ნოსტალგიური მოგონებანი
ნოსტალგიური მოგონებანი
აქედან გზა ზეცაში მიდის, ჩემო შვილო
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-11
თავი 4. წმინდა ანას სკიტში
აი უკვე მამა გრიგოლის სკიტში ვზივარ. მთაწმინდელთა წესისამებრ, მამა იოაკიმემ მომართვა სტუმართათვის განკუთვნილი ნუგეშისცემა: ყავა, ერთი ჭიქა რაკა და ცივი წყალი. მამა გრიგოლმა მას მაშინვე დაავალა, თავისი კელიის მეზობლად დავესახლებინე. მალე მოახსენეს, - ყველაფერი მზად არისო. მოუთმენლად შევაღე კარი და გახარებული ჩემს პატარა ოთახში აღმოვჩნდი. მამა იოაკიმე შემომყვა და მწვრთნელივით პირველი რჩევა მომცა: "ჩემო შვილო, კელია ბევრისთვის არენაა. აქ შენ შერკინება მოგიწევს ეშმაკთან და საკუთარ ვნებებთან. ყოველთვის უნდა გაიმარჯვო. მაშინ სამოთხეში შეხვალ". "თქვენი წმინდა ლოცვებით, მამაო, დაე, არასოდეს გაიხაროს ეშმაკმა", - ვუპასუხე აღელვებულმა და ვემთხვიე დამჭკნარ ხელზე.

კარი მივხურე და კელიაში მარტო დავრჩი. ლოცვა დავიწყე: "ღმერთო, აქედან სამოთხეში წამიყვანე!" თვალი მიმოვავლე: კელია სიგრძეში ორი ან ორნახევარი მეტრი იქნებოდა. კედელთან იდგა ხის საწოლი. ფანჯრის გვერდით - პატარა მაგიდა, რომელზეც დაბრძანებული გახლდათ ძველისძველი ღვთისმშობლის ხატი და ლამპარი. კალივა აშენებული იყო სკიტის შემაღლებულ ადგილას და ჩემი ფანჯრიდან მთელი სკიტი ჩანდა. იშლებოდა მშვენიერი პანორამა, ჰორიზონტამდე ზღვა იყო გადაჭიმული. გარგარის ხე ცდილობდა ჩემს ფანჯრამდე ამოღწევას.

ყურადღებით დავათვალიერე კელია. თავიდან თითქოს არ დამაკმაყოფილა, დაბალი იყო, ვიწრო, მოსაწყენი, მაგრამ მალევე მივხვდი მისი ამგვარად აშენების აზრს და ამ გრძნობამაც გამიარა. თითქმის ყველა კინოვიასა და კალივაში კელიები პატარა, დაბალჭერიანი, თაგვის სოროსავითაა. ასეთი სივიწროვე ბერს ეხმარება, მიაქციოს თავისი გონება შიგნით, გულისკენ.

მაშ ასე, ეს ჩემი კელია იქნება. აქ მომიწევს ცხოვრება. აქ ვილოცებ, აქ ვიღვაწებ, აქ ვიბრძოლებ, აქ დავღვრი ცრემლებს, აქ გავიხარებ. ყველაფერი აქ მოხდება. ვიწყებ დღევანდელი დღიდან, მაგრამ არ ვიცი, როდის დავამთავრებ. მეგობრად მეყოლება კელიის სიღატაკე, ძალას კი მისი წარსული შემმატებს. რამდენ კაცს უცხოვრია მასში, რამდენი ლოცვა, მუხლთადრეკა, მწუხარება და ორთაბრძოლა გონებისმიერ ამალეკთან ახსოვს ამ კელიას! შეიძლება ოდესღაც მიუღია ბერები, რომელთაც "ღვაწლი კეთილი მოიღვაწეს, სრბა აღასრულეს, რწმენა დაიმარხეს" და ახლა წმინდანნი არიან მოზეიმე ეკლესიაში. ცოტათი მოვეწყვე და მამა გრიგოლთან წავედი. მან მშვიდად, ღიმილით, იშვიათად რომ ნახავდით მის მკაცრ სახეზე, მითხრა: ჩამოჯექი ცოტა ხანს, სანამ მწუხრის ზარებს დარეკავენო. მცირე ხნის შემდეგ ერთი ახალგაზრდა, დაახლოებით ჩემი ხნის ბერი შემოვიდა კაბინეტში. გრიგოლმა (ასე ერქვა ბერს) მუხლი მოიდრიკა მოძღვრის წინაშე, მერე ჩემთან მოვიდა, გულთბილად მომესალმა და მისურვა, - დაე, ღმერთმა მოგცეს ძალი და მოთმინებაო.

