წმინდა ისიდორე, სევილიელი ეპისკოპოსი (+636) - 4 აპრილი (17 აპრილი)
წმინდა ისიდორე, სევილიელი ეპისკოპოსი (+636) - 4 აპრილი (17 აპრილი)
ქრისტეს ეს რჩეული მსახური VI საუკუნეში, ესპანეთის ქალაქ კარტახენაში დაიბადა და წმინდანთა ოჯახის უმცროსი წევრი იყო: მის ორ ძმას - წმინდა ლეანდრეს (ხსენება 27 თებერვალს) და წმინდა ფულგენტის (ხსენება 14 იანვარს), ასევე დას - წმინდა ფლორენტინას (ხსენება 20 ივნისს) დასავლეთის ეკლესია დიდ პატივს მიაგებს.

ისიდორე ჯერაც ბავშვი იყო, ოჯახმა სევილიაში რომ დააპირა გადასახლება. მამის გარდაცვალების შემდგომ მასზე მეურვეობა ძმამ, ლეანდრემ იდო თავს, რისთვისაც მონასტერი დროებით დატოვა.

წმინდა ისიდორეზე ამბობდნენ, - ჯერ კიდევ ჩვილი ძიძამ ბაღში, ხის ქვეშ დატოვა, პატარას ფუტკართა გუნდი შემოერტყა, რამდენიმე მათგანმა ჩვილს ბაგეებზე, ნიშნად მისი გამორჩეულობისა, თაფლი წასცხო.

იმასაც ამბობენ, ისიდორე, რომელსაც თავისი მკაცრი ძმის შიში ჰქონდა, ერთხელ სკოლიდან გამოქცეულა და როდესაც სულის მოსათქმელად ჭასთან შეყოვნებულა, მისი გახეხილი კიდეებით დაინტერესებულა.

ჭასთან წყლის წასაღებად მოსულმა ქალმა კი აუხსნა, - ეს იმ თოკის ნაკვალევია, რითაც ჭის ძირიდან წყალს ვეზიდებითო.
ბავშვი დაფიქრებულა: - თუ თოკს ქვის ამგვარი ცვეთა ძალუძს, სწავლაც ასე გარდაქმნის ჩემს გონებასო და სკოლაში გაბრუნებულა.
მართლაც, დროსთან ერთად ისიდორე არა მხოლოდ დანარჩენ მოწაფეებს, მასწავლებლებსაც კი წარემატა და თავისი დროის უგანათლებულეს ადამიანად იქცა: - მის მოსასმენად ადამიანები შორეული მხარეებიდანაც კი მოისწრაფოდნენ.
ისიდორე სულიერად დიდად შეეწეოდა ძმას, წმინდა ლეანდრეს, ერეტიკოს ხელმწიფეს, ლეოვიგილდს კი - უშიშრად ეწინააღმდეგებოდა და ძალას არც არიანელ ვესტგოთთა მოსაქცევად ზოგავდა.

ლეანდრეს დაპატიმრების შემდგომ სამწყსოზე ზრუნვა სწორედ ისიდორემ ითავა. მეფე რეკარედის მოქცევის შემდეგ, 589 წელს კი მონასტერში განმარტოვდა, თუმცა, მოკლე ხანში იქაურობის დატოვება კვლავ მოუწია: საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ სევილიის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.

ორმოცწლიანი მღვდელმთავრობის განმავლობაში თავის სამწყსოს მზრუნველ და მოსიყვარულე მამად ექცა - სამართლიანი და პირუთვნელი სიყვარულის ნამდვილი მოციქული ყველას პატრონად და ნუგეშინისმცემლად მოევლინა.

მისი მადლით დასარწყულებლად ზღვა ხალხი აწყდებოდა ისიდორეს სამყოფელს, - ადამიანებს, რომელნიც მას სიბრძნით თვით სოლომონ ბრძენსაც კი ადარებდნენ, წინასწარ აუწყებდა მოსალოდნელ განსაცდელს და ლოცვით უამრავ სასწაულს იქმოდა.
619 წელს ისიდორემ სევილიის მეორე კრებას უწინამძღვრა, სადაც ერთ-ერთი ერეტიკოსი - მონოფიზიტი, სევირ ანტიოქიელის მოწაფე ამხილა, შემდეგ კი ხელთათმნის ერთი შეხებით ბრმას თვალისჩინი დაუბრუნა.

ნეტარმა მამამ მრავალი მონასტერი დააფუძნა, სევილიაში კი სასულიერო სკოლაც დააარსა, სადაც სიამოვნებით მასწავლებლობდა.
მისმა გონებამ, რომელმაც ყოველი მეცნიერება ღრმად შეითვისა, სხვადასხვა ხასიათის თხზულებათა სახით უმდიდრესი მემკვიდრეობა დაგვიტოვა, შუა საუკუნეთა დასავლეთს ცოდნის ერთგვარ საფუძვლად რომ ექცა.

633 წელს, უკვე მხცოვანმა, ტოლედოს მეოთხე კრებას უწინამძღვრა და ყოველ ეპარქიაში სკოლა დააარსა.

სიცოცხლის ბოლოს რაც ებადა, მოწყალებად გასცა, მთელი არსებით მიეცა ლოცვას და სინანულს, გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე კი ითხოვა, - ტაძარში გადამიყვანეთო, სადაც ამ სიტყვებით ილოცა:

- არა მართალთათვის, არამედ სწორედ ჩემისთანა ცოდვილთათვის დააწესე, უფალო, წმინდა ეკლესიაში სინანული!

შემდეგ ერთ-ერთ მღვდელმთავარს აღსარება ჩააბარა, შენდობა მიიღო, იქ მყოფთ სთხოვა, მისი სულის საოხად ელოცათ, მღვდელმსახურთ ამბორით გამოეთხოვა და კვლავ თავის სენაკს დაუბრუნდა, სადაც 636 წლის 4 აპრილს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ღირსი ისიდორე ძმის, ლეანდრეს და წმინდა ფლორენტინას წმინდა ნაწილთა შორის დაკრძალეს, საიდანაც შემდგომ ჯერ სევილიას გადააბრძანეს, შემდეგ კი - ლეონს.

წმინდა ისიდორე, ევედრე უფალს ჩვენ ცოდვილთათვის!

ბეჭდვა
1კ1