ყოველი დაბრკოლება და განსაცდელი უფრო მაქეზებს, უფრო ხელს მიწყობს ღვთის სამსახურსა და კეთილ საქმეში
ყოველი დაბრკოლება და განსაცდელი უფრო მაქეზებს, უფრო ხელს მიწყობს ღვთის სამსახურსა და კეთილ საქმეში
(გაგრძელება, დასაწყისი იხ.#18-22)
"სიყვარულით, ვთქვათ, უღვთოდაც კი უყვართ ერთმანეთი, მაგრამ ამისთანა სიყვარულს როდი ვამბობ. მე ვამბობ საზოგადო სიყვარულს: კაცს უნდა უყვარდეს ყველა კაცი, ესე იგი, მთელი კაცობრიობა, კეთილიც და ბოროტიც. ბოროტი იმიტომ, რომ ამ სიყვარულის საშუალებით შეეძლოს მისი ბოროტებისგან მოქცევა და კეთილ გზაზე დაყენება, და კეთილი, მიტომ, რომ წააქეზოს თავის სიყვარულიანის სიტყვებით და კარგის ქცევით და უფრო ბევრი კეთილი საქმე ამოქმედებინოს და ეს სიყვარული კი ისე ძლიერი უნდა იყოს მის გულში, რომ არ შეეძლოს მისი აღმოფხვრა არავითარს შემთხვევას და უნდა ჩაჰყვეს საფლავში. ვიმეორებ, როგორ შეუძლია ამისთანა წმინდა და უმზაკვრო სიყვარული იქონიოს კაცთადმი იმან, ვისაც ღმერთი არ უყვარს?!

