კაცთაგან მიუვალ, კლდოვან ადგილას მცირე ეკვდერი და ძმათა საცხოვრისი მოაწყო
კაცთაგან მიუვალ, კლდოვან ადგილას მცირე ეკვდერი და ძმათა საცხოვრისი მოაწყო
ღირსი მიქელ პარეხელი (VII-IX) 9 ივნისი (27 მაისი)
ღირსი მიქელ პარეხელი წარმოშობით შავშელი იყო, სოფელ ნორგიალიდან. იგი მიძნაძორს აღიკვეცა მონაზვნად და იქ მოღვაწეობდა. ცნობილია რომ ის იყო ერთ-ერთი უდიდესი ასკეტი და ამასთანავე მისი ქვეყნის აღორძინებისთვის მებრძოლი მამა. როცა ხანძთაში მოღვაწე ბერთა შესახებ გაიგო, იქ ჩავიდა, პარეხს დაემკვიდრა და, ღვთის მოწოდებით, კაცთაგან მიუვალ, კლდოვან ადგილას მცირე ეკვდერი და ძმათა საცხოვრისი მოაწყო. თვითონ მარტომყოფობას ეძიებდა და ღვთივსათნოდ ცხოვრობდა. მას მრავალი მოწაფე ჰყავდა, "სრულნი და ბრწყინვალენი სათნოებითა". უფალს სათნოეყო ნეტარი მამის მოღვაწეობა და მიჰმადლა მას ნიჭი "სასწაულთა და ნიშთა ქმედებისა". წმიდა მიქელმა ღვთაებრივი გამოცხადებით მიიღო ბრძანება, რომ თავისი მოწაფეები, წმიდა სერაპიონი (ხს. 5(18) ოქტომბერი) და იოანე სამცხეში გაეგზავნა მონასტრის ასაშენებლად. ისინიც ძმებთან ერთად გაემგზავრნენ სამცხეს და ზარზმაში შესანიშნავი სავანე ააგეს. კაცთა მოდგმის უბოროტესი მტერი - ეშმაკი ხედავდა ღირსი მექელ პარეხელისა და მის მოწაფეთა განმრავლებით მოწევნულ სიკეთეს და წმიდა მამის უდაბნოდან გაძევებას ათასნაირი საცდურით ცდილობდა. ერთხელ მამა მიქელი სენაკისაგან მოშორებით კლდის თავზე ლოცულობდა. ეშმაკმა ბერი სიმაღლიდან გადმოაგდო, მაგრამ უფალმა უვნებლად დაიცვა. შეშინებულმა მიქელმა მოწაფე გაგზავნა ღირს გრიგოლ ხანძთელთან, თავისთან იხმო და აუწყა ყოველი განსაცდელი. ღირსმა გრიგოლმა ნუგეში სცა ძმას, ორი ჯვარი აღმართა მარჯვნივ და მარცხნივ და უთხრა: "ორთა ამათ ჯუართა ქრისტესთა შუა უშიშრად იყავ შეწევნითა წმიდისა სამებისაჲთა და ძალითა პატიოსნისა ჯუარისაჲთა. ხოლო უკუეთუ წარჰვლო, კუალად განიცადო უძჳრესად პირველისა". ქრისტესმიერმა ძმებმა ილოცეს და ღმერთი ადიდეს. ამის შემდეგ ნეტარმა მიქელმა სრული განსვენება მიიღო, რადგან სიმდაბლით დასცა ამპარტავანი მტერი. ღირსი მიქელი დიდხანს მოღვაწეობდა პარეხში, აღესრულა ღრმა მოხუცებულობაში, დამარხეს მის მიერ დაარსებულ სავანეში. წმიდა ბასილი ზარზმელის (ხს. 6(9) ოქტომბერი) გადმოცემით, ღირსი მიქელ პარეხელის ცხოვრება, მოღვაწეობა, სწავლებანი და სასწაულები მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა მოწაფეებმა აღწერეს. ამ თხზულებას ჩვენამდე არ მოუღწევია. ცნობები ღირსი მამის, მიქელ პარეხელის შესახებ შემონახულია გრიგოლ ხანძთელისა და სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში.
"ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი", თბილისი, 2004 წ.

