წმინდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი), სევასტოპოლელი ეპისკოპოსი (+1867) - ხსენება 30 აპრილი (13 მაისი)
წმინდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი), სევასტოპოლელი ეპისკოპოსი (+1867) - ხსენება 30 აპრილი (13 მაისი)
წმინდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი), სევასტოპოლელი ეპისკოპოსი (1867) (ერობაში - დიმიტრი) 1807 წლის 6 თებერვალს დაიბადა ვოლოგდის გუბერნიის სოფელ პაკროვსკოში, დიდგვაროვანთა ოჯახში. წმინდანის მამას ალექსანდრე ერქვა, დედას - სოფიო. პატარა დიმიტრის სიყრმიდანვე უყვარდა სასულიერო წიგნების კითხვა და ლოცვა; ეკლესიაში ხშირად დადიოდა, ესწრებოდა წირვა-ლოცვას. 1822 წელს 16 წლის დიმიტრი მამამ სანქტ-პეტერბურგში წაიყვანა მთავარ საინჟინრო სასწავლებელში.

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დიმიტრიმ დაახლოებით ორი წელი იმსახურა სპეციალობით. მთელი ამ დროის განმავლობაში მისი სანუკვარი ოცნება იყო, ღვთისმსახურებისთვის შეეწირა თავი, მაგრამ მის გადაწყვეტილებას დიდი გამოცდა ელოდა წინ.

იმპერატორმა ნიკოლოზმა დიმიტრის განზრახვა რომ შეიტყო, თავის ძმას - მიხეილს დაავალა, გადაეფიქრებინა მისი საყვარელი აღზრდილისათვის სამსახურის დატოვება და ბერად აღკვეცა. 19 წლის დიმიტრი დიდი თავადის წინაშე წარდგა, რომელმაც მეფის გვარდიაში სამსახური შესთავაზა, მაგრამ მომავალი წმინდანი მყარად იდგა თავის აზრზე. მაშინ დიმიტრი მისი სურვილის წინააღმდეგ დინაბურგის საინჟინრო რაზმში გადაიყვანეს. როცა იმპერატორის ძმამ იგი მოინახულა, დარწმუნდა მის ავადმყოფობაში და ნება დართო, გადამდგარიყო. დიმიტრი მაშინვე გაემგზავრა თავის მოძღვარ მამა ლეონიდესთან წმ. ალექსანდრე სვირელის მონასტერში. მამა ლეონიდე ამ მონასტრიდან პლოშჩანის უდაბნოში გადავიდა, სადაც დიმიტრიც გაჰყვა. ცოტა ხანში იგი ოპტის უდაბნოში წავიდა სამოღვაწეოდ, და მალე თავის მეგობარ ჩიხაჩოვთან ერთად ნოვოოზერსკის მონასტერში გაემგზავრა, სადაც დიდხანს აღარ დასცალდათ ყოფნა, რადგან იქაური მძიმე პირობების გამო ორივენი დასნეულდნენ და დიმიტრის ოჯახში დაბრუნება მოუწია.

როცა ცოტა მომჯობინდა, ვოლოგდის ეპისკოპოსის - სტეფანეს ლოცვა-კურთხევით წმინდანი სემიგოროდის უდაბნოში დასახლდა, შემდეგ კი გადავიდა დიონისევო-გლუშიცკის მონასტერში.

1831 წელს ეპისკოპოსმა სტეფანემ იგი ბერად აღკვეცა ეგნატეს სახელით. იმავე წელს ივნისში ბერ-დიაკვნად დაასხეს ხელი, სულ მოკლე ხანში კი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს.

1833 წელს იგი იღუმენის ხარისხში აიყვანეს. მამა ეგნატეს მოღვაწეობა ცნობილი გახდა პეტერბურგში, იგი გამოიძახეს დედაქალაქში და წმინდა სერგის უდაბნოს წინამძღვრად დაადგინეს უკვე არქიმანდრიტის ხარისხში.

1838 წელს არქიმანდრიტი ეგნატე პეტერბურგის ეპარქიის ყველა მონასტრის კეთილმოწესედ დაინიშნა. გარეგნულად მოუცლელი ცხოვრების მიუხედავად იგი შინაგანად ასკეტ მეუდაბნოედ რჩებოდა. წმინდა სერგის უდაბნოს განმარტოებულ კელიაში მამა ეგნატე მღვიძარებაში, ლოცვასა და სინანულში ატარებდა ღამეებს.

1847 წელს მძიმედ დასნეულებული არქიმანდრიტი სამკურნალოდ გაემგზავრა ნიკოლაევო-ბაბაევოს მონასტერში. წმინდა ეგნატე საზოგადოების ყველა ფენაში იყო ცნობილი და სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა. მას რჩევისთვის მიმართავდნენ ეპისკოპოსები, ბერები, უბრალო ერისკაცები. მას მიმოწერა ჰქონდა მაღალ არისტოკრატიასთან. დღეისათვის მისი 800 წერილია ცნობილი.

წლები გადიოდა. მამა ეგნატე ფიზიკურად სულ უფრო და უფრო სუსტდებოდა, 1857 წელს პეტერბურგის მიტროპოლიტმა გრიგოლმა არქიმანდრიტ ეგნატეს ეპისკოპოსად დაასხა ხელი და წმინდა სინოდმა მას კავკასიისა და შავი¬ზღვისპირეთის ეპარქია ჩააბარა. მოკლე ხანში ეპისკოპოსი ეგნატე სტავროპოლს გაემგზავრა, რათა ეპარქიის მართვას შესდგომოდა. აქ მან ოთხი წელი გაატარა და ბევრი რამეც გაუკეთა იქაურ სამწყსოს. მღვდელმთავარი მძიმედ იყო ავად, მან 1861 წელს თხოვნით მიმართა წმინდა სინოდს, მიეცათ მისთვის უფლება გადამდგარიყო ეპარქიის მარ¬თვა-გამგებლობიდან და ბაბაევოს მონასტერში წასულიყო. ამ თხოვნაზე მღვდელმთავარს წმინდა სინოდმა თანხმობით უპასუხა. წმინდა ეგნატემ დარჩენილი ცხოვრების წლები ამ მიყრუებულ სავანეში გაატარა. აღადგინა თითქმის დაქცეუ¬ლი მონასტერი და ააშენა ახალი ეკლესია ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელზე. ეპისკოპოსი ეგნატე სასულიერო მწერალიც იყო და ცხადია მონასტერში წერითაც იყო დაკავებული.

1867 წლის აპრილში ეპისკოპოსი ეგნატე იმდენად დაუძლურდა, რომ უკვე სიკვდილს ელოდებოდა. ერთხელ არქ. იუსტინესთან პარალიზებული პიროვნების შესახებ საუბრის დროს, მეუფეს უთქვამს: "მეც გულის შეტევით მოვკდებიო". 16 აპრილს სნეულებებით დაუძლურებულმა მღვდელმთავარმა უკანასკნელად სწირა, 30 აპრილს კი მართლაც გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა.

ბეჭდვა
1კ1