წმინდა მღვდელმთავარი ეფრემი, სერბეთის პატრიარქი (+1400) - 15 (28) ივნისი
წმინდა მღვდელმთავარი ეფრემი, სერბეთის პატრიარქი (+1400) - 15 (28) ივნისი
ნეტარი ეფრემი სერბეთის ეკლესიის მესამე პატრიარქი იყო. იგი დაიბადა დაახლოებით 1311 წელს მეფე მილიუტინის ზეობისას და მღვდლის შვილი გახლდათ. სიჭაბუკეშივე გაუჩნდა შემონაზვნების სურვილი და როცა მშობლებმა მისი დაქორწინება გადაწყვიტეს, ის სახლიდან გაიპარა განდეგილ მამა ბასილისთან, და მალევე მონაზვნობის აღთქმა დადო. მშობლებმა მისი ადგილსამყოფელი შეიტყვეს და შვილის წამოყვანა მოისურვეს. მაშინ ეფრემი სერბეთიდან გაიქცა და ათონის ერთ-ერთ სკიტში დასახლდა. მაშინ 23 წლის იყო.

გამოხდა ხანი. ათონის მთა თურქებს ჩაუვარდათ ხელში. წმინდა ეფრემმა მთაწმინდა მოწაფეებთან ერთად დატოვა და სერბეთში იბროვოს მონასტერში გადავიდა, სადაც მცირე ხნით იღუმენი იყო. შემდეგ კი დეჩანის მონასტრის სიახლოვეს ერთ განმარტოებულ ადგილას დასახლდა და მეუდაბნოე ცხოვრება დაიწყო. მეფე დუშანის სიკვდილის შემდეგ(1355) ქვეყანაში არეულობები დაიწყო, გახშირდა ყაჩაღობა, ძარცვა-გლეჯა. წმინდა ეფრემს თავს ყაჩაღები დაესხნენ და ფული მოსთხოვეს. ფული რომ ვერ უპოვეს, სასტიკად ცემეს. ცოცხალ-მკვდარი განდეგილი პატრიარქმა საბა IV-მ შეიფარა საპატრიარქოში და მღვიმეში მოწყობილი კელია მისცა საცხოვრებლად. ღირსი მამა აქ გამოჯანმრთელდა, მოცოცხლდა. 1375 წელს კეთილმსახურმა თავადმა ლაზარემ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში ელჩები გააგზავნა და სთხოვა დასრულებულიოყო სერბეთის საპატრიარქოს გამო ატეხილი დავა. საბერძნეთის ეკლესიასთან მშვიდობიანი ურთიერთობა აღდგა. იმ პერიოდში გარდაიცვალა პატრიარქი საბა. სამწუხაროდ, სერბეთში ბევრი მაძიებელი გამოუჩნდა პატრიარქის ტახტს. საერთო ლოცვის-შემდეგ სერბეთისა და პეჩის მღვდელმთავრებმა პატრიარქად "ღირსი განდეგილი ეფრემი" აირჩიეს, რომელიც არა მარტო ჭაღარით, რაც მთავარია კეთილი საქმეებით იყო გამშვენებული. წმინდა ეფრემი არ ელოდა ამას, ტირილით ითხოვდა აერიდებინათ ეს მძიმე ჯვარი. მაგრამ სინოდმა უპასუხა: "ღვთის მინიშნებით აგირჩიეთო". ეს მოხდა 1375 წლის 3 ოქტომბერს. პატრიარქად არჩევის შემდეგ წმინდა საბამ დაადგა გვირგვინი მეფე ლაზარეს.

სამწუხაროდ ტყუილად არ ტიროდა წმინდა ეფრემი. მძიმე დრო იყო. ისევე როგორც ყველა ოლქის მეთაური ხალისით არ დაემოჩილა მეფე ლაზარეს, ასევე არც ყველა მღვდელმთავარი და სასულიერო პირი იჩენდა მორჩილებას, ამხელა სულიერი მამის პატრიარქ ეფრემის წინაშე. მყუდრო ცხოვრებას მიჩვეულმა ეფრემმა ხუთი წლის შემდეგ (ზოგი ვარიანტით 1382 წელს) უარი თქვა პატრიარქობაზე და თავის ადგილზე, თავისივე გაზრდილი ნეტარი სპირიდონი დაადგინა, თვითონ კი მეფე დუშანის აშენებულ პრიშტინას მთავარანგელოზის სავანეში განმარტოვდა. თუმცა ნეტარი სპირიდონი 1389 წელს გარდაიცვალა და წმინდა სინოდმა წმინდა ეფრემს სთხოვა, რომ სერბეთის ეკლესიას გაძღოლოდა. წმინდა ეფრემი 1400 (სხვა წყაროთი - 1399 წელს) წლის 15 ივნისს გარდაიცვალა, ხოლო მის მერე პატრიარქი გახდა დანიელ III.

ბეჭდვა
1კ1