დევნის წლებმა ვერ გატეხა მღვდელმთავრის სული და სიმართლისთვის ბრძოლის წყურვილი
დევნის წლებმა ვერ გატეხა მღვდელმთავრის სული და სიმართლისთვის ბრძოლის წყურვილი
წმინდა იოასაფ ჯავახიშვილი (ჟევახოვი)
"კარიბჭის" მკითხევლის ყურადღებას წმინდა მღვდელმოწამე იოასაფ ჯავახიშვილის (ჟევახოვი) ცხოვრებასა და მოღვაწეობას გავაცნობთ. ბევრმა შესაძლოა არც კი იცის ამ წმინდა მამის შესახებ. ეს ღვთისნიერი ადამიანი კიევში მოღვაწე ქართველი ეპისკოპოსი გახლდათ. უდიდესი სიყვარულით მოიხსენიებენ წმინდა მამა იოასაფს და, შესაბამისად, უდიდეს სიყვარულს გამოხატავენ ქართველების მიმართ.

ეპისკოპოსი იოასაფ ჯავახიშვილი - ერისკაცობაში თავადი ვლადიმერ დავითის ძე ჯავახიშვილი დაიბადა 1874 წლის 24 დეკემბერს, პოლტავის გუბერნიის ქალაქ პრილუკაში.

თავადი შიო (სვიმეონ) ჯავახიშვილი ოჯახთან ერთად გაჰყვა რუსეთში ვახტანგ მეფეს. სახელმწიფოსთვის გაწეული სამხედრო სამსახურისთვის 1738 წელს შიოს უწყალობეს მამული ნოვოსიბირსკის, კაბელიანსკის მაზრის, მოგვიანებით - პოლტავის გუბერნიაში, მიიღო რუსეთის ქვეშევრდომობა და თავადის ტიტული. სწორედ მან დაუდო სათავე თავად ჟევახოვების გვარს რუსეთში.

ბავშვობის წლები
ბავშვობა ვლადიმერმა მამის, თავად დავით დიმიტრის ძე ჯავახიშვილის (ჟევახოვის) მამულში, ლონოვიცში გაატარა. დედამისის, ეკატერინე ვულფერტის წინაპრები იყვნენ გორლენკოთა ოჯახის ნათესავები, რომელთა მოდგმამაც რუსეთს უდიდესი მღვდელმთავარი, ბელგოროდელი სასწაულთმოქმედი, წმინდა იოასაფ ბელგოროდელი აჩუქა. ჟევახოვებს ოთხი შვილი ჰყავდათ: ტყუპი ვაჟი ვლადიმერი და ნიკოლოზი (სასულიერო მწერალი და წმინდა სინოდის ობერპროკურორის თანაშემწე), ქალიშვილები - ლიუბა და ბარბარე. ერთხელ, ბავშვობაში, ვლადიმერმა ლინოვიცში სიზმარში ნახა, - მათ ოჯახს წმინდა იოანე კრონშტადტელი ეწვია. ძვირფას სტუმართან ლოცვა-კურთხევისთვის პირველად დედა მივიდა, შემდეგ - ვლადიმერი. მამა იოანეს გაეღიმა და ჯვარი გადასახა მას, ხოლო დედამ თქვა, - "ეს ჩვენი მომავალი..." ამ ფრაზის ბოლო სიტყვას ეპისკოპოსი იოასაფი არასდროს ამთავრებდა.

ვლადიმერმა 1899 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 1900 წლიდან 12 წელი მსახურობდა კიევის სასამართლოს პალატაში და არჩევნების წესით ითვლებოდა ქვეყნის საპატიო მოსამართლედ, რაც თვალნათლივ მეტყველებს უბრალო ხალხის მის მიმართ ნდობაზე. 1913 წლის 9 იანვარს დანიშნეს კიევის გუბერნიის სამმართველოს უფროს მრჩევლად. გახდა კიევის საქველმოქმედო საზოგადოების მოქმედი წევრი. ეხმარებოდა კიევის მონასტრებს თანხით და პროდუქტებით. ქველმოქმედებამ და მონასტერზე ზრუნვამ მიიყვანა თავადი ყაზანის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე, წმინდა იონას სახელობის მამათა მონასტრის სამების ტაძარში. აქ გაიცნო იღუმენი ვალენტინი (კოროტენკო), მან უამბო ახალაღმოჩენილი ზვერინევსკის უძველესი მღვიმეების მონასტერზე.

