წმინდა მეფე დემეტრე თავდადებული (+1289) - 12 (25) მარტი
წმინდა მეფე დემეტრე თავდადებული (+1289)  - 12  (25) მარტი

მონღოლები პირველად 1220 წელს გამოჩნდნენ საქართველოს საზღვრებთან. 1220-1221 წლებში სამჯერ შეებრძოლნენ ქართველებს, სამივეჯერ დაამარცხეს, მაგრამ უკანვე გაბრუნდნენ.

1235 წელს მონღოლები კვლავ მოვიდნენ საქართველოში. ქვეყნის მესვეურებმა ამჯერადაც ბრძოლის პასიური ტაქტიკა აირჩიეს. ცალკეულ მხარეთა გამგებლები და სახელმწიფო ვეზირები ჯერ ციხეებში შეიკეტნენ, მერე კი მტერს დანებდნენ. საქართველოს ყოველწლიურად 50 ათასი პერპერის გადახდა და მონღოლთა ლაშქრობაში მონაწილეობა დაეკისრა. რუსუდანის გარდაცვალების შემდეგ, უმეფობის ხანაში, მონღოლებმა საქართველო დაყვეს დუმნებად, რომელთა სათავეში დააყენეს ქართველი ერისმთავრები.

1247 წელს გუიუქ-ყაენმა ორი მეფე დაამტკიცა საქართველოს ტახტზე - დავით ულუ, ლაშას ძე და დავით ნარინი, რუსუდანის ძე. 1248 და 1249 წლისათვის ისინი მონღოლეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ და ერთად შეუდგნენ ქვეყნის მართვას. 1254-1258 წლებში ხარკის ოდენობისა და გამოსაყვან მეომართა რიცხვის დასადგენად არღუნ-ნოინმა აღწერა ჩაატარა საქართველოში. ამის შედეგად ქვეყანას დააკისრეს 90 ათასი მეომრის გამოყვანა და უამრავი ახალი გადასახადი (თამღა, თაღარი, მალი, საიამე, ულუფა, ყალანი, ყაფჩერი...), რაც, ძველ გამოსაღებებთან ერთად, მძიმე ტვირთად აწვებოდა მოსახლეობას და აჩანაგებდა მას. გა¬დასახადების აკრეფა ხშირად იჯარით გაიცემოდა. ეს კიდევ უფრო აუარესებდა გადამხდელთა მდგომარეობას, ასეთი მეიჯარე უნდა ყოფილიყო მუსლიმანი ვაჭარი ხოჯა აზიზი, რომელიც არღუნმა დატოვა საქართველოში გადასახადების ასაკრეფად.

1256 წლამდე მონღოლთა ხელისუფლება საქართველოში დიდი ყაენის მოხელეთა მეშვეობით ხორციელდებოდა. 1256 წელს ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილმა ჰულაგუმ ირანში საფუძველი ჩაუყარა ილხანთა ანუ ჰულაგუიანთა სახელმწიფოს, რომელთანაც საქართველო ვასალურ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა. ქვეყანაში იგზავნებოდა დამპყრობელთა ჯარი და მაღალი რანგის სამხედრო მოხელე, რომელიც თვალყურს ადევნებდა მეფეთა მოქმედებას. რამ-დენადაც ირანი და ამიერკავკასია პირვანდელი განაწილების თანახმად, ჯუჩის შთამომავლებს უნდა რგებოდათ, XIII საუკუნის 60-იანი წლებიდან ხანგრძლივი ბრძოლა წარმოებდა ოქროს ურდოს მბრძანებლებსა და ილხანებს შორის. ამ ბრძოლის ასპარეზი საქართველო იყო, რაც დიდ ზარალს აყენებდა ისედაც გაპარტახებულ ქვეყანას. გახშირ¬და აჯანყებები დამპყრობელთა წინააღმდეგ. 1259 წელს იფეთქა ანტიმონღოლურმა აჯანყებამ, რომელსაც სათავეში ჩაუდგა დავით VI ნარინი. საგანგებოდ გამოგზავნილმა მონღოლთა ლაშქარმა ვერ შეძლო აჯანყების ჩაქრობა. დავით ნარინი დასავლეთ საქართველოში გადავიდა. 1260 წელს დავით VII ულუც აჯანყდა და უარი განაცხადა მონღოლებ-თან ერთად ეგვიპტეში ლაშქრობაზე.

