წმინდა მართალი ნიკოლოზ კავასილა (+1391-1397) - 20 ივნისი (3 ივლისი)
წმინდა მართალი ნიკოლოზ კავასილა (+1391-1397) - 20 ივნისი (3 ივლისი)
წმინდა ნიკოლოზი 1322 წელს დაიბადა თესალონიკში ხამატების ოჯახში, თუმცა შემდგომში დედის უძველესი გვარი - კავასილა მიიღო. ყმაწვილის სულიერ აღზრდაზე იზრუნა წმინდა გრიგოლ პალამას უახლოესმა მოწაფემ დოროთე ვლატისმა. სიჭაბუკეში წმინდა ნიკოლოზი ღვთისმოშიშ ერისკაცთა შეკრებებს ესწრებოდა, რომელთაც იესოს ლოცვას მომავალი პატრიარქი წმინდა ისიდორე ასწავლიდა. ლიტერტურასა და ფილოსოფიაში დაწყებითი განათლება ბიძამისმა ნილოს კავასილამ მისცა. შემდეგ კონსტანტინოპოლის ფილოსოფიის სკოლაში სწავლობდა. კარგად შეისწავლა ლიტერატურა. იგი გაიტაცა ანტიკურობამ და დაახლოებული იყო ჰუმანისტებთან, თუმცა ეკლესიის სწავლებას არ განშორებია. წმინდა ნიკოლოზის დედაქალაქში ყოფნისას კამათი გაჩაღდა წმინდა გრიგოლ პალამასა და ბარლაამს შორის ხელით უქმნელი ენერგიებისა და მადლის საშუალებით ადამიანის განღმრთობის შესაძლებლობაზე. ჭაბუკმა იწყო ფიქრი ქრისტიანული ცხოვრების უმაღლეს მიზანზე, თუმცა უფრო აინტერესებდა იმ დროის სოციალური და პოლიტიკური პრობლემები. ანდრონიკე III-ის სიკვდილის მერე (1341) იმპერიაში სამოქალაქო ომი გაჩაღდა იოანე V პალეოლოგოსის და იოანე კანტაკუზენის მომხრეებს შორის. თესალონიკში ზილოტების აჯანყებამ იმპერატორისა და დიდებულების წინააღმდეგ გაართულა ისედაც მძიმე სიტუაცია. წმინდა ნიკოლოზი ამ ქალაქში იყო და თავს იდო აჯანყებულებსა და იოანე კანტაკუზენს შორის მოლაპარაკება. წმინდა ნიკოლოზის ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. აჯანყებულებს ხელსაყრელ პირობებში იარაღი უნდა დაეყარათ. მაგრამ ნიკოლოზის დაბრუნების შემდეგ ზილოტი ანდრია პალელოგოსი ამ გეგმას შეეწინააღმდეგა. ააბორგა ზილოტები და ამას მასობრივი ხოცვა-ჟლეტა მოჰყვა. წმინდანი ძლივს გადაურჩა სიკვდილს, ჭაში დაიმალა. ის თესალონიკში ვე-ღარ დარჩებოდა, თუმცა კანტაკუზენი მოსწონდა.

როცა ტახტზე აიყვანეს იოანე კანტაკუზენი, მან ნიკოლოზი კონსტანტინოპოლში გამოიძახა და მთავარ მრჩევლად გახადა ნიკოლოზის ბავშვობის მეგობარ დიმიტრი კიდონისთან ერთად. მთელი ამ ხნის მანძილზე წმინდა ნიკოლოზი ბევრს წერდა და აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1347 წლის სექტემბერში

გაჰყვა წმინდა გრიგოლ პალამას კონსტანტინოპოლიდან თესალონიკში, რომლის მთავარეპისკოპოსად წმინდა გრიგოლი აირჩიეს. მაგრამ ხალხმა არ მიიღო მღვდელმთავარი და იგი იძულებული გახდა, ათონზე განმარტოებულიყო. ორი წლის შემდეგ წმინდა ნიკოლოზი კვლავ ჩავიდა თესალონიკში, ზილოტების აჯანყება უკვე ჩახშობილი იყო, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეები შეურიგდნენ ერთმანეთს და უკვე შეიძლებოდა წმინდა გრიგოლის ინტრონიზაცია. 1351 წლის კრებაზე, რომელმაც დაგმო აკინდინი და ისიქაზმი ეკლესიის ოფიციალურ სწავლებად გამოაცხადა, წმინდა ნიკოლოზი უკვე აშკარად დადგა პალაიტური ღვთისმეტყველების გვერდით, შემდეგ კი მხარს უჭერდა იოანე კანტაკუზენს ლათინურ ეკლესიასთან უნიაზე სამსჯელოდ. ამასთან წმინდა ნიკოლოზი თვლიდა, რომ არ შეიძლებოდა დოგმატურ საკითხებში კომპრომისი, მაშინ, როცა დიმიტრი კიდონისი ისიქაზმის მოწინააღმდეგების მხარეს გადავიდა. 1353 წელს იოანე V პალეოლოგოსსა და იოანე VI კანტაკუზინს შორის კვლავ კონფლიქტი წარმოიშვა და სამოქალაქო ომმა იფეთქა. ამის შედეგად დაამხეს პატრიარქი წმინდა კალისტე. მაშინ წმინდა ნიკოლოზი პატრიარქობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო, თუმცა პატრიარქად წმინდა ფილოთეოსი (ხსენება 11 ოქტომბერს) აირჩიეს. მეორე წელს წმინდა ნიკოლოზი თანამმართველის, მათე კანტკუზენის კორონაციას ბრწყინვალე სიტყვით მიესალმა. მაგრამ, მალე გენუელი დაქირავებულების დახმარებით იოანე პალეოლოგოსმა ხელისუფლება დაიბრუნა, ხოლო იოანე კანტაკუზენი იძულებული გახდა, ტახტზე უარი ეთქვა და იოსების სახელით მონაზვნად აღკვეცილიყო. წმინდა პატრიარქი ფილოთეოსი დაამხეს და გადაასახლეს, ხოლო პატრიარქის ტახტზე კვლავ წმინდა კალისტე აიყვანეს.