ერთი ზემოხსნებულზე უფრო გასაკვირველი და სამწუხაროც კიდევ უნდა გითხრათ: კვირა ან სხვა სადღესასწაულო დღეა. აქეთ-იქიდან ზარის რეკვის ხმა მოისმის; ყველა ქრისტიანი მოვალეა, მიეშურებოდეს ეკლესიაში სალოცავად, ღვთის საძიებლად და მერმე ვის ჰხედავთ იქ მიმავალს, იქ მლოცველს? უფრო მეტ ნაწილს ისევ იმისთანას, რომელსაც სახელით გაუგონია მხოლოდ ეკლესია და რომ ჰკითხოთ, რა არის ეკლესია, რისთვის აუშენებიათ და ან რა არის მისი დასაწყისი და დასასრული, ისე არ იცის, როგორც მე ფრანგული, ხოლო ის, ვისაც კარგად უნდა ესმოდეს, რა არის ეკლესია, მისი დასაწყისი და დასასრული, გადაუკითხავს დაწვრილებით მისი თავგადასავალი და ერთის სიტყვით ის, ვისაც მიუღია საშუალო ან უმაღლესი სწავლა და სახელგანთქმულია სწავლით, განათლებით, გონება-გახსნილობით და ხშირად მამულის შვილობითაც კი - წამოწოლილა, მისცემია ტკბილ ძილს და ასე წარმოიდგინეთ, კიდეც ეჯავრება, რომ უდროოს დროს გამოაღვიძა ზარების ხმამ. ახლა ჰკითხეთ ამ რიგის ვაჟბატონებს, რატომ არ მიბრძანდებით ეკლესიაშიო, თუ რა გიპასუხონ: ჩვენთვის რა საჭიროა ეკლესიაში სიარული, ისეც ყველაფერი ვიცითო. ეკლესიაში სიარული მდაბიო და უმეცარი ხალხის საქმეაო. იცით, რა საშინელი ვნება მოაქვს ამ ცრუ აზრის გავრცელებას ხალხში? როგორც მოგეხსენებათ, კაცი მეტად ჭკვიანი უნდა იყოს და გაწვრთნილი, თორემ ვერ იტვირთებს, რომ ვინმემ უმეცარი დაუძახოს. უმეცარი როცა გაიგონებს მსწავლულისაგან, ეკლესიაში სიარული უმეცარის ხალხის საქმეაო, მაშინვე იტყვის გულში, უთუოდ მეტის სწავლით გაუგია, რომ ეკლესიაში სიარული უმეცრებააო და ამისათვის, რასაკვირველია, კიდევაც დაანებებს თავს სიარულს და ამით აღრაცხავს თავის თავს მეცნიერთა გუნდში. დასამტკიცებლად ამისა, აბა, გაუხსენეთ ზოგიერთს, რომ იარონ ეკლესიაში, ილოცონ, იმარხულონ, აღასრულონ ღვთის მცნება და ჰნახავთ, თუ მაშინვე ესე არ გიპასუხონ: რატომ ეს სწავლულები არ იქცევიან ასრეო. ამ სიტყვებით ადვილად დაგაბამსთ და უკან დაგაწევინებთ, თუ მაგრად არ დახვდით და სხვა გზით არ შემოუარეთ, რადგან მართლაც რომ ძნელად შეხვდებით იმისთანა განათლებულს, რომელიც სრულის ჭეშმარიტების მოყვარული და მისი მორჩილი იყოს, ასე რომ, თუ დადის ეკლესიაში, სამაგიეროდ მარხვა და ხსნილი იმან არ იცის და საზოგადოდაც კი გაიძახის, მარხვა არ არის, ამომავალი წარსწყმედს კაცს, თორემ ჩამავალი არაფერი არ არისო. ამით იმას ამტკიცებს, რომ ვითომ უდიდესი გამხდარა ამ წმინდანებზე, რომელნიც ერთის თქმით მკვდარს აყენებდნენ ლოგინიდან და რომელნიც ძლიერ საჭიროდ სთვლიდნენ მარხვის შენახვას. ხოლო ზოგი თუ მარხვას ინახავს, სამაგიეროდ, იმისთანა რასმე ლაპარაკობს, რომელიც სრულიად არ შეშვენის განათლებულ კაცს და რომელიც ორის წლის ყმაწვილისგანაც კი გაგიკვირდებათ. ზოგს კიდევ ბანკის თამაშობისთვის უნაცვალებია ჭეშმარიტება და ზოგსაც - გემოთმოყვარებისთვის. აი, კიდევაც ეს უნდა იყოს ერთი უმთავრესი მიზეზთაგანი, რომ თანდათან, დროის განმავლობაში, უფრო და უფრო აკლდება ჩვენს ეკლესიას მლოცავი ხალხი. ნათქვამიც ხომ ასეა: "მიხედულობამ წამწყმინდაო". განათლებულთა მიხედულობა უთუოდ ან წაწყმედს ან აცხოვნებს გაუნათლებელს და მუდამ სხვის შემხედვარე ხალხს. რა აზრისა და მიმართულებისაც განათლებული და დაწინაურებულია, თითქმის იმავე აზრისაა უკან ჩამორჩომილი და გაუნათლებელი ხალხიც. რომ ვიტყვით ხოლმე, წინანდელი ხალხი უფრო ღვთის მოყვარული და პატიოსანი იყოო, ეს თქმა იმით მართლდება, რომ ყოველთვის, როცა ხალხს ზნეობით და პატიოსნებით შემკული კარგი წინამძღვარი ჰყოლია, მაშინ ხალხშიც დამცხრალა ბოროტება და დამყარებულა მშვიდობიანობა და კეთილდღეობა; ხოლო როცა ხალხის მოთავე და წინამძღვარი ცუდის მიმართულებისა და ადამიანურს ქცევას მოკლებული ყოფილა, მაშინ ხალხიც იმას ასდევნებია უკან. "როგორიც მღვდელიო, ისეთიც ერიო". ეხლანდელ მსწავლულთა უმეტესის ნაწილის ყურადღება საერო საქმის კარგად მოწყობაზეა მიქცეული და ვითომ ცდილობს ქვეყნიერებაზე კეთილდღეობა და მშვიდობიანობა დაამყაროს, მაგრამ ეს ყოვლად შეუძლებელია; საერთო საქმე რაც უნდა მოაწყოს, მაინც არავითარს ნაყოფს არ მოიტანს იქამდის, სანამ პირველად უმთავრესი ყურადღება არ მიექცევა იმ ღონისძიებას, ურომლისოდ არ დამყარებულა არასოდეს ქვეყნიერობაზედ მშვიდობიანობა, არც არის დამყარებული და არც დამყარდება არასოდეს და რომ ეს ღონისძიება არის სასულიერო საქმის კარგად მოწყობა, ამას ახლავე ნათლად დაგიყენებთ თვალწინ.

