თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები უეცრად ავად გახდებით, პირველ რიგში მე მომმართეთ
თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები უეცრად ავად გახდებით, პირველ რიგში მე მომმართეთ
პროფესორმა ცარენკომ, რომელიც თავის დროზე ვოინო-იასენეცკის ლექციებს ისმენდა ტაშკენტის უნივერსიტეტში და ცდილობდა, "მღვდელი" აუდიტორიიდან გაეძევებინა, თავისი მაშინდელი წარუმატებლობა იმით გამოასწორა, რომ კვლავ გახდა მეუფის დევნის ინიციატორი, ამჯერად უკვე სიმფეროპოლში. მისი დაჟინებით ყირიმის სამედიცინო ინსტიტუტის ხელმძღვანელობამ ცნობილ პროფესორს მასწავლებლობის უფლება არ მისცა.

შემორჩენილია წერილი, რომელშიც მეუფე სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტთა შეკითხვებს პასუხობს, რომელიც მათ გადასცა მასწავლებელმა ცარენკომ:

"ღრმად პატივცემულო პეტრე პეტრეს ძევ!

თქვენი სტუდენტების გაურკვევლობაზე ჩემი სამეუფო მსახურების შესახებ უნდა გეთქვათ მათთვის, რომ ძალზე უცნაურია იმის უარყოფა, რაც არ იციან, არც ესმით და რელიგიის შესახებ მხოლოდ ანტირელიგიური პროპაგანდის მიხედვით მსჯელობენ. მათ შორის, რასაკვირველია, ძნელად თუ მოიძებნება ვინმე, ვისაც წმინდა წერილი წაკითხული ექნება. ჩვენს დიდ ფიზიოლოგ პავლოვს, აკადემიკოს ვლადიმირ ფილატოვს, კანონიკ (ე.ი. მღვდელ) კოპერნიკს, რომელმაც მთელი ასტრონომია გარდაქმნა, ლუი პასტერს შეეძლოთ, სამეცნიერო მოღვაწეობა შეეთავსებინათ ღვთის ღრმა რწენასთან.

ბავშვობიდან მორწმუნე ვიყავი, ჩემი რწმენა სიბერეში (მალე 82 წლის გავხდები) უფრო გაღრმავდა.

მღვდლობისა და სამღვდელმთავრო მსახურების 38 წლის განმავლობაში დაახლოებით 1250 ქადაგება წარმოვთქვი, რომელთაგან 750 ჩაწერილია და მანქანაზე დაბეჭდილ 12 სქელ ტომს შეადგენს. მოსკოვის სასულიერო აკადემიის საბჭომ მათ უწოდა "განსაკუთრებული მოვლენა თანამედროვე საეკლესიო-საღვთისმეტყველო ცხოვრებაში", არჩეული ვარ აკადემიის საპატიო წევრად. როგორც ხედავთ, ეს ძალზე შორსაა თქვენი სტუდენტი ახალგაზრდობის პრიმიტიული მსჯელობისგან. უკვე ეპისკოპოსი ვიყავი, როდესაც "ჩირქოვანი ქირურგიის ნარკვევები" დავწერე.

პატივისცემით - მთავარეპისკოპოსი ლუკა, 1959 წ".

წმინდანი-ქირურგი საექიმო პრაქტიკას შინ განაგრძობდა. მისი კაბინეტის კარებზე გამოკრული იყო განცხადება, რომ ამ ბინის პატრონი, მედიცინის პროფესორი ყოველდღიურად უფასოდ იღებდა ავადმყოფებს, დღესასწაულებისა და მათი წინადღეების გარდა. მის მიერ განკურნებულნი დღემდე მადლიერებით იხსენებენ თავიანთ ექიმს.

