მარიამობის მარხვა
მარიამობის მარხვა
14 აგვისტოდან იწყება და 28 აგვისტოს მთავრდება
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ამქვეყნიური ცხოვრება ღვთის მადლით იყო გაბრწყინებული. მოციქულთა მსგავსად, იგი სიტყვითა და ლოცვით განამტკიცებდა ქრისტიანულ ეკლესიას. 43 წლის ყოვლადწმინდა მარიამი წმინდა იოანე ღვთისმეტყველთან ერთად გადავიდა ეფესოში, რომელიც მოციქულს საქადაგებლად ერგო. ჩავიდა კვიპროსზე, წმინდა ლაზარესთან, რომელიც იქ ეპისკოპოსად იყო დადგენილი. ეს სწორედ ის ლაზარეა, უფალმა ოთხი დღის მკვდარი რომ აღადგინა. ათონის მთაზე ბრძანა, რომ ეს ადგილი წილად ხვდა მას და ამიერიდან მფარველობას არ მოაკლებდა.

ძველი ქრისტიანები ღვთისმშობელს უდიდეს პატივს სცემდნენ, ამიტომ მის ყოველ სიტყვას, საქმეს იმახსოვრებდნენ, მათ ქალწული მარიამის ხასიათისა და გარეგნობის აღწერაც კი შემოგვინახეს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახე, რომელიც ქრისტეს მოწაფემ, ლუკა მოციქულმა და მახარებელმა დახატა, დღემდეა შემონახული. გადმოცემით, დედა ღვთისამ, როცა შეხედა თავის გამოსახულებას, თქვა: "მადლი და წყალობა ძისა ჩემისა ახლავს ამ ხატს".

მიძინების (მიცვალების) დროისთვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელი შორს იყო გავარდნილი. ბევრს შურდა მისი და მოკვლაც კი დაუპირეს. ამ მიზნით უფლის საფლავთან დარაჯები დააყენეს, მაგრამ ღვთისმშობელს ღმერთი იფარავდა...

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მაცხოვრის ამაღლებიდან მეჩვიდმეტე წელს, 28 (ძვ. სტილით - 15) აგვისტოს მიიძინა წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახლში, სადაც იგი მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ ცხოვრობდა. ღვთისმშობლის მიძინებაზე არაფერია ნათქვამი სახარებაში. ეს ამბავი აპოკრიფულმა მწერლობამ შემოგვინახა. ყოვლადწმინდა ქალწულის მიძინების შესახებ მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოციქულთა დროიდან იცის. პირველ საუკუნეშივე წერდა მის მიძინებაზე წმინდა დიონისე არეოპაგელი, ხოლო შემდეგ - სხვა წმინდა მამებიც.

ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმინდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება, რამეთუ იგი ქერუბიმებზე უპატიოსნესია და სერაფიმებზე აღმატებული. ეკლესიაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებს დედა ღვთისას. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება (რომელსაც ეკლესია მარხვით ხვდება) და ყოვლადწმინდა მარიამის ტაძრად მიყვანება - უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.

მარიამობის მარხვა 1(14) აგვისტოდან იწყება და 15(28) აგვისტოს მთავრდება. ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია; უცნობია, აგრეთვე, როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული.

წმინდა მამათა ნაშრომები, სადაც ღვთისმშობლის მიძინებაზეა ლაპარაკი, IV საუკუნის მიწურულს არ სცილდება. ამ უკანასკნელთაგან ერთ-ერთი ნეტარ იერონიმეს მიეწერება. სხვა ცნობა, რომელიც VII საუკუნით თარიღდება, იერუსალიმის ეპისკოპოს მოდესტის ეკუთვნის. მიძინების დღესასწაულისადმია მიძღვნილი საეკლესიო საგალობლები, რომლებიც კოზმა მაიუმელსა (VIIს.) და იოანე დამასკელს (VIIIს.) მიეკუთვნება. შემორჩენილია V საუკუნეში მოღვაწე ანატოლი პატრიარქის ერთი საგალობელიც.

საეკლესიო მოღვაწე ნიკიფორე კალისტას ცნობით, მიძინების დღესასწაულის აღნიშვნა მავრიკიოსის მეფობის დროს დაწესებულა (უნდა ვიგულისხმოთ, რომ იმ დროს უკვე არსებული დღესასწაულის აღნიშვნა საყოველთაოდ დაკანონდა).

