როგორ იმარჯვებდა ცოდვაზე
როგორ იმარჯვებდა ცოდვაზე
წმინდა მამის აღსასრული.
სიკვდილის შემდგომი შეწევნა გაჭირვებულთა
მთავარეპისკოპოსმა უკანასკნელი ლიტურგია შობას აღასრულა , უკანასკნელი ქადაგება შენდობის კვირას წარმოთქვა. მისი მდივანი, ევგენია ლეიკფელდი წმინდა მამის უკანასკნელი დღეების შესახებ წერდა: "არ დრტვინავდა, არ წუწუნებდა. განკარგულებები არ გაუცია; ჩვენგან წავიდა დილით, შვიდს რომ თხუთმეტი წუთი აკლდა. ცოტა ხანს დაძაბულად სუნთქავდა, შემდეგ ორჯერ ამოიოხრა, კიდევ ორჯერ ძლივს შესამჩნევად და გათავდა". ღვთის მოსაგრე 1961 წლის 11 ივნისს გადაიცვალა. ამ დღეს ეკლესია რუსეთის მიწაზე გაბრწყინებულ ყოველთა წმიდათა ხსენებას აღნიშნავს.

"განუწყვეტელი პანაშვიდები აღევლინებოდა, სახლი მუდამ ხალხით იყო სავსე, დაბლა უზარმაზარი რიგი იდგა. პირველ ღამეს მეუფე შინ ესვენა, შემდეგ ხარების სახელობის საეპარქიო ტაძარში გადაასვენეს, მესამე ღამეს კი საკათედრო ტაძარში. მუდმივად იკითხებოდა სახარება, რომელსაც მხოლოდ პანაშვიდები წყვეტდა, მღვდელმსახურები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, ხალხი კი მოდიოდა და მოდიოდა განუწყვეტელ მწკრივად და თაყვანს სცემდა მეუფეს. ზოგიერთნი შორეული ადგილებიდან ჩამოდიოდნენ მელიტოპოლიდან, გენიჩესკიდან, სკადოვსკიდან, ხერსონიდან. ნაკადი მხოლოდ ღამის ოთხი საათისთვის წყდებოდა, შემდეგ კი კვლავ იწყებოდა: ადამიანები ერთმანეთს ცვლიდნენ, იღვრებოდა ჩუმი ცრემლები იმის გამო, რომ აღარ ჰყავდათ მლოცველი, რომ "მათი წმინდანი წავიდა".

მეუფე ლუკას დაკრძალვაზე ჩამოვიდა ტამბოვის მთავარეპიკოპოსი მიქაელი (ჩუბი). თავისი მღვდელმთავრის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად მრავალი ადამიანი მოვიდა. სასაფლაოზე გზა ვარდებით იყო მოფენილი. ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა პროცესია ქალაქის ქუჩებში. "წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ", - ისმოდა მღვდელმთავრის კუბოსთან. ტაძრიდან სასაფლაომდე 3 კილომეტრის მანძილზე ადამიანები თავიანთ მეუფეს სამი საათის განმავლობაში ხელით მიასვენებდნენ.

ასე წარდგა ღვთის წინაშე დიდი მოსაგრე ლუკა. სიცოცხლეში მუდამ ეხმარებოდა იგი ავადმყოფებსა და გაჭირვებულებს, უარს არავის ეუბნებოდა; მისი გარდაცვალების შემდეგაც წმინდა მამის საფლავზე რწმენითა და სიყვარულით შეწევნის სათხოვნელად მისულნი კურნებას ღებულობდნენ.

თბილისელმა ლია გორბაჩოვამ ონკოლოგიური ოპერაცია გაიკეთა. როგორც ჩანს, გარკვეული დროის შემდეგ კიდევ ერთი ოპერაცია იყო მოსალოდნელი. საბრალოს ფეხები გაუსივდა, ეწვოდა, სიარული თითქმის არ შეეძლო. ერთხელ თვალში მოხვდა აკადემიკოს ი.ა. კასირსკის მოგონებები მთავარეპისკოპოს ლუკაზე. იფიქრა, მეუფის მეტს ჩემი შველა არავის შეუძლიაო და სიმფეროპოლში ჩავიდა, მთავარეპისკოპოსის საფლავზე ილოცა. მაშინვე იგრძნო შვება ფეხებში და შინაგანი სულიერი სიმშვიდე დაეუფლა. შეშუპებამ გაიარა, ახლა მას მსახურებაზე დგომა შეუძლია და ბევრსაც დადის.