ზვერინევსკის მღვიმეებში მოღვაწეობის დასაწყისი
ვლადიმერ ჯავახიშვილი მონდომებით ცდილობდა მღვიმეებში ბერმონაზვნური ცხოვრების აღორძინებას. ამ ღვთივსათნო საქმის წამოწყებისთანავე უამრავი წინააღმდეგობა წარმოიშვა. ადგილი, რომელზეც ზვერინევსკის მღვიმეები მდებარეობდა, ეკუთვნოდა სამხედრო უწყების მეციხოვნე-საინჟინრო სამმართველოს. ჟევახოვის პირადი და თანამდებობრივი კავშირების წყალობით, მღვიმის ტერიტორია იჯარით აიღეს. ვლადიმერმა ლოცვა-კურთხევა გამოითხოვა კიევისა და გალიციის მიტროპოლიტ ფლავიანესგან (გოროდეცკი), საკუთარი სახსრებით მოაწყო არქეოლოგიური გათხრები, რომელმაც გამოააშკარავა კიევის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ძველი მონასტრის დავიწყებული ისტორია. მღვიმეებთან ერთად დაარსდა ზვერინევსკის სკიტი, რომლის წინამძღვრადაც დაინიშნა იღუმენი ვალენტინი, ხოლო საპატიო მეურვედ - ვლადიმერ ჟევახოვი. მან შემოწირულობით ააშენა მღვიმისზედა ეკლესია. ტაძარი 1913 წლის პირველ დეკემბერს აკურთხეს ღვთისმშობლის შობის სახელზე, ხოლო შემდეგ ტაძრის ეკვდერი - თავადის უსაყვარლესი იოასაფ ბელგოროდელის სახელზე. ეკლესიის მამასახლისად დანიშნეს ჟევახოვი.

ვლადიმერმა პროლუკში საკუთარი სახსრებით დააარსა ლაზარეთი, სადაც უსასყიდლოდ მკურნალობდნენ ხელმოკლე ადამიანებს. ზრუნავდა მათი ბავშვების განათლებაზე. პირველი მსოფლიო ომის დროს დანიშნეს სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის არმიასთან არსებული პოლტავის გუბერნიის წითელი ჯვრის ორგანიზაციის რწმუნებულად. აქტიურად მონაწილეობდა სანიტარული ეშელონების ჩამოყალიბებაში. ზრუნავდა ტაძრების მშენებლობასა და მონასტრების კეთილმოწყობაზე. მის მიერ დაარსებული ზვერინევსკის მღვიმეებზე აგებული ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრისა და "ყოველთა მწუხარეთა ნუგეშის" ხატის სახელობის სკიტის გარდა, კიდევ ერთ ახალდაარსებულ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სკიტს გაუწია უდიდესი დახმარება.Eეს სკიტი დაკავშირებული იყო ღირსი მამის, თეოდოსი პეჩორელის სახელთან. ამ მღვიმეებში ატარებდა წმინდა მამა დიდი მარხვის დღეებს სრულ განმარტოებასა და ლოცვით ღვაწლში. საგულისხმოა ვლადიმერის სიზმარი, რომელიც ნაწილობრივ წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. ის ასე იხსენებს მას:

"უცნაური სიზმარი ვნახე 1913 წლის 22-23 მაისის ამაღლების ღამეს. მე, გაურკვეველია, რატომ, მისჯილი მქონდა დახვრეტა. განაჩენი თვითონვე უნდა აღმესრულებინა - ტყვია უნდა დამეხალა თავში. უცხო ადამიანთა შორის მოხვედრილი იმდენად ღრმად და ნათლად ვგრძნობდი სიკვდილის განცდის ტანჯვის სიმძიმეს და უიმედობას, რომ გამოღვიძება პირველ წამებში უფრო არარეალური მეჩვენა. ასევე განვიცდიდი ჩემი, თუმცა უცნობი, შეუგნებელი ცოდვის სიმძიმეს. ამ დანაშაულის გაცნობიერებამ ძალიან დიდი სინანული წარმოშვა. ხმამაღლა წარმოვთქვი აღსარება და ხელაღპყრობით დავიწყე ლოცვა. ლოცვის შემდეგ გამეღვიძა, ისევ სიზმრის გავლენაში ვიყავი".

