რამხელა ბედნიერება შეიძლება ებოძოს კაცს და როგორ უაზრო წვრილმანებში ვიხარჯებით
რამხელა ბედნიერება შეიძლება ებოძოს კაცს და როგორ უაზრო წვრილმანებში ვიხარჯებით
გაგრძელება. დასაწყისი იხ. 2008: ##22-25; 2009: ##1, 3

დასჯილი სული. მამა პაისი ჰყვებოდა, ერთი ჩემი ნაცნობი დედაბერი საოცრად ძუნწი იყო. გოგონა კი ძალზე კარგი ჰყავდა. როცა მოწყალების გაცემა უნდოდა, ფანჯრიდან გადაყრიდა ნივთებს.
შინიდან კი, დედის თვალის ასახვევად, ხელცარიელი გამოდიოდა, შემდეგ აკრეფდა სამოწყალოს და გაჭირვებულს აძლევდა. როცა დედას ეტყოდა, ესა და ეს ნივთი ბერს (ანუ მე) სჭირდებაო, დედაბერი უარს ამბობდა.

როცა გარდაიცვალა (იმ დროს უკვე ათონზე ვიყავი), უცნობმა ახალგაზრდამ (უეჭველად უფლის ანგელოზი იყო) მითხრა: - შენი ნახვა ერთ ღვთის მხევალს უნდაო და ამ ქალის სახელი მითხრა. მეც არ ვიცი, როგორ მოხდა, უეცრად კონიცაში, საფლავზე აღმოვჩნდი. ჭაბუკმა ხელი გადაუსვა და საფლავი გაიხსნა. ტლაპოში ის ძუნწი დედაბერი იჯდა. უკვე გახრწნა დაეწყო. "ბერო, გადამარჩინე!" - დამიწყო ვედრება. გული მატკინა მისმა სიბრალულმა. საფლავში ჩავხტი, მოვეხვიე და ვკითხე, რა დაგემართა-მეთქი. განა დიდი სურვილით არ გაძლევდი ყველაფერს, რასაც მთხოვდი? - მკითხა. დიახ-მეთქი. ყველაფერი წესრიგშიაო, - დაამშვიდა ანგელოზმა. კვლავ ხელი გადაუსვა საფლავს და ზედ მიწა გადაეფარა, თითქოს ფარდა გადაწიესო. დედებმა მკითხეს, - ამ დღეს რა შეგემთხვაო. "ილოცეთ, დედებო, ღვთის მხევლის სულის განსვენებისთვის".

ორი თვის შემდეგ დედაკაცი კვლავ ვნახე. ქვემოთ იყო უფსკრული, ქაოსი, ზემოთ, ტრიალ მინდორზე, მოჩანდა სახლები, სასახლეები და უამრავი ხალხი. მათ შორის იდგა ეს დედაბერიც, ძალზე მხიარული, გაახალგაზრდავებული. მხოლოდ ერთ ადგილას ეცხო ტალახი და ისიც უფლის ანგელოზმა მოსწმინდა. უფსკრულში ჩანდა, როგორ იტანჯებოდნენ კაცთა სულები და ცდილობდნენ ამოხოხებას.

გახარებული მოვეხვიე დედაბერს, უფსკრულის პირიდან შორს გავიყვანე. "წამოდი და განახებ, სად დამამკვიდრა მე უფალმა".

ეშმაკთათვის ლოცვა. მამა პაისის გული იწვოდა ღვთისადმი, "ადამიანების, ცხოველთა, ფრინველთა, ეშმაკთა და ყველა ქმნილების მიმართ" სიყვარულით. მას მსგავსი რამ წაეკითხა წმინდა ისააკ ასურთან და თვითონაც განიცადა ამგვარი მდგომარეობა.

"ერთხელ, - ჰყვებოდა იგი, - მუხლმოდრეკილი ვიდექი და ეშმაკთათვის მიწამდე თავდახრილი ვლოცულობდი, ვამბობდი: "შენ ღმერთი ხარ და თუ გინდა, მოძებნი საშუალებას და აცხოვნებ ამ გულქვა, უბედურ ეშმაკებს". უეცრად გვერდით ძაღლის თავი დავლანდე, ენაგამოყოფილი მიტრიალებდა და დამცინოდა. შესაძლოა, ღმერთმა დაუშვა იმისთვის, რათა ეჩვენებინა ჩემთვის, რომ მას ეშმაკების გადარჩენაც უნდა, მაგრამ მათ თვითონვე არ სურთ ცხონება".