ლენა ბიტიუკოვას უგზო-უკვლოდ დაეკარგა არასრულწლოვანი შვილი. დარდით გულმოკლული დედა ეძებდა მას და გულმოდგინედ ლოცულობდა მეუფე ლუკას საფლავზე. და აი, ბზობის კვირის წინ დაკარგული შვილი დაბრუნდა - უხილავმა ძალამ მაიძულა, დედა გამხსენებოდა და შინ დავბრუნებულიყავიო.

ფილტვების ანთებით მძიმედ დაავადდა გალინა შინდინა. მან ითხოვა, მეუფე ლუკას საფლავზე პანაშვიდი გადაეხადათ და მისთვის საფლავის მიწა და წყალი მიეტანათ. ქალი გულმხურვალედ ლოცულობდა და ამ წყალს სვამდა. წმინდანის მადლმოსილი შეწევნით იგი იმდენად სწრაფად გამოჯანმრთელდა, რომ მკურნალი ექიმი უკიდურესად გაოცებული იყო ასეთი სასწაულით.

მარიამ პერედერი მთავარეპისკოპოს-ქირურგისგან სიცოცხლეშიც იღებდა შეწევნას და მისი გარდაცვალების შემდეგაც. როცა მეუფე ლუკა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მარიამს ტუჩი დაუჩირქდა და სტკიოდა. ვერავინ უშველა. მაშინ მეუფეს სთხოვა დახმარება და განიკურნა. 1989 წელს მისი ქმარი, გრიგოლი ავად გახდა. მარიამი მეუფის საფლავზე წავიდა და ცრემლებით ევედრა წმინდა მამას ქმრის გამოჯანმრთელებას. შინ დაბრუნებული გაოცებული დარჩა, - კაცი საწოლიდან ადგა, ოთახში სიარული დაიწყო და ამის შემდეგ თავს კარგად გრძნობდა.

ლარისა იაცკოვას 1993 წლის ზაფხულიდან 1994 წლის გაზაფხულამდე ძალიან სტკოდა მარცხენა თვალი. ტკივილი თავის მარცხენა მხარეს ვრცელდებოდა და განსაკუთრებით საღამოს უძლიერდებოდა. გატანჯული ქალი წმინდა მამის საფლავზე მივიდა და განიკურნა.

ერთი მრევლი, რომელიც მთავარეპისკოპოსის საფლავზე დადიოდა და რწმენით მიეახლებოდა მის საფლავზე დადგმულ მარმარილოს ჯვარს, წმინდა მამამ გულის ავადმყოფობისაგან განკურნა. ექიმებმა მას დაუსვეს დიაგნოზი - გულის სარქვლის უკმარისობა, მანკი, მაგრამ ღვთის წყალობითა და მეუფე ლუკას შეწევნით, გამოჯანმრთელდა.

არსებობს მოწმობა იმის შესახებ, რომ წმინდა ლუკა, რომელიც თვითონ იმყოფებოდა გადასახლებებსა და ციხეებში, ეხმარებოდა იმ ადამიანებს, ვისაც უსამართლო სასჯელი ემუქრებოდა.