left KARIBCHE KARIBCHE KARIBCHE



გთავაზობთ ნაწყვეტს გიორგი მერჩულეს "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან":
როდესაც ხანცთა სახელოვანი გახდა მადლით და გახარებული სულიერ შვილთაგან, მაშინ მიძნაძოროდან ხანცთაში მოვიდა დიდი მეუდაბნოე მამა მიქელი, რომელიც დამკვიდრთა პარეხთა შორის, რადგან იყო იგი ნეტარი მამა გრიგოლის მეგობარი და ეძიებდა მარტოდმყოფობას. იპოვა მან თავისი თავის სამკვიდრებელი ბერთის პარეხთა შორის, ამ წმინდანის რჩევით მათში დამკვიდრდა და კარგად წარემატა უფლის სათნოებათა მიმართ. მაგრამ მტერი ეშმაკი მეტად გლოვობდა, რადგან ხედავდა წმინდა ადამიანების გამრავლებით თავისი დროის შემოკლებას. ამიტომ, იგი მიქელის მიმართ ცხადად და ფარულად მოქმედებდა მრავალ მოჩვენებას, რომ გაექცია უდაბნოდან, მაგრამ იგი ძლიერად ითმენდა ამ დაუძინებელი მოწინააღმდეგის წყლულებს და სამარცხვინოს ხდიდა მის ნაირგვარ ხრიკებს ქრისტეს შეწევნით და ყველა წმინდანის მეოხებით.

ხოლო რომელიღაც დროს იყო მამა მიქელი თავისი სენაკისგან მოშორებით მაღალ კლდეზე ოდნავ რაღაც მცონარედ და გაკადნიერდა მისდამი ბელიარი, გადმოაგდო რა ქვევით იმ სიმაღლიდან, ხოლო სრულიად უვნებლად დაიცვა იგი ყოველთა მეუფე ქრისტე ღმერთმა; მაგრამ მამა მიქელი შეწუხდა ამ მიწყივ მარადიული ბრძოლის გამო, თავისი მოწაფე გაგზავნა თავის სულიერ მოძღვართან, მამა გრიგოლთან და აუწყა მას ბოროტი სულების ყველა განსაცდელის შესახებ, წმინდანი კი სწრაფად მივიდა თავისი ძმის შესაწევნელად უფლის ძალით, სულით გაამხნევა იგი, თავისი ხელით ახლად გააკეთა ძლევის მომცემი ქრისტეს ბეჭდები, ხის ორი ჯვარი, მის დასაფარავად და მტრების გასადევნად, აღმართა ისინი მისი სენაკის მოშორებით აქეთ-იქიდან და საზღვრად განუჩინა წმინდანს, [უთხრა რა:] "ქრისტეს ამ ორ ჯვარს შორის უშიშრად იყავი წმინდა სამების შეწევნით და პატიოსანი ჯვრის ძალით, ხოლო თუ გაცდები მათ, კვლავ ცთუნდები პირველზე უარესად". ილოცეს და წამოვიდა სანატრელი გრიგოლი, ხოლო ნეტარმა მიქელმა ჰპოვა სრული მოსვენება, რადგან თავმდაბლობით დასცა ამპარტავანი მტერი, ვინაიდან არათუ თავისი სიმართლე ეიმედებოდა, არამედ მარტოოდენ ღმერთზე მინდობით მოიყვანა მან თავისი მოძღვარი და სულიერი ძმა გრიგოლი შემწედ, როგორც დაწერილია: "ძმა - ძმის შემწე როგორც დაუცემელი გალავანი", იაკობ მოციქულის სიტყვისამებრ: "ერთიმეორისთვის ილოცეთ, რომ განიკურნოთ, რადგან მეტად შემძლეა მართლის ლოცვა შესაწევნელად". აი ასე, მთლიანად გაიმარჯვა მან მტრებზე ღვთის მადლით. ხოლო იყო ნეტარი მიქელი შავშეთის ქვეყნიდან, სოფელ ნორგიალიდან. მიძნაძოროში მონაზონი გახდა იგი, ხოლო პარეხთა შორის მრავალი წელი ცხოვრობდა და როდესაც აღესრულა, იქვე დაიმარხა, ამჟამად კი მისი საფლავი და [საფლავი] დიდებული მამა ბასილისა, რომელიც მის შემდეგ პარეხთა მკვიდრი იყო, ერთად არის და ადამიანებს კურნებას მიჰმადლებს, რომლებიც სარწმუნოებით მიდიან მათთან

პარეხი

პარეხი, ასევე პარეხთა — მონასტერი შუა საუკუნეების საქართველოში, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, ისტორიულ კლარჯეთში, მდინარე კარჩხალის ხეობის კლდოვან მასივში (თანამედროვე თურქეთის ტერიტორია). IX-X საუკუნეებში პარეხი გარკვეულ როლს ასრულებდა საეკლესიო-სამონასტრო და კულტურულ-ლიტერატურულ ცხოვრებაში. პარეხელ მოღვაწეებს დაუწერიათ ამ სავანის დამაარსებლის "მიქელ პარეხელის ცხოვრება", რომლითაც ბასილი ზარზმელს (X საუკუნე) უსარგებლია "სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების" წერისას. მიქელ პარეხელი თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურაში ხშირად იხსენიება, როგორც მიქაელი. ცნობილია აგრეთვე მწიგნობარი ილარიონ პარეხელი (დაახლოებით IX-X საუკუნეების მიჯნა), რომელსაც პატივით იხსენიებს გიორგი მერჩულე (X საუკუნე).

