წმინდა ლევკიოს აღმსარებელი, ვრუნტისიოპოლელი ეპისკოპოსი (V) - 20 ივნისი (3 ივლისი)
წმინდა ლევკიოს აღმსარებელი, ვრუნტისიოპოლელი ეპისკოპოსი (V) - 20 ივნისი (3 ივლისი)
წმინდა ლევკიოსი (ერისკაცობაში ევტროპი) დაიბადა ალექსანდრიაში, ღვთისმოშიში ქრისტიანების - ევდოკისა და ევფროსინიას ოჯახში. ევტროპი 11 წლისა იყო, როცა დედა გარდაეცვალა. მამა წმინდა ერმის სახელობის მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა და ვაჟიც თან წაიყვანა სავანეში.
ყმაწვილი აქ იღუმენი ნიკიტას და მონასტრის სხვა გამოცდილი მამები სულიერი ხელმძღვანელობით იზრდებოდა. ყრმა ძალზე ნიჭიერი აღმოჩნდა, მან კარგად შეისწავლა საღვთო წერილი. ევტროპი მშვიდი, თავმდაბალი და მორჩილი ყმაწვილი იყო.

როცა ევტროპი 18 წლის გახდა, იმ წელს იღუმენი ნიკიტა გარდაიცვალა. მონასტრის ძმებმა იღუმენად ერთსულოვნად ევტროპი აირჩიეს, თუმცა ის იმ დროს მონაზვნად არ იყო აღკვეცილი. ევტროპი მტკიცე უარზე დადგა, რადგან თვლიდა, რომ უღირსი იყო, ვინმესთვის ეხელმძღვანელა. წმინდა ერმის მონასტერი შვიდი წელი უწინამძღვროდ დარჩა. ამ წლების მანძილზე ევტროპიმ მონაზვნურ ღვაწლში სულიერი ცხოვრების მაღალ საფეხურს მიაღწია. თუმცა ძმების მრავალგზის თხოვნისა, მონასტრის წინამძღვრობაზე უარს აცხადებდა.

ერთხელ, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, ევდოკიმ თავის ოცდახუთი წლის ვაჟთან ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე ალექსანდრიის მახლობლად მდებარე ღვთისმშობლის ტაძარში წასვლა გადაწყვიტა. დღესასწაულს ესწრებოდა ელიოპოლისის ეპისკოპოსი ელი, სამღვდელო დასთან ერთად. იმავე დროს მან მოინახულა მონასტერი, რომელსაც იღუმენი თეოდორე ხელმძღვანელობდა. სწორედ ამ მონასტერში გაჩერდნენ ევდოკი და მისი ვაჟი. შუაღამისას ევდოკის გამოცხადება ჰქონდა, უფალმა აუწყა, რომ ის მალე გარდაიცვლებოდა, ხოლო მისი შვილი ეპისკოპოსი გახდებოდა, ქრისტეს ნათლით გაანათლებდა იტალიის ქალაქ ვრუნტისიოპოლსა და მის შემოგარენს. გამოცხადებისას ევტროპის ახალი სახელიც უწინასწარმეტყველეს - ლევკიოსი, რაც ნიშნავს "სული ღვთისა სუფევდეს მას ზედა". ევდოკიმ ხილვის შესახებ ვაჟს მოუთხრო და ერთად ადიდეს ღმერთი. ამ დროს, როცა ევდოკის გამოცხადება ჰქონდა, მონასტერში ღამისთევის ლოცვაზე მყოფ ეპისკოპოს ელის ზეციდან ხმა მოესმა, რომელიც ლევკიოსს მღვდელმთავრის ღვაწლზე აკურთხებდა. თუმცა კი ვერ მიხვდა, ვის ეხებოდა.

ამ დროს ეპისკოპოსთან ერმის მონასტრის ბერები მივიდნენ და დაჟინებით სთხოვეს, ევტროპი სავანის იღუმენად დაედგინა. ეპისკოპოსს მანამდეც სმენოდა ევტროპის შესახებ და ბერებს უთხრა, - მაცალეთ, ეკლესიაში წირვაზე მივალ და დავარწმუნებ, თქვენი წინამძღვარი გახდესო. წირვის წინ ეპისკოპოსის დავალებით მთავარდიაკვანმა სამჯერ დაიძახა: აქ მყოფთაგან ვინ არის ლევკიოსიო. არავინ გამოეხმაურა, ამ დროს ევტროპი გამოეყო ხალხს და უთხრა:

- მე ვარ ცოდვილი ლევკიოსი.

- კი მაგრამ, შენ ხომ ევტროპი ხარ, ევდოკის ძე.

- ეგ მამაჩემს ჰკითხეთ, ის ჩემზე უკეთ გეტყვით ჩემს სახელზეო.

მაშინ მოუხმეს მონაზონ ევდოკის, რომელიც მაშინ 97 წლისა იყო. მან აღარ დამალა და მოუთხრო ხილვის შესახებ. ეს რომ გაიგონეს, დიდად გაიხარეს იქ მყოფებმა. ეპისკოპოსმა ელიმ ევტროპის სთხოვა, წინამძღვრად კურთხევას დათანხმებოდა.