ერთხელ მასთან მივიდა გამხდარი, ღინემიხდილი ქალი, ყელი შეხვეული ჰქონდა. ეს იყო ალექსანდრა ვასილის ასული ბორისოვა. ქმარი ოფიცერი ჰყავდა. 1948 წელს შორეულ აღმოსავლეთში გაგზავნეს. ქალი იქ გაცივდა. სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობის მიუხედავად, მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. კონსილიუმმა განაცხადა, რომ დახმარება აღარაფრით შეეძლო და ავადმყოფს სამშობლოში, ყირიმში დაბრუნება ურჩია. წარმოსადგენია სასოწარკვეთილება ახალგაზრდა ქალისა, რომელსაც ორი შვილი ჰყავდა. იგი მორწმუნე მშობლებმა მეუფე ლუკასთან მიიყვანეს. მეუფემ ყელი გაუსინჯა და თქვა, რომ ავადმყოფი მასთან რომ არ მიეყვანათ, შედეგი სავალალო იქნებოდა. მეუფემ ილოცა, ჯვარი გადასახა ქალს და უთხრა: "ახლა შენ ჯანმრთელი ხარ. მოიხსენი ყელიდან სახვევები, ცოტა ყველანაირი საკვები მიიღე, უფრო მეტად - მჟავე და მარილიანი, ჭამის წინ და შემდეგ ყელში ხსნარი გამოივლე - ერთ ჭიქა წყალზე ერთი ჩაის კოვზი მარილი და 2-3 წვეთი იოდი". ავადმყოფი წმინდა მამისაგან მხნედ და მსუბუქად გამოვიდა. ყველაფრის ჭამა დაიწყო და მეორე დღეს დაავიწყდა კიდეც, რომ ყელი სტკიოდა. ერთი თვის შემდეგ იგი შორეულ აღმოსავლეთში გაემგზავრა ქმართან. ყველა გააოცა მისმა სწრაფმა გამოჯანმრთელებამ. თვითონ ალექსანდრა თვლის, რომ მასზე სასწაული აღესრულა და იგი წმინდა მამამ განკურნა.

1947 წელს დიდი სამამულო ომის მონაწილე პოლკოვნიკის ოთხი წლის ვაჟიშვილმა თამაშის დროს მაჯაში ხელი მოიტეხა. ექიმებმა თაბაშირში ჩაუსვეს, მაგრამ მისი მოხსნის შემდეგ, რენტგენის გადაღებისას, გადაწყვიტეს, ხელახლა გადაემტვრიათ, რადგან ძვლები არასწორად იყო შეხორცებული. შეშინებულმა მშობლებმა მეუფე ლუკას მიმართეს. მან ყურადღებით დაათვალიერა ბიჭის ხელები და თქვა: "გადამტვრევა საჭირო არ არის. ბიჭი იზრდება და ძვლებიც ეზრდება. ყველაფერი გაიწოვება და ძვლები გასწორდება, უფალი შეეწევა". ასეც მოხდა.

წმინდან-ქირურგ ლუკასთვის არ არსებობდა "სამედიცინო შემთხვევა", არამედ იყო ცოცხალი გაჭირვებული ადამიანი, ფიზიკურ გამოჯანმრთელებას კი ყოველთვის უკავშირებდა ღვთისადმი მიმართვას, ყოველთვის ასწავლიდა ავადმყოფებს, უფლისათვის ეთხოვათ გამოჯანმრთელება. ერთხელ მეუფემ დაინახა მამაკაცი, რომელსაც ხელში ჩვილი ბავშვი ეჭირა. მამის თვალებში იმხელა წუხილი და უსაშველობა ჩაბუდებულიყო, რომ გამოელაპარაკა. აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა, იმედისმომცემ მსახიობს, იური დემიდოვს უბედურება შეემთხვა. ხარების დღესასწაულზე მისმა ცოლმა, ანასტასიამ ხუთი თვის გოგონას აჭამა და დასაძინებლად დააწვინა, თვითონ კი სამზარეულოში სადილს ამზადებდა. უეცრად კუთხეში აბლაბუდა შეამჩნია; ანასტასია ძალზე სუფთა ქალი იყო, თუმცა ნაკლებად რელიგიური. მან მაშინვე გადაწყვიტა ქსელის ჩამოშლა, რადგან დაივიწყა, როგორ ასწავლიდნენ ბავშვობაში მშობლები ხარების დღესასწაულის პატივისცემას. იგი გამოსახარში თეთრეულით სავსე ავზზე დადგა. ავზი შეირყა და ქალი მდუღარე წყალში ჩავარდა. დაუყოვნებლივ წაიყვანეს საავადმყოფოში. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებდა ის, რომ იგი მეძუძური დედა იყო. იური მაშინ სწორედ საავადმყოფოდან ბრუნდებოდა, სადაც დღეში სამჯერ მიდიოდა პატარა გოგონას გამოსაკვებად. მეუფემ ყურადღებით მოუსმინა მონათხრობს და უთხრა: "მე ვიყავი შემოვლაზე და მახსოვს ეს ავადმყოფი. რას იზამ, უფალი მოწყალეა, ილოცეთ. მე კი, ღვთის შეწევნით, დაგეხმარებით, რითაც შემეძლება". შემდეგ იურის შეხედა და კიდევ ერთხელ მტკიცეს გაუმეორა: "ილოცეთ!"

