წმინდა თომა კონსტანტინოპოლელი (+610) - 21 მარტი (3 აპრილი)
წმინდა თომა კონსტანტინოპოლელი (+610) - 21 მარტი (3 აპრილი)
წმინდა თომა ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა ღვთისმოშიშებითა და უჩვეულო სიბრძნით. მას ხელი დიაკვნად პატრიარქმა იოანე IV-მ დაასხა.
წმინდა თომა კონსტანტინოპოლელი წმინდა პატრიარქ კირიაკეს გარდაცვალების შემდეგ, 607 წელს, აირჩიეს კონსტანტინოპოლის პატრიარქად.

წმინდა თომას პატრიარქობის დროს გალატიის ერთ-ერთ ქალაქში (მცირე აზია) საშინელი გამოცხადება მოხდა: სადღესასწაულო ლიტანიობაზე მძიმე ჯვრებმა ქანაობა დაიწყეს, ერთმანეთს ეხლებოდნენ და იმსხვრეოდნენ. წმინდა თომამ ღირსი თეოდორე სიკიელი დაიბარა, რათა მისგან გაეგო ამ საშინელი სასწაულის საიდუმლო. წინასწარჭვრეტის ნიჭით დაჯილდოებულმა ღირსმა თეოდორემ აუხსნა, რომ ეს იყო მაუწყებელი უბედურებისა, რომელიც სულ მალე დაატყდებოდა თავს ეკლესიას, იწინასწარმეტყველა ხატმებძროლობის ერესის გაჩენა. ამ წინასწარმეტყველებით შეძრწუნებულმა პატრიარქმა ღირს თეოდორეს სთხოვა, უფლისთვის შეევედრებინა მისი სული, რომ გამოცხადების აღსრულებამდე ღმერთთან წარმდგარიყო.

გავიდა რამდენიმე ხანი, წმინდა თეოდორე სიკიელი ჯერ კიდევ კონსტანტინოპოლში, წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტერში იმყოფებოდა, როდესაც წმინდა პატრიარქი თომა დასნეულდა. მღვდელმთავარმა წმინდა თეოდორეს შეუთვალა კიდევ ერთხელ ეთხოვა უფლისთვის ამქვეყნიდან მალე გაეყვანა იგი. თავდაპირველად წმინდა თეოდორემ პატრიარქის თხოვნას უარით უპასუხა. წმინდა თომამ კვლავ დაჟინებით თხოვა ელოცა მისი სულის უფალთან წარდგომისათვის. თეოდორე იძულებული გახდა მღვდელმთავრის თხოვნა შეესრულებინა. ამის შემდეგ მან ეს სიტყვები შეუთვალა წმინდა თომას: - "ინებებთ ჩემს ხილვას, თუ უფალთან შევხვდებით?" ამ სიტყვებზე წმინდა თომამ უპასუხა: "ჩემთვის ამის თქმაც საკმარისია, დაე შევხვდეთ უფალთან". იმ საღამოს წმინდა მღვდელმთავარი მშვიდად მიიცვალა. ეს მოხდა 610 წელს.

წმინდა თომას გარდაცვალების (+610) შემდეგ ეკლესიაში ერთობა დაირღვა. წმინდანის მემკვიდრე პატრიარქი სერგი (610-638) მონოთელიტთა ერესში ჩავარდა. მალე, ღვთის დაშვებით, ერესის გამრავლების გამო, დაიწყო ბიზანტია-სპარსეთის ომი. ხოსრო II-ის მთავარი და ნამდვილი მიზანი თავიდანვე მისთვის საძულველი ქრისტიანობის აღმოფხვრა იყო. ხოსრო II-მ დაიკავა მთელი პალესტინა, შეტევით აიღო იერუსალიმი, გაიტაცა უფლის პატიოსანი ჯვარი (614 წელს) და ტყვედ წაიყვანა პატრიარქი ზაქარია; დაიპყრო ეგვიპტე, ლიბია, თითქმის მთელი მცირე აზია... ხანგრძლივი ალყის შემდეგ დაიკავა ქალკედონი და გამარჯვებული ლაშქარი პირდაპირ კონსტანტინოპოლთან დადგა.

დაპყრობილ მხარეებში მთელი ამ პერიოდის მანძილზე ხოსრო ქრისტიანებს დაუნდობლად დევნიდა და აწამებდა; იუდეველებმა, რომელთაც იგი მფარველობდა, ქრისტიანებისადმი სიძულვილი ამოანთხიეს და მხეცურად გაუსწორდნენ - ანტიოქიაში ცეცხლითა და მახვილით ამოწყვიტეს, იქამდე მივიდნენ, რომ პალესტინაში ჯერ ტყვეობიდან გამოისყიდეს ოთხმოცდაათი ათასამდე ქრისტიანი და შემდეგ წამებით მოკლეს. ანტიოქიის პატრიარქი ანასტასი კოცონზე დაწვეს... მაგრამ, როგორც ყოველი მძიმე განსაცდელის ჟამს, ამჯერადაც ბევრმა მორწმუნემ გამოავლინა გაუტეხლობის, ქრისტიანული თავგანწირვისა და გულმოწყალების მაგალითები. ასე აღსრულდა ლიტანიობის დროს სასწაულით განცხადებული ყველა უბედურება.

ბეჭდვა
1კ1