ღირსი პატაპი (იპატი) თებაიდელი, კონსტანტინოპოლელი - 08 (21) დეკემბერი
ღირსი პატაპი (იპატი) თებაიდელი, კონსტანტინოპოლელი - 08 (21) დეკემბერი
წმინდა პატაპი ეგვიპტურ თებეში, დაახლოებით, V-VI საუკუნეებში დაიბადა და ზნეკეთილ ოჯახში აღიზარდა.

სიჭაბუკეშივე აღიტრფო წარუვალი დიდებისა და სულიერი სრულქმნისთვის, ყოველივე დაუტევა და უდაბნოს შეერთო, სადაც უფალს მარტომყოფი ეზრახვოდა.

დრო გავიდა და პატაპის დიდი მცდელობის მიუხედავად, კაცთაგან ყოველგვარ პატივს საგულდაგულოდ გაქცეოდა, სახელი დიდად განითქვა. მალე იმდენმა ხალხმა მიაკითხა, იძულებული შეიქნა, იქაურობა დაეტოვებინა და კონსტანტინოპოლს, ვლაქერნის სახელგანთქმული სავანის შორიახლოს გადასულიყო, სადაც კვლავ სანატრელ მყუდროებას დაეწაფა.

გამუდმებული, ასკეტური ღვაწლის შედეგად ნეტარი სულიერად სრულ იქმნა, ვითარცა ანგელოზი და განთიადიდან ვიდრე დაისამდე ადიდებდა უფალს, რომელმაც მონა თვისი საკვირველქმედების მადლით შემოსა.

ქრისტეს სახელით პატაპიმ დაბადებიდან ბრმადქმნილს, მის წინაშე რწმენით რომ დაემხო, თვალისჩინი დაუბრუნა, წყალმანკით ერთიანად დასიებული - წმინდა ჯვრის გამოსახვით და კანდელის ზეთის ცხებით განკურნა, შეპყრობილი ჭაბუკისგან ეშმაკნი განასხა, რის შემდგომაც მის ირგვლივ კვლავ ზღვა ხალხი შეგროვდა.

თავისი წმინდა და საკვირველი ცხოვრებით უქადაგებდა ღირსი პატაპი ადამიანებს და თავის სიტყვას უამრავი სასწაულით განამტკიცებდა, მრავალი სული იხსნა წარსაწყმედლისაგან და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

მახლობელ სავანეთა მამებმა მწარედ დაიტირეს ეს ანგელოზთასწორი მოღვაწე და მისი სენაკის სიახლოვეს მდებარე ეგვიპტელთა მონასტერში დაკრძალეს.

მრავალი წლის შემდგომ მისი წმინდა სხეული უხრწნელად პოვეს, ღირსი მამის ლოცვით კი დღემდე უამრავი სასწაული აღესრულება.

ტროპარი:
შენ შორის, საკუირველო მამაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატებაჲ, რამეთუ აღიღე ჯუარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთასა, ვითარცა წარმავალისასა, ხოლო ღუწასა სულისასა, ვითარცა უკუდავისა არსებისასა, რომლისათჳსცა ანგელოზთა თანა იხარებს სული შენი, ნეტარო პატაპი.

კონდაკი:
სახლი შენი სულიერი, წმიდაო, სამკურნალოდ უპოვნიეს ერსა, მოსწრაფედ მისსა მიმართ მილტოლვილთა, და კურნებაჲ მთხოველთა მიენიჭების, დახსნაჲ შეცოდებულთა ცხორებასა შინა, რამეთუ შენ ყოველთა ურვათა შინა მყოფთა შესავედრებელად გამოსჩნდი, პატაპი ღირსო.

........

აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ:


8 დეკემბერს წმინდა პატაპის ხსენებაა - წმინდა მამის წმინდა სხეული მთლიანდაა შემონახული

წმინდა პატაპიოსის სასწაულები

ისინი მხოლოდ უფლისთვის არსებობდნენ

წმინდა პატაპიოსი ძილშიც ეცხადება და დაფარულად ესაუბრება მორწმუნეებს


21 დეკემბერს წმინდა პატაპიოსის ხსენებაა

ღირსმა მამა პატაპიოსმა უფლის შეწევნით მრავალი სასწაული მოახდინა


წმინდა პატაპიოსის სასწაულები







ბეჭდვა
1კ1