მეორე დღეს საავადმყოფოში კონსილიუმი შედგა. ორივე ფეხის ამპუტაცია გადაწყდა, რადგან მდგომარეობა ძალზე მძიმე იყო. პროფესორმა ვოინო-იასენეცკიმ თქვა, - ფეხებს არ მოვკვეთთ! ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას, ვუმკურნალოთ.

- პროფესორო, მდგომარეობა უიმედოა, ხომ ნახეთ, რომ ქსოვილები იშლება! ეს მთელ სხეულზე გავრცელდება!

- ვუმკურნალოთ! ჩირქით, მისივე ჩირქით.

ექიმები ეჭვით აქნევდნენ თავს, მაგრამ "ჩირქოვანი ქირურგიის ნარკვევების" ავტორთან შედავება ვერავინ გაბედა.

გავიდა მრავალი წელი. ყოველ გაზაფხულზე სიმფეროპოლში ჩამოდის ქალი, სახელად ანასტასია. მსუბუქი ნაბიჯებით ადის ყოველთა წმინდათა ტაძარში, სადაც განისვენებს ადამიანი, რომელმაც შეუნარჩუნა სიცოცხლე, ღვთისადმი რწმენა, უფლის განუსაზღვრელი მოთმინება და მოწყალება.

ერთ ქალს, რომელიც სოფელ ზუიაში ცხოვრობდა, სამი წლის გოგონა გაუხდა ავად. ბავშვს თვალი სტკიოდა. დედა დაახლოებით ერთი თვე მკურნალობდა, მაგრამ საშველი არ ჩანდა. თითქმის ნახევარწლიანი მკურნალობის შემდეგ სემაშკოს სახელობის საავადმყოფოში გამოირკვა, რომ გოგონას თვალზე ლიბრი ეზრდებოდა. სასოწარკვეთილმა დედამ დახმარებისათვის მთავარეპისკოპოს ლუკას მიმართა. მან ყურადღებით გასინჯა ავადმყოფი, სარეკომენდაციო წერილი დაუწერა ცნობილ ქირურგთან ომის ვეტერანთა ჰოსპიტალში. მეუფემ ძალზე დელიკატური ფორმით სთხოვა მას, გოგონასთვის ოპერაცია გაეკეთებინა, ზედმიწევნით აღუწერა ავადმყოფობა, გაუკეთა თვალის მონახაზი, ოპერაციის მოსამზადებლად რეკომენდაციები მისცა, ისიც კი მიუთითა, კვების რა რეჟიმი უნდა დაენიშნათ ოპერაციამდე და მის შემდეგ. მეტიც: ჰოსპიტალს გადასცა ყველაფერი, რაც გოგონას ესაჭიროებოდა. როდესაც დედა ნაოპერაციევი ბავშვით კვლავ აღმოჩნდა წმინდა მამის კაბინეტში, მან თვალს შეხედა და თქვა: მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგადაა. ილოცეთ, მეც ვილოცებ და უფალი შეგვეწევა".