ზარის ხმა გაისმა და კალივის ეკლესიაში მწუხრზე მოგვიხმო. ტაძარში უბრალო და ღარიბული გარემოა, მაგრამ აღმაფრთოვანებელი. ძველი სტასიდიები, ძველებური ხატები, უბრალო კანდელები, ორი ფერგასული ფარდა - სამეუფო კარებზე და ტაძრის ჩრდილოეთ მხარეს. მოძღვარმა მაჩვენა სტასიდია, სადაც უნდა დავმჯდარიყავი ლოცვის ჟამს. შემდგომი სტასიდია მამა იოაკიმეს ეკუთვნოდა, რომელიც გაუნძრევლად, მლოცველის პოზით, ასკეტური სახით, გრძელი და ხშირი წვერით ამშვენებდა ამ წმინდა ადგილს, როგორც ერთი რომელიმე ბიზანტიური ხატი ძველი წმინდანისა.

პატარა ვიყავი, ცნობისმოყვარე, მათთვის ჯერ კიდევ უცხო. მზერას ხან ერთს მივაპყრობდი, ხან მეორეს. ვეჩვეოდი ახალ გარემოს. მწუხრი ისე დამთავრდა, ვერც შევამჩნიე. ეს იყო უბრალო, მოკლე, რიტმით შესრულებული, მაგრამ ღვთისმოშიშებით აღვლენილი ლოცვა. მამა გრიგოლი - მამათა შორის ყველაზე უმცროსი - გაიქცა ტრაპეზის მოსამზადებლად. მზე ჯერ არ იყო ჩასული, სავახშმოდ რომ დავსხედით. ჩემთვის ყველაფერი შთამბეჭდავი იყო, ძმებზე ყველაფრის შეტყობა მსურდა პირველსავე დღეს, თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა. ტრაპეზობისას გაფაციცებით ვაკვირდებოდი, რას და როგორ ჭამდნენ, საერთოდ როგორი იყო მათი დამოკიდებულება საჭმლისადმი...

დაისმა მე და მოძღვარს კალივის მოშორებით მოგვისწრო. ერთი ისიქასტური კელიის ახლოს, ქვის სკამებზე ვისხედით. კელიას, განკერძოების გამო, "სადაყუდებულოს" ეძახდნენ.

- როგორ მოგეწონა ჩვენი სამყოფელი, გიორგი?

- ძალიან კარგია, მამაო.

- აბა, აქედან გზა ზეცაში მიდის, ჩემო შვილო.

- თქვენი ლოცვებით, მამაო. მინდა, რომ ამაში თქვენ დამეხმაროთ.

- ღვთის მადლით, უთუოდ დაგეხმარებით. ამიტომ მოდის ადამიანი მონასტერში და ცხოვრობს ძმათა შორის, რომ მოძღვარი და ძმები დაეხმარონ ღვთისმოყვარული მიზნის მიღწევაში.

ყურადღებით და კმაყოფილებით ვუსმენდი მოძღვარს.

- ჩვენი სკიტის უკეთ გასაცნობად პატარა ექსკურსიას მოგიწყობ. ცოტა ქვემოთ წმინდა ევსტატეს კალივაა, შემდეგ - ნათლისმცემლის, უფრო დაბლა - წმინდა სერაფიმე ფანურელის, მარჯვნივ - წმინდა მოციქულთა, მოპირდაპირე მხარეს - წინადაცვეთის. პირდაპირ, ქვემოთ, მთავარანგელოზისა. სკიტის კირიაკონის ახლოს ამაღლების სახელობის კალივაა, სადაც მოძღვარია მამა ნიკოდიმოს კვიპრელი. აგერ, მარჯვნივ, განაპირას, ხატმწერი ძმები კარცონესები ცხოვრობენ, ქვემოთ კი, პატიოსანი ჯვრის კალივაში, მამა ანანიას და მისი თერთმეტი მოწაფის საძმოა, თითქმის სკიტის ცენტრში, როგორც იცი, მდებარეობს კირიაკონი წმინდა ანას სახელობისა, რომელიც ღვთისმშობლის შემდეგ აქ მყოფთათვის შუამდგომელია ღვთის წინაშე. მისი წმინდა ნაწილები და სასწაულმოქმედი ხატი გაგრძნობინებს წმინდა ანას უხილავად აქ ყოფნას...

