პოვნა პატიოსნისა ჯვარისა (ძელისა ცხოვრებისა) და სამსჭვალთა წმინდისა ელენე დედოფლის მიერ იერუსალიმს (326 წელს) - 6 (19) მარტი
პოვნა პატიოსნისა ჯვარისა (ძელისა ცხოვრებისა) და სამსჭვალთა წმინდისა ელენე დედოფლის მიერ იერუსალიმს (326 წელს) - 6 (19) მარტი
წმინდა კონსტანტინე დიდმა დედასთან, დედოფალ ელენესთან ერთად გადაწყვიტა, განეახლებინა ქალაქი იერუსალიმი, სახარებისეული მოვლენებით ცნობილ ადგილებზე ტაძრები აეგო. 70 წელს რომის იმპერატორმა ტიტუსმა (42-72) დაიპყრო იერუსალიმი, დაარბია იგი და მორიას მთაზე აღმართული სოლომონის ტაძარი ისე დაანგრია, რომ მაცხოვრის წინასწარმეტყველებისამებრ (მკ. 13,1- 2), ქვა ქვაზე არ დატოვა. მოგვიანებით იმპერატორმა ადრიანემ (117-138) ტიტუსის მიერ მოოხრებული იერუსალიმის ადგილას გააშენა ახალი ქალაქი, რომელსაც საკუთარი სახელი - ელი-ადრიანე უწოდა და მისი ძველი სახელით ხსენება აკრძალა. უფლის საფლავი მიწითა და ლოდებით დაფარეს და ზედ იუპიტერის კერპი დადგეს; გოლგოთაზე, ქრისტეს ჯვარცმის ადგილას, 119 წელს ვენერას წარმართული ტაძარი ააშენეს. ქალღმერთის ქანდაკების წინ ამაზრზენი მსხვერპლშეწირვები აღესრულებოდა ბილწი ორგიების თანხლებით. ბეთლემში, იმ ადგილას, სადაც მაცხოვარი იშვა ყოვლადწმინდა ქალწულისაგან, უსჯულო მეფემ ადონისის კერპი აღმართა. ყველაფერი ეს წინასწარგანზრახვით კეთდებოდა: სურდათ, რომ ადამიანების ცნობიერებიდან სრულიად განედევნათ ქრისტე მაცხოვარი და ის ადგილებიც გადაევიწყებინათ მათთვის, სადაც იგი ცხოვრობდა, ქადაგებდა, ევნო, მოკვდა და აღდგა დიდებით.

ელენე დედოფალი იერუსალიმში გაემგზავრა. კონსტანტინემ მას პატრიარქ მაკარი I-თან (313-323) გაატანა წერილი, რომელშიც ითხოვდა, ყოველმხრივ შეეწყოთ ხელი ქრისტიანული სიწმინდეების განახლების საქმისთვის. წმინდა ქალაქში მოციქულთასწორმა დედოფალმა ყველა კერპი და წარმართული ტაძარი შემუსრა და შებილწული ადგილები აკურთხებინა.


დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს. ელენე უკვე საკმაოდ მოხუცებული იყო, მაგრამ ღვთის სიყვარულით აღძრული, ფრიად დაშვრა დიდი სიწმინდის ძიებაში. იგი დიდხანს ამაოდ ცდილობდა, იერუსალიმის მკვიდრთაგან შეეტყო ჯვრის ადგილსამყოფელი. ბოლოს უფალმა მხცოვანი იუდეველის, იუდას მეშვეობით გააცხადა დაფარული: გათხარეს დანგრეული ვენერას ტაძრის საძირკველი, იქ მიაკვლიეს მაცხოვრის ამოვსებულ აკლდამასა და თხემის ადგილს. მის მახლობლად კი - სამი ჯვარი, დაფა პილატეს დავალებით გაკეთებული სამენოვანი წარწერით და ოთხი ლურსმანი, რომლითაც ძელზე მიამსჭვალეს ქრისტე. იმისთვის, რომ შეეტყოთ, ამ სამიდან უფლის ჯვარი რომელი იყო (როგორც ცნობილია, მაცხოვრის ჯვარცმისას ორი ავაზაკიც აცვეს ჯვარს), პატრიარქმა მაკარმა რიგრიგობით შეახო ისინი ერთ მიცვალებულს, რომელსაც იმ დროს დასაკრძალავად მიას-ვენებდნენ. იგი გაცოცხლდა. გახარებულმა დედოფალმა და მისმა მხლებლებმა თაყვანი სცეს ჯვარს. უამრავმა ადამიანმა ჯვართან მიახლოება ვერ შეძლო. მაშინ პატრიარქს სთხოვეს, აემაღლებინა ჯვარი, რათა ყველას შეძლებოდა, თუნდაც შორიდან დაენახა და თაყვანი ეცა მისთვის. პატრიარქმა და სამღვდელოებამ უფლის პატიოსანი ჯვარი აღამაღლეს. ეს საზეიმო მოვლენა 326 წელს მოხდა.