პარეხის სამონასტრო ანსამბლიდან შემორჩენილია ორი მთავარი ტაძრისა და სხვა ნაგებობათა ნანგრევები.

პარეხის მონასტერი მდებარეობს მდინარე კარჩხლის ხეობაში, მდინარე იმერხევიდან დაახლოებით 15 კილომეტრით ჩრდილოეთით, ხოლო ბერთის მონასტრიდან 8 კმ–ის მოშორებით. საავტომობილო უასფალტო გზა მიდის მხოლოდ სოფელ პარეხის (პარეხთას) გარეუბნამდე. თვითონ მონასტერი სოფლიდან აღმოსავლეთისაკენ ნახევარი საათის სავალზე მდებარეობს. პარეხის სამონასტრო კომპლექსი დაახლოებით 150 მეტრის სიგრძის ჰორიზონტალურ შვერილზეა განლაგებულ, რომელიც ნაწილობრივ კლდეშია გამოკვეთილი და ხეობიდან 80 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. კლდის ზედა ნაწილი მონასტერს ზემოდან აქვს გადმოფარებული და მას მიუვალს ხდის. მონასტერს ერთადერთი მისადგომი აქვს დასავლეთიდან, რომლის კარიბჭეც დღეისათვის მთლიანად ჩაქცეულია.

კარიბჭიდან იწყება ვიწრო და გრძელი ბილიკი, რომლის სიგანე 1,5–დან 5 მეტრამდე მერყეობს, ხოლო სიგრძე 150 მეტრს შეადგენს. ბილიკი პარეხის მონასტერში მოღვაწე განდეგილი ბერების საცხოვრებლებისა და აქ არსებული სხვა სამონასტრო ნაგებობებისაკენ მიემართება. კლდოვან მასივში სიგრძეზე გაშენებული სამონასტრო კომპლექსის შუაში, სატრაპეზოსთან ახლოს, ჩამოედინება პატარა ჩანჩქერი, რომელთანაც პატარა ცისტერნაცაა მოწყობილი. გალავანში შემოსასვლელი ჭიშკრიდან ჩრდილო-დასავლეთით ორი წყლის წისქვილია, უფრო დასავლეთით კი მინდვრები და ხეხილის ბაღები მდებარეობს. გარშემო მთები დაფარულია ნაძვნარით, ფიჭვნარით, წიფლნარითა და შინდის ბუჩქებით. ვახტანგ ჯობაძე თვლის, რომ მონასტერში არსებული ჩანჩქერი თავისი ცისტერნით და მონასტრის ირგვლივ არსებული გარემო სრულიად უზრუნველყოფდა ბერებს სასმელი წყლით, საკვებით, ასევე შეშითა და საშენი მასალით. ნაგებობები პარეხის სამონასტრო კომპლექსიდან დღეისათვის რამდენიმე ნაგებობაა შემორჩენილი, თუმცა ყველა მათგანი მეტ-ნაკლებად დანგრეულია. მათ შორისაა სენაკები, საკუჭნაოები და სატრაპეზო. ყველაზე მნიშვნელოვანი დღეისათვის შემორჩენილ ნაგებობებს შორის არის ორი, დაახლოებით პარალელურად მდგარი ეკლესია, რომლებიც ბილიკის სამხრეთითაა განლაგებული.

KARIBCHE

ეკლესიები აგებულია სპეციალურად აგებულ სუბსტრაქციაზე, კლდოვან შვერილზე. ეკლესიები: ზედა ეკლესია (ასევე პირველი ეკლესია, ან ჩრდილოეთის ეკლესია) აგებულია მონასტერზე გამავალი ბილიკის დონეზე. ქვედა ეკლესია (ასევე მეორე ეკლესია, ან სამხრეთის ეკლესია) ზედა ეკლესიაზე ექვსი მეტრით ქვემოთ, ოთხმოცმეტრიანი შვეული კლდის პირზე დგას. აგებულია საგანგებოდ ამოყვანილ სუბსტრაქციაზე. ეკლესია სამნავიანი ბაზილიკის ტიპისაა. პარეხის ქვედა ეკლესიას ერთადერთი შესასვლელი კარი დასავლეთის მხრიდან აქვს, რომლის სიგანე 1,20 მეტრია. კარის წინ 4,10 X 12 მეტრის ფართობის ტერასაა, რომელიც დღეისათვის ნაწილობრივ ჩანგრეულია. ტერასასთან ჩადიოდა სპეციალური კიბე, რომელიც დღეს აღარ არსებობს. ეს კიბე ზედა ეკლესიის ჩრდილო–დასავლეთი კუთხიდან იწყებოდა. ეკლესიის სამხრეთ კედელში არის კიდევ ერთი, 1,20 მეტრი სიგანის კარი. იგი უფსკრულის პირასაა გამოღებული და, შესაბამისად, შესასვლის ფუნქცია ვერ ექნებოდა.


