მართალი პეტრე, მეზვერედ ყოფილი (VI) - 22 სექტემბერი (5 ოქტომბერი)
მართალი პეტრე, მეზვერედ ყოფილი (VI)  - 22 სექტემბერი (5 ოქტომბერი)
ძველი სტილით 22 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია VI ეკლესიის მოღვაწეს მართალ პეტრეს, მეზვერედყოფილს იხსენიებს. ნეტარი პეტრეს ცხოვრება შემოგვინახა მღვდელმთავარმა იოანე მოწყალემ, ალექსანდრიელმა პატრიარქმა (ხს. 12 ნოემბერს). მართალი პეტრე ალექსანდრიაში ხარკის ამკრეფთა მთავარი იყო იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) ზეობისას. პეტრე სასტიკი და ავკაცობით გამორჩეული იყო. ერთმა ღატაკმა, რომელიც იმავე ქალაქში ცხოვრობდა, სადაც პეტრე, ამხანაგებთან მის სისასტიკეზე საუბრისას დაიტრაბახა, რომ მისგან მოწყალების მიღებას შეძლებდა. კამათი გაჩაღდა და ღატაკმა დაიქადნა, რომ სიტყვას საქმით დაამტკიცებდა. ის პეტრეს სახლთან დადგა და როდესაც მან ჭიშკრიდან პურით დატვირთული ჯორი გამოიყვანა, ღატაკმა დაჟინებით დაუწყო მოწყალების თხოვნა. პეტრე, რომლისთვისაც ყოველგვარი თანაგრძნობა უცხო იყო, განარისხა ღატაკის მომაბეზრებელმა ვედრებამ და რადგანაც ქვას ვერსად მიაგნო, ხელი პურს დასტაცა და მათხოვარს ესროლა. მათხოვარმა პური დაიჭირა და მეგობრებს მიუტანა. გაიყვეს პური და ჭამეს, პეტრეს სული კი ღმერთს შეავედრეს.

ორი დღის შემდეგ ისე მოხდა, რომ პეტრე მძიმე სნეულებამ შეიპყრო. ერთხელ, ავადმყოფობის დროს ამგვარი რამ წარმოუდგა თვალწინ: მან საკუთარი თავი ღვთის სამსჯავროზე მდგარი იხილა; გაიგონა, რომ ანგელოზები მის საქმეებს განსჯიდნენ და ერთადერთ სიკეთედ მოიხსენიებდნენ მის მიერ უნებურად გაღებულ მოწყალებას-როდესაც განრისხებულმა პეტრემ ღატაკს პური ესროლა. შემდეგ ანგელოზები მას მიუბრუნდნენ და უთხრეს:

-წადი, პეტრე და მიუმატე რაიმე იმ პურს, სხვაგვარად ეშმაკები დაგეპატრონებიან და მარადიულ სატანჯველს მიიღებ.

ხილვამ იმდენად შეაძრწუნა პეტრე, რომ სრულად შეცვალა ცხოვრების წესი. იმ დღიდან გულუხვად ეხმარებოდა გლახაკებს. ერთხელ ნეტარს ძილში იესო ქრისტე წარმოუდგა. იგი იმ სამოსელში იყო ჩაცმული, რომელიც პეტრემ ოდესღაც მათხოვარს უბოძა. მაშინ პეტრემ მთელი ქონება უპოვრებს დაურიგა და ერთ მონას უბრძანა, თვითონ ისიც მონად გაეყიდა, აღებული ფული კი მოწყალებად გაეცა. ის ერთ ღვთისმოსავ ადამიანთან ცხოვრობდა, დიდი ხნის განმავლობაში მძიმე შრომითა და სხვადასხვაგვარი ღვაწლით მოიუძლურებდა ხორცს და ამ საოცარი ღვთივსათნო ცხოვრების გამო ჯერ კიდევ სიცოცხლეში სასწაულმოქმედების ნიჭით დაჯილდოვდა. ერთხელ მის ბატონთან მივიდნენ მგზავრები, რომლებიც ადრე იცნობდნენ პეტრეს. ისინი იმ სათნოებათა ქება-დიდებას მოჰყვნენ, რითაც პეტრე უკანასკნელ ხანს გამოირჩეოდა. პეტრემ ვერ აიტანა კაცობრივი დიდება, სასწრაფოდ ამსოფლისაგან განრიდება გადაწყვიტა-ქალაქის კარიბჭის ყრუ-მუნჯ დარაჯთან მივიდა და სასწრაფოდ ქალაქის გაღება უბრძანა, კაცმა მისი ნათქვამი გაიგონა, თავადაც დაუყოვნებლივ ამოიდგა ენა, ბრძანება შეასრულა, მის ბატონთან მივიდა და უთხრა:

-ღვთის უდიდესმა მონამ დაგვტოვა! რადგანაც, როდესაც შენმა მსახურმა პეტრემ მითხრა,-სახელითა უფლისა იესო ქრისტესითა გააღე ჭიშკარი!-დავინახე მისი პირიდან გამომავალი ცეცხლი, რომელიც ჩემს ყურებსა და ენას შეეხო და მაშინვე ვიგრძენი, რომ სმენისა და საუბრის ძალა შემწევდა.

პეტრეს ყოფილი ბატონი და მისი სტუმრები მაშინვე მის ძებნას შეუდგნენ, მაგრამ ვერ იპოვეს და შინ დაბრუნებულებმა განადიდეს ღმერთი-განმადიდებელი წმინდათა თვისთა.

ბეჭდვა
1კ1