წმინდა აბო ჩვენს წინაპრებს საქართველოს დედაქალაქის მფარველ ანგელოზად მიაჩნდათ და ეკლესიის სამკაულსა და სიქადულს უწოდებდნენ
წმინდა აბო ჩვენს წინაპრებს საქართველოს დედაქალაქის მფარველ ანგელოზად მიაჩნდათ და ეკლესიის სამკაულსა და სიქადულს უწოდებდნენ
საქართველოს მრავალი განსაცდელი გადაუტანია, მაგრამ უფალს არასოდეს მიუტოვებია იგი უნუგეშოდ, ყოველთვის მოუვლენდა ერს მაგალითის მიმცემს, არა მარტო ქართველს, არამედ სხვა ერის შვილსაც. ასეთი იყო აბო თბილელი, რომლის წამებას მოგვთხრობს მისი თანამედროვე და თვითმხილველი იოანე საბანისძე.

ქართლის ერისთავი ნერსე დააბეზღეს ხალიფა მანსურთან. იგი ბაღდადის ციხეში დაამწყვდიეს (772 წელს) მალე ხალიფა გამოიცვალა, ახალმა განმგებელმა ნერსე გაათვისუფლა და თბილისში გამოისტუმრა. ნერსეს თან წამოჰყვა არაბი აბო. სურნელებისა და ნელსაცხებლების ოსტატმა, აბომ ზედმიწევნით შეისწავლა ქრისტიანთა ზნე-ჩვეულება და მთელი არსებით შეითვისა კიდეც. როცა აბოს გაქრისტიანების შესახებ შეიტყვეს საშინლად განრისხებულმა არაბებმა იგი წამებით მოკლეს და ახალმოწამის ფერფლი მტკვარში გადაყარეს. ღამით იმ ადგილს ნათლის სვეტი დააგდა. ხალხში სწრაფად გავრცელდა ეს ამბავი. ეს მოხდა იმ კლდეზე, სადაც ახლა მეტეხის ტაძარია, მის ქარაფებზე ბოლო დრომდე უჩვენებდნენ აბოს ნიშს (რომელიც ახლა აღადგინეს) პატარა გამოქვაბულს. აბოს მოწამეობრივმა სიკვდილმა დიდად ააღელვა თანამედროვენი... იოანე საბანის ძის "აბო ტფილელის" წამება ჰაგიოგრაფიული ჟანრის ნაწარმოებია, მაგრამ იგი ღრმად ეროვნული სულითაა აღსავსე...

ავტორი წერს, "აღვერიენით ერსა უცხოსა", დავივიწყეთ "მამულისა ჩვეულებისამებრ სლვაო". აბოს წამება იმ პერიოდს ემთხვევა, როცა ქართლი არაბების მიერ იყო დამონებული, ხოლო მოსახლეობა-შიშთ შეპყრობილი. არაბთა პოლიტიკა სრულიად შეურიგებელი იყო რელიგიურ აღსარებათა მიმართ. ისინი იყვნენ უხეშნი და ქართველთა სარწმუნოების გადამგვარებელნი. ხოლო, სარწმუნოების გადაგვარებასთან ერთად მოსალოდნელი იყო ერის გადაგვარება. ესაა ის მთავარი, რაც ასე ძლიერ ადიქრებდა იონაე საბანისძეს. ამიტომ იყო ზნეობრივი მაგალითი ტომით არაბი აბოს წამება ქართველ ქრისტიანთა მონობისა და უძლურების ჟამს. ისინი უკვე შიშთ მერყეობდნენ ორ სარწმუნოებას შორის და "ირხეოდნენ ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერ". ქართული ეკლესია და ეროვნული თვითშეგნება დიდ განსაცდელში იყო. მაჰმადიანთა ზნე-ჩვეულება თანდათან ფეხს იკიდებდა საზოგადოებაში. ასეთ ვითარებაში კი არაბმა აბომ ქრისტიანობა მიიღო. მან უარყო მაჰმადი და ჭეშმარიტი რწმენა საკუთარი სისხლით დაიცვა.
მისმა წამებამ ქართველი ქრისტიანები გამოაფხიზლა და მათ ეროვნული თვითშეგნება განუმტკიცა. წმინდა აბო ჩვენს წინაპრებს საქართველოს დედაქალაქის მფარველ ანგელოზად მიაჩნდათ და ეკლესიის სამკაულსა და სიქადულს უწოდებდნენ.
ბეჭდვა
1კ1