ტიბეტელი გეორგაკისი. 16 წლის ყმაწვილი, გეორგაკისი, ჩამოვიდა ათონზე და მონასტრები შემოიარა. სამი წლისა მშობლებმა ის ტიბეტში, ბუდისტურ მონასტერი მიაბარეს. ბიჭმა იოგა შეისწავლა, გახდა სრულყოფილი მაგი და ნებისმიერი დემონის გამოძახება შეეძლო. სრულყოფილად იცოდა კარატე და ხალხს აოცებდა - ხელის ერთი დარტყმით ლოდებს თხილივით ამსხვრევდა, კითხულობდა დახურულ წიგნებს და სხვა ბევრ ამგვარს მოიმოქმედებდა ეშმაკის ძალით.

რომელიღაც ბერს შეეწყალა ბიჭი და მამა პაისის მიუყვანა. ყმაწვილმა ჰკითხა, რა ძალას ფლობ, რა შეგიძლიაო. ბერმა - საკუთარი არანაირი ძალა არ მაქვს, რაც გააჩნია, ყოველივე ღვთისგანო. ბიჭმა ბერის განცვიფრება მოინდომა და მზერით უზარმაზარი ლოდი ნამსხვრევებად აქცია. მამა პაისიმ პატარა ქვის ნატეხს ჯვარი გადასახა და გეორგაკისს სთხოვა, აბა, ახლა ეს დაამსხვრიეო. პატარა მაგმა რა ხერხი არ სცადა, მაგრამ ქვას ძვრა ვერ უყო. სატანურმა ძალებმა, გეორგაკისის ნებას რომ ასრულებდნენ, ქვას ვერაფერი დააკლეს, გამძვინვარებულები ეცნენ ბიჭს და ქვასავით გადაისროლეს ხრამის მეორე მხარეს. ბერი ბუჩქებიდან ამოსვლაში დაეხმარა დაკაწრულ ბიჭს. "სხვა დროს, - ჰყვებოდა მამა პაისი, - როცა ჩვენ ვსაუბრობდით, უეცრად წამოხტა, ხელები შემომიტრიალა და ზურგზე დამაწყო. მითხრა: - თუ შეუძლია მივიდეს და განგათავისუფლოს ჰაჯი-ეფენდიმო (ასე ეძახდნენ წმინდა არსენ კაბადოკიელს). მე ეს ღვთის გმობად ჩავთვალე, ხელი ცოტათი ვკარი და გვერდით გადაფრინდა. მაშინ ის მაღლა ახტა და ფეხის დარტყმა მომინდომა. მაგრამ თითქოს ფეხი უხილავ წინაღობას შეხვდაო, ჩემს სახესთან რამდენიმე სანტიმეტრზე შეჩერდა.

ეს საცოდავი ჩემთან კელიაში ღამე დავტოვე, რადგან ვერ მომერია, გაბრაზებულმა ეშმაკებმა ის ხრამში ჩაათრიეს და სცემეს. დილით ნაცემ-ნაბეგვი, მიწით მოთხვრილი დასისხლიანებული ამოძვრა ხრამიდან და აღიარა: "სატანამ იმიტომ მცემა, რომ შენი ძლევა ვერ შევძელიო".

მამა პაისიმ დაარწმუნა ბიჭი, თავისი მაგიური წიგნები დაეწვა. ცოტა ხნით დაიტოვა ბიჭი. გამოარკვია, რომ მონათლული იყო, თანაც რომელ ტაძარში. მამა პაისის ძალამ და მადლმა შეძრა გეორგაკისი, ბერობა მოინდომა, მაგრამ ამის ძალა არ შესწევდა.

ამ შემთხვევას ბერი ჰყვებოდა იმის დასტურად, რომ ცდება ის, ვინც ფიქრობს, ყველა რელიგია თანასწორია...

ავსტრალიაში. 1977 წელს, ავსტრალიის მართლმადიდებელი ეკლესიის მიწვევით, მამა პაისი ავსტრალიაში გაემგზავრა, რათა სულიერად შესწეოდა იქაურ ბერძნებს. მერე ჰყვებოდა: "თვითმფრინავში უეცრად სულში ცვლილება ვიგრძენი და ვიკითხე, რომელი ქვეყნის თავზე მივფრინავთ-მეთქი. ქვევით სირია ყოფილიყო. ამ ქვეყანას დიდი მადლი აქვს მის უდაბნოში მოსაგრეთა გამო. იგივე ვიგრძენი, როცა წმინდა მიწას გადავუფრინეთ.

