სიმდაბლის მასწავლებელი - ბერი გაბრიელი
სიმდაბლის მასწავლებელი - ბერი გაბრიელი
"ქრისტე ღმერთი თავმდაბლობითა და სიბრძნით იცნესო", - ბრძანებდა მამა გაბრიელი და უფლის მობაძავი, სიტყვითა და საქმით მასწავლებელი იყო სიმდაბლისა - სასუფევლის მეკარისა. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ რამდენიმე ამბავი ბერი გაბრიელის ცხოვრებიდან.

* ერთი მორწმუნე იხსენებს:

"საკუთარი თავით და ჩემი მორწმუნეობით აღტაცებული მივედი ერთ დღეს სამთავროში; გაუცნობიერებლად დავიწყე საეკლესიო სწავლებაზე მსჯელობა, ლამის იქით ვიქადაგე ქრისტიანობა. ამის შემდეგ სჯულის კანონზე გავაგრძელე საუბარი. ვყვებოდი, რომ რაღაც მუხლები ირღვეოდა ეკლესიებში. მერე გადავედი მემთვრალეობაზე. ვამტკიცებდი, რომ დათრობა არ შეიძლება. გაბრიელ ბერმა თითქმის ნახევარი საათი მალაპარაკა, თვითონ ერთი სიტყვაც არ უთქვამს. მისმენდა და თავს მიქნევდა. გული როცა მოვიოხე, ქვემოდან ამომხედა და მითხრა:

- ახლა შენ ღრმად შესცურე ოკეანეში. იქ დიდი "აკულები" არიან და გადაყლაპვა იციან.

გაბრიელ ბერმა მოციმციმე თვალები შემომანათა და მივხვდი ჩემს ცოდვილ და სულელურ მდგომარეობას და სირცხვილით აღარ ვიცოდი, სად წავსულიყავი".

* დიდი ხნის ნაცნობმა მამა გაბრიელთან რამდენიმე კაცი მიიყვანა გასაცნობად, თან განუმარტა მათ, რომ გაბრიელი წმინდა მამა იყო და არაფერს ჭამდა. სტუმრების გამოჩენისთანავე მამა გაბრიელმა ყვირილი და უცნაური სიტყვების წარმოთქმა დაიწყო. ჯამს ეცა და გაიძახოდა:

- დღეს მგელივით მომშივდა!

სტუმრებს გაუკვირდათ - ეს ვინ ყოფილაო - და წავიდნენ.

შემდეგ გაბრიელ ბერმა იმ ნაცნობს უთხრა:

- შვილო, ერთი წმინდა მამა იყო და ერთი უგუნური მოწაფე ჰყავდა. ამ მოწაფემ ეს წმინდა ბერი ხალხთან აქო და ადიდა. ამის შემდეგ კი ეს ხალხი ჩაიყვანა და დაუყენა წინ ბერს. ამ მოწაფის სახით ბოროტს უნდოდა, ბერის ორმოცწლიანი ღვაწლი ერთ წამში წყალში ჩაეყარა.

სხვას კი, რომელიც ამბობდა, რა დიდი წმინდა მამაა, როგორ მოვიქცე, არ ვიციო, როცა ის კურთხევის ასაღებად შევიდა, მამა გაბრიელმა უჩვეულო ქცევა დაიწყო და მიმართა:

- შენ ვინ გგონივარ? რომელი წმინდანი მე ვარ. თუ კაცს პირში დაუწყე ქება, მისი მტერი ხარ!

* მამა გაბრიელის სულიერი შვილი მღვდელმონაზონი კირიონი (ონიანი) თავის წიგნში, "ბერი გაბრიელი - ცხოვრება და მოღვაწეობა", განიხილავს სალოსობის ღვაწლს და ბრძანებს: "მართლაც სასტიკია და საკვირველი ეს ზესთასოფლის ღვაწლი, რადგან იცხოვრო ამ ქვეყანაზე ერთხელ მოცემულ ცხოვრებაში გიჟად, სულელად და ცდომილად საგონებელი კაცის სახელით, თავი თვისივით შეყვარებულ მოყვასთაგან დაწუნებულად და განგდებულად, ჭეშმარიტად არის ეს ყოველთა შორის უსაღმრთოესი ღვაწლი.

თითქოს ამისთვის შობილიყოს იგი. მამა გაბრიელის უფროსმა დამ გაიხსენა: "არა, ჩვენ მას ვერ ვუგებდით. ის ბავშობიდან სხვანაირი ფაქიზი სულის კაცი იყო. როდესაც მღვდლად აკურთხეს, ხალხი, ეს როგორც მორწმუნეებმა იციან, თავისებურ პატივსა სცემდა. გაბრიელი კი შინ რომ მოვიდოდა, თავის ეკლესიაში შესული, ხშირად გულსაკლავად ტიროდა.

