ღმერთო, შეეწიე ამ ავადმყოფს და სანაცვლოდ მე წამართვი ჯანმრთელობა
ღმერთო, შეეწიე ამ ავადმყოფს და სანაცვლოდ მე წამართვი ჯანმრთელობა
გაგრძელება. დასაწყისი იხ. 2008: ##22-25; 2009: ##1, 3-15

თუ ჩვენს სიყვარულს საკუთარ მეს არ მოვაცილებთ, წმინდა ვერ იქნება
კეთილშობილური სიყვარული. მამა პაისი უანგარო სიყვარულს კეთილშობილურ სიყვარულს უწოდებდა. მისი ღვაწლის გვირგვინი მისივე სიყვარული იყო. ამბობდა: "მე ყველა კაცისადმი იმგვარივე სიყვარულს ვგრძნობ, როგორიც მქონდა ნათესავების მიმართ. მთელი მსოფლიოს ხალხს და-ძმებად მივიჩნევ".

იგი სიყრმიდანვე უანგაროდ და უშურველად გასცემდა მოწყალებას. გაიხდიდა ერთადერთ სამოსს და გაჭირვებულს ჩააცმევდა - მოწყალებას დიდი ფასი აქვს ღვთის თვალთა წინაშეო. ადამიანის მოწყალებასთან დამოკიდებულებით იგი იმას განსჯიდა, ღირსი იყო თუ არა საღმრთო შეწყალებისა და ცხონებისა. "ვინმე შეიძლება გულგრილი იყოს, მაგრამ თუ ის ავადმყოფს თანაუგრძნობს, თუ მოწყალებას გასცემს, მაშინ მისი ხვედრისა არ უნდა გვეშინოდეს".

ერთხელ "პანაღუდას" მეზობლად, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის კელიაში მოიპოვეს რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილი მამა პროდრომოსის ნაწილები. მამა პაისი ძმებს ამ საქმეში ეხმარებოდა. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მამა პროდრომოსის ძვლების სიყვითლემ (ათონელები თვლიან, რომ ძვლების ყვითელი ფერი წმინდანობის მაუწყებელია). არადა, მამა პროდრომოსი, მონაზვნური ცხოვრების ნაცვლად, ჯორებს დასდევდა, გასამრჯელოს საფასურად ტვირთი გადაჰქონდა. მამა პაისიმ თქვა: - დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ მოწყალებას გასცემდაო.

წუხდა, როცა ხედავდა სოციალურ უთანასწორობას - "როგორი ქრისტიანები ვართ, თუ ორი-სამი სახლი გვაქვს, ქალაქგარეთ კიდევ აგარაკი, მაშინ, როცა სხვებს თავის მისაყრდნობი ადგილი არ აქვთ".

მამა პაისი ხალხს მოყვასის დასახმარებლად აღძრავდა, რადგან სწამდა, როცა სხვისგან რაღაცას იღებ, ამას შენ ადამიანური სიხარულით იღებ. მაგრამ თუ ამ მიღებულ ნივთს სხვას მისცემ, მაშინ იგემებ ადამიანურ და ღვთაებრივ სიხარულს. სულიერ ნუგეშს მხოლოდ მაშინ ეზიარები, როცა სხვას რაიმეს აძლევ.

მამა პაისის მოწყალებას ზღვარი არ ჰქონდა. ყველაფერს გასცემდა, რასაც კი ჩუქნიდნენ. "მხოლოდ სიკეთის გაკეთებაზე ფიქრობდა. თუ ამის საშუალება ჰქონდა, წამსაც არ კარგავდა, ადამიანს დახმარებოდა", - ამბობდა მისი სულიერი შვილი. ამ სიკეთეს კი დელიკატურად აკეთებდა, არ უნდოდა, მის წინაშე თავი დავალებულად გეგრძნო. ღვიძლ ძმასავით გეპყრობოდა და თავისი ქცევით შენც ასეთნაირად განგაწყობდა.

ის ადვილად გასცემდა, მაგრამ ძნელად იღებდა სხვისგან საჩუქარს. როცა ინვალიდს ან ძალზე გაჭირვებულ ადამიანს ხედავდა, მთელ გულს უძღვნიდა, ან სკვნილს აჩუქებდა, ან სვიტერს.

