წმინდა კალისტე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+დაახლ. 1363) - 20 ივნისი (3 ივლისი)
წმინდა კალისტე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+დაახლ. 1363) - 20 ივნისი (3 ივლისი)
წმინდა კალისტე XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა. თავიდან ის ათონის მთაზე, დიდ ლავრასა და ივერონში მოსაგრეობდა, შემდეგ კი მაგულას სკიტში, წმინდა გრიგოლ სინელს დაემოწაფა. მან თავის მოძღვართან ერთად მრავალი წელი იცხოვრა და მისი "ცხოვრება" დაწერა.

თურქი მეკობრეების თავდასხმების შიშით წმინდა გრიგოლმა და მისმა მოწაფეებმა, მათ შორის წმინდა კალესტემაც, 1326 წელს ათონი დატოვეს და ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადადიოდნენ, იყვნენ თესალონიკშიც, ქიოსზე, მიტილინაზე, თრაკიაში. ბოლოს კი ბულგარეთის საზღვრის ახლოს ერთ უდაბურ ადგილას დასახლდნენ, რომელსაც პარორიას ეძახდნენ. ავაზაკების გამო მალე ამ მხარის დატოვებაც მოუწიათ და ერთხანობა კონსტანტინ-ოპოლში ცხოვრობდნენ. შემდეგ კი ბულგარეთის მეფის, ივანე ალექსანდრეს დახმარებით ღირსმა გრიგოლმა პარორიაში დაბრუნება შეძლო, ხოლო წმინდა კალისტე თანამოსაგრე მარკოზთან ერთად ათონზე დაბრუნდა (1311). იგი მაგულას სკიტში ცხოვრობდა, როცა იქ მომავალში მეტეორას მონასტრების დამაარსებელი ათანასე მივიდა. სწორედ კალისტემ ურჩია მას მილეაში წასულიყო და წმინდა გრიგოლს დამოწაფებოდა. წმინდა კალისტემ, უკვე მღვდელ-მონაზონმა, ხელი მოაწერა ისიქასტების დასაცავ მთაწმინდურ ტომოსს. მთლიანობაში მან მაგულას სკიტში 28 წელი იცხოვრა, მერე ივერონში გადასახლდა და შესაძლოა, მისი იღუმენიც იყო. ათონის მონასტრების ხელმძღვანელები მას ხშირად აგზავნიდნენ სხვადასხვა საქმეზე კონსტანტინოპოლში.

1350 წლის 10 ივნისს წმინდა კალისტე მსოფლიო პატრიარქად აირჩიეს. შემდეგ წელს იგი ხელმძღვანელობდა კრებას, რომელმაც დაამტკიცა წმინდა გრიგოლ ნოსელის სწავლება ხელთუქმნელი ენერგიების საშუალებით ადამიანის განღმრთობაზე. ორი წლის შემდეგ იოანე კანტაკუზენმა მოისურვა წმინდა კალისტეს დაყოლიება, რომ მას მისი ძის, მათესთვის გვირგვინი დაედგა, როგორც თანამმართველისთვის და ლიტურგიაზე მოსახსენიებლიდან ამოეღო კანონიერი იმპერატორი იოანე V პალეოლოგოსი, რაზეც მან უარი განუცხადა. წმინდანი ჯერ წმინდა ათანასეს მონასტერში გადავიდა, შემდეგ კი წმინდა მამანტის მონასტერში, ამასთან, პატრიარქობაზე უარი არ უთქვამს, რათა უზურპატორის კორონაციისთვის ხელი შეეშალა. 1353 წელს წმინდა სინოდმა წმინდა კალისტე ჩამოაგდო ტახტიდან და მის ნაცვლად ჰერაკლიის მიტროპოლიტი წმინდა ფილოთეოსი აირჩია, რომელმაც გვირგვინი დაადგა მათე კანტაკუზენს. მაშინ წმინდა კალისტე კუნძულ ტენედოსზე გაემართა, სადაც დამხობილი იმპერატორი იოანე V ცხოვრობდა და პატრიარქივით განაგრძობდა მოქმედებას.

შემდეგ იმპერატორი იოანე კონსტანტინოპოლში დაბრუნდა და ხელი მოაწერა მოწინააღმდეგე იმპერატორებს შორის შეთანხმებას, რომლის მერეც კანტაკუზენი ტახტიდან გადააყენეს და მონასტერში გაუშვეს. წმინდა კალისტეც დააბრუნეს პატრიარქის ტახტზე, ხოლო წმინდა ფილოთეოსი გადააყენეს.
წმინდა კალისტე ელჩად გააგზავნეს სერბეთის დედოფალ ელენესთან თურქების წინააღმდეგ სამხედრო დახმარების სათხოვნელად. გზად მან ათონის მთაზე შეიარა და წმინდა მაქსიმე კავსოკალიველი მოინახულა, რომელმაც მას უახლოეს ხანში სიკვდილი უწინასწარმეტყველა. მართლაც, ამ მისიის დროს ეპიდემია დაიწყო და წმინდა კალისტესთან ერთად მრავალი ადამიანი შეიწირა. წმინდა კალისტე 1364 წლის (ან 1363) 20 ივნისს გარდაიცვალა. წმინდა კალისტე ავტორია ქადაგებების, პოლემიკური ნაწარმოებების და ასკეტური თხუზულებებისა გონებისმიერ ლოცვასა და გულის სიწმინდეზე.

ბეჭდვა
1კ1