ყირიმის ეპარქიის კატეხიზატორთა კურსების მსმენელს, ნადეჟდა პროსკურინას რამდენიმე ღამის განმავლობაში ერთსა და იმავე დროს ეღვიძებოდა იმის გამო, რომ ნათლად ხედავდა მთავარეპისკოპოს ლუკას საფლავს. მანამდე ეს საფლავი მას არასოდეს ენახა. ქალი წმინდა მამის საფლავზე მივიდა და იგი სწორედ ისეთი აღმოჩნდა, როგორსაც ღამეულ ხილვებში ხედავდა. სიწმინდის სიახლოვის განცდის გამო იგი ძლიერმა მღელვარებამ შეიპყრო. მას, პროფესიონალ ექსკურსიამძღოლს, გაუჩნდა აზრი, დაეწესებინა ექსკურსია "სიმფეროპოლის მართლმადიდებლური სიწმინდეები".

კიევის მცხოვრები, ლარისა ჩერედნიჩენკო ასე აღწერს თავისი განკურნების სასწაულს: კიევის მიტროპოლიტის, წმინდა მღვდელმოწამე ვლადიმერის ხსენების დღეს მისი წმინდა ნაწილების გამობრძანებისას ტაძრის კარებში ხალხმა ისე მიმჭყლიტა, რომ ჩემმა გულმკერდმა ვეღარ გაუძლო, ტკაცუნი მომესმა და მარცხენა ნეკნის ქვეშ მწვავე ტკივილი ვიგრძენი. ამის მიუხედავად, ჯვრიან მსვლელობას მაინც მივყევი. 2-3 დღის შემდეგ ტკივილი გამიმძაფრდა. არც წოლა შემეძლო, არც ჯდომა, მით უმეტეს, არც რაიმის გაკეთება. ექიმებთან არ მივსულვარ. ამ დროს ჩემთან ერთი ნაცნობი ქალი მოვიდა და მთხოვა, პოჩაევოში გავყოლოდი, რადგან იქ ნამყოფი არ იყო. მთელი გზა მარცხენა მტკივანი გულმკერდი ხელით მეკავა.

პოჩაევოში ჩემს ნაცნობს ძალიან უნდოდა, რომ მისი 14 წლის გოგონა მოხვედრილიყო ღირსი იობის გამოქვაბულში. თვითონ წასვლა არ შეეძლო, გოგონას კი მარტო წასვლისა ეშინოდა. ქალმა მითხრა: "იქნებ, თავმდაბლობის გამო შეძვრე და ანასაც დაეხმარო". დავიბენი, მაგრამ "თავმდაბლობის გამო" წუთიც არ მიყოყმანია, ჩემი მტკივანი მკერდით წმინდა მიწაზე დავწექი და კეთილი ადამიანების დამხმარებით გამოქვაბულში ჩასვლა დავიწყე.

KARIBCHE

წმინდანის საფლავი

უკან ამოსვლისას მტკივან მხარეს დაწოლისა შემეშინდა და ყველაზე ვიწრო ადგილას მთელი სხეულის სიმძიმით მარჯვენა მხარეს დავწექი. მაშინვე მომესმა ჩემთვის ნაცნობი ტკაცუნი, რასაც მარჯვენა მხარეს ტკივილი მოჰყვა.

პოჩაევოში ორი თუ სამი დღე გავატარეთ და კიევში დავბრუნდით. გზაზე ჩემმა ნაცნობმა მითხრა, რომ მის გამცილებელ ძმას შეეძლო, სიმფეროპოლში წავეყვანეთ. ვიცოდი, რომ სხვა შემთხვევა აღარ მომეცემოდა, ყურადღება აღარაფერს მივაქციე და წასვლას დავთანხმდი, მით უმეტეს, ძალიან მინდოდა მეუფე ლუკას საფლავზე მისვლა.

პოჩაევოდან დაბრუნების მეორე დღესვე სიმფეროპოლში გავემგზავრეთ. მატარებელში მჭიდროდ დახვეულ ლეიბზე იდაყვზე დაყრდნობილი სანახევროდ ვიწექი.

