საინგილოში მოღვაწე რწმენისთვის თავდადებული მღვდელი მიხეილ-მიქაელ ყულოშვილი წმინდანად შეირაცხა
საინგილოში მოღვაწე რწმენისთვის თავდადებული მღვდელი მიხეილ-მიქაელ ყულოშვილი წმინდანად შეირაცხა
გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოს მელქისედეკის წარდგინებით მიიღო. მიხეილ-მიქაელ ყულოშვილის ხსენების დღედ 5 ივლისი დადგინდა.

მიხეილ ყულოშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა (1842-1917)
მღვდელმოწამე მიხეილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას "კარიბჭის" მკითხველს ისტორიის მაგისტრის, თემურ ტარტარაშვილის მიერ მოძიებული მასალების მიხედვით ვთავაზობთ.

მღვდელმოწამე მიხეილ ყულოშვილი დაიბადა 1842 წელს სოფელ კახში, რაფიელ და საბედო ყულოშვილების ოჯახში. მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე მოქცევამდე მიხეილ ყულოშვილი მაჰმადიანი იყო და გადაწყვეტილი ჰქონდა, მუსლიმი სასულიერო პირი გამხდარიყო. 1858 წელს მიხეილ ყულოშვილი მართლმადიდებლური წესით მოინათლა და სიკვდილამდე უფლისა და ხალხის სამსახურში იყო. მისი ცხოვრების პერიოდში საინგილოში განხორციელებული ყველა ქართული საქმე, პირდაპირ თუ ირიბად, მამა მიხეილ ყულოშვილის სახელს უკავშირდება. მღვდელი მიხეილ ყულოშვილი აქტიურად მონაწილეობდა ზაქათალის ოლქის სამრევლო სკოლის დაარსებაში, ეკლესიების აშენებასა და აღდგენაში. მღვდელმსახურებასთან ერთად, მამა მიხეილი პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა. იგი კახის სკოლის მასწავლებელი იყო.

მიხეილ ყულოშვილმა დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. ასევე დამთავრებული ჰქონდა გორის პედაგოგიური სასწავლებელი.

1860 წელს "ოსეთის სასულიერო კომისია" გაუქმდა და მის ბაზაზე "კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოება" ჩამოყალიბდა, რომლის მიზანი კავკასიის გაქრისტიანება იყო. ამ ორგანიზაციამ კავკასია 12 სამისიონერო რაიონად - საბლაღოჩინოდ დაყო, რომელთა შორის ერთ-ერთი საინგილო-ჰერეთი იყო. საზოგადოების დაფინანსებით იქმნებოდა სამრევლოები და სამრევლო სკოლები. ეს ორგანიზაცია აქტიურად მუშაობდა აგრეთვე ძველი ეკლესიების აშენებისა და აღდგენის საკითხზე. 1860 წელს მიხეილ ყულოშვილმა "კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენ საზოგადოებაში" დაიწყო მუშაობა. იგი ქრისტიანობას აქტიურად ქადაგებდა და ამ ორგანიზაციის სხვადასხვა დავალებას ასრულებდა. ცნობილია, რომ მაჰმადიანი სასულიერო პირები მიხეილ ყულოშვილს მოლობისთვის ამზადებდნენ. ქრისტიანობაზე მისი მოქცევა კი ისლამის მიმდევარი სასულიერო პირებისთვის დიდი დარტყმა იყო, რასაც მამა მიხეილს ვერ პატიობდნენ. ისინი მას "მირზა ქეშეშს" ეძახდნენ. 1870 წელს მიხეილ ყულოშვილი მღვდლად აკურთხეს და კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში გაამწესეს, სადაც 1894 წლამდე მსახურობდა. ეს ეკლესია 1855 წელს ძველი ეკლესიის ნანგრევებზე აშენდა. 1869 წელს კახის წმინდა გიორგის ეკლესიასთან დაარსდა სამრევლო სკოლა, სადაც მიხეილ ყულოშვილი ასწავლიდა. ამ სკოლას "კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოება" აფინანსებდა. 1888 წლის მონაცემებით, კახის სკოლაში 75 ბავშვი სწავლობდა, მიხეილ ყულოშვილის ხელფასი კი წელიწადში 300 მანეთს შეადგენდა. 1870 წლიდან 1917 წლამდე საინგილოში მღვდლობისას მან ხალხის დიდი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა. ღვთისმსახურების გარდა, მიხეილ ყულოშვილი სამედიცინო საქმიანობასაც ეწეოდა. ხალხურ მედიცინაზე დაყრდნობით, წამლებს ამზადებდა და მოსახლეობას კურნავდა.