მერე უეცრად ვიგრძენი ერთგვარი დემონური "გამოსხივება" და ამ დროს სტიუარდესამ გამოაცხადა, პაკისტანის თავზე მივფრინავთო. როცა ავსტრალიაში ჩავფრინდით, ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ეს ქვეყანა ჯერ არ განწმენდილა მოწამეთა სისხლით და ღირს მამა-დედათა ოფლით, მაგრამ ეს მოხდება".

მართლაც დიდი ნუგეში იყო მორწმუნეთათვის მამა პაისის სტუმრობა. "მამა პაისი ბრძენი ადამიანი იყო. მან შენი პრობლემები მანამდე იცოდა, სანამ მათ მოყოლას დაიწყებდი. ის ერთიანად კეთილსურნელებდა - თვითონაც და ის ოთახიც, სადაც ცხოვრობდა", - ჰყვებოდა მისი მელბურნელი მასპინძლის დეკანოზ იოანეს ქალიშვილი დესპინე.

მელბურნის წმინდა ნექტარიოსის ტაძრის წინამძღვარმა, მამა სპირიდონმა გაიხსენა: ჩემს მეზობელს, დიონისეს, დაემართა მძიმე ფორმის ინსულტი. ექიმებმა - დიდხანს ვერ გაატანს, ხოლო თუ იცოცხლებს, კომაში იქნებაო. ის მელბურნის სამეფო საავადმყოფოში იწვა. მამა პაისი მივუყვანე. ბერმა ავადმყოფს თავზე მრავალგზის გამოსახა ჯვარი პატარა ყუთით, რომელშიც წმინდა არსენ კაბადოკიელის წმინდა ნაწილები იდო. რამდენიმე დღის შემდეგ, ყველას გასახარად და განსაცვიფრებლად, დიონისე სრულიად ჯანმრთელი გამოეწერა საავადმყოფოდან.

ერთი ავსტრალიელი ბერძენი ჰყვებოდა: ერთხელ ეკლესიის საკურთხევლიდან გამოსულ მამა პაისის ერთი დედაკაცი მიუახლოვდა და კურთხევა სთხოვა. ბერმა ხელით ანიშნა, აქაურობას მოშორდიო. გაოცდა ქალი: "რისთვის მიბრაზდებით, მამაო, რა დავაშავე?" "წადი და პირველად შენს ბიძაშვილს შეურიგდი და მერე მოდიო", - უთხრა ბერმა. მართლაც, ეს ქალი ბიძაშვილთან იყო ნაჩხუბარი და ხმას არ სცემდა. როცა მამა პაისი ათონზე დაბრუნდა, ერთი ავსტრალიელი მღვდელი ამბობდა: ჩვენ ვგრძნობთ, რომ მან აკურთხა ავსტრალია ოთხივე კუთხით. ის, ვინც მამა პაისის იცნობდა, ახლაც სათუთად ინახავს მის ხსოვნას და შეწევნასაც შესთხოვს.

ღამის სტუმარი. მამა პაისის ავსტრალიიდან დაბრუნებისთანავე ასეთი რამ შეემთხვა: "ერთხელ, გვიან ღამით, კარებზე დამიკაკუნეს. ვინ ხარ-მეთქი. პასუხად ჩემი ნაცნობის სახელი გავიგონე. შემდეგ იმავე ხმამ კარს გარედან მკითხა: "რომელი საათია? თუმცა ვიცი, რომელიც არის - სამი საათია". კარები გავაღე და ეშმაკი დავინახე! ის იყო მელოტი, ძალზე მახინჯი, სპილენძივით სახეწითელი. განრისხებულმა მითხრა: - იმ ბოროტებისთვის, რასაც შენ მიკეთებ, აქედან გაგაძევებო. ამ სიტყვების მერე გაქრა და აუტანელი სიმყრალე დატოვა.

