ღირსი პეტრე გალატელი (+429) - 01 (14) თებერვალი,
ღირსი პეტრე გალატელი (+429)  -  01 (14) თებერვალი,
პეტრე გალატელი ცხრა წლის იყო, როდესაც ღვთის სიყვარულისთვის ფარულად დატოვა მშობლიური სახლი და ანგელოზებრივი ცხოვრება ირჩია.

გარკვეული ხნის შემდგომ ნეტარმა, ღვთის სიყვარულისთვის, მშობლიური გალატია დაუტევა და წმინდა მიწის მოსალოცად გაემართა.

იქიდან რომ მობრუნდა, ანტიოქიასა და მის სიახლოვეს მოღვაწე მრავალრიცხოვან მეუდაბნოეთა შესახებ შეიტყო. მაშინ ღირსმა მამამ სამარეში ცხოვრება განიზრახა, დღეში ცოტაოდენ წყალსა და პურის ლუკმას სჯერდებოდა და ამ ღვაწლით ღვთისგან სასწაულთქმედების და კაცთა ნუგეშისცემის მადლი მიიღო.

სწორედ მან განკურნა წმინდა ჯვრის ნიშნით თავისი მომავალი ბიოგრაფის, თეოდორიტე კვირელის უკურნებელი სენით შეპყრობილი დედა.

უფრო დიდი სასწაული აღასრულა, ოდეს იგივე ქალბატონი თავისი ქადაგებით ფერუმარილის და სამკაულთა სიყვარულისაგან გაათავისუფლა.

ამ ამბის შემდგომ ქალი ნეტარ მამას მცირეწლოვანი ვაჟიშვილითურთ ყოველ კვირა სტუმრობდა, წმინდა პეტრე ბიჭუნას მუხლზე დაისვამდა და პურით და ყურძნით უმასპინძლდებოდა. ერთხელ კი თავისი ჯვალოს ქამარი შუაზე გაჭრა და ნახევარი თეოდორიტეს შემოარტყა. ამ წმინდა რელიკვიამ, მოციქულთა სამოსის მსგავსად, შემდგომ უამრავი სნეული განკურნა.

ღირსმა პეტრემ თავისი წმინდა ლოცვით მრავალჯერ განდევნა ეშმაკნი, ერთხელ კი ერთი ანტიოქიელი მზარეული გაათავისუფლა, მრავალი წელი რომ ტანჯავდა ბოროტი.

ღირსი მამა 404 წელს, 99 წლისა მიიცვალა.

ბეჭდვა
1კ1