მეფე დავით ულუ, ჰულაგუ ყაენის ბრძანებით, ეგვიპტეში სალაშქროდ ემზადებოდა, ივანე ათაბაგის ვაჟის, ავაგის სამფლობელოსაც სწვევია. ავაგი სწორედ იმ დღეებში გარდაცვლილიყო და მეფეც მიცვალებულთან გამოსათხოვებლად მისულა ბიჯნისს, იქ ავაგის ქვრივი, რაჭის ერისთავის, კახაბერისძის ასული, მშვენიერი გვანცა მოსწონებია და მცირე ხნის შემდეგ ცოლადაც შეურთავს, მისი და ავაგის ასული ხვაშაქი კი ათაბაგების მამულში დაუტოვებია და მასზე მზრუნველობა სადუნ მანკაბერდელისთვის მიუნდვია. სწო¬რედ გვანცასგან შეეძინა დავითს უმცროსი ძე დემეტრე.

სიყრმიდანვე განსაცდელი დაჰყოლია მეფისწულს: როგორც უკვე ვთქვით, მამამისს უარი უთქვამს ეგვიპტეში ლაშქრობაზე და განრისხებულ ჰულაგუს მის დასასჯელად არღუნ ნოინი გამოუგზავნია. ნოინს დავითის ცოლ-შვილი ტყვედ წაუყვანია. ურდოში პატარა დემეტრე ერთი ნოინის ცოლს უშვილებია. ის ქალი უნაყოფო ყოფილა, მაგრამ უშვილებია თუ არა ყრმა დემეტრე, მეყსეულად განღებია საშო და მუცლად უღია. დემეტრეს სიყვარულით ნოინის ცოლი გვანცასაც კეთილად ეპყრობოდა, მაგრამ მისმა კეთილგანწყობამ ვერ უშველა დედოფალს - 1262 წელს ყაენის ბრძანებით მოკლეს. ჟამთააღმწერლის გადმოცემით, თურმე ხმა დადიოდა, გვანცას სიკვდილში მისივე ასუ¬ლის, ხვაშაქის ხელიც ერიაო (იგი ხოჯა შამს-ად-დინის, საჰიბ-დივანის - ფინანსების გამგებლის - ცოლი ყოფილა). რა იყო ხვაშაქის ამგვარი გაბოროტების მიზეზი? ის ხომ არა, რომ გვანცამ ჯეროვნად არ იგლოვა მამამისი ავაგი და ისე გაჰყვა დავითს?..

უდედოდ გაიარა დემეტრეს ბავშვობამ. როგორ გაუწევდა დედის მაგივრობას მონღოლი ქალი ესუქნი, დაქვრივებულმა მამამისმა რომ შეირთო...

რამდენიმე წლის შემდეგ მეორე უბედურება დაატყდა თავს დავით ულუს: მისი ძე გიორგი დასნეულდა. მცირე ხნის შემდეგ თითქოს მომჯობინდა, მაგრამ რაკი ცოდვა მადლს გარდამეტებოდა, ეს ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდა უფლის წინაშე წარდგა. ძალიან განიცადა დავითმა შვილის სიკვდილი, ცალკე გლოვამ და ცალკე ორგული და მრუში ცოლის - ესუქნის მიერ მიცემულმა საწამლავმა მასაც მოუსწრაფა სიცოცხლე. დარჩა დემეტრე მარტო, თავისი დის, თამარის ამარა (ის ოსის ქალისგან ჰყავდა დავითს). ობოლი ტარსაიჭ ორბელმა აღზარდა.

