წმინდა აღაპიტა - კიევ-პეჩორის ლავრის უვერცხლოდ მკურნალი
წმინდა აღაპიტა - კიევ-პეჩორის ლავრის უვერცხლოდ მკურნალი
წმინდა აღაპიტა მოღვაწეობდა XI საუკუნეში, კიევ-პეჩორის ლავრაში. ის წმინდა ანტონი პეჩორელის მოწაფე იყო.
დღე და ღამე ლოცულობდა და მონასტრიდან არ გადიოდა. თუ მონასტრის საძმოდან ვინმე ავად გახდებოდა, წმინდა აღაპიტა უვლიდა, აჭმევდა მოხარშულ ბალახებს. ლოცულობდა სნეულებისთვის და წმინდანის ლოცვით დაუყოვნებრივ იკურნებოდნენ.

ამ დროს კიევში ცხოვრობდა ერთი სომეხი ექიმი, რომელიც ავადმყოფს ერთი თვალის შევლებით უტყუარ დიაგნოზს უსვამდა, ეუბნებოდა გარდაცვალების დღეს. ერთხელ ერთ-ერთი ასეთი ავადმყოფი მივიდა წმინდა აღაპიტასთან. წმინდანმა მისცა მისი მომზადებული ბალახები, ილოცა მისთვის, სნეულმა მიიღო და განიკურნა. ეს ამბავი გაიგო სომეხმა ექიმმა და შეშურდა წმინდა აღაპიტასი. მივიდა წმინდანთან და მისი მოწამვლა მოინდომა, მაგრამ უფალმა არ დაუშვა ეს - შხამმა არ იმოქმედა წმინდანზე.

ამის შემდეგ თავად წმინდა აღაპიტა დასნეულდა. მივიდა სომეხი ექიმი მასთან, დახედა და უთხრა: სამ დღეში მოკვდებიო და პირობა დადო, თუ ჩემი ნათქვამი არ აღსრულდება, მართლმადიდებელი ბერი გავხდებიო. წმინდანმა უპასუხა, - უფალმა განმიცხადა, რომ კიდევ 3 თვეს ვიცოცხლებო. მართლაც, წმინდანმა იცოცხლა 3 თვე და აღესრულა 1095 წლის 1/14 ივნისს. ამის შემდეგ სომეხი ექიმი მივიდა მონასტრის იღუმენთან, განუცხადა მომხდარის შესახებ, მოინანია ცოდვები და მიიღო მართლმადიდებლობა. თქვა: "მჯერა, რომ წმინდა აღაპიტა უფლის წმინდანია, მე კარგად ვიცოი, რომ მისი ავადმყოფობა 3 დღეზე მეტს ვერ გასტანდა და უფალმა მისცა კიდევ 3 თვე". ასე განკურნა და მოაბრუნა ღვთისკენ წმინდანმა სომეხი ექიმი და იხსნა დაღუპვისაგან.

წმინდა აღაპიტას ლოცვით მრავალი განიკურნა არა მარტო მისი ცხოვრების მანძილზე, არამედ დღესაც მის წმინდა უხრწნელ სხეულთან ვინც რწმენით და ლოცვით მიდის, ის დღესაც წყალობს მართლმადიდებლებს და იფარავს ზეციდან წმინდა ლოცვით.

წმინდა აღაპიტას უხრწნელი სხეული დასვენებულია კიევ-პეჩორის ლავრის ახლო მღვიმეში. ყველა მორწმუნეს აქვს შესაძლებლობა მიემთხვიოს მის წმინდა სხეულს. "წმინდაო მამაო აღაპიტა, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის".


ბეჭდვა
1კ1