მოძღვარი კიდევ დიდხანს მიყვებოდა სკიტზე, მთაწმინდაზე, ბერებზე, მართლმადიდებლობაზე. ხარბად ვუსმენდი. ხან მის აღფრთოვანებულ სახეს ვუცქერდი, ხან კი ჰორიზონტს. ვფიქრობდი, რამდენი "ტალახი" დავტოვე ამ სოფელში-მეთქი. მერე კი მიწას ჩავცქეროდი. ვხარობდი, თუ რაოდენ ძვირფასი მარგალიტი ვიპოვე ათონზე. "რა სარგებელია კაცისთვის, თუ ის მთელ სოფელს შეიძენს, თავის სულს კი ავნებს?" - ვმსჯელობდი ჩემთვის. ბერები საუკეთესო ვაჭრები არიან. ცოტას კარგავენ და ბევრს იძენენ. მცირეს ტოვებენ და დიდს მოიპოვებენ. შეურაცხყოფენ წარმავალს და პატივს მიაგებენ წარუვალს. უარს ამბობენ მიწიერზე და ზეცაში იგროვებენ საუნჯეს.

***
დროთა განმავლობაში ჩემს გარშემო მყოფნი კარგად გავიცანი. მოძღვარი (მამა გრიგოლი) მკაცრი ბერი იყო, უმოწყალოდ სასტიკი საკუთარი თავის მიმართ, შეღავათს არ აძლევდა, მოუდრეკელი იყო ბერული პრინციპების დაცვისას. ამაში ალბათ იმანაც ითამაშა როლი, რომ ადრე საბერძნეთის ჯარის ასეულს მეთაურობდა. ამით ის თბილსა და სიყვარულით აღსავსე გულს მალავდა.

მამა იოაკიმე არისტოკრატივით უზადო საქციელით გამოირჩეოდა. ძალზე შეუპოვარი იყო. სხვებთან შედარებით მისი ერთგვარი აღმატებულობა გამოხატავდა მის შინაგან ცხოვრებას, გვიმჟღავნებდა იმასაც, რომ მრავალი წელი ამერიკაში არქიმანდრიტი იყო და საგანგებო ადგილი ეკავა. ამ კაცის სათნო ქცევა ყოველწუთს აღმაფრთოვანებდა. მოძღვარი ხშირად მეუბნებოდა: "პატარავ, უცქირე მამა იოაკიმეს, ის ერთი იმ მცირე ბერთაგანია, ვინც თანამიმდევრულია თავის ბერულ ცხოვრებაში". გავიცანი მამა სერაფიმეც, ახალგაზრდა სპარტელი ბერი. ბავშვობა და სიჭაბუკე ამერიკაში გაეტარებინა. იქ გაიცნო მამა იოაკიმე და ისეთი რწმენით მიენდო მას, რომ ამერიკიდანაც კი გამოჰყვა ათონის მთაზე. გვიყვებოდა: როცა მამა იოაკიმე გავიცანი, ვიფიქრე, არამიწიერი არსებაა, არ შეიძლება ასეთი დედამ შობოს-მეთქი. მამა სერაფიმე ახოვანი იყო. ამიტომაც მოძღვარი მას აკისრებდა კალივის ყველა სამძიმო საქმეს.

მამა პაისიც ამერიკიდან იყო, ისიც მამა იოაკიმეს სულიერი შვილი გახლდათ, უსწავლელი, მაგრამ მოშურნე ბერი. მას კალივის ბაღი ჰქონდა ჩაბარებული.

ჩემზე ოდნავ უფროსი იყო ბერი გრიგოლი. მოძღვარმა მას თავისი სახელი მისცა და გამორჩევით უყვარდა. ახალგაზრდა, ცეცხლებრ მოშურნე სულიერ ცხოვრებაში, მკაცრი მოსაგრე, საოცრად უარმყოფელი თავისა, ისიც რწმენით მიჰყვებოდა მამა იოაკიმეს.

ამ დროს ორ მოხუც ბერს ვუვლიდით. ისინი დიდი ხნის განმავლობაში განმარტოებით მოღვაწეობდნენ, ამიტომაც ჩვენმა მოძღვარმა კალივაში წამოიყვანა, რათა თავიანთი ცხოვრების დასასრულს მცირედით მაინც ენუგეშათ. ასეთი ძმათმოყვარება ჩვეული ამბავია ათონის მთაზე. თუ ვინმე ავად ხდება ან ბერდება და საკუთარ თავს ვეღარ უვლის, სხვა ბერებს თავისთან მიჰყავთ, ამას ღვთის დიდ წყალობად თვლიან და სიყვარულით ზრუნავენ მასზე, ვიდრე გარდაიცვლება.