თორმეტი წლისა იყო დემეტრე, როცა ქართველმა თავადებმა აბაღა ყაენს მიჰგვარეს და სთხოვეს, საქართველოს მეფედ დაემტკიცებინა. მოეწონა აბაღას ყმაწვილი - დიმიტრი ქმნულკეთილი იყო და მშვენიერი - და დაუმტკიცა მთელი სამეფო, სარგის ჯაყელის სამთავროს გარდა, მეურვედ კი სადუნ მანკაბერდელი, თბილისში გაზრდილი გასომხებული ქურთი დაუნიშნა. დემეტრემ სადუნს ათაბაგობა უბოძა.

მეფედ კურთხევაზე ყოველი მხრიდან შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი: ჰერეთიდან, ქართლ-კახეთიდან, სომხით-ჯავახეთიდან, ტაოდან. ხარობდნენ და ღვთის მიმართ სამადლობელ ლოცვებს აღავლენდნენ. მრავალი მოწყალება გაიცა მაშინ გლახაკთა და ობოლთათვის, რათა კეთილად წარმართულიყო მეფობა დემეტრესი და ბედი საქართველოსი.

მეფობამ თითქოს ერთბაშად დაავაჟკაცა ყმაწვილი გვირგვინოსანი. იყო იგი "ტანად მაღალ და შვენიერ", ბეჭბრტყელი და შეწყობილი, სიყრმიდანვე განსწავლული სამხედრო საქმეში, ცხენოსანი და მშვილდოსანი რჩეული. მოწყალე გული გამოარჩევდა მეფეს კაცთაგან - ჩვეულებად ჰქონდა: აიღებდა ხოლმე ფულით სავსე ქისას, შუაღამისას ფარულად მოივლიდა მთელ ქალაქს, ობლებს, გლახაკებსა და დავრდომილებს მოიხილავდა და თავისი ხელით განიკითხავდა. იცოდნენ ეს გლახაკებმა და მთელი ღამე ქუჩაში დაეხეტებოდნენ, იქნებ სადმე მეფეს გადავეყაროთო.

მოწყალების გარდა მარხვაც უყვარდა მეფეს, ლოცვა და მრავალგზის მუხლის დრეკა. როგორც მისი მემატიანე მოგვითხრობს, ათასხუთასჯერ მოიდრეკდა მუხლს და ღვთისგან წყალობას გამოითხოვდა თავისი ქვეყნისთვის.

ძლიერი ჩანდა მეფე, მაგრამ სადუნის წინააღმდეგ ვერა გაეწყო რა. ყაენის მფარველობით გათამამებულმა დემეტრეს ჯერ თელავი და ბელაქანი წაართვა, მერე კი დმანისიც გამოსტყუა, თუმცა ეკლესიას არას ერჩოდა, გარეჯის თორმეტი მონასტერი გადასახადებისგანაც კი გაათავისუფლა.

დემეტრეს, ჯერ კიდევ ყრმას, დიდებულებმა ცოლად მოჰგვარეს ტრაპიზონელი კეისრის ქალიშვილი, რომელმაც მას ძენი და ასული: დავითი, ვახტანგი, ლაშა, მანოელი და რუსუდანი - უშვა.

ერთხელ ოირადის არღუნმა მეფეს სთხოვა, მისი ვაჟის¬თვის თავისი და, თამარი მიეცა ცოლად. "ცხონებული მამაშენი დამპირდა, - ამბობდა ურჯულო, - რომ ასულს მომცემდა სარძლოდ, მაგრამ ვერ მოასწრო; აწ შენ აღასრულე მისი სურვილიო". მეფე დიდ ჭმუნვაში ჩავარდა, გამოსავალს ეძებდა და ვერ პოულობდა, იმის წარმოდგენაც კი ზარავდა, რომ წარმართისთვის უნდა მიეთხოვებინა ქრისტეს აღმსარებელი ქალწული, მაგრამ მეტი გზა აღარ იყო...