ერთხელ ეკლესიის კარი ღია ჰქონდა. ტირილის ხმა რომ გავიგე, შევედი და შეწუხებულმა ვკითხე, - ვასიკო, ძმაო, რად ტირი ასე, რაიმე ცუდი ხომ არ არის შენს თავს?

მან იცით რა მიპასუხა:

- დაო, ქრისტე ბაგაში იშვა, მე კი ხალხი პატივს მომაგებს და ხელებზე მკოცნის!"

* მონაზონი დედა პარასკევა იხსენებს: "კელიაში კურთხევის გარეშე შესვლის უფლება მქონდა. ერთ დღეს შევედი. დავინახე, - გაბრიელ ბერი ლოცულობდა და მთელი წყრთის სიმაღლეზე აზიდულიყო ჰაერში. ნეტავ თუ იცის-მეთქი, გავიფიქრე. ცოტა ხნის შემდეგ თვალცრემლიანმა მამა გაბრიელმა მითხრა:

- მე რა შუაში ვარ, უფალმა მოიღო წყალობა.

ძლიერ განიცდიდა ღვთის ამ წყალობას და ამის გამო იჯდა და ცხარე ცრემლით ტიროდა.

* ერთხელ სვეტიცხოველში ერთ-ერთ მრევლთაგანს (ქეთევან ბექაური) ჰკითხა:

- როგორ ხარ, დაო?

- როგორ ვიქნები, მამა გაბრიელ, ნაგავიც კი მჯობია! - იყო პასუხი.

- ღმერთს სწორედ ასეთი უყვარს, - მიუგო მამა გაბრიელმა.

* ერთმა სასულიერო პირმა წმინდა ნინოს გაკვალული გზა ზუსტად შემოიარა და ძლიერ ამაყობდა ამით. მამა გაბრიელთან შეხვედრისას შემდეგი სიტყვების მოსმენა მოუხდა:

- კარგია წმინდა ნინოს სალოცავი ადგილების მონახულება, მაგრამ ზუსტად მის ნაკვალევზე სიარული ამპარტავნებაზე მიანიშნებს, მთავარი ნაკვალევზე სიარული კი არ არის, არამედ იმის გაკეთება, თუ რა მოგვიტანა წმინდა ნინომ! ღვთის მადლით, შეიძლება წმინდანმა ისეთ ადგილას გაიაროს, რომ სხვა ადამიანი იმ ადგილას გადაიჩეხოს კიდეც.

* ერთი მღვდელი იხსენებს: "მივედი მამა გაბრიელთან და ვუთხარი: "მაპატიე, მამა გაბრიელ, მაგრამ მე არ მწამს შენი სასწაულების!"

- მაშ, არ გწამს, ხო?

რადგან ასე მოურიდებლად მივედი, მიბრძანა:

- აბა, დაიჩოქე!

დავიჩოქე. როგორც უფროს ადამიანს, პატივი ვეცი. მერე მეუბნება:

- აბა, ადექი, კურთხევას გაძლევ, მაგრამ თუ ბიჭი ხარ, ფეხზე წამოდექი.

გამიშეშდა ყველაფერი. სანამ თვითონ არ ამაყენა, ვერ ავდექი.

ერთი სტიქაროსანი (დავით კონჯარია) იხსენებს: "ერთხელ სამთავროს დედათა მონასტერში მამა გაბრიელმა მთავრობის წარმომადგენლები დააჩოქა. გაკვირვებულმა გულში გავიფიქრე, - როგორ დაიჩოქეს-მეთქი. ამ დროს მამა გაბრიელმა შემომხედა და დამიძახა. მივედი. მითხრა:

- დაიჩოქე!

არ დავიჩოქე, რადგან მაშინ არ ვიცოდი, რას ნიშნავდა მორჩილება. ვუთხარი, არ დავიჩოქებ-მეთქი.

- დაიჩოქებ! - მითხრა და უეცრად მუხლებში ძალა წამერთვა. ჩავიკეცე და შუბლი დავარტყი მიწას. სანამ არ მითხრა, ადექიო, ვეღარ ავდექი".

* აქ რატომ მოდიხართ? - ჰკითხა მამა გაბრიელმა სტუმრებს.

- გვენატრები, - უპასუხეს სიყვარულით სავსე თვალებით.

- რომელი ნატო ვაჩნაძე მე ვარ, რომ გენატრებით? რა საქმე აქვს ერისკაცს ბერთან? თუ სულის გაჭირვება გაქვთ, მაშინ ჩამოდით. ხალხს ჰგონია, რომ მე ვუყვარვარ. სინამდვილეში სულიწმინდა უყვართ და ვერ გაუგიათ.