წმინდა ჯვრის აღმოჩენას კიდევ ერთი სასწაული ახლდა თან: მისი გადასახვით მძიმე ავადმყოფი ქალი განიკურნა. მოხუცმა იუდამ და სხვა ებრაელებმა ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. ნათლისღებისას იუდას კვირიაკე დაარქვეს. შემდგომში იგი იერუსალიმის ეპისკოპოსი გახდა, იულიანე განდგომილის (361-363) ზეობისას კი მოწამებრივად დაასრულა სიცოცხლე (ხს. 28 ოქტომბერს).

14 სექტემბერს დაწესდა პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაული.

ელენემ შვილს საჩუქრად წაუღო წმინდა ჯვრის ნაწილი და მასთან ერთად ნაპოვნი სამსჭვალები. ჯვრის დარჩენილი ძელი კი ჩაასვენეს ვერცხლის სანაწილეში და კრძალვით ინახავდნენ იერუსალიმში. დიდ პარასკევს, როგორც წესი, მას გოლგოთაზე მიასვენებდნენ და თაყვანს სცემდნენ.


რაც შეეხება უფლის ჯვრისა და სამსჭვალების შემდგომ ისტორიას:

კონსტანტინოპოლში ელენე დედოფალმა თან წაიღო იერუსალიმიდან ნაწილი უფლის პატიოსანი ჯვრისა და სამსჭვალები. ძელიცხოვლის ნაწილები მთელ ქრისტიანულ სამყაროში მიმოიფანტა, მათ შორის საქართველოშიც მოხვდა.

IV საუკუნეში, მას შემდეგ, რაც წმინდა მირიანთან ერთად მთელი ქართლი მოინათლა, ახალგაქრისტიანებულმა მეფემ ბიზანტიაში წარავლინა ეპისკოპოსი იოანე და იმპერატორს სთხოვა, ებოძებინა ქართველთათვის ნაწილი ძელიცხოვლისა. გაუხარდა კონსტანტინე კეისარს ქართველთა გაქრისტიანება და მირიანს წმინდა ჯვრის ნაწილები გამოუგზავნა: ფიცარი, რომელზეც უფლის ფერხნი იყო დამსჭვალული და ორი ლურსმანი.

ქართლისკენ მომავალ იოანეს გზადაგზა დაუტოვებია ეს სიწმინდენი: ერუშეთს - განძის ნაწილი და უფლის სამსჭვალი, მანგლისში - ფერხთა ფიცარი.

...XIII საუკუნის დასაწყისში დავით ნარინს უფლის სამსჭვალისთვის გაუმზადებია ჩასაბრძანებელი - ძვირფასი ქვებით შემკული ოქროს მიტრა, რომელიც მანგლელი ეპისკოპოსისთვის შეუწირავს. მოგვიანებით სამსჭვალი და მიტრა თბილისის სიონის ტაძარში იქნა გადატანილი.

მეფე არჩილს ქრისტეს სამსჭვალთა დიდი სასოება ჰქონდა. თურმე მის წინ აფიცებდა ორგულებს. როცა ყაენმა არჩილის საქართველოდან გაძევება მოითხოვა, მან, მეფე გიორგის ნებართვით, რუსეთში წაიღო სიწმინდეები. ეს იყო 1681 წელს.

არჩილმა სიწმინდენი კრემლის მიძინების ეკლესიას მიაბარა შესანახად... XX საუკუნის 50-იან წლებში, მანგლისის ტაძრის შესახებ მონოგრაფიაზე მუშაობისას, ბატონი მალაქია დვალი დაინტერესებულა სამსჭვალისა და მანგლელი მიტროპოლიტის მიტრის ბედით და მათი მოძებნა უცდია. "ლურსმანი და მიტრა რომ ნამდვილად კრემლის მიძინების ეკლესიაში იყო დაცული, ჩანს, ნიკოლოზ I-ის მიერ 1849 წელს გამოცემული ალბომიდან, სადაც სამსჭვალისა და მიტრის ფერადი ჩანახატია მო¬თავსებული. იქვე მითითებულია, ეს ნივთები მოსკოვში, მიძინების ეკლესიაში ინახებაო", - ბრძანებს ბატონი მალაქია. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ეკლესიის საგანძური კრემლში იარაღის პალატას გადაეცა. ბატონ მალაქიას უნახავს კიდეც მუზეუმის საცავებში უფლის სამსჭვალი, მიტრისთვის კი ვერ მიუკვლევია. ძელიცხოვლის ნაწილი ჩატანებული იყო წმინდა თამარ მეფის გულსაკიდ ჯვარში.