გადაიხადეს ქორწილი. არღუნი ურდოში დაბრუნდა, შვილი კი დემეტრეს კარზე დატოვა.

1277 წელს აბაღა ყაენის მიწვევით დემეტრემ სამას ქართველ მეომართან ერთად მონაწილეობა მიიღო და დიდადაც ისახელა თავი ეგვიპტის სულთნის ფუნდაყარ ბეიბარსის წინააღმდეგ ბრძოლაში; 1278 წელს გილანის ლაშქრობაში ახლდა ყაენს და აქაც "განაკვირვა ყოველნი" გასაოცარი მამაცობით და ვაჟკაცობით.

1280 წელს აბაღა ყაენმა ისევ გაიწვია ქართველები ომში, ამჯერად - ეგვიპტის ახალი სულთნის მელიქ მანსურის წინააღმდეგ საბრძოლველად. სირიაში, ქალაქ დარბუზაკთან გამართულ ბრძოლაში, თავი ისახელა ბექა ჯაყელმა.

1281 წლის 30 ოქტომბერს, ქალაქ ამასიასთან, სისხლისმღვრელ ბრძოლაში კვლავ საარაკო გმირობა გამოიჩინეს წმინდა დემეტრემ და მისმა ორასმა ქართველმა მებრძოლმა.

საქართველოში სიმშვიდე ჩამოვარდა. სული მოითქვა ხალხმა. უხვად იყო პური და ღვინო. ქართველებიც, "ვითარ მოიცალეს მცირედ ჭირთაგან და განისვენებდეს", მიდრკნენ საღმრთო გზისაგან. მაგალითს მეფეც აძლევდა - დემეტრემ მეორე ცოლი შეირთო, მონღოლი ქალი სოლღარი, რომლისგანაც შეეძინა ბაადური, იადგარი და ჯიგდა-ხათუნი, მერე კი გულმა ბექა ჯაყელის ასულისკენ - ნათელასკენ გაუწია, რომლისგანაც ძე, გიორგი, ეყოლა.

სამი ცოლი ჰყავდა სადუნსაც. მესამე ცოლად მან დემეტრეს და შეირთო, რომელიც არღუნის ვაჟისგან გამოესყიდა. ამის გამო დიდად გამწყრალიყო კათოლიკოსი ნიკოლოზი, მაგრამ განდიდებული სადუნისთვის ვერაფერი დაეკლო.

მთავრების უზნეობა ხომ ზღვარს გადავიდა - ღვთის შიში სულ დაკარგეს და ეკლესია-მონასტრების ქონებას წაეპოტინნენ, სოფელთა და აგარაკთა მიტაცებას მიჰყვეს ხელი. განსაკუთრებით მესხი აზნაურები გათავხედდნენ, უამრავი სიმდიდრე წაართვეს აწყურის წმინდა ტაძარს.

უკეთურ თესლზე მრავალი ბოროტება აღმოცენდა. ერთმანეთს დაერივნენ ქართველნი, მიიხვეჭდნენ მოყვასის ქონებას. არავინ იყო სიმართლის მოქმედი. თვით მღვდელმთავარნი და მღვდელნიც ლაღნი და ამპარტავანნი, ანგარნი, უწესონი და ბოროტის მყოფელნი გახდნენ.

და აი, მოიწია მათზე ღვთის სამართლიანი სასჯელი.