გარდა ამისა, კლდოვანი შვერილის შუა ნაწილში სამიდან ხუთამდე ნაგებობაა, რომელთა დანიშნულებაც დაუდგენელია.

პარეხთა დაარსდა მას შემდეგ, რაც მიქაელმა ოპიზის სავანე აღადგინა, ანუ 826 წლის შემდეგ.
ცნობილია, რომ პარეხი ლიტერატურული მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო ძველ საქართველოში. მიქაელ პარეხელის გარდაცვალების შემდეგ, IX საუკუნის ბოლოსა და X საუკუნის დასაწყისში პარეხელ ბერებს მისი ბიოგრაფია შეუდგენიათ, თუმცა ნაწარმოების არც ერთი ხელნაწერი დღემდე შემონახული არაა. ამავე ხანებში პარეხის მონასტერში მოღვაწეობდა განთქმული მწიგნობარი ილარიონი, რომელიც დიდი პატივითაა მოხსენიებული გიორგი მერჩულეს მიერ "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში". XV-XVI საუკუნეების მინაწერი პარხლის 1241 წლის ოთხთავზე, შესრულებული პარეხის მონასტრის მოძღვრის — მაკარის მიერ, ადასტურებს, რომ პარეხი ამ ხანებშიც მოქმედი იყო.

წარწერები 2008 წელს პარეხის მონასტრის იმავე სამლოცველოში გიორგი კალანდიამ პირველად შეამჩნია და გადაიღო სხვა, აქამდე უცნობი წარწერა. 2010 წლის სექტემბერში წარწერა ადგილზე შეისწავლა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ბუბა კუდავამ. პარეხის წარწერის ასლი შეიქმნა კალიგრაფ დავით მაისურაძის მიერ. წარწერა ძნელად შესამჩნევია, ძლიერაა დაზიანებული და რთულად იკითხება. წარწერაში მოხსენიებულია ბაგრატ კურაპალატი: "ადიდენ ღმერთმან ბაგრატ კურა[პალატი]". სიტყვა "ადიდენ" მიანიშნებს, რომ ბაგრატი წარწერის შესრულებისას ცოცხალია. ამ ტიტულით საქართველოს ისტორიაში სამი მეფეა ცნობილი: ბაგრატ I კურაპალატი და ერთიანი საქართველოს მეფეები — ბაგრატ III და ბაგრატ IV. ბუბა კუდავას მოსაზრებით, მონასტრის ნაგებობების ქრონოლოგიის, მშენებლობის სტილისა და ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით ყველაზე ლოგიკური წარწერაში ბაგრატ I კურაპალატის მოხსენიებაა, რადგან "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" მიხედვიდ იგი ცნობილია, როგორც არაერთი საეკლესიო ცენტრის ქტიტორი. ბუბა კუდავა იქვე აღნიშნავს, რომ ბაგრატი შესაძლოა არა მონასტრის დაარსების, არამედ მისი მშენებლობის გარკვეული ეტაპის (საძვალის) ქტიტორი იყოს. თუკი წარწერაში მოხსენიებულ ბაგრატ კურაპალატს გავაიგივებთ ბაგრატ I-თან (826–876), წარწერა ნუსხური დამწერლობის ერთ-ერთი უძველესი ნიმუში გამოდის. მიუხედავად ამისა, ბუბა კუდავა აღნიშნავს, რომ წარწერაში მოხსენიებული მეფე შესაძლოა ბაგრატ III (978–1014, კურაპალატი 1001 წლიდან) ან ბაგრატ IV-ც (1027–1072, კურაპალატი 1029/1030 წლიდან) იყვნენ, რასაც წარწერის პალეოგრაფიული მონაცემებიც უჭერს მხარს. წარწერაში ჩანს დღეისათვის ცნობილი X-XI საუკუნეებისათვის დამახასიათებელი ხელი.

ბეჭდვა
1კ1