* * *
ერთხელ მეუფესთან მივიდა ქალი თავის 12 წლის ვაჟიშვილთან ერთად. ბიჭს ყელზე უზარმაზარი სიმსივნე ჰქონდა, რომელიც მკერდამდე ეკიდა. ექიმები დაჟინებით ურჩევდნენ ოპერაციას, მაგრამ წმინდა მამამ გასინჯვის შემდეგ გაიღიმა და უთხრა: "არანაირი ოპერაცია. სამი დღის შემდეგ შემომიარეთ". სამი დღის შემდეგ მადლიერმა ქალმა სრულიად გამოჯანმრთელებული შვილი მღვდელმთავარს დასალოცად მიუყვანა.

ყოველი მსახურების შემდეგ მეუფეს საკათედრო ტაძრის მრევლი შინამდე აცილებდა. ადამიანებისადმი მის გულწრფელ სიყვარულს ასეთივე სიყვარულით პასუხობდნენ. სახლის კართან იგი კვლავ ყველას ლოცავდა. წმინდა მამაზე ღვთის მადლი იყო დავანებული და ხალხს მასთან განშორება არ სურდა.

მეუფე ლუკა უშურველად ეხმარებოდა ყველა გაჭირვებულს. მეუფეს ყველაზე მეტად უყვარდა ყირიმის ეპარქიის მღვდელმსახურნი, როგორც თანამსახურნი და თანამლოცველნი. ერთხელ თავი მოუყარა მათ და უთხრა: "თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები უეცრად ავად გახდებით, პირველ რიგში მე მომმართეთ". 40-იანი წლების დასასრულს მამა ლეონიდე დუნაევს ცოლი, კაპიტოლინა ავად გაუხდა. მამა ლეონიდემ ეს მეუფეს აცნობა, მან კი უპასუხა: "არ გაბედოთ მისთვის წამლის მიცემა". მეორე დღეს ავადმყოფის ჯანმრთელობა მოიკითხა და კვლავ აუკრძალა წამლის მიცემა. მესამე დღეს, ლიტურგიის შემდეგ, მამა ლეონიდემ მეუფე მეუღლის სანახავად მიიწვია. ავადმყოფი საწოლში იწვა და საჭმლის მიღებაც კი არ შეეძლო. წმინდა მამა ავადმყოფთან შეიყვანეს.

- თქვენი მამა ლეონიდე ურჩია. მე მას ვუთხარი, რომ თქვენთვის წამალი არ მოეცა.

- არა, მეუფეო, მას ჩემთვის წამალი არ მოუცია.

- მაშინ, აი, თქვენი წამალი: სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა.

ამ სიტყვებით მან ფართოდ გადასახა ჯვარი და ავადმყოფი დალოცა. მეუფე წავიდა, ავადმყოფი კი საწოლიდან ადგა და ჭამა დაიწყო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსწორდა.

* * *
ანა სტადნიკს შესანიშნავი ხმა ჰქონდა. მეუფემ აკურთხა იგი, მგალობელთა კურსებზე ესწავლა და მისი წარმატებებით ხარობდა. ერთხელ ანა მიღებაზე მივიდა მეუფესთან, რომელიც ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე ცხოვრობდა. კარებთან მისულს მეუფის ძმისწულმა უთხრა, - დღეს მიღება არ აქვსო. ანა უკვე წასვლას აპირებდა, როდესაც წმინდა მამამ, რომელმაც სულიწმიდით ამოიცნო სტუმრის მოსვლა, ანას შეშვება ბრძანა, თან მას სახელით მოუხმო. როდესაც ანა ავტოკატასტროფაში მოყვა, ექიმებმა უზარმაზარი რაოდენობის განგრენისა და ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატი გაუკეთეს. დაიწყო ტოქსიკოზი, ტემპერატურამ აუწია. შემოვლის დროს პროფესორმა ყურადღება მიაქცია მას, მოუხსნა ყველა წამალი და ავადმყოფმა ნელ-ნელა გამომჯობინება დაიწყო. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ანა მეუფესთან მივიდა.

- აბა, მიამბე, ანა, როგორ გმკურნალობენ?

- წმინდაო მეუფეო, თქვენი ლოცვით გამოვჯანმრთელდი, რადგან ექიმებმა უარი თქვეს მკურნალობაზე.

- დღედაღამ ვევედრებოდი უფალს შენს გამოჯანმრთელებას. მაგრამ მუდამ გახსოვდეს, რომ ასეთ შემთხვევებში გამოჯანმრთელება ძალზე იშვიათად ხდება.