ამ დროიდან წმინდა ნიკოლოზი ჩამოშორდა საზოგადოებრივ ცხოვრებას და მთლიანდ საღმრთო საგნებზე ფიქრს მიეცა. სავარაუდოდ, ის მონაზვნად აღიკვეცა. საერო საქმეებიდან ჩამოშორებულმს ორი წელი თესალონიკში დაჰყო, დარჩენილი დრო კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა, ხშირად სტუმრობდა მანგანის, ქსანთოპულოს და სტუდიის მონასტრებს. წმინდა ნიკოლოზმა სათნოებათა მწვერვალს მიაღწია და მრავალი დიდებული აკითხავდა რჩევისთვის, იმპერატორი მანუელ პალეოლოგოსი მას სულიერ მამად თვლიდა.

წმინდა ნიკოლოზი ცდილობდა, არ ჩარეულიყო ამსოფლიურ საქმეებში და მშვიდად ემუშავა თავის თხზულებებზე. წმინდა ნიკოლოზ კავასილას შემოქმედება საკმაოდ ვრცელია. უმთავრესია ორი ნაშრომი - "შვიდი სიტყვა ქრისტეში ცხოვრების შესახებ" და "ღვთაებრივი ლიტურგიის განმარტება". პირველი წიგნი საიდუმლოთა - ნათლობის, მირონცხებისა და ევქარისტიის განმარტებას მოიცავს. მეორის სახელწოდება შინაარსზე თავად მიუთითებს. ავტორი მასში, დადგენილი ტრადიციის კვალად, ლიტურგიას განმარტავს როგორც ქრისტეს ცხოვრების სიმბოლურ განმეორებას. კავასილამდე კომენტატორები, მაგალითად, პატრიარქი გერმანე (VIII ს.), ნებისმიერ ლიტურგიკულ დეტალს სიმბოლურად განმარტავდნენ. ამ გზაზე ადამიანური წარმოსახვისთვის საკმაოდ დიდი სივრცეა: ერთი და იგივე დეტალი შეიძლება რამდენიმე განსხვავებული საშუალებით განიმარტოს და კომენტატორის სურვილისამებრ მიენიჭოს ესა თუ ის მნიშვნელობა. კავასილა თავის წინამორბედებისაგან არსობრივად იმით განსხვავდება, რომ ლიტურგიის დეტალების სიმბოლურ განმარტებას არ ცდილობს. წმინდა გრიგოლ პალამასთან ერთად ის განმმარტებელთა სხვა სკოლას ეკუთვნის, რომელთათვისაც ლიტურგიის შინაარსი სიმბოლურ ჩარჩოებს ბევრად სცდება.

ხსენებული ორი წიგნის გარდა, კავასილას კალამს სხვადასხვა წმინდანისა და ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი რამდენიმე "სიტყვა" ანუ ქადაგება ეკუთვნის. მისი ჰომილიები იმის დასტურია, რომ იმ დროისათვის ერისკაცებს ქადაგების წარმოთქმის უფლება ჰქონდათ.
კავასილას შემოქმედებას დასავლეთშიც იცნობდნენ. ის ლათინურად ითარგმნა და გარკვეული გავლენაც ჰქონდა.

ტრიდენის კრებაზე კავასილას ციტატები ქრისტეს ევქარისტიაში მონაწილეობის დოგმატის დამადასტურებელ საბუთად მოიშველიეს.
კავასილას იდეათა მიმართ სისტემატიზებული მიდგომა შეუძლებელია. მისი დოგმატური შეხედულებები ქრისტეში სულიერი ცხოვრების შესახებ მისი აზრის კონტექსტშია გადმოცემული. მასში წმინდა გრიგოლ პალამასთან უცილობელ მსგავსებას აღმოვაჩენთ: "ქრისტეში ცხოვრება ამ ცხოვრებაში იწყება და მისგან მომდინარეობს", - ამ სიტყვებით იწყება კავასილას წიგნი "შვიდი სიტყვა ქრისტეში ცხოვრების შესახებ".

იმის დასტურად, რომ ნიკოლოზი 90-იანი წლების I ნახევრამდე ცოცხალი იყო, მის მიერ მანუელ II-ისადმი, დიმიტრი კიდონისა და იოსებ ვრიენისადმი გაგზავნილი ზუსტად დათარიღებული წერილები გვევლინება. კავასილას აღსრულების სავარაუდო თარიღად 1397 (1398) წელი მოიაზრება.
ბერძნულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1982 წელს ნიკოლოზ კავასილა წმინდანად შერაცხა.

ბეჭდვა
1კ1