ასამდე ათონელი მამა ჩამოვიდა სალონიკში და განამხნევა იქ შეკრებილი ქრისტიანები.
 ასამდე ათონელი მამა ჩამოვიდა სალონიკში და განამხნევა იქ შეკრებილი ქრისტიანები.
1988 წელს საბერძნეთში დიდი მღელვარება გამოიწვია მარტინ სკორსეზეს ფილმის, "ქრისტეს უკანასკნელი ცდუნების" ჩვენებამ, რომელიც მწერალ კაზანძაკისის წიგნის მიხედვით არის გადაღებული. ღვთისმოშიშ ბერძენთა პროტესტის გარდა, ელადის მართლმადიდებელმა ეკლესიამ გადაწყვიტა, 6-7 ნოემბერს საერთო საეკლესიო საპროტესტო აქცია ჩაეტარებინა, რომელშიც მონაწილეობა ეკლესიამ ათონის მთასაც სთხოვა.

ბევრი წინააღმდეგი იყო ამ გადაწყვეტილებისა. თვლიდნენ, საპროტესტო აქცია მთლად სულიერი საქმე არ არისო. იმასაც ამბობდნენ, ამით სკორსეზეს ფილმს უფრო პოპულარულს გავხდითო. სრულიად საწინააღმდეგოს ფიქრობდა მამა პაისი: "ხატმებრძოლობისას, - ამბობდა იგი, - კონსტანტინოპოლის ოქროს კარიბჭესთან ათმა ქრისტიანმა მტკიცედ გადაწყვიტა ქრისტეს ხატის დაცვა და ამისთვის ეწამნენ კიდეც. ახლა, როცა იგმობა ქრისტეს პიროვნება, - არ შეიძლება გულგრილნი დავრჩეთ. ჩვენ, ასეთ "ჭკვიანებსა" და "გონივრულად განმსჯელ" ხალხს იმ ეპოქაში რომ გვეცხოვრა, იმ ათ მოწამეს ალბათ ვეტყოდით: "ასეთი მოქცევა არასულიერია. ყურადღებას ნუ მიაქცევთ სპაფარს, რომელიც კიბეზე ხატის ჩამოსაგდებად მოძვრება. როცა მდგომარეობა შეიცვლება, ძველი ხატის ადგილას ახალს დავკიდებთ, უფრო ბიზანტიურსაც კი, ვიდრე ძველი ხატი იყო". აი, სწორედ ესაა საშინელება! საკუთარ დაცემას, საკუთარ შიშსა და მყუდროდ ცხოვრების სურვილს ჩვენ რაღაც აღმატებულად ვასაღებთ!"

ღვთისმგმობი ფილმის წინააღმდეგ პროტესტის გამოთქმას სარწმუნოების აღსარებად თვლიდა, ამიტომ მამა პაისიმ, სხვა ათონელ მამებთან ერთად, აქციაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. მისი პოზიცია დაეხმარა წმინდა კინოტს (ათონის მმართველ ორგანოს) მიეღო გადაწყვეტილება მთაწმინდელ მონაზონთა მიერ ამ აქციაში მონაწილეობის შესახებ. ასამდე ათონელი მამა ჩამოვიდა სალონიკში და განამხნევა იქ შეკრებილი ქრისტიანები. მათ შეუერთდნენ ერში არსებული მონასტრების მამები და დედები. ქრისტიანთა შეთანხმებულმა მოქმედებამ და ლოცვებმა კეთილი შედეგი გამოიღო - საბერძნეთის ხელისუფლებამ აკრძალა ამ ღვთისმგმობი ფილმის ჩვენება. "უკანასკნელი ცდუნების" საფრთხემ გადაიარა. ღმერთმა ქნას, მართლაც ბოლო ცდუნება ყოფილიყოს.
ბეჭდვა
1კ1