დიდმარხვის მიწურულს, დიდ ოთხშაბათს, ძლიერად იძრა მიწა, ხუთშაბათსაც იძრა მცირედ, მაგრამ არავინ გულისხმაყო, რათა შეწყალება ეთხოვა უფლისთვის. დადგა პარასკევი, დღე მაცხოვრის ვნებისა. კვლავ იძრა მიწა. მოიწია დიდი შაბათიც, დადგა დღის მესამე ჟამი და სწო¬რედ მაშინ, როცა ხალხი სიხარულით ელოდა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, რისხვით მოხედა ღმერთმა საქართველოს. საფუძვლითურთ შეიძრა ქვეყანა, მთა და ბორცვი გაერთიანდა, კლდენი დაიშალნენ, ხენი მაღალნი დაეცნენ. მიწა გაიპო და იქიდან კუპრივით შავმა წყალმა ამოხეთქა. დაიქცნენ საყდარნი და მონასტერნი, ეკლესიანი და ციხენი, სახლნი მკვიდრად ნაშენნი. დაინგრა აწყურის ტაძარიც. ლიტანიობით შებრძანებული ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი საყდრის შუაში ესვენა. მიწისძვრისას გუმბათი ჩამოვარდა და ქუდივით დაეხურა ხატს... ასე გადარჩა ეს სიწმინდე.

მიწისძვრა მცირე ბიძგებით ერთ თვემდე გაგრძელებულა. ვნება მხოლოდ სამცხეს მიადგა - ურიცხვი ხალხი დაიღუპა, საყდარი, ეკლესია და ციხე არსად დარჩა დაუქცეველი...

1182 წელს აბაღა ნოინი აღესრულა. მონღოლურ-ილხანური (ირანის) ტახტისთვის ერთმანეთს წაეკიდნენ მისი უფროსი ძე არღუნი და ბიძამისი აჰმადი. ბრძოლაში ბიძამ გაიმარჯვა.

ქართველთა მეფე ახალ ყაენს ურდოში ეწვია. აჰმადმა დემეტრე დიდი პატივითა და "სიყვარულით" მიიღო და დაიმოყვრა კიდეც - აჰმადის ერთგული კაცის, ბუღა ნოინის ვაჟს ცოლად შერთეს დემეტრეს ასული რუსუდანი. ამის გამოც ფრიად განრისხებულა კათოლიკოსი ნიკოლოზი, ტუქსავდა თურმე მეფეს და ღვთის სასჯელით აშინებდა, მაგრამ მეფე დემეტრე "სისრულისგან მიდრეკილიყო" და წარმართებს აღრეულს მათი საქმე ესწავლა. "ურიცხვთა კეთილთა მიერ აღვსებული მცირედ სიბოროტედ მიდრკაო", - გვამცნობს მატიანე. მრავალგზის ამხილა ნიკოლოზ კათოლიკოსმა, მაგრამ ვერაფერი შეასმინა. მაშინ დაუტევა საყდარი, კათოლიკოსად თავისივე ხელით აკურთხა აბრაამი, მეფის ჯვრისმტვირთველი, თვითონ კი თავის მამულში დაბრუნდა და იქ გალია დღენი მრავლითა მოღვაწებით, მარხვით, მღვიძარებითა და გლახაკთმოწყალებით.

ეს ის ნიკოლოზია, რომლის პიროვნებით მოხიბლულმა ყაენმა ეკლესია-მონასტრები ხარკისგან გაათავისუფლა, თავად კათოლიკოსს კი თვალ-მარგალიტით გაწყობილი ოქროს ჯვარი და არგანი უბოძა.

საქმეს არც მწყემსმთავრის გადადგომამ უშველა.

სწორედ ამ დროს ათონიდან დაბრუნებულა ბასილი მონაზონი, ექვთიმე კათოლიკოსის ბიძა, კაცი საღმრთო წესით აღსავსე და წინასწარცნობის მადლით განბრწყინვებული. თურმე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოსცხადებოდა და სამშობლოში მეფის სამხილებლად გამოეგზავნა. ღირსი მამაც, "ვითარცა მოციქული", ამხილებდა დემეტრეს და ამ უწესო ქორწინების ჩაშლას ურჩევდა, სიწმინდეს ჩააგონებდა, შეახსენებდა, რომ ადამიანის სხეული ღვთის ტაძარია, რომლის გახრწნაც არ შეიძლება, მოუწოდებდა ლოცვისა და მარხვისკენ, გლახაკთმოწყალებისა და ლმობიერებისკენ.

