ხსენება ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატისა “ბარძიმი შეუსმელი” - 05 (18) მაისი
ხსენება ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატისა “ბარძიმი შეუსმელი” - 05 (18) მაისი
"XX საუკუნემ თავისი მატერიალურ-ტექნიკური მიღწევებით, მსოფლიო ომებით, ლოკალური კონფლიქტებით, ახალი გადანაწილების სურვილითა და სხვა პრობლემებით ადამიანში პესიმიზმი და ხვალინდელი დღისადმი შიში დანერგა", - ბრძანებს საქართველოს პატრიარქი ილია II ერთ-ერთ ეპისტოლეში. მართლაც, ყოველივე ამის ფონზე განსაკუთრებულად იკვეთება ნარკომანიისა და ლოთობის პრობლემა, პრობლემა, რომლის მოუგვარებლობის შემთხვევაში ერს გადაგვარება ელოდება.

ეკლესიას აქვს ის ძალა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ნარკომანიისა და ლოთობისაგან ხსნა და თავდაცვა.

ლოთებს, რომლებსაც თეთრი ცხელება აქვთ დაწყებული (მათზე უკვე ბოროტი ბატონობს), ექიმები ცდილობენ, სამკურნალო პრეპარატებით უშველონ. სინამდვილეში, მედიკამენტებით მკურნალობა მხოლოდ სნეულების მძაფრ შეგრძნებას ხსნის. საავადმყოფოში სრული განკურნების გარანტია არ არსებობს, რადგან დემონურ ძალას ქიმიური საშუალებებით ვერ აჯობებ.

მართლმადიდებელ ეკლესიას დემონებთან ბრძოლის უდიდესი გამოცდილება აქვს, რომლის გამოყენების შედეგად სრული გამოჯანმრთელებაა შესაძლებელი. წარმატების პირველი და აუცილებელი პირობაა ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გვეშინოდეს ბნელი ძალის. პირიქით, ჩვენი შიში ამ ძალთა აქტიურობის ერთგვარ პროვოცირებას ახდენს. ღირსი ანტონი დიდი წერდა: "თუკი ეშმაკები შეშინებულსა და დამფრთხალს გვხედავენ, მოჩვენებებითა და მუქარით უფრო გვაშინებენ".

გახსოვდეს, რომ საკუთარი ძალებით ვერაფერს მიაღწევ და ამიტომ ყველა ცდუნების დროს მოუხმე უფალ იესო ქრისტეს დახმარებისათვის. მაშინ შენს კეთილ ნებას შეეწევა ღვთიური ძალა, რომელიც სძლევს ყველა ცოდვას, ყოველგვარ ეშმაკისეულ ქმედებას. თუ სძლევ რაიმე ცოდვილ ლტოლვას, საკუთარ თავსა და ძალას კი ნუ მიაწერ ამას, არამედ მადლობდე უფალს, რომ მოგეხმარა ცოდვის ძლევაში. ხოლო თუ შენს თავს მიაწერ ყოველივე ამას, იმავე ცოდვებში ჩავარდები.

ხატები ჩვენი უხილავი მტრის წინააღმდეგ უდიდეს ძალას წარმოადგენენ. მათზე მადლია ღვთისა. ისინი ჩვენთვის ღვთისაგან გამოგზავნილი შემწეობაა. არსებობს განსაკუთრებული სიწმინდეები, საუკუნეებით ნალოცი სასწაულმოქმედი ხატები, რომლებშიც დაგროვილია მადლი სულისა წმიდისა. მათ, როგორც მცირე ნაკადულებს, ჩვენთვის ღვთისაგან მადლი მოაქვთ.

ლოთობისა და ნარკომანიისაგან განკურნების განსაკუთრებული ძალა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს - "შეუსმელ ბარძიმს" გააჩნია. საყურადღებოა ამ ხატის ისტორია.

