კრება გაბრიელ მთავარანგელოზისა - 13 (26) ივლისი
კრება გაბრიელ მთავარანგელოზისა - 13 (26) ივლისი
მთავარანგელოზი გაბრიელი ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნეა, წმინდა გაბრიელი უდაბნოში გამოეცხადა ფარაონის ხელთაგან გაქცეულ მოსე წინასწარმეტყველს და წერა-კითხვა ასწავლა, მან მოუთხრო სამყაროს შესაქმის და პირველი კაცის, ადამის შექმნის ამბავი, მის წინ არსებული პატრიარქების ცხოვრების შესახებ და, მათ შემდგომ მომხდარ მოვლენებზე, წარღვნაზე, ენათა განყოფაზე, აუხსნა მას ზეციურ პლანეტათა და სტიქიათა განლაგება, ასწავლა არითმეტიკა, გეომეტრია და ყოველგვარი სიბრძნე. მან აუხსნა დანიელ წინასწარმეტყველს მეფეების და სამეფოების საკვირველი ხილვა, აუწყა მას ჟამი როცა ღვთის ხალხი ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლდებოდა.

ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებს სწორედ ის აუწყებდა იესო ქრისტეს მოსვლას, იგი გამოეცხადა წმინდა იოაკიმესა და ანას და აუწყა, მათ რომ ეყოლებოდათ შვილი და მათი თესლისგან იკურთხებოდა ყოველი ტომი დედამიწაზე.

მათი ასულის სახელი მარიამი იქნებოდა და კაცობრიობა მისგან მხსნელს მიიღებდა.

ღვთისმშობელსაც მან ახარა მაცხოვრის მასში განხორციელება: ნუ გეშინია, მარიამ, რადგანაც პოვე მადლი ღმრთის წინაშე, - უთხრა მან, - აჰა, მუცლად იღებ და შობ ძეს, და უწოდებ სახელად იესოს. დიდი იქნება იგი და უზენაესის ძედ იწოდება, და მისცემს ღმერთი მამამისის, დავითის, ტახტს. საუკუნოდ იმეფებს იაკობის სახლზე და არ იქნება დასასრული მისი სუფევისა.

ასევე მან აუწყა ზაქარიას - იოანე ნათლისმცემლის, უფლის წინამორბედის, დაბადების შესახებ.

მთავარანგელოზი გაბრიელი წმინდანებს მათი ამქვეყ¬ნიდან განსვლის ჟამს ამცნობს. იგი იმ სამოთხის რტოთი გამოისახება, რომელიც ყოვლადწმინდა ქალწულს მიართვა.

კრება გაბრიელ მთავარანგელოზისა ხარების მომდევნო დღეს, 26 მარტს იზეიმება (იხ. ამ დღის საკითხავი). 13 ივლისს ეს დღესასწაული ხელმეორედ აღინიშნება. როგორც ჩანს, მისი დაწესების მიზეზი XVIII საუკუნეში წმინდა მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის აგება შეიქნა კონსტანტინოპოლში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II შეჭირვების ჟამს "ღვთისმშობლის ხარების" ხატის წინ ამგვარად ლოცულობდა:

წმინდაო მთავარანგელოზო, როგორც ერთ დროს ახარე ქალწულ მარიამს, მომიტანე მეც სიხარული და თუ ღვთის ნება იქნება, აღასრულე ჩემი ლოცვებიო. მართლაც შეისმინა უფალმა მისი ვედრება და ხარება დღეს მისი მართალი სული თავისთან აღიყვანა.

ტროპარი

ზეცისა მხედრობათა მთავარანგელოზო გაბრიელ, გევედრებით უღირსნი ესე, რაითა მეოხებითა შენითა შეგვზღუდენ ჩუენ საფარველითა ფრთეთა შენთათა, უხორცოსა მის დიდებისა შენისა მიერ დაცულნი შეგივრდებით და ხელაპყრობით გიღაღადებთ: ღელვათა და განსაცდელთაგან გვიხსენ ჩუენ, დიდო მთავარო ზეცისა ძალთაო.
.........................

აქვე წაიკითხეთ

მთავარანგელოზ გაბრიელის კრება - 26 მარტი (8 აპრილი)
ბეჭდვა
1კ1