი უღმრთოებასა და სისასტიკეში ამხილა. ამისათვის ისიც სასტიკად გვემეს და აწამეს. ვიტემ ღმერთს შეჰღაღადა: "ღმერთო, გვიხსენ ჩვენ ძალითა შენითა და დაგვიფარე ჩვენ". უეცრად მიწა იძრა და ბევრი წარმართი დაიღუპა შენობის ნანგრევებში. შეშინებული დიოკლეტიანე თავის სასახლეში გაიქცა.

ანგელოზმა მოწამეები ბოძიდან ჩამოხსნა და ლუკანიაში გადაიყვანა. წმინდა ვიტე უფალს შეევედრა, მშვიდობით მიეღო მათი სულები და თავისი წყალობა არ მოეკლო იმ ადამიანებისთვის, ვინც მათ მარტვილობას გაიხსენებდა. ამ დროს ციდან ხმა მოესმა: "უფალმა შეისმინა შენი ვედრება". წმინდა მოწამენი: ვიტე, მოდესტოსი და კრისკენტია აღესრულნენ დაახლოებით 303 წელს. წმინდა ვიტეს წმინდა ნაწილები პრაღაში გადაასვენეს. წმინდა კეთილმსახურმა მთავარმა ვიაჩესლავ ჩეხმა (ხს. 28 სექტემბერს) ააშენა წმინდა ვიტეს სახელობის ტაძარი, სადაც შემდგომ დაასვენეს წმინდა მოწამის ნაწილები.

ხატის წყარო
........................

აქვე წაიკითხეთ:

წმინდა მოწამენი ვიტე, მოდესტოსი და კრისკენტია მზრდელი (+დაახლ. 303) - 15 (28) ივნისი

ბეჭდვა
1კ1