ღირსი სტეფანე ახალგაბრწყინებული (+912) - 09 (22) დეკემბერი
ღირსი სტეფანე ახალგაბრწყინებული (+912) - 09 (22) დეკემბერი
ღირსი სტეფანე ბიზანტიის დედაქალაქში IX-X საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და ხატმებრძოლობის ეპოქაში დაიბადა.

მისი მშობლები, ზაქარია და თეოფანა ზნეკეთილნი და ბრძენნი იყვნენ, ყრმის მოლოდინში თეოფანა ოდენ პურით, წყლით და ბოსტნეულით იკვებებოდა, რითიც ჯერად მუცლადმყოფი სტეფანე მარხვას და თავშეკავებას აზიარა.

ღმერთმა დაბადებისთანავე გამოარჩია სტეფანე - ყრმას გულზე მანათობელი ჯვარი გამოესახა.

843 წელს უსჯულო იმპერატორის, თეოფილეს გარდაცვალების შემდგომ, მართლმადიდებლობა აღდგა და წმინდა პატრიარქმა, მეთოდემ (ხსენება 14 ივნისს) სტეფანეს მამას, ზაქარიას, წმინდა სოფიას დიდებულ ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი, ნორჩი სტეფანე კი - წიგნის მკითხველად დაადგინა.
მამის გარდაცვალების შემდგომ თვრამეტი წლის სტეფანე წმინდა მოციქულ პეტრეს სახელობის სამლოცველოში განმარტოვდა და მარხვას, სიფხიზლეს და უძილო ლოცვას მიეცა.

მისი ღვაწლი ისე ესათნოა უფალს, თვით მოციქული პე¬ტრე გამოეცხადა და აუწყა:

- მშვიდობა შენდა, შვილო ჩემო! კარგი საფუძველი ჩაგიყრია შენი გულმოდგინებისთვის, დაე, განგაძლიეროს უფალმა!.

სამი წლის შემდგომ, როდესაც ნეტარი უკვე წმინდა ანტიპას სახელობის ტაძარში იღვწოდა, პირველმოწამე გამოეცხადა და აუწყა:

- მშვიდობა შენდა, შვილო, ფსალმუნნი მიგალობე და არასოდეს დაგიტევებ!

ამ სიტყვით ნუგეშცემულმა ღვაწლი გააორმაგა - კვირაში ერთხელ ან ორჯერ, ისიც მხოლოდ ნედლ და უმარილო ბოსტნეულს იხმევდა, მადლი განამრავლა და ღვთისგან სასწაულქმედების მადლი შეეძინა.

გარკვეული ხნის შემდგომ სტეფანეს მღვდლად დაასხეს ხელი, თუმცა, ძველებურად უყვარდა განდეგილობა.

როდესაც წმინდა ანტიპას სახელობის ტაძარი მიწისძვრამ დააქცია, ნეტარმა ერთი ბნელი და ნესტიანი ხევი იპოვა, საფლავს რომ მოგაგონებდათ და იქ დაეყუდა. არაჯანსაღი კლიმატისა და სინესტის გამო მალე თმა და კბილები დასცვივდა, სხეული კი თითქოს დაუდამბლავდა.

ამგვარ ნებაყოფლობით მოწამეობაში თორმეტი წელი იცხოვრა, შემდეგ კი ბერად აღიკვეცა. წირვის შემდგომ ლეღვის ერთი ნაყოფით იკლავდა შიმშილს, წყურვილს კი - წყლის პირში გამოვლებით. კვლავ თვალს მიეფარებოდა და მდუმარე ლოცვას ეძლეოდა.

ამგვარ ღვაწლში 55 წელი ჰგიებდა სტეფანე, 912 წელს კი, 73 წლისამ, სული უფალს შეჰვედრა.

ბეჭდვა
1კ1