იმასაც ეტყოდა, თუ უარს იტყვი ამ უწესო ქორწინებაზე, შენი თავმდები ვიქნები ღვთის წინაშე, რომ კეთილად წარგემართოს მეფობაო. კარისკაცებსაც ამხილებდა და დაფარულ გულისსიტყვას განუმჟღავნებდა, მაგრამ, ესოდენი მადლის მიუხედავად, ვერც მეფე დაიყოლია და ვერც მსახურნი. მაშინ კიდევ ერთხელ წარუდგა მეფესა და დარბაზისერს და უთხრა: "უკეთუ ჩემით რასმე ვიტყოდე, ვითარცა ცრუწინასწარმეტყველი და მაცთუნებელი ღმრთის კაცისა, უკეთუ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წარმოგზავნილი არ ვიყო, მაშინ ცრუდ და რჯულის დამარღვევლად შემრაცხეთ, ხოლო თუ უფლის დედამ გამომგზავნა შენს სამხილებლად, მაშ, ამაოდ არ გიღვრია ოდესღაც ცრემლი და აღგივლენია ლოცვა. თუ არ განეშორები უწესოდ შერთულ ცოლებს და არად ჩააგდებ ჩემს სიტყვას, აი რა გელის: უპატიოდ მოიკვლები მტრის მიერ, "ოხერ იქმნე სამეფოსაგან შენისა, ხოლო შვილნი შენნი მიმოდაიბნენ, სხვამან მიიღოს მეფობა და იავარჰყონ სიმდიდრე შენი". მწამს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის - თუ არ დაანებებ თავს უწესო ცხოვრებას, ჩემი ნათქვამი აგისრულდება, მე კი, აი, მივდივარო", - თქვა ეს ღირსმა მამამ და განეშორა განცვიფრებულ მეფეს.

უფალმა რამდენიმე წელი აცალა დემეტრეს, მერე კი დადგა ჟამი წმინდა ბასილის წინასწარმეტყველების აღსრულებისა.

1284 წელს ილხანთა კარზე გადატრიალება მოხდა: შეთქმულებმა დემეტრეს მძახლის ბუღა ნოინის მეთაურობით აჰმად ყაენი მოკლეს და ტახტზე არღუნ აბაღას ძე აიყვანეს. ახალმა ყაენმა დიდი სიყვარულით მიიღო დემეტრე, ხოლო 1288 წელს საპატიო მისიაც დააკისრა - აჯანყებული დარუბანდელების წინააღმდეგ საბრძოლველად გაგზავნა. დემეტრემ მეამბოხენი დაამარცხა.

ამავე წელს გამჟღავნდა არღუნ ყაენის დასამხობად გამიზნული შეთქმულება, რომლის სათავეშიც ამჯერადაც ბუღა ნოინი აღმოჩნდა. ყაენის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს ბუღას ყველა ნათესავი და ახლობელი, მის მიერ დაწინაურებული ყველა მოხელე, ისეთებიც კი, შეთქმულების შესახებ რომ არც კი სმენოდათ. ბოლოს, ურდოში დემეტრეც დაიბარეს.