მეუფის საფლავზე სანთლები დავანთეთ, თაყვანი ვეცით, ჩემს ნაცნობს მოვუყევი, რაც ვიცოდი წმინდა მამის შესახებ, მისთვის პანაშვიდი შევუკვეთეთ. შემდეგ ტაძარში საკვირაო მსახურებას დავესწარით და ფეხით გავემართეთ სადგურისაკენ. კუპეში შესულები სადილობისთვის მოვემზადეთ. მეორე თაროდან ჩემი ჩანთა უნდა ჩამომეღო, დაუფიქრებლად, თავისუფლად ავწიე მარჯვენა ხელი და გაოცებისაგან გავშეშდი - არანაირი ტკივილი არ მიგრძნია. მარცხენა ხელიც ავწიე - იგივე მოხდა, არანაირი ტკივილი! კურნების სასწაული იმდენად სწრაფად და ნათლად მოხდა, რომ მისი დაუჯერებლობა შეუძლებელია!

მთავარეპისკოპოს ლუკას წმინდანად შერაცხვა
სულიერ და სხეულებრივ სნეულებათაგან განკურნების სასწაულებმა, რაც განუწყვეტლივ აღესრულებოდა წმინდა ლუკას საფლავზე, ყირიმის მთავარეპისკოპოსის საერთო სახალხო აღიარებამ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო ხელმძღვანელობას უბიძგა, ყურადღებით შეესწავლათ მისი ცხოვრება და ქმნილებანი. წმინდანად შერაცხვის საეპარქიო კომისიის მუშაობის შედეგად შეადგინეს წმინდა მამის ცხოვრება, აგრეთვე მსახურება და დაუჯდომელი, დაიწერა ხატი.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 1995 წლის 22 ნოემბრის დადგენილებით, სიმფეროპოლისა და ყირიმის მთავარეპისკოპოსი ლუკა წმინდანთა დასში შეირაცხა. მმართველ მღვდელმთავარს, სიმფეროპოლისა და ყირიმის მთავარეპისკოპოს ლაზარეს (შვეცი) წმინდა სინოდის მიერ წმინდა ლუკას წმინდა ნაწილების გახსნის ნება მიეცა.

17-18 მარტის ღამეს, ჯვრის თაყვანისცემის კვირას, სიმფეროპოლის ყოველთა წმინდანთა ტაძარში შეიკრიბნენ წმინდანად შერაცხვის საეპარქიო კომისიის წვერები, ყირიმის მონასტრების წინამძღვრები, სასულიერო პირები. მაღალყოვლადუსამღვდელოესმა მეუფე ლაზარემ კეთილი საქმის წინ ლოცვა აღავლინა, წმინდა ლუკას წინაშე ილოცა და მისი ნაწილების ამოსვენებაში შეწევნა შესთხოვა. დაახლოებით ღამის ორ საათზე საფლავი გახსნეს და მიწის ამოღება დაიწყეს. მღვდელმსახურები განუწყვეტლივ გალობდნენ პანაშვიდსა და ჯვრის ტროპარებს. ძალიან ციოდა, გამჭოლი ქარი სასაფლაოს ხეებს არხევდა. მაგრამ როდესაც მეუფე ლაზარე საფლავში ჩავიდა და საკუთარი ხელით ამოაბრძანა წმინდა ნაწილები, ქარი მაშინვე ჩადგა, მადლმოსილმა სიჩუმემ დაისადგურა. სასულიერო პირები და ერისკაცნი ანთებული სანთლებითა და დაჩოქილნი მოკრძალებით გალობდნენ საპანაშვიდო "წმინდაო ღმერთოს". მღვდლებმა წმინდა ნაწილები ყოველთა წმინდათა ტაძარში შეაბრძანეს. ტაძრის კედლებთან კი შეპყრობილი ქალი საშინელი ხმით ყვიროდა: "ნუ მაწამებ, გამიშვი, წმინდა მამაო!"

