აღმსარებელი - მღვდელი ამბროსი კანდელაკი
აღმსარებელი - მღვდელი ამბროსი კანდელაკი
მღვდელი ამბროსი კანდელაკი 1870 წელს იმერეთის გუბერნიაში, სოფელ ჭოგნარში, მღვდელ ბესარიონ კანდელაკის ოჯახში დაიბადა. მამა ბესარიონი სოფელ ნოღის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოძღვარი იყო. ბაბუამისი სამღვდელო პირი ყოფილა. ამგვარ გარემოში გაზრდილმა ბუნებრივია, თვითონაც მღვდლობა ისურვა. 1894 წელს წმინდა გაბრიელ (ქიქოძე) ეპისკოპოსმა ჯერ დიაკვნად აკურთხა მამა ამბროსი, შემდეგ კი მღვდლად ხელი დაასხა და სოფელ ჭოგნარის სამრევლოს წინამძღვრად დანიშნა. მამა ამბროსი მიეკუთვნებოდა სემინარიელთა იმ ჯგუფს, რომელნიც ილია ჭავჭავაძის იდეებით ანთებულნი ემსახურებოდნენ ქართველი ხალხის განათლებას. მისი ინიციატივით სოფლებში ჭოგნარსა და დაფნარში ორწლიანი სკოლები გაუხსნიათ. თავდაპირველად შენობის უქონლობის გამო სკოლა თავის სახლში გაუხსნია. ბევრი უშრომია მამა ამბროსის. 1917 წელს კი ავტოკეფალიის გამოცხადების შემდეგ ქუთათელმა მიტროპოლიტმა ანტონმა (გიორგაძე) მამა ამბროსი გამოჩინებულის ოლქის მთავარხუცესად დანიშნა.

1921 წელს კომუნისტურმა ხელისუფლებამ ღვთისმსახურება მამა ამბროსისაც აუკრძალა და ჭოგნარის ტაძარი დაანგრია. როდესაც სიტყვით ვერაფერს გახდნენ, მოძღვარი დააპატიმრეს და ძალით გაკრიჭეს. შეშფოთებულმა მამა ამბროსიმ ღამით მთელი საეკლესიო ნივთები და საღვთისმსახურო წიგნები ჩუმად მიიტანა სახლში და სხვენზე დამალა. კომუნისტები სახლში მიუცვივდნენ მოძღვარს, ყველა ნივთი შუა ეზოში გამოიტანეს და დაწვეს. მამა ამბროსის მოუსწრია და ზოგიერთი ნივთი სხვაგან გადაუმალავს.

მიუხედავად დევნა-მუქარისა, მამა ამბროსი ღამღამობით, ჩუმად აღასრულებდა საეკლესიო საიდუმლოებებს. დევნილი მოძღვარი 1939 წლის თებერვალში გარდაიცვალა. დაკრძალეს სოფლის სასაფლაოზე.

აქვე წაიკითხეთ:

მღვდელი ამბროსი კანდელაკი იმ სემინარიელთა ჯგუფს მიეკუთვნებოდა, რომელნიც წმინდა ილია ჭავჭავაძის ეროვნული იდეებით გულანთებულნი ემსახურებოდნენ საკუთარ ქვეყანას

სურათის წყარო »»

ბეჭდვა
1კ1