მეფემ იხმო კათოლიკოსი აბრაამი, ეპისკოპოსნი, გარეჯელი მღვდელ-მონაზონნი, მთავარნი და განუცხადა: "ღვთის ნებით, აქამდე მშვიდობით ვიმეფე, ახლა კი ყაენი განრისხებულა და თავისთან მიხმობს. იქ წასვლა სიკვდილს ნიშნავს. ზოგი მირჩევს, მთიულეთს შევაფარო თავი, მაგრამ მაშინ ხომ მტერი უამრავ ქრისტიანს დახოცავს და ტყვედ წაიყვანს, ეკლესიებს შებილწავს და ჯვარ-ხატს შემუსრავს! მრავალმღელვარეა საწუთრო, დაუდგრომელი და წარმავალი, გვინდა თუ არა, ოდესმე მაინც უნდა გამოვეთხოვოთ წუთისოფელს. რა სარგებელი მექნება, თუ მრავალი დაიღუპება ჩემ გამო და ცოდვით დამძიმებული გარდავიცვლები? სჯობს, წავიდე ყაენთან, დაე, მომკლან, იქნებ ქვეყანა გადარჩესო". განცვიფრდნენ დარბაზისერნი, კიდევ ერთხელ სთხოვეს, ეგებ მამაშენივით მთიულეთს ან აფხაზეთს შეაფარო თავი, თავის გაწირვა საჭირო არ არის, ყველანი შენი ერთგულნი ვართო. "თქვენი ერთგულებისა მჯერა, - მიუგო მეფემ, - მაგრამ მეცოდება უბრალო ერი, რომელიც და¬საკლავი ცხვარივით უღონოდ უნდა მიეგებოს განსაცდელს. რამდენიც არ უნდა მიშალოთ, ურდოში წასვლას ვერ გადამათქმევინებთ, მტკიცედ მაქვს განზრახული, ჩემი ერისთვის თავი გავწიროო".

მღელვარებისგან ყველა ფეხზე წამოიჭრა. "მეფეო, - ბრძანა აბრაამ კათოლიკოსმა, - მრავალი გვირგვინოსანი განრიდებია სიკვდილს; თუ შენ ერისთვის დადებ სულს, ჩვენ, ეპისკოპოსნი, ვიტვირთავთ შენს ცოდვებს და თავმდებნი ვიქნებით ღვთის წინაშე, რომ მოწამეთა თანა შეირაცხებიო".

მეფემ შვილები ერთგულ მთავრებს ჩააბარა, თვითონ კი ურდოში გაემგზავრა. თან გაჰყვნენ აბრაამ კათოლიკოსი, მღვდელი მოსე და უფროსი ძე დავითი.

ყაენს ჰგონებოდა, დემეტრე ურდოში წასვლას ვერ გაბედავდა და მის მოსაყვანად ვინმე თუქალ ნოინი გაეგზავნა.

გზაში შეხვედროდა თუქალი დემეტრეს, ყველაფერი ჩამოერთმია და ხელებშებორკილი ყაენისთვის მიეგვარა.

ბრალი ვერ უპოვეს დემეტრეს, მაგრამ ბუღას ნათესავი იყო და მისი დაუსჯელობა არ ივარგებდა, მოეკლათ - მეფობის ღირსი აღარავინ რჩებოდა საქართველოში. მაშინ წამომდგარა ყუთლუ-ბუღა მანკაბერდელი, ძე სადუნისა, და ყაენისთვის უთქვამს: მაგის ჯავრი ნუ გაქვს, აფხაზეთიდან გადმოვიყვან დავით ნარინის ძეს, ვახტანგს, მას უბოძე მეფობა და ორივე სამეფო დაგემორჩილებაო. ამ სიტყვებმა გადაწყვიტა დემეტრეს ბედი.

ყაენის მოხელეებმა მოაგროვეს და აღწერეს დემეტრეს ქონება, თვით საიმედოდ დამალული საგანძურიც კი იპოვეს მოღალატეთა წყალობით.

მთავრებმა მეფეს გაქცევა შესთავაზეს, მაგრამ ამჯერადაც უარი მიიღეს.

დემეტრეს ქონების ხილვამ გული ვერ მოულბო ყაენს, არგნით (კვერთხით) აცემინა იგი და სიკვდილი მიუსაჯა.