ჯვრის თაყვანისცემის კვირის პირველი სამი დღის განმავლობაში მეუფე ლაზარე წმინდა ნაწილების წინაშე ლიტურგიებს აღასრულებდა, ოთხშაბათს კი, 20 მარტს, წმინდა ნაწილები საზეიმოდ გადააბრძანეს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში. ყირიმის ეპარქიის მთელი სამღვდელოება შეიკრიბა, აგრეთვე სასულიერო პირები უკრაინის სხვა ეპარქიიდან. პროცესიას მიაცილებდნენ შავი ზღვის ფლოტის ოფიცრები და მეზღვაურები, ყირიმის სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტები, მრევლი, ქალაქის მცხოვრებნი, მრავალრიცხოვანი სტუმრები. კუბოს მიჰყვებოდნენ ის მღვდელმსახურნიც, რომელთაც პატივი ჰქონდათ, მისი წმინდა მოსაგრეობის მოწმენი ყოფილიყვნენ. ზეიმზე ჩამოვიდნენ წმინდა ლუკას ნათესავებიც.

KARIBCHE

დაკრძალვის დღე

ჯვრის მსვლელობა ქალაქის ცენტრალური ქუჩებით მიემართებოდა. პირველად ბაზრის მოედანზე შეჩერდნენ, სადაც განსაკუთრებით საზეიმო პანაშვიდი აღავლინეს; მაღალყოვლადუსამღვდელოესმა მეუფე ლაზარემ სიტყვით მიმართა იქ მყოფთ და ბრძანა: "ყირიმის მიწაზე პირველად ხდება ასეთი განსაკუთრებული მოვლენა. მთავარეპისკოპოს ლუკას (ვოინო-იასენეცკი) ნათელი პიროვნება დღეს მაცხოვნებელ შუქურად გვევლინება, რომლისკენაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მიაპყროს მზერა, რომლითაც ორიენტირებული უნდა იყოს ჩვენი ხალხის აღორძინების მაძიებელი საზოგადოებრივი ძალები".

წმინდა ლუკას გასაცილებლად დაახლოებით 35-40 ათასი ადამიანი მოვიდა. ეს გულისამაჩუყებელი სანახაობა იყო. სახლების ღია ფანჯრებიდან იყურებოდნენ ადამიანები, სადაც იგი 15 წლის განმავლობაში მსახურობდა და ქადაგებდა. შემთხვევითი არ იყო, რომ წმინდა ნაწილების გადაბრძანება დაემთხვა შვიდი ხერსონელი მღვდელმოწამის ხსენების დღეს. განდიდებული ყირიმელი წმინდანები წმინდათა დასში იღებდნენ მეუფე აღმსარებელ ლუკას.

წმინდა ლუკას წმინდა ნაწილები მორწმუნეთა თაყვანსაცემად სამარადჟამოდ დავანებულია სიმფეროპოლის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში.

უფლის მღვდელმთავრის ცხოვრება მთლიანად ღვთისა და მოყვასისადმი იყო მიძღვნილი. ეკლესიის ისტორიას ბევრი მაგალითი როდი აქვს ასეთი ღრმა მოსაგრეობისა - წმინდა დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონი, წმინდა უვერცხლონი და სასწაულთმოქმედნი კოზმა და დამიანე, მაგრამ წმინდა ლუკა ჩვენს დროში ცხოვრობდა და მოსაგრეობდა. ამიტომ სწორედ ახლა, როდესაც ცხადი გახდა საზოგადოების სულიერი გაღატაკება, როდესაც მრავალი ადამიანის თვალში გაუფასურდა ყველაზე უფრო ძვირფასი - რწმენა, იმედი და სიყვარული, განსაკუთრებული ყურადღებით ვუმზერთ ღვთის ახალგანდიდებული წმინდანის ცხოვრებას - როგორ ცხოვრობდა იგი, როგორ ებრძოდა ურწმუნოებას, ჩამორჩენილობას, ფარისევლობას, როგორ იმარჯვებდა ცოდვაზე, როგორ მიჰყავდა იგი საღვთო მადლს საუკუნო ცხოვრების დამამკვიდრებელი მოღვაწეობის ეკლიანი გზით.

მეუფის ცხოვრების მაგალითი, პავლე მოციქულის სიტყვისამებრ, გვავალდებულებს, მუდამ გვახსოვდეს ჩვენი განმსწავლელნი და მათი ცხოვრების დასასრულის შემყურეებმა მათ რწმენას მივბაძოთ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვა
1კ1