* * *
ღვთის მოსაგრე დიდხანს თანამშრომლობდა "მოსკოვის საპატრიარქოს ჟურნალთან", სადაც თითქმის ათი წლის განმავლობაში იბეჭდებოდა მისი სტატიები. მაგრამ მრევლზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენდა მისი ცოცხალი, სულიერებითა და ძალით აღსავსე ქადაგებები. ერთხელ მეუფე სინანულის შესახებ საუბრობდა და წარმოაჩინა შეუნანებელი და მოუნათლავი ცოდვილის საშინელი და საძაგელი მდგომარეობა. მთავარეპისკოპოსის სიტყვამ სულის სიღრმემდე შეძრა ერთი შუახნის ქალი, რომელიც მეუფეს უსმენდა და ტაძრის კუთხეში მწარედ ტიროდა. ამ ცოდვილმა სინანულის ცრემლები დაღვარა და "სული შემუსვრილი" შესწირა უფალს, დაუბრუნდა ქრისტეს და ღვთის ეკლესიას შეუერთდა.

ერთხელ ერთი გენერლის ცოლი ცნობისმოყვარეობის გამო სექტანტების სახლში შევიდა. შინ დაბრუნებულს ქმარი ქარაფშუტობისათვის ეჩხუბა და ურჩია, უმჯობესი იყო, მართლმადიდებლურ საკათედრო ტაძარში შესულიყო, სადაც მეუფე - მსოფლიო სახელის მქონე მეცნიერი მსახურობდა. ქალმა დაუჯერა და შემდგომ კვირას ტაძარში წავიდა. სწორედ ამ დღეს მამა სექტანტების შესახებ ქადაგებდა, ამხელდა მათ და მორწმუნეებს მათთან ურთიერთობას უკრძალავდა. ამ ქალმა გადაწყვიტა, სექტანტებთან აღარ ევლო და ითხოვა, მეუფე ლუკასთვის მადლობა გადაეცათ მისი გონს მოყვანისათვის. როდესაც მეუფეს ამის შესახებ მოახსენეს, მან პირჯვარი გადაისახა და თქვა: "მადლობა უფალს, რომ ჩემმა ქადაგებამ შედეგი გამოიღო". მთავარეპისკოპოსი ლუკა მხოლოდ სიტყვით კი არ ქადაგებდა, არამედ ღვთისმსახურებითა და ლოცვითაც. მისი თანამწირველი იყო მამა ილარიონ გოლუბიატნიკოვი, რომელმაც მასთან ერთად თავის დროზე ციმბირის გადასახლების ყველა სიმძიმე გაიზიარა. ძალიან ხშირად მსახურობდა მასთან ერთად არქიმანდრიტი ტიხონ ბოგოსლავეცი, ეპარქიის სულიერი მოძღვარი, რომელიც შემდგომში საყვარელი მეუფის გვერდით დაიკრძალა. ამ ღმერთშემოსილ მღვდელმსახურებს არაერთხელ უხილავთ, როგორ ცრემლით აღასრულებდა მეუფე საღვთო ლიტურგია. მსახურების დროს არის მომენტი, როდესაც რწმენის სიმბოლოს (მრწამსის) გალობის დროს მთავარეპისკოპოსი ლუკა თავს სწევდა, ანტიმინსი წმინდა მამის ცრემლებით იყო დასველებული.

მეუფე მსახურებას აუჩქარებლად, მთელი გონიერების თავმოყრითა და გააზრებულად აღასრულებდა. ევქარისტიული კანონის დროს განსაკუთრებულად ჩაღრმავებულად წარმოთქვამდა სიტყვებს: "მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის (ამ დროს მეუფე ბრუნდებოდა და ხელით ხალხზე მიუთითებდა) და მრავალთათვის განტეხილი მოსატევებელად ცოდვათა". წმინდა მამა თვითონ ძალზე ხშირად ესწრებოდა ღვთისმსახურებას და თავისი ეპარქიის კლირიკოსებსაც ამასვე მოუწოდებდა.
ბეჭდვა
1კ1