ჩემის აზრით და თვით გამოცდილთა აზრითაც, ყოველი შიში, სირცხვილი და სვინდისის მხილება, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს გამოწვეული, დაუვიწყარ შთაბეჭდილებას აწარმოებს მხოლოდ გონებაგახსნილ კაცზედ. მაშასადამე, რომ ადამიანის გონების გახსნას უმთავრესი ყურადღება მიაქციოს ყველა მართლა სწავლა-განათლების შემძენმა ხალხის წინამძღვარმა და მისმა გულშემატკივარმა, პირველად რა საშუალებას უნდა მიმართოს? თუ ვსთქვათ, სწავლა-განათლებასო, ასეთი თქმა სრული და უნაკლო ჭემარიტება არ იქმნება, რადგანაც არის ისეთი ცრუ სწავლა-განათლებაც, რომ არამც თუ არ გაუხსნის კაცს გონებას, არამედ სულ დაუმცირებს ყოველ კაცობრიულ ღირსებას და ნამდვილ კერპთთაყვანისმცემლად გადააქცევს. რომელია ეს სწავლა? ეს ის სწავლაა, რომელიც ყოველ წუთს აქეზებს კაცს მარტო ხორციელ და არა სულიერ ცხოვრების მიმდევრობისთვის.

ახლა რა მიზეზია, რომ სასწავლებლები ქალაქებშია დამართული, სადაც ჯერ ხასიათით გაუმაგრებელს მოსწავლეს ყოველ ფეხის გადადგმაზე ათასგვარი ბოროტება და ცდუნება ეჩხირება თვალში, რის გამოც ძნელად შეითვისებს იქ მოსწავლე ადამიანურ ქცევას. კარგი იქნებოდა, რომ თავიდგან ასცილებოდათ ზემოხსენებული დაბრკოლება მოსწავლეთ; და ამის გარდა ჰყოლოდათ იმისთანა მასწავლებლები და მოძღვრები, რომელთაც შეუცვლელად გადაეცათ მოსწავლეთათვის მათი საზოგადოებისგან დიდი ხნით გაცნობილი კარგი ხასიათი და ქცევა; ღვთის შიში და მორიდება ცოდვათა. სასწავლებელი არს საწვრთნელი უდაბნო, სადაც უმთავრესი ყურადღება მოსწავლეთა ზნეობას უნდა ჰქონდეს მიქცეული და საიდგანაც უნდა გამოდიოდნენ ღვთის სიყვარულით, სწავლით, პატიოსნებითა და ხასიათით გამაგრებულნი.

მართალი უნდა გითხრათ, ამ ღვთის სამსახურით, მის და კაცთა სიყვარულით, შრომისმოყვარეობით და კეთილ-საქმიანობით ისე ვარ გატაცებული, რომ თავს ძლივს ვიმაგრებ. მეტის ბედნიერებითა და სიხარულით, ასე მგონია, ცაში ანგელოზებთან ერთად ვფრინვიდე და წარმოიდგინეთ, როცა დასაძინებლად დავწვები, ზოგჯერ როდიღა მინდა დავიძინო: დაწოლილი ხელაღპყრობით ვეხვეწები ღმერთს, - ღმერთო, რაღა დავიძინო, ბარემ წამიყვანე ეხლავე-მეთქი. დილით რომ გამომეღვიძება, პირველი ჩემი აზრი ის არის, დღეს რაც შეიძლება გუშინდელზე კარგი ქცევა გამოვაჩინო, გუშინდელზე უფრო მეტი კეთილი საქმე მოვიმოქმედო და მით ღმერთიც უფრო გავახარო ცათა შინა და მეც მეტი სიამოვნება ვნახო-მეთქი. ვსთქვათ, ზოგჯერ კი შემეშლება კეთილ საქმეში ხელი: დამეზარება ღვთის სამსახური, კეთილი საქმე; დამიწყებს ბოროტებაზე გული წევას; სული მიეცემა მოწყინებას, მაგრამ ამ დროს გადავავლებ მრისხანედ გონების თვალს ჩემს ამნაირს მდგომარეობას და მივმართავ ყოვლის განსაცდელისაგან მხსნელს მაცხოვარს ლოცვით და ვედრებით.