თავის დიდ სიყვარულს მსხვერპლად კეთილმოკრძალებასაც კი შესწირავდა! სიწმინდეებს, რომელთაც ასე ეთაყვანებოდა, უყოყმანოდ აძლევდა სხვებს. გულსაკიდი ჯვარი, რომელშიც მაცხოვრის ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილი იყო ჩატანებული, სხვას გადასცა. ასევე გასცა ნიჟარა, რომელშიც წმინდა არსენ კაბადოკიელის თითი ესვენა და გულზე ეკიდა. ამ სანაწილეთი იგი ავადმყოფებსა და ეშმაკეულებს ჯვარს სახავდა ხოლმე. მხოლოდ ის, ვინც იცის, როგორ უყვარდა მამა პაისის წმინდა ეფემია ყოვლადქებული, შეიძლება ცოტათი მიხვდეს, რა მსხვერპლზე წავიდა, როცა ვიღაც კაცს წმინდა ეფემიას წმინდა ნაწილი მისცა. ღვთის განგებულებით, წმინდა ეფემიას წმინდა ნაწილნი მის ხელთ ხშირად ხვდებოდა და მათ ყოველთვის გასცემდა. ბოლოს უნაწილოდ დარჩა. ასე "ემართებოდა" იმ ხატებსაც, რომელთაგან ნიშ-სასწაულნი ენახა.

მამა პაისის სიყვარული იქიდანაც ჩანს, თუ როგორც ამხელდა ანდა ლანძღავდა გზასაცდენილს, ისევე, როგორც დედა კიცხავს შვილს, ის კი არ შორდება, რადგან ამ კიცხვაში მშობლის სიყვარულს ხედავს... ხალხიც გრძნობდა ამას და მადლიერებით იღებდა მის შენიშვნასა თუ საყვედურს.

საოცრად უბოროტო და ბოროტების არმომხსენებელი იყო მამა პაისი. "თუ არ შევუნდობთ სხვას, სამოთხეში ვერ შევხვდებითო", - ამბობდა და აღასრულებდა.

მამა პაისის სიყვარული გარეულ ცხოველებსაც სწვდებოდა. ამბობდა: "შევთხოვ ქრისტეს: "ქრისტე ჩემო, შემიბრალე მე, პირუტყვი". თუ მკითხავს: "შენ კი შეიწყალე პირუტყვი?" - რას ვუპასუხებ?"

მართლაც უყვარდა და იწყალებდა ცხოველებს - ეს საცოდავები სხვა სამოთხეს არ ელიანო. კატუნაკიდან წამოსვლისას კელიაში კნუტი დატოვა. მაგრამ ისე ასტკივდა სული, რომ უკან დაბრუნდა და ეს კნუტი წამოიყვანა. ამის გამო კი ორი დღე დაკარგა. "პანაღუდაში" ცხოვრებისას მის კართან უცხო კატასაც რომ დაეკნავლა, თუნდაც ავად ყოფილიყო, წამოდგებოდა, კარს გაუღებდა და თავშესაფარს მისცემდა. მამა პაისის სიყვარული ყველა ადამიანს, ყველა ქმნილებას და თვით ეშმაკსაც კი სწვდებოდა. ერთხელ ეშმაკთა, ამ დაცემულ ანგელოზთა, საცოდავ მდგომარეობაზე ფიქრისას ატირდა. ამ დროს ეშმაკი გამოეცხადა და დაცინვა დაუწყო.

როცა ავადყოფებისთვის ლოცულობდა, ამბობდა: "ღმერთო, შეეწიე ამ ავადმყოფს და სანაცვლოდ მე წამართვი ჯანმრთელობაო". ამბობდა: "როცა ადამიანები თავიანთ სატანჯველებზე მესაუბრებიან, ამ დროს პირი სიმწარით მევსება, თითქოს ხახვი მეჭამოს, მაგრამ როცა ჩემთან მოდიან ადამიანები, რომელთა მდგომარეობა მეტნაკლებად კარგია ანდა რაღაც პრობლემები გადაჭრეს, ვამბობ ხოლმე: დიდება ღმერთს, ახლა ლუკუმით გამიმასპინძლდნენ-მეთქი. როცა სხვის ტკივილს ვისმენ, თუნდაც ბოთლის ნამსხვრევებზე ვიდგე ანდა ეკლებზე შიშველი ფეხებით დავდიოდე, - ვერაფერს ვიგრძნობ. თუ კაცი მართლაც იტანჯება, მის საშველად მზად ვარ მოვკვდე".

