წმინდა ნიკიფორე, მილეთელი ეპისკოპოსი (XI) - ხსენება 02 ივნისს (15 ივნისი)
წმინდა ნიკიფორე, მილეთელი ეპისკოპოსი (XI) - ხსენება 02 ივნისს (15 ივნისი)
ეს მაღალღირსი მამა X საუკუნის დასაწყისში, ქალაქ ვასილეში, წარჩინებულ ოჯახში იშვა, მშობლები საიმპერატორო ევნუქის ბრწყინვალე კარიერისთვის ამზადებდნენ.

შვიდი წლისა განათლების მისაღებად კონსტანტინოპოლს გაგზავნეს. ბავშვობიდანვე სიმშვიდით, ნიჭიერებით და თავშეკავებულობით გამორჩეულს განსაკუთრებულად უყვარდა წმინდა წერილი, ლოცვა და საღვთო საგნებზე ფიქრი, უპოვართა მიმართ განსაკუთრებულად მოწყალე გახლდათ და მზად იყო, უკანასკნელი სამოსი მიეცა მათთვის.

დროის უდიდეს ნაწილს ქალაქის ხმაურს განრიდებული განმარტოებაში, ლოცვასა და საღვთო საგნებზე ფიქრში ატარებდა და მრავალფერთა სათნოებათაგან განშვენებული სულიწმიდის მადლს და უვნებობას მოიმუშაკებდა.

ნიკიფორე ფოკას ზეობისას (961969 წლები), ოდეს იგი სიცილიაში არაბთაგან იძლია, წმინდა ნიკიფორე თავისი წმინდა ლოცვით არმიის სულიერად განსამტკიცებლად წარიგზავნა, იქიდან მობრუნებული კი - მცირე აზიაში, მილეთის ეპისკოპოსად იკურთხა.
ოთხი წლის მანძილზე დაუცადებლად და დაუზოგავად ამსახურა თავი ეპარქიას, რის გამოც ეშმაკმა მოშურნე და მტერი მოუმრავლა და ერთხელ სასწაულებრივად გადაურჩა მოწამვლას.

ამ ყოვლადუბრალო მამამ, რომელიც ასე ნატრობდა განმარტოებას, მიზეზად ეს ფაქტი მოიდო, სამღვდელმთავრო კათედრაზე უარი თქვა და ლატრის მთაზე უბრალო ბერად განმარტოვდა.

იქაურობას წმინდა პავლეს მოწაფე, სვიმეონი წინამძღვრობდა.

შემდგომ კი ანეის მახლობლად (მცირე აზიის დასავლეთი), პლატანაში განდეგილობდა, სადაც წმინდა ცხოვრებით და აურაცხელი სიქველით მრავალი სული დაიმოწაფა.

თუმცა, ისინი მოკლე ხანში განდევნა იქაურმა ეპისკოპოსმა.

მაშინ მამები მიკალეს მთასთან დასახლდნენ და იქ უძველესი მონასტერი აღადგინეს.

ღირსმა მამამ პლატანაში ორ წელიწადს იგანდეგილა, შემდგომ კი კვლავ მოწაფეებს დაუბრუნდა, რომელთა რიცხვი დღითი დღე იზრდებოდა.

გარკვეული ხნის შემდგომ მშრალ ველზე, დაახლოებით, 1 000 წელს, ნეტარმა მონასტერი დააფუძნა, რომელსაც მაშინვე შეუერთდა სამოცდაათი მონაზონი.

ხსენებული სავანის დაფუძნებისას უამრავი სასწაული აღსრულდა.

ღვთის სიტყვით ნასაზრდოები მისი სული ბოროტისაგან მოვლენილ ყოველგვარ განსაცდელს საკვირველი უშფოთველობით განიდრეკდა, სულიერ შვილებს კი უდიდესი სიყვარულით და სიფაქიზით ეპყრობოდა. მის გულმოწყალებას საზღვარი არ ჰქონდა და სულიერ შვილთათვის რომ ესწავლებინა, თუ როგორ მინდობოდნენ მთელი არსებით უფალს, სავანეს იკონოოსიც არ დაუწესა, - ყოველივეს უანგარიშოდ გასცემდა და იტყოდა:

- აქაურობის იკონომოსი თავად ღვთისმშობელიაო!

თვალნი მუდამ ცრემლით ჰქონდა ამომწვარი, რამეთუ დროს უძილო ლოცვაში განლევდა, ყოველ დღეს კი - იმ ნათელთან მისაახლებელ ნაბიჯად აქცევდა, ყოველ ღვთისმოყვარე სულს რომ ენატრება.

ღირს ნიკიფორეს ღვთისგან ჭვრეტისა და წინასწარმეტყველების მადლი ებოძა და თავის სიტყვას უამრავი სასწაულით ამოწმებდა.
იგი ვნების შვიდეულში მიიცვალა და თავისი ნეტარი აღსასრულის შემდეგაც ზრუნავდა იმათზე, ვინც ღმერთმა სამწყსოდ ჩააბარა.
საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, წმინდა მამაო!


ბეჭდვა
1კ1