***
კალივაში მოსვლიდან ოცი დღის თავზე მოძღვართან ერთად უთენია კარიესში გავეშურე. მივედით კარამანლიდისების კელიაში, სადაც შესამოსელს კერავდნენ. მათი მოძღვარი, ქრისტეფორე აღმოსავლეთიდან იყო. კალივაში სერიოზული, მეგობრული ერთობა ჰქონდათ. მოუკლებელი ლოცვით, მდუმარებით იღვწოდნენ. მათ ზომები ამიღეს ანაფორის, კაბის და სხვა საჭირო სამოსის შესაკერად. ჩვენი სკიტიდან კარიესამდე ფეხით ექვსი საათის სავალია, ამიტომ ისევ მოსვლა რომ არ დამჭირვებოდა, ვიდრე სამოსს შეკერავდნენ, ორი-სამი დღე მოვიცადეთ.

აი ჩემი საბერო სამოსი უკვე მზად იყო და წმინდა ანას სკიტისკენ გავემართეთ. ძალზე ვღელავდი. როგორც განძი და უძვირფასესი სამკაული, ისე მიმქონდა შესამოსელი.

ჩემი ეპოქის მამები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ბერის გარეგნულ სახეს. მათთვის წარმოუდგენელი იყო, რანაირად შეიძლებოდა ბერს თავისთან დაეტოვებინა ის, რაც წარსულ ცხოვრებას აგონებდა, ფეხსაცმელი იქნებოდა, წინდა, ერისკაცობის დროინდელი ქვედა საცვალი, საათი თუ სხვა რამ. ყველაფერი საბერო უნდა ყოფილიყო. რამდენი სიბრძნეა ამგვარ დამოკიდებულებაში! ეჰ, ახლაც რომ მისდევდნენ ამ წესს თანამედროვე ბერები, ცხოვრება რამდენადმე შეუმსუბუქდებათ დამწყებებს!

ერთ შაბათ საღამოს მუხლი მოვუდრიკე მამებს და საბერო სამოსი ჩავიცვი. მე უკვე უფლის არმიის ახალგაწვეული ჯარისკაცი ვარ. რა თქმა უნდა, ჯერ არაოფიციალურად, მორჩილის ხარისხში, ჩემს სახელს სკიტელთა სიაში მოგვიანებით შეიტანენ. ბერულ ცხოვრებას რომ მტკიცედ შევუდექი, ამის ძალა ჩემი მოძღვრის გვერდში დგომამ მომცა და მამა იოაკიმეს წმინდა ხატებამ.

როგორც კი ანაფორა ჩავიცვი, მოძღვარმა მოისურვა, ერთად ფოტოსურათი გადაგვეღო, მერე ეს სურათი შინ უნდა გამეგზავნა და მეცნობებინა შინაურებისთვის, რომ მტკიცედ გადავწყვიტე ბერად შედგომა. ფოტოსურათს თან დეპეშაც მიჰყვა: "გადავწყვიტე, მთაწმინდაზე დავრჩე. ამისთვის ჩავიცვი ანაფორა. გთხოვთ, წინ ნუ აღუდგებით უფალს, რათა არ ჩაცვივდეთ ცოცხალი ღმერთის ხელში". ამით მსურდა ბოლო მომეღო იმ პერიპეტიისთვის, ამდენ ხანს რომ მტანჯავდა მეც და მათაც. საქმე ის იყო, რომ მამაჩემი მიქაელი მცირე აზიაში დაიღუპა, ბერძნული არმიის ცნობილი ტრაგიკული უკან დახევისას. ქორწილიდან ოცდამეთოთხმეტე დღეს დედაჩემი დაქვრივდა. ჩემზე მზრუნველობა ბიძამ იკისრა, ფლოტის ჩინოსანმა. მახსოვს, განუწყვეტლივ მეჩხუბებოდნენ ბიძა და დედაჩემი, ხან ქამრით მცემდნენ, ხან მემუქრებოდნენ, ცდილობდნენ ჩემში ბერობის სურვილის ჩაკვლას.

მაგრამ, როგორც ხშირად ხდება ამგვარი შემთხვევისას, ბიძაჩემმა შეიცვალა ჩემდამი დამოკიდებულება და სიცოცხლის ბოლომდე პატივისცემით მეპყრობოდა. ყველაზე დიდი ღვთის წყალობა დედაჩემის მოქცევა იყო. ის არა მარტო დაემორჩილა ღვთის ნებას, არამედ გადაწყვიტა, ანგელოზის სქემა შეემოსა! დედაჩემის სიცოცხლის ბოლო წლებში ღირსი გავხდი, მისი სულიერი მამა და მოძღვარი ვყოფილიყავი და აღმეკვეცა კიდეც მონაზვნად მაკარიას სახელით.

ახლა კი მშვიდად ვარ. ვიცი, რომ მრავალმოწყალე უფალი აღარ გაუხსენებს მათ, რასაც უცოდინრობით სჩადიოდნენ და საუკუნო სიკეთეთა გემოს ახილვინებს.

გაგრძელება იქნება
ბეჭდვა
1კ1