* სულიერი შვილი ჰყვებოდა: "მამა გაბრიელთან ბერი (ბენიამენ ბელქანია) სტუმრობდა. დიდი ხნის განმავლობაში ჩუმად ვისხედით. უცებ მამა გაბრიელმა ბერს გამომცდელად შეხედა, სათქმელში იუმორი გაურია და მიმართა:

- რა წმინდანივით მიზიხარ, ორმოცი წელიწადია, წმინდანი ვერ გავხდი, არც წმინდანებთან მაქვს საქმე.

ბერმა მიუგო: - არა ვარ წმინდანი, ცოდვილი ვარო.

- მაშ, ჩემი ძმა ყოფილხარ, - გაუღიმა მამა გაბრიელმა. მერე სთხოვა: - ხელისგული გამომიწოდე, უნდა გიმკითხავოო. არა, არ მინდა, მამა გაბრიელო. არა, მომეცი ხელი, კარგად გიმკითხავო და ყველაფერი გითხრაო. კვლავ იუარა ბერმა და ხელი უკან გაწია. მამა გაბრიელმა გაიღიმა. მერე მამა ბენიამენი მომიტრიალდა: - ხედავ შენ, რა მიქნა? გულში ვფიქრობდი, რა უნდა მიწინასწარმეტყველოს-მეთქი. ეჭვი რომ შემეპარა მასში, იმიტომ გამიკეთა ეს ყველაფერი. სინამდვილეში მართლა რად უნოდა ჩემი ხელი? ამით მიმახვედრა, რომ გრძნობდა ყველაფერს.

* დედა პარასკევა იგონებს: "ერთხელ მამა გაბრიელი თავისი კელიის წინ იჯდა. მასთან ორი ვაჟი მოვიდა, კურთხევა აიღეს და მამა გაბრიელის კურთხევით, მის მახლობლად ჯორკოებზე ჩამოსხდნენ. მცირე მოკითხვის და საუბრის შემდეგ ერთ-ერთმა ბერს უთხრა:

- მამაო, გთხოვთ, რამე გვასწავლეთ ცხონებისათვის.

მამა გაბრიელმა თავი დაუკრა და საუბარი განაგრძო. 20-25 წუთში მონასტერში გლახაკი კაცი შემოვიდა, ტაძარში შევიდა და მონასტრიდან წასვლა რომ დააპირა, მამა გაბრიელმა იხმო. გლახაკი კიბეებზე ამოვიდა, მამა გაბრიელი პატივისცემით შეხვდა და სთხოვა: - მე კელიაში შევალ და ცოტა ხანს დამელოდეთო.

მამა გაბრიელი კელიაში შევიდა და გლახაკს საჩუქრად ახალი პერანგი და საცვლები გამოუტანა. ცოტა საზრდელიც ჩაულაგა და გულთბილად დაემშვიდობა. გლახაკი რომ წავიდა, მამა გაბრიელი ვაჟებს მიუბრუნდა: - აი, ამ გლახაკის სახით ჩვენთან უფალი იყო მოსული, სიკეთე გაგვაკეთებინა და მადლი მოგვანიჭა. დაიმახსოვრეთ, მოყვასნო, თუ კეთილ საქმეებს სიყვარულით არ გააკეთებთ ქრისტეს წინაშე, ტყუილად ნუ იფიქრებთ, რომ ქრისტესნი ხართ.

* გაბრიელ ბერი მეტად მტკივნეულად განიცდიდა ცოდვის სიმწარეს. თავს მუდმივად იდანაშაულებდა და ტირილით გვეუბნებოდა:

- თქვენ რა იცით, რა არის ცოდვა. აი, ბერს კი ნამდვილად აქვს ცოდვა. ადრე, როცა რწმენა ყველაფერზე მაღლა იდგა, მონასტრები ბრწყინავდა და თუ მაშინ ჩაიდენდნენ ცუდს, ეს იყო ცოდვა. ახლა კი უფალი თქვენს უძლურებას გიჩვენებთ, რომ არაფერი შეგიძლიათ; თქვენ ღმერთი გარწევთ, როგორც ნიავს; თქვენ რა ცოდვილები ხართ. ცოდვილი მე ვარ. ვინც ცოდვილია, მას ძალაც აქვს.

* ერთმა მორწმუნემ უთხრა დიდბერს: - მამაო, მე ყველაზე დიდი ცოდვილი ვარო.

