ღირსი პაისი ქილანდარელი (XVIII) - ხსენება 19 ივნისს (2 ივლისი)
ღირსი პაისი ქილანდარელი (XVIII) - ხსენება 19 ივნისს (2 ივლისი)
ღირსი პაისი 1722 წელს დაიბადა ბანსკოში, ღვთისმოშიშ ბულგარელ ქრისტიანთა ოჯახში. მისი ერთი ძმა, ღირსი ლავრენტი, ქილანდარის მონასტრის იღუმენი იყო, მეორე - ტაძრებისა და მონასტრების უხვი შემომწირველი. პაისი რილის მონასტერში შედგა მორჩილად.

1745 წელს 23 წლის წმინდა პაისი ძმასთან გადავიდა ქილანდარის მონასტერში და იქ ბერად აღიკვეცა. მთაწმინდაზე მოსაგრე სულიერად გაიზარდა, ღრმად შეისწავლა სახარება და მღვდლობის ხარისხის მიღების ღირსი შექნა. ის პროიღუმენის მოვალეობას ასრულებდა. ქილანდარში 1758 წელს ჩასულმა სერბმა ისტორიკოსმა რაიჩამ და მისმა ისტორიოგრაფიულმა შრომებმა ახალგაზრდა პაისის მოანდომა, ამგვარი რამ გაეკეთებინა თავისი ერისთვის, რომ დაეხშო პირი ბერძენი და სერბი ბერებისთვის, რომლებიც დაცინვით ამბობდნენ ბულგარელებს ისტორია არა აქვთო. მოაგროვა ცნობები ათონსა და ბულგარეთში, იმოგზაურა "ნემის მიწაზე", სავარაუდოდ ბანატში და ქილანდარის მონასტერში შეუდგა "სლავბულგარელების ისტორიის" წერას, ხოლო დაასრულა 1762 წელს უკვე ზოგრაფის მონასტერში, სადაც იძულებული გახდა, გადასახლებულიყო. იქ ახალი ცნობებიც იპოვა.

წმინდა პაისის წიგნმა განამტკიცა ბულგარელი ხალხის ეროვნული თვითშეგნება, რათა აღედგინათ საეკლესიო დამოუკიდებლობა და თურქების უღლისგან გათავისუფლებულიყვნენ. მისი წიგნი ხალხს ასწავლიდა სამშობლოს და მშობლიური ენის სიყვარულს, მოუთხრობდა ბულგართა სახელმწიფოზე, ვიდრე მათ თურქები დაიპყრობდნენ. შემ-დგომში წმინდა პაისი მოგზაურობდა ბულგარეთში და ავრცელებდა თავის წიგნს. წმინდა პაისი 1798 წლის 3 ივლისს, სამოკოვეში გარდიცვალა (სხვა წყაროთი - ათონზე გარდაიცვალა 1773 წელს).

ბულგარეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა უწმინდესი პატრიარქის, კირილეს თავმჯდომარეობით, იგი 1962 წლის 26 ივნისს შერაცხა წმინდანად. პაისი ქილანდარელის (ბულგარელის) სახელი მიეკუთვნა პლოვდივის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ბულგარეთის მრავალ ინსტიტუტსა და სკოლას, რაც მისადმი მთელი ერის დიდ სიყვარულსა და ღრმა პატივისცემაზე მეტყველებს

ბეჭდვა
1კ1