როგორც საისტორიო წყაროები და სამართლებრივი ძეგლები გვაუწყებენ, საუკუნეების მანძილზე მარიამობის მარხვის შენახვა ყველა ავტოკეფალიური ეკლესიის ტრადიციას არ წარმოადგენდა. მსოფლიო მართლმადიდებელმა სამყარომ დღესასწაულის საყოველთაო აღნიშვნა მოგვიანებით, დაახლოებით X-XI საუკუნეებიდან დაიწყო.

სამეცნიერო ლიტერატურაში მითითებულია, რომ ანტიოქიის ეკლესიაში მიძინების მარხვა 1060 წელს პატრიარქ იოანესა და იმპერატორ კონსტანტინე დუკას გადაწყვეტილებით დადგინდა.

ჯერ კიდევ XII საუკუნეში კონსტანტინოპოლის ცნობილი პატრიარქი ბალსამონი სამწყსოსადმი მიძღვნილ ეპისტოლეში მიძინების მარხვის შენახვის აუცილებლობაზე წერდა.

ანასტასი კესარიელის ცნობით კი მარიამობის მარხვა საყოველთაო მას შემდეგ გამხდარა, რაც საყოველთაოდ იქცა მიძინების დღესასწაულის აღნიშვნა (ეს დაახლოებით VI საუკუნეში, ლეონ ფილოსოფოსის მეფობის დროს მომხდარა), ე.ი. მას შემდეგ, რაც ამ დღესასწაულმა საეკლესიო კალენდრებში კუთვნილი ადგილი დაიკავა.

უფრო ადრე ქრისტიანულ ეკლესიაში, მათ შორის ანტიოქიისაშიც, ამ მარხვას კი ინახავდნენ, მაგრამ იგი სავალდებულო არ იყო, ამასთან, ხშირად განსაზღვრული არც მარხვის აღნიშვნის ზუსტი კალენდარული დრო ყოფილა - იგი ინდივიდუალურად, მწყემსთავართა ლოცვა-კურთხევით აღესრულებოდა. იერუსალიმის კანონში მარიამობის მარხვა რვა დღით შემოიფარგლებოდა, სტუდიის მონასტრის ტიპიკონით კი ოთხი დღე გრძელდებოდა.

რაც შეეხება დღეისთვის მართლმადიდებელ ეკლესიაში დაწესებულ მარხვას, იგი 1166 წელს კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებაზე "ძველ განწესებათა თანახმად" დაკანონდა. კრების თავმჯდომარე პატრიარქი ლუკა ყოფილა. ამ კრების შესახებ ბალსამონი წერს: "იმ დროისთვის ორჭოფობდნენ, თუ რამდენი დღე უნდა გაგრძელებულიყო მიძინებისა და შობის მარხვები, რაზეც წმინდა პატრიარქმა დაამოწმა: "მართალია, წერილობით არსადაა დაფიქსირებული ამ მარხვების ხანგრძლივობა, მაგრამ გადმოცემის საფუძველზე ერთი - პირველ (15) აგვისტოს, მეორე კი - თხუთმეტ (28) ნოემბერს უნდა დაიწყოს".

ამ დროიდან მოყოლებული ქრისტიანები დიდი პატივით აღნიშნავენ ღვთისმშობლის მიძინების დღეს, განსაკუთრებით - მისი სახელობის ტაძრებში, რომელთაც სხვაგვარად სიონს უწოდებენ. თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში, სხვა სიწმინდეებთან ერთად ღვთისმშობლის ძველი ხატიც ბრძანდება, რომელსაც სიონის ღვთისმშობელს უწოდებენ.

ყოვლადწმინდა ქალწული მარიამი, როგორც ეს ნაწინასწარმეტყველები იყო, სიცოცხლეშივე დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა - იგი გაჭირვებულთა თანადგომისა და სიყვარულის დიდი უნარით, მოკრძალებული, უბრალო, მშვიდი ქცევით, ჭკვიანი, მოზომილი, თბილი სიტყვით მორწმუნეთათვის სრულქმნილების უმაღლეს მაგალითს წარმოადგენდა. იგია საქართველოს და მისი ეკლესიის მფარველი.

აქვე წაიკითხეთ:

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებისადმია მიძღვნილი მარიამობის ორკვირიანი მარხვა

ბეჭდვა
1კ1