როცა ადამიანს თანაუგრძნობდა, ბერი ივიწყებდა საკუთარ თავს, სულიერ წარმატებას, თავის უძლურებებს და ამბობდა: "ქრისტე ჩემო, ნუ მომაქცევ ყურადღებას, განზე გამწიე, ოღონდ დაეხმარე გატანჯულებს".

როცა ვინმეს დახმარება სურდა, მამა პაისი დამატებით მრავალდღიან მარხვებს იღებდა და ინახავდა, იგი საკუთარ თავს ანგარიშს არ უწევდა. "შეიბრალე ცოტა თავიო" - ამაზე ასე პასუხობდა: "რა ვქნა, თუ ჩემთან პრობლემებით გატანჯული ადამიანები მოდიან? ამ დროს ჩემს თავზე როგორ ვიფიქრო?"

წმინდა სიყვარულზე ამბობდა: "თუ ჩვენს სიყვარულს საკუთარ მეს არ მოვაცილებთ, როგორი დიდიც არ უნდა იყოს, წმინდა ვერ იქნება. სიყვარული, რომელშიც დევს ჩვენი მე, უკვე დამძაღებული სიყვარულია. მაგრამ თუ მისგან ჩვენს მეს მოვაშორებთ, ის ნელ-ნელა იწმინდება. თუ ჩვენს სიყვარულში არის მე, ნიშნავს, რომ მასში ეგოიზმია. სიყვარული და ეგოიზმი კი შეუთავსებელია. სიყვარული და თავმდაბლობა ტყუპი ძმაა. ვისაც აქვს სიყვარული, აქვს თავმდაბლობაც, ხოლო თავმდაბალი მოყვასიცაა. შეგვიძლია ვიშრომოთ, მაგრამ თუ ჩვენი სიყვარული განწენდილი არ არის, მის ნაყოფს ვერ ვიხილავთ. ღმერთმა ანტონი დიდი სასწაულმოქმედების მადლით შემოსა, რადგან მას წმინდა სიყვარული ჰქონდა, მაშინ, როცა სხვა მოღვაწეთა ღვაწლმა, თუმცა წმინდა ანტონისაზე დიდი იყო, თუ შეიძლება ასე ითქვას, - ნაყოფი ვერ გამოიღო".

ამიტომაც ამბობდა: "მონაზვნებს აქვთ ისეთი ხელსაყრელი შესაძლებლობა, როგორიც არა აქვთ ერისკაცებს. მარტო მათ შეუძლიათ ღვთაებრივი სიყვარულის მოპოვება. იქამდე მიდიხარ, რომ ადამიანს, როგორც ღვიძლ მამას, ძმას, ისე ეპყრობი, ყოველ მოხუცებულ ქალში კი საკუთარ ბებიას ხედავ, კაცში - პაპას, მიუხედავად იმისა, ეს კაცი ლამაზია თუ უსახური". ასეთი სიყვარულის მოსაპოვებლად ღვთის მცნებები უნდა დაიცვა.

როცა საკუთარ სიყვარულს აფასებდა თავისი მკაცრი კრიტერიუმებით, მამა პაისი მას არასრულყოფილად თვლიდა: "ჩემი ღვიძლი ძმა კათოლიკე რომ ყოფილიყო, მაშინ მის გამო რამდენს ვიტირებდი? ახლა კი განა ვტირი, მიუხედავად იმისა, რომ ვხედავ მილიონობით ადამიანს, რომელთაც საერთოდ არ სწამთ ქრისტე?"

იგი ამბობდა: "ის საკითხი, თუ სად მომათავსებს ღმერთი სიკვდილის მერე, არ მაღელვებს. საკუთარი თავი განზე მოვისროლე. სიკეთეს იმისთვის კი არ ვაკეთებ, რომ სამოთხეში მოვხვდე".