ეს ღვთისადმი ლოცვა და ვედრება სასწაულივით მოქმედებს ჩემზედ. არამც თუ მარტო განსაცდელისაგან მათავისუფლებს, არამედ წინანდელზე ორ წილს სიყვარულსაც აჩენს ჩემში; ამისთვის, ზოგჯერ კიდევაც მიამება, როცა განსაცდელი მომადგება და ხშირად კიდევაც მოვუხმობ ჩემთ განმცდელთ: მოდით, მოდით, ნუ გეშინიათ, ჩემ გულს მაინც ვერ შეარყევთ-მეთქი. ყოველი დაბრკოლება და განსაცდელი უფრო მაქეზებს, უფრო ხელს მიწყობს ღვთის სამსახურსა და კეთილ საქმეში. კაცი და ღირსი ქებისა ის არის, ვინც წინააღმდეგია ყოველის ბოროტებისა და მხნედ და შეუმჩნევლად აიტანს ყოველგვარს ჭირსა და განსაცდელს. ხოლო არაკაცი და ღირსი ძაგებისა ის არის, ვინც თავს მოუხრის ყოველგვარს ცოდვას, ჭირს, განსაცდელს და დაბრკოლებას.

ერთის სიტყვით, როგორც გინდათ, ისე სთქვით და სწორედ რომ ბედიერად ვსთვლი ჩემს თავს; მხოლოდ ამ ჩემს ბედნიერებას, ცოტა არ იყოს, ხელს უშლის სხვებისთვის დარდი და წუხილი; ვწუხვარ, რატომ სხვებიც კეთილად არ სცხოვრობენ-მეთქი; და აი, კიდევაც ამ დარდის და წუხილის გასაქარვებლად მოგიყვებით ჩემი ცხოვრების ისტორიას, იქნება იმოქმედოს თქვენზედ ჩემი ცხოვრების მაგალითმა და ჩემსავით განახლებულის ცხოვრების სურვილი აღგიძრათ.

ახლა, თუ იმოქმედა ამ ისტორიამ თქვენს გულზედ, თუ მოგესურვათ ღვთის სამსახური და კეთილი საქმე, მოდით, ძმებო, ხელი-ხელს ჩავკიდოთ და გულსმოდგინებით შევუდგეთ კეთილის შესრულებას თვით საქმით და არა მხოლოდ ლიტონის (ცალიერის) სიტყვით".

ეს ბაასი მოხდა 1883 წელს. ყველა მსმენელმა დიდის ყურადღებით და გაკვირვებით მოისმინა მაქსიმეს ნაამბობი. ძლიერი შთაბეჭდილება და გავლენა იქონია მათზედ კეთილ სათნოებებით შემკობილმა მაქსიმეს სულის ძლიერებამ მთელს მათს ცხოვრებაში. ყველანი ცეცხლებრ აღიგზნენ კეთილის საქმის შესრულებისთვის. ამიტომ მაშინვე გადასწყვიტეს მაქსიმეს დახმარება უფრო საღმრთო წიგნთსაკითხავის დაარსებაში. მართლაც, ხელი-ხელს მისცეს და გულსმოდგინედ შეუდგნენ ამ საქმის დაგვირგვინებისთვის ზრუნვას.

მაქსიმემ თხოვნა მიართვა გუბერნატორს. გუბერნატორმა ნება დართო და არქიელს გაუგზავნა. არქიელს გაეხარდა თურმე, სარწმუნოება მდაბიო ხალხს უფრო ჰქონიაო. მაშინვე დაიბარა მაქსიმე თავის ამხანაგებით, აკურთხა და უთხრა: - თუმცა დიდის სიხარულით ვეგებები ამ თქვენს კეთილს საქმეს, მაგრამ თქვენ უსწავლელი ხალხი ხართ; ამიტომ ძალიან მეშინია, თუ იმისთანა ნასწავლი კაცი შემოვიდეს თქვენთან, რომელიც დაგიწყებთ სარწმუნოებაზედ სჯას და თქვენის გამოუცდელობით ურწმუნოების გზას დაადგეთო.