მღვიმისზედა სკიტზე ყოველდღიურ ზრუნვაში ატარებდა ვლადიმერი დღეებს. ამაოებით სავსე მტრულ გარემოცვაშიც კი მისთვის უცხო იყო ადამიანური დიდება და ამქვეყნიური გართობა.

ოქტომბრის გადატრიალების ტრაგიკული პერიოდი
ჯავახიშვილების ოჯახმა გაიზიარა მათი ბედი, რომლებიც იმ ავბედით ჟამს არ დარჩენილან გულგრილნი თავიანთი სამშობლოს და მართლმადიდებლობის მიმართ. განუწყვეტელი დევნა და თვალთვალი ოდნავადაც არ ასახულა ვლადიმერის სულიერ განწყობაზე. ძმები - ვლადიმერი და ნიკოლოზი სკიტის წინამძღვარმა, იღუმენმა მანუელმა შეიფარა. თავადები მორჩილებივით შრომობდნენ. ასეთი მაღალი წრის სტუმრების ყოფნა მონასტერში ყოველწუთიერად ქმნიდა მონასტრის დახურვის საშიშროებას, მაგრამ, უფლის შეწევნით, ბოლშევიკებმა, არაერთი შემოვლის მიუხდავად, თავმდაბალ მორჩილებში ვერ ამოიცნეს რევოლუციის მტრები. მუდმივი შიში და დაძაბულობა დროდადრო დრტვინვას იწვევდა მონასტრის მცირედმორწმუნე ძმებში. თუმცა იღუმენი მანუელი, ყოველთვის მოხერხებულად ახსენებდა ძმებს იმ შემწეობას, რომელსაც ბოლო წლებში უწევდა ვლადიმერი გასაჭირში ჩავარდნილ მონასტერს. დაახლოებით ამ დროს დაუმეგობრდნენ ძმები სერგი ნილუსის ოჯახს.

მუდმივი თვალთვალის მიუხედავად, ვლადიმერი ყველა ღონეს ხმარობდა, დახმარებოდა ზვერინევსკის სკიტს. როგორც კი ეს შესაძლებელი გახდა, ვლადიმერი დანიშნეს ზვერინევსკის მღვიმეების მეურვედ და მღვიმისზედა ეკლესიის მამასახლისად. ამ წლების განმავლობაში ის იბრძოდა მღვიმეების ტერიტორიის სკიტის პირად საკუთრებაში გადმოსაცემად, მაგრამ ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ ამის განხორციელება შეუძლებელი გახდა. სულ მალე მას კიევის დატოვებაც მოუხდა. 1924 წელს ჟევახოვი ბოლშევიკებმა 7 თვით დააპატიმრეს. დაბრუნებისთანავე აღიკვეცა ბერად იოასიფის სახელით. მალე ხელი დაასხეს ეპისკოპოსად.

მეუფე იოასაფი 1926 წლიდან 1929 წლამდე სოლოვკის საგანგებო რეჟიმის ბანაკში გადაასახლეს, 3 წლის შემდეგ აღმოსავლეთ ციმბირში, ნარიმსკის ოლქში. პატიმრობიდან განთავისუფლებისთანავე, 1932 წელს, მეუფე დაინიშნა პიატიგორსკის, ჩებოქსარის, მოგილევის ეპარქიის მეთაურად. დევნის წლებმა ვერ გატეხა მღვდელმთავრის სული და სიმართლისთვის ბრძოლის წყურვილი. Mმისი ხასიათის ასეთ თვისებებს შეუძლებელია არ გამოეწვია მმართველი რეჟიმის ყურადღება და ერთ წელიწადში მას ახალი განაჩენი გამოუტანეს - "ათი წლით გადასახლება ციმბირში". სწორედ აქ გაიცნო წმინდა იოასაფმა ქირურგი-აღმსარებელი, მღვდელმთავარი, წმინდა ლუკა (ვოინო-იასენეცკი), რომელიც რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1997 წელს შერაცხა წმინდანთა დასში. ეს ორი უდიდესი მოღვაწე ძალიან დაუახლოვდა ერთმანეთს. ცნობილია, რომ წმინდა მღვდელთმთავარი ლუკა სიკვდილამდე ყოველთვიურად უგზავნიდა მეუფე იოასაფს 30 მანეთს.

