ღირსი იოანე განდეგილი (+586) - ხსენება 19 ივნისს (2 ივლისი)
ღირსი იოანე განდეგილი (+586) - ხსენება 19 ივნისს (2 ივლისი)
ღირსმა იოანე განდეგილმა თავი მონაზვნურ ცხოვრებას მიუძღვნა და პალესტინაში, იერუსალიმიდან ოც სარბიელზე დაცილებულ სოფელ სეხუსტას მიდამოებში მოსაგრეობდა. მასზე მოგვითხრობს წმინდა იოანე მოსხის "ლიმონარი".

წმინდა მამას თავის მღვიმეში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა. და როდესაც ბერი თავისი უდაბნოდან შორს დააპირებდა წასვლას, იერუსალიმისა და სინას მთის წმინდა ადგილების მოსალოცად, ანდა ეფესოში წმინდა იოანე ღვთისმეტყველის საფლავზე, ანდა ევქაიტიში ღირს თეოდორესთან, ანდა ისავრიის სელევკიაში წმინდა თეკლას საფლავის თაყვანსაცემად, მოკლედ, სადაც უნდა წასულიყო, მღვიმიდან გასვლის წინ იგი ღვთისმშობელს გამოსთხოვდა კურთხევას და გზის დალოცვას, ხოლო ხატთან ანთებულ კანდელს ტოვებდა. შესცქეროდა ღვთისმშობლის ხატს და შეევედრებოდა:

- ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო ქალწულო, შორ გზაზე მივდივარ და შენ მიხედე შენს კანდელს, და გევედრები, ჩაუმქრალი დატოვე, ვიდრე არ დავბრუნდები. მე კიდეც შენი თანამოგზაურობით, შევუდგები მოგზაურობას.

ყოველთვის, როცა უკან ბრუნდებოდა, ერთი, ზოგჯერ კი ექვსი თვის შემდეგაც კი ღირს მამას კანდელი ყოველთვის ჩაუმქრალი და ზეთით სავსე ხვდებოდა.
იმავე იოანეზე მოგვითხრობს "ლიმონარი", რომ იგი ერთხელ თავისი მღვიმის მიდამოებში სადღაც მიდიოდა ერთ ვიწრო ბილიკზე. აქეთ-იქით ეკლის ღობეებით სოფლელებს თავიანთი მინდვრები ჰქონდათ შემოღობილი. ბილიკი ისე ვიწრო იყო, რომ ერთი კაცი თუ გაივლიდა, ისიც ტვირთის გარეშე. ჰოდა, ამ ვიწრო ბილიკზე ბერს ლომი შემოხვდა, გაქცევაც შეუძლებელი იყო და გვერდის ავლაც. მაშინ თვითონ ნადირთა მეფემ მოიდრიკა ქედი წმინდანის წინაშე: უკანა თათებზე დამდგარი ფრთხილად აეკრა კლდეს და მოწიწებით გაატარა განდეგილი ისე, რომ ბერი ზურგით ლომის ზურგს შეეხო. ამის შემდეგ ბერ¬მა თავის გზა გააგრძელა, ხოლო ლომი თავის გზაზე წავიდა.

ერთხელ ბერთან ვინმე ძმა მივიდა, და რომ დაინახა ბერს მღვიმეში არაფერი ებადა, გაოცებულმა ჰკითხა, - აქ როგორ ძლებ, მამაო, ცხოვრებისათვის საჭირო ნივთებიდან არაფერი გაქვსო.

რაზეც ბერმა უპასუხა:

- შვილო, ეს მღვიმე სულიერი სავაჭროა - ის იღებს და აძლევს: ის აძლევს ხელნაკეთობებს და იღებს ყველაფერს, რაც სჭირდებაო.

ღირსმა მამამ მარხვასა და ლოცვაში განვლო ცხოვრება და ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა.
.......................

წმინდა მღვდელმოწამე ასინკრიტე - 19 ივნისი (2 ივლისი)

წმინდა ასინკრიტეს ხშირად მოციქულ ასინკრიტესთან აიგივებენ. მას ბიზანტიური სვინაქსარი მოიხსენიებს.



ბეჭდვა
1კ1