"შეუსმელ ბარძიმად" წოდებული ხატის გამოცხადება 1878 წელს მოხდა. ტულის გუბერნიის ეფრემოვის მაზრის ერთ-ერთი გლეხი, გადამდგარი ჯარისკაცი, მემთვრალეობის ვნებას ჰყავდა შეპყრობილი. მან მთელი თავისი სარჩო-საბადებელი ლოთობაში გაანიავა და მალე სრულიად გაღატაკდა. უზომო სმისგან მას ფეხები სავსებით წაერთვა, მაგრამ მაინც განაგრძობდა სმას. ერთხელ მას სიზმრისეულ ჩვენებაში ბერი ეჩვენა და უბრძანა, ქალაქ სერპუხოვის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მონასტერში ჩასულიყო, სადაც ღვთის დედის ხატი "ბარძიმი შეუსმელი" ბრძანდებოდა და მისი სავედრებელი პარაკლისი გადაეხადა.

მონასტერში მისულმა იქაურებს მოუთხრო თავის სიზმრისეულ ჩვენებაზე და პარაკლისის გადახდა სთხოვა, მაგრამ მონასტერში არავინ უწყოდა ღვთისმშობლის ამგვარი ხატის შესახებ. მაშინ იფიქრეს, სადიაკვნოს შესასვლელში რომ ხატი კიდია, ის ხომ არ არისო? მართლაც ხატის უკანა მხარეს ნახეს წარწერა: "ბარძიმი შეუსმელი". იქ მყოფ ერთ-ერთ ბერში დასნეულებულმა გლეხმა მაშინვე შეიცნო სიზმრად ნანახი ბერი. სერპუხოვიდან შინ გლეხი სავსებით გამოჯანმრთელებული დაბრუნდა.

ღვთის დედის ხატის საკვირველი განდიდების ამბავი მალე მთელ რუსეთს მოედო. მემთვრალეობის სენით შეპყრობილნი, მათი ახლობლები და ნათესავები იჩქაროდნენ, ლოცვები აღევლინათ სნეულებისაგან განკურნებისათვის ღვთისმშობლის ხატის წინაშე, ბევრი კი იმისთვის მოილტვოდა, რათა სამადლობელი შეეწირა დედოფლისთვის მისი უდიდესი წყალობის გამო.

რას გამოხატავს ეს ხატი? იკონოგრაფიული თვალსაზრისით იგი ღვთის დედის ერთ-ერთი უძველესი გამოსახულების "ორნატას" ტიპს მიეკუთვნება, ოღონდ ეგაა, რომ ღვთიური ყრმა ბარძიმში ფეხზე მდგომია გამოხატული. ბარძიმი მაკურთხებელი ღვთიური ყრმით - ესაა ბარძიმი ზიარებისა, რომელიც მომლოცველებს ყველა იმ კურთხევას ანიჭებს, რომელიც იესო ქრისტემ მიჰმადლა კაცთა ცოდვილ მოდგმას. ბარძიმი ესე მართლაც შეუსმელია, ანუ დაულეველი, რამეთუ ტარიგი მისი (ანუ შეწირული უფალი) "მარადის იჭამების და არა დაილევის". ხოლო დედა ღვთისა, ზეაპყრობილი ყოვლადწმიდა ხელებით, ყოველი ცოდვილისათვის ლოცულობს, ყველას ცხონება სურს, მდაბალი დამღუპველი მიდრეკილებების ნაცვლად იგი სულიერი სიხარულისა და ნუგეშის ამოუწურავი წყაროსაკენ მოუწოდებს. იგი ამცნობს, რომ სულიერი შეწევნისა და მოწყალების შეუსმელი ბარძიმი გამზადებულია თითოეული მათგანისთვის, ვისაც კი ეს სურს.

ხატის დღესასწაული აღესრულება 5 მაისს.

აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

დღეს არის დღესასწაული ხატისა "ბარძიმი შეუსმელი", რომელსაც ლოთობისა და ნარკომანიისაგან განკურნების განსაკუთრებული ძალა გააჩნია

ბეჭდვა
1კ1