ჩრდილოეთის მკაცრმა, ნოტიო ჰავამ გატეხა ციხეებით გატანჯული ეპისკოპოსის ჯანმრთელობა. 1934 წელს ის, როგორც ინვალიდი, ზედამხედველობის ქვეშ გადაჰყავთ მოსკოვის ახლოს. ამავე წელს მოგილევის ეპარქიაში უბრუნდება სამწყსოს. უდრეკი ეპისკოპოსის ჭეშმარიტად მხურვალე ქადაგებები შეუძლებელია, უყურადღებოდ დარჩენოდათ მაშინდელი უშიშროების ე.წ. "შავ ყვავებს". ამჟამად ეპისკოპოსის შერყეული ჯანმრთელობა მას აღარ აძლევს შეწინააღმდეგების საშუალებას. ერთი წლის შემდეგ ის ტოვებს კათედრას. ამ დროს აუსრულდა სანუკვარი ოცნება, საცხოვრებლად გადადის საყვარელ ბელგოროდში, რათა დამკვიდრდეს იმ მიწაზე, რომელიც ინახავს მისი დიდი წინაპრის ხსოვნას. ბელგოროდელ სასწაულმოქმედთან განმარტოებულმა ლოცვამ განამტკიცა ეპისკოპოსი იოასაფი და მოამზადა ცხოვრების იმ ეკლიანი კიბის ბოლო საფეხურების გასავლელად, რომელსაც ის ცათა სასუფეველში მიჰყავდა...

ბელგოროდის ციხეში ყოფნის თითქმის ერთი წლის შემდეგ მეთვალყურეობის ქვეშ გადაჰყავთ ნოვგოროდის მხარეში, ხოლო 1937 წელს მიჰყავთ გასასამართლებლად კურსკში. თუ რის გადატანა მოუხდა მოხუც ეპისკოპოსს კურსკში, ამის წარმოდგენა შეიძლება არქივში ნაპოვნი დაკითხვის მასალებით - "ჩემს მონაწილეობას კონტრრევოლუციურ საქმიანობაში უარვყოფ".

განაჩენი იმავე დღეს, 4 დეკემბერს გამოუტანეს - "სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა", რომელიც ბარბაროსებმა იმ დღესვე აღასრულეს.

1990 წელს ბელგოროდის პროკურატურამ სიკვდილის შემდგომ გაამართლა საქართველოსა და მართლმადიდებლური სამყაროს სასახელო შვილი, ეპისკოპოსი იოასაფ ჯავახიშვილი (ჟევახოვი), ამით დაუდო სათავე საყოველთაო სინანულს რუსეთის მიწაზე ქრისტეს სახელის გულისთვის უდანაშაულოდ დახოცილი ასიათასობით ადამიანის წინაშე. 2002 წლის 21 თებერვალს მაღალყოვლადუსამღვდელოეს მაქსიმეს, მოგილევისა და მსტისლავის ეპისკოპოსს, ყოვლადწმინდა სამების სახელობის, წმინდა იონას მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა იონამ და ზვერინევსკის მღვიმეების სკიტის, ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის აღმშენებელმა არქიმანდრიტმა კასიანემ მიმართეს თხოვნით, რათა ეშუამდგომლა მონასტრის აღმშენებლის, მზრუნველისა და კეთილისმყოფლის წმინდანთა დასში შერაცხვის საკითხში და თან წარუდგინეს მათ მიერ შეკრებილი მღვდელმთავრის კანონიზაციისთვის საჭირო დოკუმენტური მასალები.

2002 წლის 17 ივლისს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმინდესი ალექსი II-ისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დადგენილებით, მოგილევის ეპისკოპოსი, მღვდელმოწამე იოასაფ ჯავახიშვილი (ჟევახოვი) წმინდანად შერაცხეს. შეგვეწიოს წმინდა იოასაფის მადლი ჩვენ და სრულიად საქართველოს.
ბეჭდვა
1კ1