ასევე აქტიურად მონაწილეობდა 1888-1894 წლებში ქურმუხის ეკლესიის აღდგენაში. ქურმუხის ეკლესიის აღდგენა ადგილობრივ ქართველ მოსახლეობას დიდი ხანია უნდოდა, თუმცა პოლიტიკური ვითარება ამის შესაძლებლობას არ აძლევდათ. 1880-იანი წლების ბოლოს ქურმუხის ეკლესიის აღსადგენად, მიხეილ ყულოშვილის თაოსნობით, საინგილოს მოსახლეობამ ფულის შეგროვება დაიწყო. მამა მიხეილი იყო ქურმუხის ეკლესიის მშენებლობის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. ცნობილია, რომ კომიტეტის წევრებსა და თავმჯდომარეს, ბლაღოჩინ ბარნაბოვს შორის უთანხმოება არსებობდა. ვითარების შესასწავლად ეგზარქოსმა პალადიმ საინგილოში გაგზავნა "კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების" სასწავლებლების ინსპექტორი ბერმონაზონი ლეონიდე (შემდგომში, 1918-1921 წლებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი). 1890 წლის 11 დეკემბერს, ეგზარქოს პალადისათვის გაგზავნილ ვრცელ წერილში ინსპექტორი ლეონიდე მღვდელ მიხეილ ყულოშვილს დადებითად ახასიათებს და მას ღირსეულ პიროვნებას უწოდებს, რომელსაც ბლაღოჩინი ბარნაბოვი დაუმსახურებლად შეურაცხყოფს.

***
1912 წელს მიხეილ ყულოშვილმა საკუთარი სახსრებით აღადგინა კახში, საყარულოს მთაზე, VIII საუკუნეში ქართლის მეფე არჩილის მიერ აშენებული კასრის სამების ეკლესია. 1922 წელს კასრის ეკლესია დაარბიეს, შემდეგ კი მიწისძვრამ დაანგრია და დღეს მხოლოდ მისი ნანგრევებია შემორჩენილი.

1891 წელს "კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენმა საზოგადოებამ" სოფელ თასმალოში წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის აშენება დაიწყო, რომელიც 1894 წლის 9 ოქტომბერს ეკურთხა. თასმალოს ეკლესია კახიდან დაახლოებით 15 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. 1894 წელს მამა მიხეილი თასმალოს ეკლესიის მღვდლად დანიშნეს. ის კვირაში ერთხელ ან ორჯერ დადიოდა თასმალოში და საჭიროების შემთხვევაში იქ რჩებოდა. თასმალოში მოღვაწეობა მას მეტად რთულ პირობებში უხდებოდა. 1900 წლის მონაცემებით, თასმალოს მართლმდიდებლური სამრევლო 22 კომლისგან შედგებოდა, რომელთა შორის 38 მამაკაცი და 25 ქალი იყო. ასეთ რთულ პირობებში და შედარებით მოკლე დროში 22 ოჯახის მოქცევა მამა მიხეილის წარმატებულ მისიონერულ მოღვაწეობაზე მეტყველებს.

აღსანიშნავია, რომ მამა მიხეილთან ერთად თასმალოში პერიოდულად ჩადიოდა მამა ლეონიდე (ოქროპირიძე), რომლის ქადაგებების შედეგად სოფელ თასმალოს რამდენიმე კომლი კვლავ მამაპაპისეულ სარწმუნოებას დაუბრუნდა.

1917 წელს სოფელ თასმალოს ეკლესიის მღვდელი მიხეილ ყულოშვილი წირვის დასრულების შემდეგ ფანატიკოსებმა ტყეში შეიტყუეს და სასტიკად აწამეს, რის შემდეგაც იგი გარდაიცვალა. მიხეილ ყულოშვილი ადგილობრივმა ქართველმა მოსახლეობამ კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში დიდი პატივით დაკრძალა.

ბეჭდვა
1კ1