ნეტარი იოანე სალოსი, უხამლო - ხსენება 16 (29) დეკემბერს
ნეტარი იოანე სალოსი, უხამლო  - ხსენება 16 (29) დეკემბერს
წმინდა იოანე 1800 დაიბადა რიაზანის გუბერნიაში. ჰყავდა ცოლი, ქალიშვილი, მაგრამ ერთხელ დატოვა მშობლიური მხარე და მიმომწირობას შეუდგა.
შემოიარა წმინდა ადგილები. XIX საუკუნის 40-იან წლებში კიევში დასახლდა. სწორედ აქ იტვირთა სალოსობის ღვაწლი. ტანთ ჯაჭვები ჰქონდა ასხმული, ზამთარ-ზაფხულ ერთი ხალათის ამარა, ფეხშიშველი დადიოდა. ჯერ მღვიმეში ცხოვრობდა, შემდეგ კეთილისმყოფელები გამოუჩნდნენ და საცხოვრებლად ოთახი დაუთმეს.

ღვთისმოსავი ქრისტიანები მალე მიხვდნენ სალოსის მადლმოსილებას და მასთან რჩევისთვის მიდიოდნენ. წმინდანი მდუმარებდა, ხმას მაშინ იღებდა, როცა ვინმეს რჩევა, ან სულიერი დამოძღვრა სჭირდებოდა. სტუმრებს გამომშვიდებისას პატარა კვიპაროსის ჯვრებს ურიგებდა კურთხევის ნიშნად.

ის ხედავდა ადამიანთა სულებს და მზაკვარი ზრახვით მისულს ყვირილით გააგდებდა ხოლმე. თუ რამეს შეწირავდნენ, შეჭირვებულებს აძლევდა. ქველმოქმედთა დახმარებით წმინდანმა ორსართულიანი სახლი იქირავა და მწირთა და გლახაკთა თავშესაფრად აქცია. აქ ყოველდღე 500 კაცს აპურებდნენ, გაჭირვებულს ტანსაცმელს აძლევდნენ. იქვე ჰქონდა პატარა საავადმყოფო, რომელსაც წმინდა იოანე ინახავდა. უამრავ ფულს უგზავნიდნენ, ნაწილს გლახაკებს ურიგებდა, ნაწილს კი ღარიბ ტაძრებს. თვითონ კი ფეხშიშველი მოილოცავდა კიევის სიწმინდეებს, ღამით ლოცვასა და ღმერთზე ფიქრს მიეცემოდა.

წმინდა იოანე 1849 წყლის 12 დეკემბერს გარდაიცვალა.

ათასობით კიეველი დაესწრო მის დაკრძალვას შჩეკავიცკის სასაფლაოზე. წმინდანი გარდაცვალების შემდეგაც შეეწეოდა მორწმუნეებს, მისი საფლავიდან აღებულ მიწას მაკურნებელი ძალა ჰქონდა.

1935 წელს კიევის გენგეგმის მიხედვით აიღეს შჩეკავიცკის სასაფლაო და ყოველთა წმიდათას სახელობის ტაძარი. წმინდა იოანეს ნაწილები მორწმუნეებმა სასაფლაოს შემორჩენილ ნაწილზე გადაასვენეს. მის საფლავზე დღესაც მიდიან კიეველები და სხვა მხარის მორწმუნენი და კურნებასა და ნუგეშს იღებენ.
ბეჭდვა
1კ1