- ეს ამპარტავნებაა! უნდა თქვა, "დიდი ცოდვილი", თორემ რა გამოდის - შენ ყველას ცოდვას ხედავ და ამიტომ იცი, რომ იმათზე დიდი ცოდვილი ხარ? გიხაროდეს, თუ გრძნობ, რომ ცოდვილი ხარ, ხოლო ცოდვებს კი მოერიდე, მთლად "წმინდანი" ნუ იქნები - "წმიდა ბერი წმიდად წარწყმდაო".

* ერთ დღეს მამა გაბრიელი კელიიდან ჩამობრძანდა. ხელთ ღვინით სავსე ქილა ეჭირა, ეზოში გამოვიდა, ნება-ნება სვამდა, თან ქანაობდა. მერე თითქოს მარტო სმა მოსწყინდაო, თვალი ეზოს მოავლო და სამთავროში მოსალოცად მისულ ერთ სტუმარს დაუძახა, დამილიეო. მას ფერი ეცვალა, ღვინოს ტკბილი წვენის გემო ჰქონდა, მაგრამ მაინც მიუჯდა ბერს გვერდით და სმა განაგრძეს. ცოტა ხანში სტუმარმა თამაში დაიწყო, თითქოს შეთვრაო. მამა გაბრიელს გაუხარდა, რომ გაუგეს.

ერთი უცნობი თვალს ადევნებდა მათ ქცევას. აშკარად ეტყობოდა, მათ ისე უყურებდა, როგორც ლოთებს. გაბრიელ ბერმა დაუძახა იმ კაცს და დაგვილიეო, - შესთავაზა. უცნობმა ჭიქა აიღო და გასინჯა, მაგრამ როცა ტკბილი წვენი იგემა, უხერხულობისგან გაწითლდა. გაბრიელ ბერმა მშვიდად მიუგო: - განკითხვისთვის ხომ შეიძლება დაღუპულიყავი?! ყოველი ცოდვა ეპატიება ადამიანს სულიწმინდის გმობის გარდა, მაგრამ განკითხვის სიმძიმეს მაინც განგაცდევინებს ღმერთი, რათა შევიგრძნოთ ეს გარემოება; შენ რომ განგიკითხო, შენზე დიდი რომ მეგონოს თავი, საძაგელი ვარ უფლის წინაშე; როცა თქვენთან ერთად ღვინოს ვსვამ, ღვინოში კი არ არის საქმე, აქ მთავარი სიყვარულია!

* დიდმარხვის ბოლო კვირას ერისკაცი მივიდა მასთან და თავმომწონედ უთხრა: - მამა გაბრიელ, ეს მარხვა სულ უზეთოდ ვიმარხულეო.

ბერმა თითქოს ვერ გაიგო ნათქვამი და მიმართა: - მოყვასო, დღეს ზეთი შემომწირეს და გემო ვერ გავიგე, იქნებ გამისინჯო?

მამა გაბრიელმა სტუმარს საკმაოდ დიდი რაოდენობის ზეთი გაასინჯა, შემდეგ მკაცრად უთხრა: - შენ ერისკაცი ხარ, ვინ მოგცა უფლება, უზეთოდ შეგენახა მარხვა?! ზოგს ამპარტავნებაში აგდებს ასეთი საქციელი.

* ერთი მრევლთაგანი (ქეთევან ბექაური) იხსენებს: "ერთხელ, შობის მარხვაში, მეგობართან ერთად დაბადების დღეზე წავედი. რადგანაც მძიმე მარხვა არ იყო, სხვებთან ერთად ვილხენდით - არც დოლი დაგვიკლია და არც სიმღერა თუ ცეკვა-თამაში. ახლა რომ გვიყურებდეს მამა გაბრიელი, რას გვეტყვისო, - ვეუბნებოდით ერთმანეთს და გვეცინებოდა.

მეორე დღეს მცხეთაში წავედით. გაბრიელ ბერმა კელიაში შესვლისთანავე გვამხილა:

- ეს მარხვა მხიარული მარხვაა; ზოგი დოლს უკრავს, ზოგი ცეკვავს, ზოგი კი მღერის, - ჩაილაპარაკა და თვალებში შემოგვხედა. ჩვენი საქციელისა ძალიან შეგვრცხვა და სინანული დაგვეუფლა".

* მამა გაბრიელი ყველგან და ყოველთვის იმდაბლებდა თავს, თვითშეწირვითა და საკუთარი სიმდაბლით ამაღლების მაგალითს იძლეოდა, იგი ამბობდა: - კარგია, როცა თავს ძალას დაატან და მოყვასს ფეხს დაბან, მაგრამ ჭეშმარიტი თავმდაბლობაა, როცა ძალიან გიყვარს ადამიანი და გიჩნდება სურვილი, ფეხები დაბანო მას. სიმდაბლე და სიყვარული ყოველთვის ერთადაა.

ბეჭდვა
1კ1