ყაენის ბრძანება რომ შეიტყო, წარბი არ შეუხრია მეფეს. მხნედ მოიკითხა ქართველი მთავარნი და ანუგეშა. მოღალატე ყუთლუ-ბუღას ისღა სთხოვა, ჩემს ძეს მაინც ნუ მოაკვლევინებო, შემდეგ კი ილოცა და ეზიარა უფლის სისხლსა და ხორცს.

შესვეს დემეტრე ცხენზე და ქალაქგარეთ გაიყვანეს. სიკვდილის წინ ლოცვის უფლება სთხოვა ჯალათებს. ილოცა გულმხურვალედ, შენდობა სთხოვა უფალს, მერე კი "წარუპყრა ქედი" მახვილს და მათაც უმალვე წარკვეთეს თავი.

განუტევა თუ არა სული მეფემ, მზე დაბნელდა და მეათე ჟამიდან მწუხრამდე ბნელმა მოიცვა არემარე. დიდმარხვის მესამე შაბათი იდგა, 1289 წლის 12 მარტი...

მონღოლებს დავით დემეტრეს ძის მოკვლაც ჰქონდათ განზრახული, მაგრამ მოსე მღვდელი მცველებს გაეპარა, ტოღაჩასარ ნოინს, ყაენის მხედართმთავარს ეახლა და უფლისწულის მფარველობა სთხოვა. მანაც ყაენისგან გამოითხოვა ყრმა დავითი, წაიყვანა და თავის ხოჯას ჩააბარა აღსაზრდელად.

დემეტრეს ცხედარს საიმედოდ იცავდნენ, მაგრამ აბრაამ კათოლიკოსმა და მოსე მღვდელმა მოისყიდეს მცველნი, მოიპარეს ნეშტი და თბილისელი თევზის ვაჭრების დახმარებით საქართველოში ჩამოასვენეს. დაკრძალეს ბაგრატიონთა საძვალეში, მცხეთას.

დემეტრეს უფროსმა ძემ, დავითმა, მამასავით თავი ვერ დადო ერისთვის. სამაგიეროდ, რწმენასა და სამშობლოს არ უღალატა ვახტანგმა, წამებული მეფის მომდევნო ძემ (ისიც წმინდანად შერაცხა ჩვენმა ეკლესიამ). გაივლის ოცდახუთი წელი და ღვთის კურთხევა გარდამოვა დემეტრეს უმცროს ძეზე - გიორგი ბრწყინვალეზე, რომელიც გააერთიანებს და განაბრწყინვებს საქართველოს.

სვეტიცხოველში, სადაც უშვილოთა ნუგეშინისმცემელი მცხეთის ჯვარი ასვენია, მეფე დემეტრეს წამებული ნეშტიც განისვენებს. მაშ, ვევედროთ წმინდანს, მეოხ გვეყოს ღვთის წინაშე და როგორც ოდესღაც მისი შეწევნით ნოინის ცოლი შვილიერ იქმნა, ჩვენც, ბოლო ჟამის ქართველებს, მოგვმადლოს ძენი და ასულნი, მისი გიორგივით, მისი ვახტანგივით განმაბრწყინვებელნი მართლმადიდებელი საქართველოსი.

წმინდა დემეტრე თავდადებულის ტროპარ-კონდაკი

ტროპარი
მოწამემან შენმან უფალო დემეტრე ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.

კონდაკი
ვარსკულავი ელვარე აღმოხედ, უცთომელ მზესა გვაუწყებ ქრისტესა, შარავანდედთა მის მიერ განათლებულო ღუაწლითშემოსილო დემეტრე, სრულიად დაშრიტე სიმრავლე საცთურისა და ჩუენ მოგვფენ ორკეცსა მას ნათელსა და მეოხ-ხარ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

 

ბეჭდვა
1კ1