მოსაგრეს თავი უღირსად მიაჩნდა და უარობდა, მაგრამ ეპისკოპოსის ნებას წინ ვერ აღუდგა. მას ჯერ მღვდლად ხელი დაასხეს, შემდეგ კი წინამძღვრადაც აკურთხეს. ამის მერე კი ყველამ ერთად იდღესასწაულა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული.

ამ დროიდან მოყოლებული ლევკიოსმა კიდევ უფრო გააძლიერა ღვაწლი, რისთვისაც უფალმა სასწაულქმედებისა და ბოროტ სულთა განსხმის მადლი უბოძა. ერთხელ ეშმაკმა უზარმაზარი გველის სახე მიიღო და უახლოესი დაბის მრავალი მცხოვრები მოაკვდინა. წმინდა მოსაგრე სასწრაფოდ გაემართა ხალხის დასახმარებლად და გაათავისუფლა ისინი ეშმაკის კლანჭებისგან. ეს რომ იხილა იმ ადგილის წარმართმა მოსახელობამ, დაახლოებით ხუთი ათასმა კაცმა, ქრისტე იწამა და მოინათლა.

სწორედ ამ პერიოდში მოწამებრივად აღესრულა ალექსანდრიელი ეპისკოპოსი ფილიპე და მის ნაცვლად ლევკიოსი აირჩიეს. ეპარქმა სატურნინმა როცა დაინახა, რომ ეკლესიის წმინდა წინამძღვარი მრავალ კერპთაყვანისმცემელს მოაქცევდა ქრისტიანობაზე, მისი მოკვლა გადაწყვიტა. ხალხი დაირაზმა საყვარელი მღვდელმთავრის დასაცავად, მათ ეპარქის მოკვლა გადაწყვიტეს. წმინდანმა მათ ამის გაკეთება აუკრძალა. წმინდა ლევკიოსმა სამწყსოს განუცხადა, რომ უფალმა მას წარმართულ ქვეყანაში გამგზავრება და ქალაქ ვრუნტისიოპოლის და მის გარშემო სოფლების გაქრისტიანება უბრძანა.
წმინდა მღვდელმთავარმა თავისი ტახტი ღირსეულ ეპისკოპოსს დაუთმო, თან გაიყოლა დიაკვნები - ევსები, დიონისე, კიდევ ხუთი მოწაფე და იტალიისკენ მიმავალ ხომალდზე ავიდა. გზაში მათ შეუერთდნენ მღვდლები - ლეონი და საბინი. ვრუნტისიოპოლის გზაზე წმინდანი შეხვდა ტრიბუნ არმალეონს და ის თავის 67 მხედართან ერთად ქრისტიანობაზე მოაქცია. ქალაქში შესულმა წმინდა ლევკიოსმა განაგრძო უფლის სიტყვის ქადაგება. ქალაქის თავმა ანტიოქემ შეიტყო, რომ ტრიბუნი არმალეონი გაქრისტიანდა, თავისთან იხმო და დიდხანს ესაუბრა ქრისტეს მოძღვრებაზე. მისგანვე შეიტყო წმინდა ლევკიოსის შესახებ და მისი ნახვა მოისურვა. შეხვედრისას მმართველმა წმინდანს უთხრა: "თუ გსურს, შენგან ქადაგებული ღმერთი ვირწმუნოთ, შესთხოვე მას, მოგვივლინოს წვიმა, რომელიც ორი წელია არ გვინახავს". წმინდანმა შეკრიბა ღვთისმსახურები, ყველა ახალმოქცეული ქრისტიანი და მათთან ერთად მხურვალე ლოცვა აღავლინა ყოვლისშემძლე მეუფის მიმართ. რომლის შემდეგაც კოკისპირული წვიმა წამოვიდა და დაალბო გამომშრალი და დამსკდარი მიწა. ამ სასწაულის მოწმე ანტიოქემ და ვრუნტისიოპოლის მთელმა მოსახლეობამ (27 000 კაცმა) ნათელ-იღო. ამ მოვლენის სახსოვრად ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ააგეს, იმ ადგილას კი, სადაც ხალხი მოინათლა, მეორე ეკლესიაც აღმართეს – წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობისა.

მალე მღვდელმთავარი დასნეულდა. უფალმა გამოცხადებით აუწყა წმინდანს, რომ სნეულება სასიკვდილო იყო. მან უხმო თავის სულიერ შვილს, ანტიოქეს და სთხოვა, იქ დაესაფლავებინათ, სადაც ალექსანდრიიდან მოსული ხომალდი მოადგა ნაპირს. ანტიოქემ შეასრულა მოძღვრის ანდერძი და იმ ადგილზე წმინდა ლევკიოსის სახელობის ტაძარი ააშენა. სადაც გადაასვენა გარდაცვლილი მღვდელმთავრის სხეული, რომელთანაც მრავალი სასწაული აღესრულებოდა.

ბეჭდვა
1კ1