ბერს იმდენად ატკინა გული ამ საცოდავმა მდგომარეობამ, სადამდეც მივიდა ეშმაკი, როცა ამას ჰყვებოდა, ღრმად ოხრავდა, მწუხარებით აქნევდა თავს და ამბობდა: "აი, რას დაემსგავსება ის, ვინც ღმერთს განეშორება! რა საცოდავ მდგომარეობამდე მიიყვანა საკუთარი თავი ღვთის ქმნილებათა შორის საუკეთესომ. ადამიანმა რომ იცოდეს, როგორი მყრალი და საძაგელია ეშმაკი, ალბათ არ შესცოდავდაო".

ქრისტეს გამოცხადება. მამა პაისი ერთ მღვდელმონაზონს უყვებოდა: "ქრისტესადმი ლოცვისას ერთგვარ სიძნელეს ვგრძნობდი. დედა ღვთისა - ჩემთვის ღვიძლ დედასავითაა. წმინდა ეფემიაც შინაურია. ვეუბნები ხოლმე: "ჩემო წმინდაო ეფემია!" ქრისტესადმი ლოცვისას კი ერთგვარ სიძნელეს ვგრძნობდი. მის ხატს შიშით ვეამბორებოდი. ხოლო როცა ზოგჯერ იესოს ლოცვისას გონება ჩემი ქრისტეს მოშორდებოდა, ეს არ მაშფოთებდა. "განა ვინა ვარ, რომ გონებაში მუდამ ქრისტე მყავდეს?" ვამბობდი ჩემთვის და მოხდა ის, რაზეც მინდა მოგიყვე.

წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის პოვნის დღესასწაულის საღამო იდგა. თავს რაღაც მსუბუქად ვგრძობდი, ჰაეროვნად. დაძინების არანაირი სურვილი არ მქონდა. გავიფიქრე, - მოდი, დავჯდები, რაიმეს დავწერ მამა ტიხონზე და სუროტელ დედებს გავუგზავნი-მეთქი. გვიანობამდე ვიჯექი, ოცდაათ ფურცლამდე დავწერე. ძილი არ მინდოდა. ფეხების დასასვენებლად წამოვწექი.

თენდება. დილის ექვსი საათია. უეცრად ჩემი კელიის ერთი კედელი გაქრა და ექვსი მეტრის დაშორებით ბრწყინვალე ნათელში მდგარი ქრისტე დავინახე. მე მას გვერდიდან ვუცქერდი. ქერა თმა ჰქონდა, თვალები კი ცისფერი. უხმოდ მიყურებდა, თითქოს პირდაპირ კი არა, სადღაც ჩემს გვერდით... ამას ხორციელი თვალებით კი არა, სულიერი თვალებით ვხედავდი.

როცა მაცხოვარი დავინახე, გავიფიქრე: "როგორ შეეძლოთ, ასეთი სახისთვის შეენერწყვებინათ? ნუთუ არ ეშინოდათ არც ღმერთის, არც ადამიანების, რომ სახეში ცემა გაუბედეს? როგორ დაუხვრიტეს ლურსმნებით სხეული? ოჰ, ღმერთო ჩემო!"

განცვიფრებული ვიყავი. როგორ სიტკბოებას განვიცდიდი, როგორ სიხარულს! არ ძალმიძს სიტყვებით აღვწერო მისი სილამაზე. ის იყო უმშვენიერესი ძეთა შორის კაცთასა. ასეთი სილამაზე არ მინახავს მის არც ერთ ხატზე. თუმცა იყო ერთი ხატი, - ოღონდ არ მახსოვს, სად ვნახე, - ცოტათი რომ წააგავდა.

კაცს უღირდა, ათასი წელი ეღვაწა იმის გულისთვის, რომ მისი სილამაზე წამით მაინც ენახა. ჰო, რამხელა გამოუთქმელი ბედნიერება შეიძლება ებოძოს კაცს და როგორ უაზრო წვრილმანებში ვიხარჯებით. მწამს, რომ ეს გამოცხადება საჩუქარი იყო, რომელიც მამა ტიხონმა მიძღვნა. ოღონდ ამის შესახებ ნურავის მოუყვები".

ორი-სამი დღის მერე მამა პაისი კვლავ შეხვდა იმავე მღვდელმონაზონს და უთხრა, - "მთელი ღამე ვიტირე. ნეტავ რატომ მოგიყევი! იმის არ მეშინია, რომ სხვებს ეტყვი, მაგრამ მას მერე დიდად ვიზარალეო".

გაგრძელება იქნება →
ბეჭდვა
1კ1