წმინდა ექვთიმე თაყაიშვილს 1910 წელს, ლეჩხუმ-სვანეთში მოგზაურობისას, უნახავს კალას ეკლესიაში დაცული ხატი-სანაწილე, რომელიც ძელი ჭეშმარიტის შესანახად ყოფილა განკუთვნილი. მისივე თქმით, ბრიტანეთის მუზეუმს შეუძენია წმინდა გიორგის გულსაკიდი ხატი, რომელიც წმინდა ქეთევანს ეკუთვნოდა. დედოფლის წამების შემდეგ ხატში მოთავსებული ძელიცხოვლის ნაწილისთვის ქეთევანის წმინდა ნაწილიც მიუმატებიათ. ექვთიმესავე თქმით, მარტვილის ეკლესიაში ინახებოდა ქაიხოსრო გელოვანის თანამეცხედრის, როდამ დგებუაძისეული შეწირული ძელი ჭეშმარიტის ნაწილიანი ოქროს ჯვარი. პლატონ იოსელიანის ცნობით, ნიქოზის ტაძარში 1798 წლამდე ინახებოდა ძელიცხოვლის ნაწილების ჯვარი. 1798 წლის ივლის¬ში ნიქოზის ეპისკოპოს ათანასეს ბრძანებით ჯვარი ეკლესიის გარეთ საწიგნეზე დაუსვენებიათ და მის წინ დაუფიცებიათ თავადთ. ფიცის შემდეგ ძელი ჭეშმარიტის შენახვა დავიწყებიათ, მწუხრის შემდეგ მოუკითხავთ, მაგრამ ვეღარ უპოვიათ. ამის გამო გიორგი XII-მ ათანასე ნიქოზელს კათედრა ჩამოართვა და გარეჯის მონასტერში გაგზავნა.

ძელიცხოვლის ნაწილები ჩატანებული ყოფილა IX-X საუკუნეების მარტვილის ენკოლპიონისა (რომელიც ხოსროვანუშ დედოფალს ეკუთვნოდა) და ე.წ. კვირიკეს ჯვარში, რომელიც X საუკუნეში მეფე კვირიკესთვის შეიქმნა, ასევე ერმიტაჟში დაცულ ჭედურ სტავროთეკაში, ე.წ. შალიანის ხატში, რომელიც მთელ სვანეთში იყო განთქმული თავისი ძლიერებით, სილიხანის ოთხსცენიან ხატსა და წალენჯიხის მაცხოვრის ხატში, ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში დაცულ ე.წ. საჰაკდუხტის სანაწილეშიც.

1109 წელს იერუსალიმში წმინდა საფლავის კანტორმა ანსელუსმა შეიძინა ძელიცხოვლისგან ამოღებული ჯვარი და პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს უძღვნა. მისი თქმით, ეს ჯვარი მან ქართველთა მეფის, დავითის ქვრივისგან შეიძინა. რამდენად სარწმუნოა ეს ცნობა, თავად განსაჯეთ - წმინდა მეფე დავითი ხომ ამ დროს ჯანმრთელი და საღ-სალამათი იყო.

და ბოლოს, ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლება არ იყო ოდენ ისტორიული მოვლენა; ეს მაგალითია თითოეული ქრისტიანისათვის - ისევე როგორც ჯვარი ამაღლდა, იესო ქრისტეს მასზე ჯვარცმით განდიდდა და გაბრწყინდა, ასევე ჩვენც უნდა ავმაღლდეთ შინაგანი და სულიერი სამყაროთი, რათა ღირსი შევიქნეთ იესო ქრისტესთან ურცხვენელი შეხვედრისა.

ხატის წყარო

........................................

ასევე წაიკითხეთ:

ძელიცხოვლის შეხებით მკვდარი გაცოცხლდა

მანგლისის სიონში დღემდე ინახება უდიდესი სიწმინდე - ძელიცხოვლის ჯვრის ნაწილი


ბეჭდვა
1კ1