მაქსიმემ მიუგო: ყოვლად უსამღვდელოესო მეუფეო, ნამდვილი ბრძანება არის, არიან იმისთანა ნასწავლნი, რომელთაც დაუხშავთ სასუფევლის კარი, თვითონ არ შედიან და შემავალთაც აყენებენ, რომ არ შევიდნენ; ჩვენ ახლავე ვიცით, რომ ამისთანა უმეცარნი ნასწავლნი კაცნი ბევრნი გამოგვიჩნდება, მაგრამ უფალმა გვიბრძანა, არ ვიწვრთიდეთ სიტყვის საგებლად: "მაშინ სულიწმიდა არს მეტყველი და მიგცე პირი და სიბრძნეო". ამისთვის ჩვენ მხოლოდ უნდა გვქონდეს საქმით შემკობილი მტკიცე ჭეშმარიტი სარწმუნოება და "ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა მიერო". "სადაც შეიკრიბება ორი ანუ სამი სახელითა ჩემითა, მე მუნ ვარ მათ შორისო". მრწამს, ყოვლად უსამღვდელოესო მეუფეო, რომ სადაც ღმერთი არის, სიბრძნეც იქ არის, ამისთვის "დადნეს ყოველნი ცოდვილნი პირისაგან ღვთისა და მართალნი იხარებდნენ". ჩვენ უკვე მრავალჯერ შეგვემთხვია ამისთანა დამაბრკოლებელ კაცთან სჯა და ბაასი, მაგრამ ყველანი ღვთის შეწევნით გაგვიმტყუნებია და შერცხვენილნი წასულან, ხოლო ჩვენ დიდი სიხარული გვიგრძვნია.

არქიელს ძლიერ ესიამოვნა ეს პასუხი. გახარებული ვარ თქვენის სარწმუნოებისთვის და დიდის გულსმოდგინებით ნებას გრთავთ, რომ აწარმოოთ თქვენის თხოვნისაებრ უფასო საღმრთო წიგნთსაკითხავი და საგალობელი კაბინეტიო; მე, პირიქით, ხელს მოგიმართავთ ყველაფერში, მოციქულებიც მდაბიო ხალხი იყო, მაგრამ ღმერთმა იგინი აღირჩია მოციქულებად. ჩემთვისაც სწორედ თქვენისთანა ხალხია საჭირო. მე თქვენ მოგამზადებთ, გაკურთხებთ მღვდლებად და გაგამწესებთ საქართველოს სხვადასხვა სოფელშიო.

თხოვნაზე მაშინვე ხელი მოაწერა და დანიშნა ზედამხედველად დეკანოზი პეტრე კონჭოშვილი (აწ განსვენებული ეპისკოპოსი გორისა) და მასთან ორი სხვა მღვდელიც, თხოვნა მაშინვე გადასცა მაქსიმეს და მასთან აჩუქა სხვადასხვა ქადაგებათა წიგნი: დალოცა, აკურთხა, დაარიგა, შემდეგისათვის შემწეობა და წყალობა აღუთქვა და მშვიდობით გამოისტუმრა.

მაქსიმეს და მისი ამხანაგების სიხარულს საზღვარი აღარა ჰქონდა. მსწრაფლ შეკრიბეს ფული, იყიდეს ხატები და მრავალი სხვადასხვა საღმრთო შინაარსის წიგნი და დააარსეს უფასო საღმრთო წიგნთსაკითხავი დაბეჭდილ წესდებისდაგვარი. საღმრთო წიგნთსაკითხავი და კაბინეტი ღია იყო საღამოს ოთხი საათიდგან ათ საათამდე; მრავალი ხალხი მიდიოდა და საღმრთო წერილის წიგნებს, სხვადასხვა ქართულ ქადაგებას, წმინდანთა ცხოვრებას და ყოველსავე მართლმადიდებელ კეთილზნეობრივ წიგნს კითხულობდა".

გაგრძელება იხილეთ შემდეგ ნომერში
ბეჭდვა
1კ1