მამა პაისი ბრძანებდა: "ჩემთვის უმჯობესია, სამოთხე მცირედით მაინც იგემონ იმ საცოდავებმა, ვინც ღვთისგან მოშორებით ცხოვრობს. ჩვენ ხომ ის მაინც გვიგემია, როგორია სამოთხის სიხარული, მაშინ, როცა ისინი უკვე აქვე ჯოჯოხეთში ცხოვრობენ".

ბერებს მამა პაისი ურჩევდა: "მოიმუშაკეთ სული ძმური სიყვარულისა. პირველ რიგში უნდა განვუსვენოთ ჩვენს ძმას - ამის მერე მონაზვნის ცხოვრება სამოთხედ იქცევა. როცა მონასტერში ვცხოვრობდი, თითოეული ცდილობდა თავისი ძმისთვის სიმშვიდე მიეცა, ხვედრი შეემსუბუქებინა. ქრისტემ ხომ ბრძანა: "რასაც უკეთებთ ამ საწყალ ძმას, მე მიკეთებთო". აბა, დაფიქრდი, კაცი, რომელიც გლახაკს ეხმარება, რას იზამდა, ამ საცოდავის ადგილას ქრისტე რომ იდგეს?"

ადამიანებს შორის დამოკიდებულებაზე ბერი ბრძანებდა: "ამოსავალ წერტილად ჩვენი ქმედებებისა იმაზე ფიქრი კი არ უნდა იყოს, უკეთ როგორ უნდა მოვეწყოთ, არამედ ის, თუ როგორ შევუმსუბუქოთ ხვედრი მოყვასს, როგორ მივანიჭოთ მას მშვიდობა. მაშინ ყველა კარგად იქნება და ადამიანებს შორის სიყვარული გამეფდება".

"უნდა მივაღწიოთ ღვთის სიყვარულს, - ამბობდა მამა პაისი, - რომ ჩვენი გული ხარობდეს, ძგერდეს სიხარულით. საღმრთო ტრფიალების, საღმრთო ჭვრეტის მისაღწევად განუწყვეტელი ღვაწლია საჭირო. მაგრამ როცა მოვა, მაშინ ამბა სისოსავით აღარც ჭამა გინდა და აღარც ძილი. როცა კაცი ხვდება, რა არის ღვთის სიყვარული, ის საღმრთო გონებაშეშლილობამდე მიდის, მაგრამ რა საწყენია, რომ სოფელი ამ სიყვარულს ვერ იგებს".

როცა ჰყვებოდა კაცზე, რომელმაც ღვთის ჭვრეტის მდგომარეობას მიაღწია, ამით მამა პაისიმ ერთგვარად თავისი სულიერი მდგომარეობაც გაამხილა: "როგორც კნუტი, რომელიც შენს ფეხებთან გორავს და გეფერება, შენც, ქრისტეს სიყვარულით ჭკუიდან გადასული, ეფერები და უკოცნი მას ფერხთ. როცა კაცს უმაღლესი ხარისხის საღმრთო ტრფიალება დაეუფლება, დნება, იწვება. მსხვილი ძვალნი ადამიანის სხეულისა რბილდება, როგორც ცვილის სანთლები. როცა კაცი აღწევს საღმრთო ტრფიალებას, ის მთვრალს ემსგავსება. იგი დატყვევებულია საღმრთო სიყვარულით და სხვას ვერაფერს აკეთებს. ყველაფრისადმი გულგრილი ხდება, მსგავსად იმ მთვრალისა, რომელთანაც მიირბინეს და ამცნეს, სახლი გეწვისო, ის კი პასუხობს: "დაიწვასო..." ამიტომაც სჯობს, ადამიანი მცირე ხანს დარჩეს ამ საღმრთო ჭვრეტის მდგომარეობაში".

ერთ-ერთ პირად წერილში წერდა: "როცა კაცი მოახერხებს, განთავისუფლდეს ყველასა და ყველაფრისგან, მაშინ იგრძნობს ღვთის უდიდეს სიყვარულს, რომელიც დაეუფლება მას და ღვთის მონად აქცევს".

გაგრძელება იქნება →
ბეჭდვა
1კ1